Facebook Twitter

საქმე #ბს-1362(კ-22) 16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 18 მარტს ზ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

2021 წლის 17 მაისს ზ. კ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს გენერალური პროკურატურა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 100 200 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 516 000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, აგრეთვე, მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისი სამხედრო წოდებების აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2021 წლის 2 ივნისს ზ. კ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა განცხადება (დაზუსტებული სარჩელი), რომლითაც მოსარჩელემ წარმოებაში არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გენერალური ინსპექციის 2007 წლის 19 იანვრის დასკვნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 იანვრის #3913/7 ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით ზ. კ-ას დაზუსტებულ სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ, დაეზუსტებინა, ითხოვდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობას, ძალადაკარგულად გამოცხადებას თუ არარად ცნობას. 2021 წლის 14 ივნისს, ზ. კ-ამ განცხადებით (დაზუსტებული სარჩელით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოპასუხედ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 იანვრის #3913/7 ბრძანების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით ზ. კ-ას დაზუსტებული სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

2021 წლის 5 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გენერალური ინსპექციის 2007 წლის 19 იანვრის დასკვნის გაუქმების ნაწილში.

2022 წლის 8 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: 1) მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს 100 200 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 იანვრის #3913/7 ბრძანება; 3) დაევალოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე; 4) დაევალოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის თანამდებობრივი სამხედრო წოდებების აღდგენის შესახებ; 5) მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 516 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით #3/1467-21 ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ზ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, კერძოდ: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 იანვრის #3913/7 ბრძანება; დაევალოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე; დაევალოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის თანამდებობრივი სამხედრო წოდებების აღდგენის შესახებ; მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 516 000 ლარის ანაზღაურება.

საბოლოოდ, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მის სასარგებლოდ 100 200 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას ზ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ, რადგან საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებებით ზიანის მიყენება, არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე, მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ზ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. ზ. კ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 იანვრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კი, მსჯავრდებულ ზ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის #768 განკარგულებით ზ. კ-ას მოსახდელად დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილი იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენი ზ. კ-ას მიმართ. ზ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. ზ. კ-ას, ასევე, განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მას უფლება ჰქონდა მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი #0675193 ცნობით კი დასტურდება, რომ ზ. კ-ა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებოდა 2007 წლის 17 იანვრიდან 2010 წლის 17 დეკემბრამდე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენდა მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდებოდა წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზე იყო ზ. კ-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეული იყო უშუალოდ უკანონო ბრალდებითა და მსჯავრდებით, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა.

რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობებზე, არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის არაგონივრულობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. კ-ასათვის წაყენებული ბრალდების, მსჯავრის მოხდის ხანგრძლივობისა და მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული იყო და ექცეოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგი. ამასთანავე, უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანაწესებზე, პროკურატურისა და პროკურორის უფლებამოსილების ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობის საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

კასატორი არ ეთანხმება ზ. კ-ას სასარგებლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით 48 000 ლარის ოდენობის ანაზღაურების დაკისრებას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა განჩინებებში განვითარებულ მსჯელობებზე, ასევე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, მხედველობაში არ მიუღია როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი, ისევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა.

კასატორი ჩამოთვლის როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე, საერთო სასამართლოების მიერ განხილულ საქმეებს, ყურადღებას ამახვილებს ამ საქმეებზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობაზე და მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრის კუთხით, საგულისხმოა, რომ სწორედ პროკურატურის შუამდგომლობა გახდა ზ. კ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მოხმობილი სამართლებრივი საფუძვლების, ასევე, მსგავს საქმეებზე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალული ზიანის სახით 48 000 ლარის დაკისრებას, რამდენადაც კასატორის შეფასებით, დაკისრებული თანხის ოდენობა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია და იგი არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმის გამორკვევა, არსებობდა თუ არა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზ. კ-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, ხოლო ამგვარი საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, დასადგენია, დაკისრებული მორალური ზიანის მოცულობის გონივრულობა და პროპორციულობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ზ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. ზ. კ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 17 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კი, მსჯავრდებულ ზ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის #768 განკარგულებით ზ. კ-ას მოსახდელად დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენი ზ. კ-ას მიმართ. ზ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. ზ. კ-ას, ასევე, განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი #0675193 ცნობით კი დასტურდება, რომ ზ. კ-ა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებოდა 2007 წლის 17 იანვრიდან 2010 წლის 17 დეკემბრამდე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა ზ. კ-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებითა და მსჯავრდებით, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა.

რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის არაგონივრულობასთან მიმართებით და მის საწინააღმდეგოდ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო, რეაბილიტაციამდე გასული დროის შუალედი და სხვა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალის წარდგენის მომენტისათვის, ზ. კ-ა მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს ოფიცრად უშიშროების საკითხებში, განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის კუთხით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზ. კ-ას პროფესიულ საქმიანობასა და მის რეპუტაციაზე წლების განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გავლენას, ასევე, წაყენებული ბრალდების სიმძიმეს, მსჯავრის მოხდის ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა