Facebook Twitter

№ბს-437(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები - თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. ო-ი

მესამე პირები - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ...ის ადმინისტრაციული ერთეული

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ო-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №04-423/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ო-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

სარჩელის თანახმად, თ. ო-ი დაიბადა ... წლის ...ს მცხეთის რაიონის სოფელ ...ში. ვინაიდან მოსარჩელის დედა - ნ. ბ-ე მუშაობდა ...ის სკოლაში, თ. ო-იმაც ზოგადი განათლება ...ის საშუალო სკოლაში მიიღო, თუმცა აღნიშნული ფაქტი მათ არ უშლიდათ ხელს, ეცხოვრათ დაბა ახალგორში, რადგან სოფელი ...ი ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს დაბა ახალგორთან. ამასთან, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსარჩელეს, სწავლისა და სამსახურებრივი ვალდებულების გამო, პერიოდულად უწევდა ახალგორის დატოვება, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი იყო დაბა ახალგორის მუდმივი მაცხოვრებელი, სადაც ჰქონდა საკუთარი ქონება, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის მამა - გ. ო-ი დასაქმებული იყო ახალგორის რაიონის გამგეობაში და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა დაბა ახალგორში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ...ის ადმინისტრაციული ერთეული.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №04-423/ო ბრძანება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ო-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე თ. ო-ის აუნაზღაუროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2019 წლის 17 იანვარს თ. ო-იმა (პ/ნ ...) №... განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება; ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 26 დეკემბრის №247 ცნობის თანახმად, თ. ო-ის (პ/ნ ...) და მისი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო დაბა ახალგორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა, მაგრამ სწავლისა და სამსახურებრივი ვალდებულების გამო იგი პერიოდულად ტოვებდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მისი ოჯახი კომპენსირებულია ფულადი თანხით. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 9 იანვრის №2-0121 ცნობის თანახმად, 2008 წლამდე თ. ო-ისა (პ/ნ ...) და მისი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო დაბა ახალგორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა, მაგრამ სწავლისა და სამსახურებრივი ვალდებულების გამო იგი პერიოდულად ტოვებდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მისი ოჯახი კომპენსირებულია ფულადი თანხით; გ) „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2019 წლის 16 იანვარს გასაუბრება ჩატარდა თ. ო-ითან, რომელმაც აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს მცხეთაში. 1990 წლიდან 2001 წლამდე სწავლობდა მცხეთის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში. ... წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ... წლიდან ... წლამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ...ად. 2009 წლის მაისში დაოჯახდა თბილისში. ..., ... და ... წლებში შვილები შეეძინა თბილისში. დაბა ახალგორში ცხოვრობდა მშობლებსა და ძმებთან ერთად 2008 წლის აგვისტომდე. მამა - გ. ო-ი მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად ახალგორში ...-... წლებში. დედა - ნ. ბ-ე ... წლიდან დღემდე მუშაობს მცხეთის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში ...ად. პირადობის მოწმობაში მითითებული მისამართი - მცხეთა, სოფელი ...ი, ...ის ქ. №... არის დედის მშობლების სახლი. ვინაიდან ნ. ბ-ე მუშაობდა სოფელ ...ში ...ად, ამის გამო, თ. ო-იმა და მისმა ძმებმაც სკოლა დაამთავრეს ...ში. სკოლაში სწავლის დროს რჩებოდა ...შიც, ბებიის სახლშიც და მიდიოდა ახალგორშიც (მამას სამსახურებრივად ემსახურებოდა ავტომანქანა, რომლითაც მიდიოდა ახალგორში). სტუდენტობის პერიოდში ქ. თბილისში ცხოვრობდა ბიძებთან, ხოლო დასვენების დღეებში და არდადეგებზე იმყოფებოდა ახალგორში. ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში მეუღლესა და შვილებთან ერთად. მის მშობლებს და ძმებს აქვთ დევნილის სტატუსი; დ) აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თე. ო-ის საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება მცხეთა, სოფელი ...ი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №21024 წერილის თანახმად, თ. ო-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა და გარემოებების გათვალისწინებით სამინისტრომ მიიჩნია, რომ თ. ო-ისთვის დაბა ახალგორი არ ყოფილა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. იგი დაიბადა მცხეთაში, სკოლა დაამთავრა მცხეთის რაიონში, უმაღლესი განათლება მიიღო და მუშაობდა ქ. თბილისში 2008 წლის აგვისტომდე. დაბა ახალგორში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს არ ადასტურებს არც ერთი მტკიცებულება. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, თ. ო-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 13 თებერვლის MIA 51900377454 მიმართვაში აღნიშნულია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წერილის თანახმად, თ. ო-ი (პ/ნ ...), გ. ო-ი, ს. ო-ი, ლ. ო-ი და ნ. ბ-ე 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ მისამართზე: მცხეთა, სოფელი ...ი, ...ის ქუჩა №...; ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №04-423/3 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 21 თებერვლის №04-3244 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა თ. ო-ის (პ/ნ ...); ზ) 2019 წლის 4 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის - ფ. პ-ის (პ/ნ ...) განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს ...ის დევნილთა დასახლებაში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ახალგორში, ...ის №...-ში. 2003 წლიდან სწავლობდა თბილისში, შემდეგ დაოჯახდა. ... წელს შეეძინა შვილი და 2008 წელს ზაფხულში ბავშვთან ერთად იყო ჩასული ახალგორში. ამ პერიოდში მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ძირითადად ცხოვრობდა ახალგორში, საიდანაც დადიოდა უნივერსიტეტში. თ. ო-ი არის მისი მეზობელი, ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და ერთად გაიზარდნენ. თ. ო-იმა 2001 წელს დაამთავრა ...ის სკოლა. მოსარჩელის მამა გამგეობაში მუშაობდა, ემსახურებოდა მანქანა, რომლითაც თ.-ც დაჰყავდათ ახალგორიდან ...ში, თუმცა ბებიის სახლშიც რჩებოდა ხოლმე. უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში და დადიოდა ახალგორიდან. ეს ყოველივე ახსოვს, რადგან ამავე პერიოდში ძირითადად ახალგორში ცხოვრობდა. ასევე, იცის, რომ მოსარჩელე მუშაობდა შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისინი ერთად წამოვიდნენ ახალგორიდან;. თ) 2019 წლის 4 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის - ი. ფ-ის (პ/ნ ...) განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ...ში. მისი რეგისტრაციის მისამართია: ახალგორი, ...ის №.... თ. ო-ი იყო მისი მეზობელი, რომელიც ძმებთან ერთად სწავლობდა ...ში, თუმცა ცხოვრობდნენ ახალგორში, საიდანაც დადიოდნენ სკოლაში. აგვისტოს ომის დროს თ. ო-ი ახალგორში იმყოფებოდა; ი) 2019 წლის 4 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის - ო. გ-ის (პ/ნ ...) განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს ...ის დევნილთა დასახლებაში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა ახალგორში, ...ის ქუჩა №...-ში (რეგისტრაციის ადგილი). ახალგორში დაიბადა, გაიზარდა და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ...-... წლებში იყო საკრებულოს .... თ. ო-ის მამა სოფლის მეურნეობის სამმართველოს ... იყო, შესაბამისად, იცნობს მის ოჯახს, ისინი ცხოვრობდნენ ახალგორში, ...ის ქ. №...-ში. მისი ინფორმაციით, თ. და მისი ძმები სწავლობდნენ ...ში, თუმცა დადიოდნენ ახალგორიდან. პირადად მასაც ...ში წაუყვანია და უკანაც წამოუყვანია თ. ო-ი. მოწმემ დაადასტურა, რომ თ. ო-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის აგვისტოს ომამდე წარმოადგენდა ახალგორი.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 32-ე მუხლებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტზე, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

სასამართლოს განმარტებით, ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობისა და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე თ. ო-ის დაბა ახალგორში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სახეზე არ არის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე თ. ო-ის აუნაზღაუროს სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით, დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და რეგისტრაციის ადგილს. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის და კანონის განმარტებიდან გამომდინარე, უკავშირდება დევნილობის პერიოდს, თუ სად არის პირი სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ან სად ცხოვრობს იგი, რეგისტრაციის გარეშე. რაც შეეხება მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ერთი მხრივ, იგი პირის მიერ არჩეული უნდა იყოს საცხოვრისად, რაც მოიცავს პირის ნებელობასა და ამ მისამართზე ფაქტობრივ ცხოვრებას, მეორე მხრივ კი, მითითებული ადგილი პირს დატოვებული უნდა ჰქონდეს იძულებით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ეხმიანება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობას, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. მართალია, კანონმდებლობით პირს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის განმსაზღვრელია ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც პირს არჩეული აქვს ჩვეულებრივ საცხოვრებლად და სადაც ფაქტობრივად იმყოფება. ამდენად, დროის გარკვეულ პერიოდში პირს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზის არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პირის კონკრეტულ ადგილას ფაქტობრივ ყოფნას, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ამ ადგილის დროებით, ხანმოკლე პერიოდით დატოვებას, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2008 წლის აგვისტოს ომამდე და განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით იმ დროისათვის მოსარჩელემ საცხოვრებელ ადგილად აირჩია დაბა ახალგორი და თბილისში მუშაობის მიუხედავად, იქ ცხოვრობდა, თუმცა მას მოუწია იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და არ შეუძლია იქ დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის დედა მუშაობდა სოფელ ...ში ...ად, ამის გამო მან და მისმა ძმებმაც სკოლა დაამთავრეს ...ში, თუმცა ცხოვრობდნენ დაბა ახალგორში. მხოლოდ პერიოდულად რჩებოდნენ ...ში, ბებიის სახლში. მისივე განმარტებით, მართალია, მუშაობდა თბილისში, მაგრამ თბილისში სახლი არ ჰქონდათ და სამსახურში დადიოდა დაბა ახალგორიდან. კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ დარჩებოდა თბილისში ნათესავებთან, ძირითადად ბრუნდებოდა ახალგორში. მოსარჩელის განმარტებით, სკოლა დაამთავრა 2001 წელს და მას შემდეგ მცხეთის რაიონის სოფელ ...თან შეხება აღარ ჰქონია, მხოლოდ ბებიისა და პაპის სანახავად უწევდა ჩასვლა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დროებით სხვა ადგილზე ყოფნა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ იმ დროისათვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩია დაბა ახალგორი და იქ სურდა მუდმივად ცხოვრება. აღნიშნულ ფაქტს არ გამოირიცხავს ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელე სწავლობდა სოფელ ...ის სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლობდა და მუშაობდა ქალაქ თბილისში. ვინაიდან სოფელი ...ი მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტის საზღვრის სიახლოვეს, სრულიად შესაძლებელია, რომ მოსარჩელე ყოველდღიურად გადაადგილდებოდა ახალგორიდან ...ში, სკოლაში სწავლის პერიოდში. შესაბამისად, თ. ო-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ახალგორი და აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგო დამაჯერებელი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, თ. ო-ის საცხოვრებელ მისამართად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, უფიქსირდება მცხეთა, სოფ. ...ი. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლის 2019 წლის 13 თებერვლის №MIA 5 19 00377454 წერილის თანახმად, თ. ო-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში, ...ის ქუჩა №...-ში. აღნიშნულს თან ერთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2019 წლის 29 იანვრის №26 წერილი, რომლის თანახმად, თ. ო-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში, ...ის ქუჩა №...-ში. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი დაბა ახალგორში. მოსარჩელე დაიბადა მცხეთაში, საშუალო განათლება მიიღო მცხეთაში, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, სამსახურებრივი საქმიანობა დაიწყო და აგრძელებს თბილისში, ცხოვრობს ქ. თბილისში. თ. ო-ის საცხოვრებელ მისამართად (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით) უფიქსირდება მხოლოდ მცხეთა, სოფელი ...ი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად სიარულის ინტენსივობა და სამსახურში (ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისი) სიარულის ინტენსივობა შეადგენდა კვირაში 5 დღეს, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით და საქმიანობით დაკავშირებული იყო არაოკუპირებულ ტერიტორიასთან. თავად მოსარჩელის განმარტება, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში ცხოვრობდა მცხეთაში, ხოლო უმაღლესში სწავლის პერიოდში თბილისში, მიუთითებს მის მუდმივ ცხოვრებას არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ახალგორი - არ შეესაბამება რეალობას და მოგონილია მოსარჩელის მიერ მისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 26 დეკემბრის №247 ცნობას და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 9 იანვრის №2-0121 ცნობას, რომელთა თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო დაბა ახალგორი ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა, მაგრამ სწავლისა და სამსახურის გამო პერიოდულად ტოვებდა დაბა ახალგორს, აღნიშნული დოკუმენტების შინაარსი არ შეესაბამება რეალობას, მით უმეტეს, რომ მათში არ არის მითითებული მოსარჩელის მიერ დაბა ახალგორის დატოვების პერიოდულობა.

კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი.

ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაბა ახალგორი არ იყო მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის ომამდე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის, განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ 2.1 მუხლის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.

დადგენილია, რომ 2019 წლის 17 იანვარს თ. ო-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ახალგორიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №04-423/3 ბრძანებით, უარი ეთქვა თ. ო-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დადგინდა მოსარჩელის 2008 წლის ომამდე დაბა ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის - თ. ო-ის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10) და 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11) განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2019 წლის 16 იანვარს ჩატარებულ გასაუბრებაზე თ. ო-იმა განმარტა, რომ იგი 1990-2001 წლებში სწავლობდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საშუალო სკოლაში, ხოლო ... წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, ... წლიდან ... წლამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის ცნების დეფინიციიდან გამომდინარე, 2001 წლამდე ...ის საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დადგინდება თუ არა დაბა ახალგორი, აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობს მეორე გარემოების არსებობას - 2001 წლის შემდეგ თბილისში ცხოვრებისა და მუშაობის წლებში თ. ო-ის დაბა ახალგორის მუდმივ მაცხოვრებლად დადასტურებას ან უარყოფას. აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლამდე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტის ამსახველი ჯაჭვი იყოს ერთიანი და გამომდინარეობდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან. თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ორივე გარემოების ურთიერთშეჯერების, გაანალიზებისა და შეფასების საფუძველზე და არა განცალკევებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას თ. ო-ი მუდმივად ცხოვრობდა თუ არა დაბა ახალგორში 2008 წლის ომამდე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2).

ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, თუმცა აღნიშნული უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი დაახლოებით ერთი პერიოდის ორი სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ცნობა ერთმანეთისგან განსხვავებულ და საპირისპირო ინფორმაციას იძლევა, კერძოდ, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 26 დეკემბრის №247 ცნობაში და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 9 იანვრის №2-0121 ცნობაში აღნიშნულია, რომ თ. ო-ის ოჯახი 2008 წლის ომამდე ცხოვრობდა დაბა ახალგორში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 13 თებერვლის MIA 51900377454 წერილის და მასზე თანდართული მცხეთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წერილის თანახმად, თ. ო-ი, გ. ო-ი, ს. ო-ი, ლ. ო-ი და ნ. ბ-ე 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ მისამართზე: მცხეთა, სოფელი ...ი, ...ის ქუჩა №....

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი მიმოსვლის თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება (1). ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით (2)), თუმცა 2001 წლამდე დაბა ახალგორი რომც მივიჩნიოთ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და სამსახურში მუშაობა დაკავშირებულია ყოველდღიურ აქტივობებთან, ზემოაღნიშნული დაშვების დადასტურების შემთხვევაში, შესაფასებელი და დასადგენია - ხომ არ გაწყვიტა კავშირი მოსარჩელემ დაბა ახალგორთან ქ. თბილისში სწავლისა და მუშაობის პერიოდში. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში სწავლისა და მუშაობის პერიოდში, 2001-2008 წლებში, თ. ო-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო დაბა ახალგორი და არა ქალაქი თბილისი. სააპელაციო სასამართლომ კი, მოცემულ პერიოდშიც მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიიჩნია დაბა ახალგორი საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების, ასევე, თავად მოსარჩელისა და ახალგორის მაცხოვრებელთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, მაშინ, როდესაც ერთი მოწმის ჩვენებით, „თ. ო-ი უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში და დადიოდა ახალგორიდან“, მეორე მოწმის ჩვენებით, „თ. სად მუშაობდა და რა გრაფიკით, არ ახსოვს“. მესამე მოწმე კი აღნიშნავს, რომ „როგორც იცის სკოლის დამთავრების შემდეგ თ. ჩაირიცხა ... უნივერსიტეტში, თუმცა ახალგორიდან დადიოდა თუ თბილისში იყო არ იცის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც ახსოვს თ.-მა მუშაობა დაიწყო შემოსავლების სამსახურში და ასევე ჩააბარა მაგისტრატურაში. ვინაიდან ხშირად ხედავდა, ფიქრობს, რომ ახალგორიდან დადიოდა, ამასთან, მიუთითა, რომ ახალგორის მაცხოვრებელთა უმეტესობა თბილისში მუშაობდა და ახალგორში ცხოვრობდა“.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში მდგომარეობს. სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ - ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას.

ამდენად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და თ. ო-ის მითითება, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისში სახლი არ ჰქონდათ, თბილისში სწავლისა და მუშაობის პერიოდში სამსახურში დადიოდა დაბა ახალგორიდან, ამასთან, ქალაქ თბილისში კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ დარჩებოდა ნათესავებთან, ძირითადად კი, ბრუნდებოდა ახალგორში, არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოცემულ პერიოდში იგი დაბა ახალგორის მუდმივი მაცხოვრებელი იყო. აღნიშნული არ დასტურდება და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რაც საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაითვალისწინოს სააპელაციო სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 17 დეკემბრის №767 ცნობაზე, რომლის თანახმად, დევნილი გ. ო-ის ოჯახმა, მცხოვრები: დ. ახალგორი, ...ის ქ. №..., მიიღო 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში კომპენსაციის სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენების შედეგად, საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 25 დეკემბერს გამოსცა №915 განკარგულება ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ“. აღნიშნული განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა საკომპენსაციო თანხით უზრუნველეყო 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ის ოჯახები, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ანუ მითითებული განკარგულება გამოიცა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულების - უზრუნველყოს დევნილი საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით, შესრულების მიზნით და დამატებითი ღონისძიების სახით გათვალისწინებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა იმ ოჯახებისათვის თავშესაფრის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემა, რომლებმაც უარი განაცხადეს საცხოვრებელი ფართის მიღებაზე. მითითებული განკარგულების მე-2 პუნქტის მიხედვით, საკომპენსაციო თანხის ოდენობა განისაზღვრა ერთ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. განკარგულების მე-6 პუნქტით სამინისტროსათვის კომპენსაციის მიმღებ პირთა სიების წარდგენა დაევალა შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ხოლო განკარგულების მე-7 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად უნდა დაეზუსტებინა გამგეობის მიერ წარდგენილი სიები სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებულ დაზარალებულ პირთა სიასთან. ამავე შინაარსის განკარგულებები იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ შემდგომ პერიოდებშიც, კერძოდ, 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებები.

ზემოდასახელებული ნორმატიული აქტების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკომპენსაციო თანხის გაცემა ხდებოდა იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთა სიებს აზუსტებდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 17 დეკემბრის №767 ცნობაში თ. ო-ი მითითებულია, როგორც ოჯახის წევრი, აღნიშნული არ წარმოადგენს მოსარჩელის გ. ო-ის ოჯახის წევრად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამგვარი ცნობა დაზუსტებას საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ვინაიდან, უდავო გარემოებაა, რომ 2009 წლის მდგომარეობით თ. ო-ი არ წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მატარებელს და ამავდროულად, საქმის მასალებით არც ის გარემოება არ დგინდება, რომ ასეთი სტატუსის მატარებლები 2009 წელს იყვნენ მოსარჩელის მამა - კომპენსაციის მიმღები გ. ო-ი, მისი მეუღლე - ნ. ბ-ე (მოსარჩელის დედა) და შვილები (თ. ო-ის ძმები - ლ. და ს. ო-იები), შესაბამისად, უნდა დადგინდეს დასახელებული პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თარიღი, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნით, შეფასება უნდა მიეცეს თ. ო-ი შედიოდა თუ არა გ. ო-ის, ნ. ბ-ეის, ლ. ო-ისა და ს. ო-ის დევნილი ოჯახის შემადგენლობაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე