Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-414(კ-22) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „თ...“

მესამე პირები - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, შპს „კ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 18 სექტემბერს შპს „თ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და შპს „კ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს ,,თ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „თ...ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შპს „თ...მა“ (საქმე №3/5892-18) გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 28 სექტემბერს. საქმეში მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ხოლო მესამე პირებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და შპს „კ...“. კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ აღნიშნულ საქმეზე, 2019 წლის 28 მარტს, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მცხეთის რაიონული სასამართლოდან მიიღეს გზავნილი, რომლითაც სააგენტოს ჩაჰბარდა შპს „თ...ს“ სარჩელი (საქმეზე №3/186-19) და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ დავაში 2019 წლის 12 ივლისამდე არ წარმოადგენდა მხარეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ნაწილობრივ ეთანხმება ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ...მა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს ,,თ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/342-18 საქმისა და განსახილველი საქმის (№3/5892-18) გაერთიანების მოტივით საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ... ტენდერი ოთხი ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ავტომანქანის - ...ის ელექტრონული ტენდერით შესყიდვაზე. ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტის 10.1.10 ქვეპუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა „პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებლის ან/და მისი ოფიციალური დილერის მიერ გაცემული საპასპორტო მონაცემები, შემოთავაზებული ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების და წვის მონაცემების მითითებით.“ ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი: შპს ,,თ...’’, შპს ,,კ...’’ და შპს ,,ჯ...’’.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 3 ივლისის №2 ოქმის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის თანახმად, შპს ,,თ...ს’’ დაევალა დაეზუსტებინა ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმოწერით და ბეჭდით, უნდა წარედგინა ავტომობილის გამოშვების წელი, ასევე, უნდა წარედგინა ხელშეკრულებები თანდართული მიღება-ჩაბარების აქტებით, რისთვისაც მიეცა სამი დღე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის №3 ოქმით, კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,თ...ს’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ სატენდერო დოკუმენტაციას. სატენდერო კომისიის აპარატს დაევალა უზრუნველეყო წერილის გაგზავნა შპს ,,თ...სათვის’’ მისი გამარჯვებულად გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თაობაზე.

2018 წლის 13 ივლისს შპს ,,კ...მა’’ ... ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას უნდა ემსჯელა, ჰქონდა თუ არა უფლება „თ...ს’’ სატენდერო პირობის დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინა ,,M...-ის“ 2018 წლის 11 ივნისის REF ... განცხადება. ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა ასევე მხედველობაში მიეღო ,,M...-ის“ 2018 წლის 10 ივლისის ME -81343 განცხადების შინაარსი.

შპს ,,კ...ს’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2018 წლის 1 ივლისის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს ,,თ...ს’’ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2 აგვისტოს №2111 წერილის მიხედვით, შპს ,,თ...ს’’ ეცნობა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 15 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში SPA ..., მის მიერ წარდგენილ იქნა ის დოკუმენტი, რომელიც მოპოვებული ჰქონდა შპს ,,კ...’’. ამდენად, შპს „თ...ს“ დაევალა დაუყოვნებლივ წარედგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ,,M...-ის’’ მიერ გაცემული იყო შპს ,,თ...სათვის’’. შპს ,,თ...ს’’ 2018 წლის 3 აგვისტოს №0931 წერილის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეცნობა, რომ შპს ,,თ...ს’’ მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი წარმოადგენს ავტომანქანის საპასპორტო მონაცემებს, რომლის გადამოწმებაც შეიძლება მწარმოებლის ელექტრონულ ვებგვერდზე, შესაბამისად, ამ დოკუმენტის ადრესატის ცვლილება ამ მონაცემების კორექტირებას არ იწვევდა. ამასთან ეცნობა, რომ ,,M...-ის’’ მიერ უშუალოდ შპს ,,თ...ს’’ სახელზე არ მომხდარა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა, შესაბამისად, ვერ წარადგენდა ორიგინალ დოკუმენტს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 3 აგვისტოს №4 ოქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №7 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს ,,თ...“ დაექვემდებარა დისკვალიფიკაციას, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. გაუქმდა 2018 წლის 10 ივლისს მინიჭებული სტატუსი ,,გამარჯვებული გამოვლენილია“ და დაუბრუნდა სტატუსი ,,შერჩევა/შეფასება’’, რათა გაგრძელებულიყო ტენდერის პროცედურა და მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების განხილვა მომხდარიყო ტენდერის სტატუსის შეცვლის შემდგომ.

2018 წლის 9 აგვისტოს შპს ,,თ...მა’’ ... ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,თ...ს’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესწავლილ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 3 აგვისტოს №4 ოქმის კანონიერება.

საქმეშია ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება №3/342-18, რომლითაც დგინდება, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „თ...მა“, მოპასუხე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის №4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. აღნიშნული საქმე 2018 წლის 11 სექტემბერს, განსჯადობის წესის დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე შპს „თ...ს“ სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, №3/342-18 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნნენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო, შპს „კ...“ და შპს ,,M...“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში (საქმე №3/342-18) განიხილება იმ ძირითადი აქტის კანონიერების საკითხი, რომელზეც სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით იმსჯელა და რომლის კანონიერების შეფასებასაც ითხოვდა მოსარჩელე წარმოდგენილი დავის ფარგლებში. მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე №3/342-18 და საკასაციო სასამართლოში განსახილველი წინამდებარე საქმე (№3/5892-18) ერთმანეთთან დაკავშირებულია სამართლებრივად - ორივე შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები იდენტურია და წარმოშობილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შპს „თ...სა“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერების შეფასებიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოში მოპასუხეს წარმოადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც სამართლებრივად პასუხი უნდა გასცეს ამ აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. ამასთან, მართალია, უმეტეს შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით არსებობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვის კომპეტენციის დასადგენად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობა არ არის განმსაზღვრელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ძირითადი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო (შეადარე სუსგ №ბს-584 (გ-19), 16.04.2020წ.; №ბს-577(გ-21), 12.07.2022 წ.; №ბს-728(გ-21), 12.07.2022წ.; №ბს-592-592(გ-18), 3.09.2018წ.; №ბს-1068-1062(გ-17), 9.01.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძირითად აქტს წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის №4 სხდომის ოქმი, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართია: დაბა სტეფანწმინდა, ...ის №.... საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული საქმეები სამართლებრივად იმდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რომ დაუშვებელია აღნიშნული სარჩელების დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში განხილვა, რამეთუ აღნიშნული საქმეების ერთ წარმოებად განხილვა ხელს შეუწყობს მხარეთა შორის არსებული დავის სწრაფად განხილვას და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას. თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ უნდა გაითვალისწინოს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა და არაერთ საქმეზე გაკეთებული განმარტება, სადავო ძირითადი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის შესახებ და საქმე, განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაუგზავნოს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე