Facebook Twitter

№4591-13 14 მარტი, 2013 წელი

წ-ი მ, 4591-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ი. დ-ს

მსჯავრდებულ - მ. წ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. წ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

მ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლით გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.

მ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სრულად შეიკრიბა მ. წ-ს მიმართ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მან უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლით გამოსაცდელი ვადით და მასვე ძირითადი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მ. წ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 აგვისტოდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. წ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ მ. წ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, ერთნაირად და პროპორციულად, ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე დაენიშნა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 აგვისტოდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. წ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პირი, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელი, არ თავისუფლდება ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისაგან.

საქმის მასალების მიხედვით, მ. წ-ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ამასთან, იგი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით - გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. წ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული მ. წ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარი დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებული მ. წ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე