№4611-13 14 მარტი, 2013 წელი
შ-ე ო., 4611-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო. შ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განაჩენით ო. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 21 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ო. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ო. შ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ო. შ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ო. შ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მის მიმართ სწორად არ არის გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან მას წინა ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული ჰქონდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ო. შ-ეს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მცდელობა და, ამავდროულად, დანაშაულის ჩადენისას იგი ნასამართლობის არმქონედ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მას აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ო. შ-ეს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2011 წლის 21 აგვისტოდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე