საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-1382(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - შ. ლ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 19 მარტს შ. ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №839 განკარგულების ბათილად ცნობა და თბილისში, ...ის №51-ში არსებულ 203 კვ.მ საბაღე მიწის ნაკვეთზე, შ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ლ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №839 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში, კერძოდ, თუ არსებობს განმცხადებლისთვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივ/სამართლებრივი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2019 წლის 15 ივლისს წარდგენილ №... განცხადებას ახალი მტკიცებულების სახით დაერთო მხოლოდ ორი მოწმის განცხადება და ფაქტების კონსტატაციის ოქმი - სადავო მიწის ნაკვეთის აღწერა დასურათებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული შპს „ო...ის" 2018 წლის 17 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნა კი, ერთვოდა როგორც 2018 წლის 23 ოქტომბერს, ასევე, 2019 წლის 15 ივლისს წარდგენილ განცხადებებს.
რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის ფართის ცვლილებას, აღნიშნული ფაქტი, კასატორის მოსაზრებით, ასევე არ წარმოადგენდა ახალ გარემოებას, რამდენადაც დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №852 განკარგულებით, შ. ლ-ის განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის I გას-ში მდებარე 203 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
მოცემულ შემთხვევაში შ. ლ-ის მიერ ახალი მტკიცებულების სახით წარდგენილი მოწმეების განმარტებები და კონსტატაციის ოქმი წარმოადგენს არა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1185 და 2019 წლის 25 აპრილის №852 განკარგულებების გამოცემამდე არსებობდა და დაინტერესებული პირისათვის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ იქნებოდა ცნობილი, არამედ მითითებული განკარგულების გამოტანის შემდეგ შექმნილ მტკიცებულებას, რომელთა შექმნა და წარდგენა შესაძლებელი იყო 2018 და 2019 წლებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, შ. ლ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №852 განკარგულების მიღების შემდეგ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, შეიცვალა შ. ლ-ის სასარგებლოდ, ან არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომისიის მიერ შ. ლ-ის განცხადება და მასში მითითებული გარემოებები არსებითად არ იქნა განხილული და გამოკვლეული და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და არასწორად დაადგინა ფაქტები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №839 განკარგულების კანონიერება, რომლითაც შ. ლ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლიც, რომლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას; კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 4 ივნისის №662 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი - 54) საფუძველზე, 2018 წლის 10 სექტემბერს გამოცემული №1185 განკარგულებით შ. ლ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, …ის №67 კორპუსის მიმდებარე, საერთო ფართობი - 417,0 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა უშუალოდ შ. ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ორ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთს, რომელთაც ყოფდა სასაზღვრო მიჯნა, ჰქონდათ დამოუკიდებელი შესასვლელი და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ დასტურდებოდა უშუალოდ განმცხადებლის მხრიდან რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა თუ წარმოების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
შ. ლ-ემ კვლავ მიმართა კომისიას ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის შემცირებულ ფართობზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, ...ის I გას, საერთო ფართობი - 203.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რწმუნებულება; დოკუმენტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნაზე თანხმობა ფოტომასალა; მოწმეების: ვ. ხ-ის, ტ. ს-ასა და რ. რ-ის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლითაც აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ თანახმანი იყვნენ, თბილისში, ...ის I გას-ში მდებარე 203 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ლეგალიზებული ყოფილიყო შ. ლ-ის, როგორც 1992 წლიდან ამ მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის მფლობელის სახელზე. შპს „ო...ის“ 2018 წლის 17 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №51-ის (ყოფილი №67-ის) მიმდებარე, შ. ლ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებული დამხმარე სათავსო კაპიტალური ტიპის ნაგებობაა, „მას გააჩნია დამოუკიდებელი ბეტონის საძირკველი, თვისობრივი კონსტრუქციული წყობით ის მიეკუთვნება მზიდკედლებიან ნაგებობას, კედლების შემავსებლად გამოყენებულია წვრილი სამშენებლო ბლოკი და სილიკატური აგური, ფასადები (უკანა ფასადის გარდა) შელესილია, ნაგებობა გადახურულია“. ამავე დასკვნის თანახმად, მითითებული ნაგებობა აშენებულია 20-25 წლის წინ. შ. ლ-ის განცხადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №852 განკარგულებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დარჩა განუხილველი.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს შ. ლ-ის წარმომადგენელმა, ა. ლ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის I გას-ში მდებარე 203 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებაში მიეთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტები ერთვოდა 2018 წლის 23 ოქტომბერს შ. ლ-ის მიერ წარდგენილ №... განცხადებას, დამატებით კი წარდგენილი იყო: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნასა და მედიატორის დანიშვნაზე თანხმობები; ...ის №51-ში მცხოვრები პირების - ო. გ-ისა და ი. ჩ-ას განცხადებები, რომლებითაც აღნიშნულმა პირებმა, როგორც შ. ლ-ის მეზობლებმა დაადასტურეს, რომ შ. ლ-ე 20 წელზე მეტია ფლობდა და იყენებდა კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთს; ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომელიც ასახავს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №51-ის (ყოფილი №67-ის) მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობას და ღობეს დასურათებით; განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. შ. ლ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. ხელახლა წარდგენილ მოთხოვნას ახლად აღმოჩენილი გარემოების სახით ერთვოდა ორი ახალი მოწმის განმარტებები და ფაქტების კონსტატაციის დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ 2019 წლის 15 ივლისს წარდგენილი განცხადებით შ. ლ-ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას 203 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შ. ლ-ემ წარადგინა ახალი მტკიცებულებები - მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებული განმარტებები, რომელთა თანახმად, შ. ლ-ე 20 წელზე მეტია ფლობდა და იყენებდა კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთს და ასევე ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომელიც ასახავს თბილისში, ...ის ქუჩა №51-ის (ყოფილი №67-ის) მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობას და ღობეს დასურათებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ განკარგულებაში არსებითად არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და შეფასება არ მიუცია შ. ლ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის ახალ გარემოებას, რომელიც განმცხადებლისათვის განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. გასაჩივრებულ განკარგულებაში არ არის დასაბუთებული, არსებობდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს შ. ლ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს წარმოადგენდა თუ არა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე