საქმე №ბს-1492(კ-22) 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 6 ნოემბერს ე. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის ...იდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილობის პერიოდში გამოიცვალა არაერთი საცხოვრებელი, 2016 წლიდან ცხოვრობს შვილთან და სიძესთან ერთად გორის რაიონის, სოფელ ...ში. მოსარჩელემ 2019 წლის 13 ნოემბერს შეავსო განაცხადი დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. 25.08.2020წ განხორციელდა მონიტორინგი და განაცხადის წინასწარი დამუშავების შედეგად ე. ზ-ეს მიენიჭა 2,5 ქულა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2367/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით. მოსარჩელემ მოითხოვა ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არის პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროება საკუთარი კუთხე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რადგან არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ზ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 09 ნოემბრის N03-2367/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ზ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ე. ზ-ეისთვის ამ ეტაპზე მისი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითია, დადგინდეს, აღნიშნულ ეტაპზე არსებობს თუ არა ე. ზ-ეის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემისა და ე. ზ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებელი იმ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას (შვილის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა). სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსებული მდგომარეობით მოსარჩელე ცხოვრობს შვილის - ნ. ა-ეის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ შვილის საკუთრებაში ცხოვრობს სიძესთან ერთად, რომელთანაც აქვს დაძაბული ურთიერთობა. ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ნ. ა-ეის სარჩელი ე. ზ-ეის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე. ზ-ე წარმოადგენს ხანდაზმულ პირს - პენსიონერს (დაბ. ...წ.), რომელსაც საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, ცხოვრობს შვილის საკუთრებაში სიძესთან ერთად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და უსაფუძვლოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის თაობაზე. სასამართლო მიერ სარჩელის დაკმაყოფილების მთავარი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ე. ზ-ე პენსიონერია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ მონიტორინგის ოქმებით და ე. ზ-ეის შვილების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების არსებობით ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცხადად და უტყუარად იკვეთებოდა მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე 1991 წლიდან ცხოვრობდა ჯერ ძმის საკუთრებაში არსებულ ორსართულიან სახლში, გორის რაიონის სოფ. ...ში, ხოლო 2016 წლიდან კი ცხოვრობს მისი შვილის - ნ. ა-ეის საკუთრებაში, ასევე სოფელ ...ში. გარდა ამისა, მოსარჩელე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს სოფელ ...ში. მოსარჩელის საკუთრებას ასევე წარმოადგენს ქ. გორში, ...ის გზატკეცილზე, №...-ში მდებარე ავტოფარეხი. ზემოაღნიშნულ მისამართზე მის შვილს - ნ. ა-ეეს აქვს კიდევ ერთი საკუთრება (მესამე სართული, ბინა №..., 81.10 კვ.მ.). კასატორი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სხვა დევნილ ოჯახებს არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი და ცხოვრობენ ქირით ან ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტში, ხოლო ე. ზ-ეს გააჩნია შვილების საკუთრებაში არსებული არაერთი საცხოვრებელი, სავსებით ბუნებრივია, რომ კომისიამ იმ ეტაპზე არ დააკმაყოფილა იგი. ე. ზ-ე არც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. უპირველეს ყოვლისა საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ასევე ისინი ვინც თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილნი და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და შემდგომ ის ოჯახები, რომელთაც აქვთ საკმარისი ქულა საცხოვრებლის მისაღებად, თუმცა ამ ეტაპისთვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მათ სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2367/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია; ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.08.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.
დადგენილია, რომ ე. ზ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - ...იდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წელს ე. ზ-ეის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. ე. ზ-ემ განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით მოიპოვა 2,5 ქულა. საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე 1,5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან 1 ქულა.
2020 წლის 25 აგვისტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა გორში, სოფელ ...ში. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ზემოაღნიშნულ მისამართზე არ დახვდათ მოსარჩელე. ოქმში მითითებულია, რომ სახლი მოსარჩელის ძმის - ბ. ზ-ეის საკუთრებაა. მოსარჩელე იმყოფებოდა შვილის - ნ. ა-ეის სახლში, რომელიც მდებარეობს მოსარჩელის ძმის სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში. ე. ზ-ეის განმარტებით, იგი ძმის საკუთრებაში ცხოვრობს 1991 წლიდან, ხოლო 2016 წლიდან უკვე შვილის საკუთრებაში, სადაც ცხოვრობს მოსარჩელის მეორე შვილი ე. ა-ე ოჯახთან ერთად. მოსარჩელის განმარტებით, თავად სახლის მესაკუთრე ნ. ა-ეე, ბოლო 6 წელია ცხოვრობს თურქეთში. ე. ა-ე საკუთრებას ფლობს კასპში. მოსარჩელის მესამე შვილი ელ. ა-ე ცხოვრობს ამავე სოფელში ორ შვილთან ერთად ყოფილი მეუღლის სახლში. მოსარჩელის ერთი ძმა ბ. ზ-ეე ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსთავში თავის საკუთრებაში, მეორე ძმა ნ. ზ-ე კი ცხოვრობს სოფ. ...ში თავის საკუთრებაში.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №52 საოქმო გადაწყვეტილებით, ე. ზ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა შვილის ალერნატიული საცხოვრებლის გამო.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2367/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №52), ე. ზ-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, აღნიშნულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არსებობას გამორიცხავს იმ ფაქტით, რომ ე. ზ-ეს გააჩნია ალერნატიული საცხოვრებელი, კერძოდ შვილის ნ. ა-ეის სახლი.
სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ე. ზ-ეის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით. საქმეში დაცული 2020 წლის 25 აგვისტოს მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელე 1991 წლიდან ცხოვრობდა მისი ძმის საკუთრებაში, ხოლო 2016 წლიდან ცხოვრობს შვილის - ნ. ა-ეის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრებაში. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ფლობს მიწის ნაკვეთს სოფელ ...ში, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას. საჯარო რეესტრის 29.05.2017წ. ამონაწერით დგინდება, რომ ე. ზ-ეის სახელზე რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს.კ ..., აღნიშნული ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობები არ ფიქსირდება. ასევე საქმეში დაცული 11.11.2016წ. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დგინდება, რომ ე. ზ-ეის სახელზე რეგისტრირებულია ქ. გორში, ...ის გზატკეცილზე, N...-ში მდებარე 14.02 კვ.მ ავტოფარეხი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახელზე ავტოფარეხის და მიწის ნაკვეთის არსებობის ფაქტი არ ჰქმნის მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფილად მიჩნევის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელის შვილის საკუთრება წარმოადგენს მოსარჩელისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით ქირის გარეშე სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის (შვილის) სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საგულისხმოა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2,5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის სახლში ქირის გარეშე ცხოვრებას. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ე. ზ-ეისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია შეფასების კრიტერიუმში ასახულ ინფორმაციასთან.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. კასატორის მტკიცება, რომ მოსარჩელეს არ ემუქრება თავშესაფრის გარეშე დარჩენა დაუსაბუთებელია, არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გორის რაიონულ სასამართლოშია შვილის - ნ. ა-ეის სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ საფუძვლიან, გულისხმიერ და კანონშესაბამის მიდგომას. ადმინისტრაციული პოზიცია, რომ სხვა დევნილებთან შედარებით მოსარჩელე ცხოვრობს ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში, არ წარმოადგენს მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებიდან არ დგინდება ე. ზ-ეის სახელზე საცხოვრებელის არსებობის ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საქმის მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დევნილი პირის კერძო ინტერესი უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უპირატესი და გასათვალისწინებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რადგან არ მოხდეს მისი კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა