Facebook Twitter

საქმე №ბს-1366(კ-22) 16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 30 ივნისს ნ., ლ. და ი. ნ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ნ., ლ. და ი. ნ-ეების სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები. 2015 წლის 2 თებერვალს ნ. ნ-ემ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა: მეუღლე - ლ. და შვილი - ი. ნ-ეები. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ი, ...ის I შესხ. კ. №1, ბინა №15. ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული ბინა ეკუთვის ნ. ნ-ის შვილს - ლი. ნ-ეს. წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 5 ქულა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1111/ო ბრძანებით დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მათი განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რადგან ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. მოსარჩელეთა მითითებით, ოროთახიანი ბინები მიიღეს უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახებმა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული ბრძანება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების გარეშე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი მოპასუხეს გადაწყვეტილების დასაბუთებას ავალდებულებს, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი საჭიროებს დასაბუთებას. აქტში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სრულყოფილად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მოპასუხის ქმედებამ გამოიწვია დევნილთა მიმართა არასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში. მოპასუხემ გადაწყვეტილება მიიღო განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალური დაცვით.

ამდენად, მოსარჩელეებმა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1111/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის, ლ. ნ-ისა და ი. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ განმცხადებლების (ლ. და ნ. ნ-ეების) საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. პირველი შეს. კორპ. №1, ბ.№15, წარმოადგენს ლი. ნ-ის (ლ. და ნ. ნ-ეების მეორე შვილი). მოსარჩელის წარმომადგენელმა 2021 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები აღნიშნულ მისამართზე 1998 წლიდან ცხოვრობენ, ხოლო ამჟამად მესაკუთრეს დაუდგა ბინის უკან დაბრუნების მოთხოვნის საჭიროება, რადგან - ლი. ნ-ე სხვა მისამართზე ცხოვრობს 9 სულთან ერთად და იქ ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებს ყოფნას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განმარტება ვერ გახდებოდა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების თაობაზე მოსარჩელის მიერ სააგენტოში განცხადების განხილვის დროისათვის არ იქნა გაცხადებული. ამასთან, მხარის მიერ არ იქნა მითითებული გადაუდებელი განსახლების საჭიროება, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობდა მოსარჩელეთა გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ლ. და ი. ნ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტ ნ. ნ-ის, ლ. ნ-ისა და ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის, ლ. ნ-ისა და ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1111/ო ბრძანება; მოპასუხეს ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების - ნ. ნ-ის, ლ. ნ-ისა და ი. ნ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ნ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 5 ქულა, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; ... - ნ. ნ-ე; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,,შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა; ... - ნ. ნ-ე; ომში მონაწილეობა; ომის ვეტერანი - 1.50 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: მეუღლე და შვილი. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. დედას ზ. ნ-ეს (ორგანიზებული ...) დაკანონებული აქვს ფართი. შვილს ლი. ნ-ეს აქვს საკუთრება მდებარე: ქ. თბილისი ...ი ...ის ქ. პირველი შეს. კოპ. 1. ბ. 15.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში მოსარჩელე დევნილი ოჯახისთვის ,,ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების არარსებობის“ თაობაზე და მიაჩნია, რომ დაოჯახებული შვილის (დის) სახლში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი“ (ხანგრძლივობა დამოკიდებულია მესაკუთრის კეთილ ნებაზე) არ წარმოადგენდა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით ქირის გარეშე სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ასევე ის, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრებას. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ნ. ნ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეწინააღმდეგება, ზემოთ მითითებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახივილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ. ნ-ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით) 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები საჭიროებენ საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ ის, რომ მოსარჩელეებს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გააჩნიათ, რადგან ცხოვრობენ ლი. ნ-ის (ნ. და ლ. ნ-ეების შვილი) საკუთრებაში. ზემოაღნიშნული პიროვნება თავად ცხოვრობს ...ში, ...ს ქუჩაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ შედარებით რთულ მდგომარებაში მყოფი პირები. კომისიის უარი მოსაჩელეების მიმართ საბოლოო არ არის და მათი დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქულათა კონკრეტული ოდენობის გარდა გასათვალისწინებელია საქმეზე მოპოვებული და კომისიის სხდომაზე წარდგენილი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ნაკარნახევია, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობით.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს მინისტრის №1-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე (დანართი №1), რომლის თანახმად პირველ რიგში საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს მივიღებთ ქაოტურ მდგომარეობას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რაც გააჩენს უსამართლოების განცდას საზოგადოებაში. კასატორი აცხადებს, რომ იმ ეტაპზე მოხდა იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებითა და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით მოსარჩელის ოჯახთან შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1111/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 2 თებერვალს ნ. ნ-ის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით ნ. ნ-ის ოჯახმა მოიპოვა 5 ქულა. (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ - ნ. ნ-ე, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; ნ. ნ-ის ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა). კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე და შვილი. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. დედას ზ. ნ-ეს (ორგანიზებული ...) დაკანონებული აქვს ფართი, მის: კახეთი, გურჯაანი, სოფ. ...ე, „...“. შვილს - ლი. ნ-ეს აქვს საკუთრება, მის: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. პირველი შეს. კორპ. №1, ბ. №15.

2020 წლის 13 ნოემბერს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის ქ. I შეს. კორპ.N1-ში, ბ.N15-ში. გასაუბრება მოხდა ნ. ნ-ის მეუღლესთან - ლ. ნ-ესთან, რომელმაც განაცხადა, რომ ნ. ნ-ე საავადმყოფოში იმყოფებოდა, ხოლო ი. ნ-ე სამუშაოზე იყო. ლ. ნ-ის განმარტებით, 1998 წლიდან ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე ქირის გარეშე. მონიტორინგის ჯგუფმა მიუთითა, რომ აღნიშნული ბინა არის განმცხადებლის მეორე გათხოვილი შვილის - ლი. ნ-ის საკუთრება. აღნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობს სიძე - ნ. ჭ-ა, რომელიც არ არის აპლიკაციაში შეყვანილი და რომელიც დაკმაყოფილდა ფართით, კერძოდ 36.00 კვ.მ-ით.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (02.04.2021წ, ოქმი №19), ნ. ნ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან მიჩნეული იქნა, რომ მისი იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეების (ნ. და ლ. ნ-ეების) შვილის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მითითებით მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ ეტაპზე არ იყო პრიორიტეტული.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1111/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ნ. ნ-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა.

საყურადღებოა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულთა ნაკლებობა, არამედ იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ალტერნატიული საცხოვრებლის გამო.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნ. ნ-ის ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, ოჯახს არც საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. ნ-ის ოჯახი ცხოვრობს ლი. ნ-ის (ლ. და ნ. ნ-ეების მეორე შვილი) საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში. საჯარო რეესტრის 24.05.2007წ. ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ...ის პირველი შესახვევი, კორპუსი 1, ს/კ ..., 18 კვ.მ ფართობის მესაკუთრეა - ლი. ნ-ე. უდავოა, რომ ნ. ნ-ეს და მის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით ქირის გარეშე სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156 (კ-20)). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი საჭიროების არარსებობის დასაბუთება ვერ უზრუნველყო. ამდენად, მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების მიღების, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა ნ. ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი არ არის კანონშესაბამისი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5 ქულიდან მოსარჩელეების ოჯახს მიენიჭა 1,5 ქულა- ნათესავის/ახლობლის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის აპელირება ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების საფუძვლით მოსარჩელეების გადაუდებელი განსახლების საჭიროების გამორიცხვასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ გარემოებას, რომ ნ. ნ-ე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას; e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რო ნ. ნ-ის შვილის საკუთრებად რეგისტრირებულ 18 კვ.მ ფართის ბინაში ცხოვრების ფაქტი მეუღლესთან და მეორე შვილთან ერთად, არ არის ადეკვატური დევნილის ღირსეული ცხოვრების თვალსაზრისით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები და ეზრუნა მოსარჩელის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა