№ბს-182(კ-22) 5 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,, მ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,მ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 17 აპრილის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის №13993 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ნოემბრის №6087/2/2018 გადაწყვეტილება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლზე, 286-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 251-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ განსახილველი დავის ძირითად საგანს წარმოადგენს შპს „მ...ის“ საგადასახადო სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერება. შპს „მ...ის“ მიმართ, 2018 წლის 17 აპრილს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 5000 ლარით, ვინაიდან სადავო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას შპს „მ...ის“ მიმართ 2018 წლის 26 იანვარს, უკვე შედგენილი იყო №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომელიც არ გაბათილებულა. საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს „მ...ის“ მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, 87 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, ჩადენილი განმეორებით (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ...; მძღოლი - ნ.ღ-ი; გადამოწმების დრო: 17.04.2018 წ. 11:27). ზედნადებში ასახული მონაცემების მიხედვით, შპს „მ...ის“ კუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყების ადგილია თბილისი, ...ის №7, ხოლო დასრულების ადგილი - თბილისი ...ის №70. მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღად მითითებულია 03.04.2018 წელი, 23:00 საათი. შესაბამისად, ამ მომენტის შემდეგ სხვა ტერიტორიაზე (ამ შემთხვევაში - ...ის რაიონის სოფელ ...ში) საქონლის გადაადგილება საჭიროებდა სათანადო ზედნადების გამოწერას, რათა აღნიშნული ტვირთის ქ. თბილისი, ...ის №70-იდან გადაადგილება ჩათვლილიყო კანონით დადგენილი წესით ტრანსპორტირებად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან უდავოდ დადასტურებულია 2018 წლის 26 იანვარს შპს „მ...ის“ მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, იმავე წლის 17 აპრილს, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მართებულად იქნა შეფასებული განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,მ...მა“.
კასატორის განმარტებით, სადავოა არა ნივთების ზედნადების გარეშე გადატანა, არამედ სადავოა ზედნადების დასრულების საკითხი. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა ფაქტი დადგენილი იმის შესახებ, რომ №... სასაქონლო ზედნადები დასრულდა 2018 წლის 3 აპრილს, 23:00 საათზე. სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ ნივთების გადატანაზე შედგენილი იყო სასაქონლო ზედნადები, რომელიც არ იყო დასრულებული. ამასთან, არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ზედნადების დასრულების დროს და ტრაექტორიას. ასევე, არ არსებობს პასუხისმგებლობა ზედნადების დროულად დაუსრულებლობისთვის. ზედნადების მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი). სასამართლოს განმარტებით, ეს არის ის დრო, როდესაც საქონელი უნდა იქნეს მიტანილი მე-8 სტრიქონში მითითებულ ადგილზე. აღნიშნული განმარტება კანონშეუსაბამოა, რადგან მე-18 სტრიქონში მიეთითება გამყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირებისთვის გადაცემის მაქსიმალური ვადა, ანუ საქონლის სატრასპორტო საშუალებაში გადასატანად ჩატვირთვის დრო.
კასატორის განმარტებით, სადავო ოქმში აღწერილი ნივთები: ..., ... და ... გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებაში ისე იყო მოთავსებული, რომ ამ ნივთებზე დასაწყობებული იყო სხვა ზედნადებებით აღწერილი ნივთები, რაც გადამზიდს არ აძლევდა მათი ჩამოტვირთვის საშუალებას. შესაბამისად, ასკ მე-10 მუხლის გათვალისწინებით, კასატორის არაბრალეული ქმედების გამო, დაუშვებელია სადავო საკითხის სამართალდარღვევად შეფასება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,მ...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
ამავე კოდექსის 286.1 მუხლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72.1 მუხლის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251-ე მუხლის თანახმად, (1) სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. (2) ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. (4) ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 17 აპრილს, 12:11 საათზე, ...ის რაიონის სოფელ ...ში, შპს „მ...ის“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის №... ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს „მ...ის“ მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, 87 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, ჩადენილი განმეორებით (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ...; მძღოლი - ნ.ღ-ი; გადამოწმების დრო: 17.04.2018 წ. 11:27), რის გამოც შპს „მ...ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 14). ასევე დადგენილია, რომ ელ. ზედნადები №... რომლითაც გადაზიდულ იქნა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ასახული საქონელი - „ ...“, „ ...“ და „ ...“, გააქტიურებულია 2018 წლის 3 აპრილს. ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ქ. თბილისი, ...ის №7, ხოლო დასრულების ადგილია - ქ. თბილისი, ...ის №70. ამასთან, ელ. ზედნადების მე-18 სტრიქონში მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი არის 3 აპრილი, 2018 წელი, 23:00 საათი (ს.ფ. 25).
საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ №... ელ. ზედნადებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი გამორიცხავდა მათ გადაადგილებას ...ის რაიონის სოფელ ...ში, სადაც გამოვლენილ იქნა სამართალდარღვევა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ელ. ზედნადების მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს. მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი). ხოლო, მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი). შესაბამისად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მითითებული შეფასება, რომ არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ზედნადების დასრულების დროს და ტრაექტორიას. სადავო შემთხვევაში, №... ზედნადებში ასახული მონაცემების მიხედვით, შპს „მ...ის“ კუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყების ადგილია თბილისი, ...ის №7, ხოლო დასრულების ადგილი - ქ. თბილისი, ...ის №70; მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღად მითითებულია 03.04.2018 წელი, 23:00 საათი. დასახელებული ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს №... ზედნადებში მითითებული საქონლის კანონით დადგენილი წესით ტრანსპორტირებას 2018 წლის 17 აპრილს, ...ის რაიონის სოფელ ...ში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისათვის აუცილებელია სამი საფუძველი: ნორმატიული, ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისთვის, ფაქტიური – საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური – ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 იანვარს, 11:14 საათზე შპს „მ...ის“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის №... ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს „მ...ის“ მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, 996.5 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ...; მძღოლი - ნ.ღ-ი; გადამოწმების დრო: 26.01.2018 წ. 10:47), რის გამოც შპს „მ...ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განმეორებით ჩადენილი იმავე ქმედებისათვის.
გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება შპს „მ...ის“ მიერ 2018 წლის 17 აპრილს საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი გამოცემისას რაიმე წესი არ დარღვეულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „მ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს მ.ბ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე 28.03.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე