Facebook Twitter

#ბს-215-213(კ-კს-12) 06 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მ. ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

დავის საგანი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.2011წ. საოქმო განჩინების მე-4 პუნქტი.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.11წ. საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-ემ 01.07.11წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 31.01.11წ. #000296 და 13.12.10წ. #000233 დადგენილებებისა და ქ. თბილისის მერიის 30.05.11წ. #1084 განკარგულების ბათილად ცნობა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.11წ. განჩინებით დ. გ-ე საქმეში ჩაება სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.11წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.11წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-ემ და დ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.11წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.11წ. საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმეში ... ქ. #...-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მესამე პირად ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. Pპალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ პასუხობდა სასკ-ის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-ემ და დ. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 28.12.11წ. საოქმო განჩინება დ. გ-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო. სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, როდესაც დავა ეხება საცხოვრებელი სახლის საერთო კედელს და მოითხოვენ ამ ნაგებობების დემონტაჟს, ეს ეხება ბმა-ს და მის ყველა წევრს, რამდენადაც საერთო სარგებლობის ადგილები წარმოადგენს ბმა-ს საერთო საკუთრებას და დემონტაჟის შემთხვევაში ილახება ბმა-ს ყველა წევრის უფლება. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად, ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.11წ. საოქმო განჩინების მე-4 პუნქტის გაუქმება, შუამდგომლობის თავიდან განხილვა საქმეში სავალდებულო მესამე პირის ბმა-ს ჩართვაზე განჩინების მიღებით და სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.04.12წ. განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.12.10წ. დადგენილებით ... ქ. №...-ში ეზოს მხრიდან საცხოვრებელ სახლზე უნებართვო მიშენებისთვის დაჯარიმდა ნ. გ-ე, მას დაევალა 10000 ლარის გადახდა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, კერძოდ, მიშენებული ნაწილის დემონტაჟი. ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდებოდა სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე, მოსარგებლეზე ან დამკვეთზე, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად არ დგინდება სადავო მიშენების მწარმოებელი პირი, აგრეთვე სადავო ობიექტის მესაკუთრე ან მოსარგებლე. რამდენადაც საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, საქმის ხელახალი განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს 13.12.10წ. დადგენილებაში მითითებული მიშენების მწარმოებელი პირი ან/და ობიექტის მესაკუთრე. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებას და საერთო ქონებას (მუხ.4; 5). ხსენებული კანონი ინდივიდუალურ და საერთო ქონებასთან მიმართებით ადგენს აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ამოცანებს, კერძოდ, საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობას, ექსპლუატაციასა და განვითარებას (მუხ.13). უკეთუ საქმის ხელახალი განხილვისას დადგინდა, რომ 13.12.10წ. დადგენილებით განსაზღვრული მიშენების დემონტაჟი გამოიწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა ან თუნდაც რამდენიმე წევრის საკუთრების ხელყოფას, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბმა-ს იმ წევრის ან წევრების საქმეში ჩაბმის თაობაზე, რომლის/რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება. სასკ-ის მე-16.2 მუხლის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზე სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ დადგინდება, რომ 13.12.10წ. დადგენილების აღსრულებით ბმა-ს წევრთა საკუთრებას შეიძლება შეექმნას საფრთხე, სახეზე იქნება სასკ-ის მე-16.2 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-e, 285-e, 399-e, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.11წ. განჩინების მე-4 პუნქტი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე