საქმე #ბს-1315(2კ-22) 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 19 ივნისს სს „თ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ...ის“ წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქალაქ თბილისში, ...ის მესამე შესახვევის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის, #1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით. მითითებული #2 დანართის მე-12 პუნქტის თანახმად, ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და, საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.
მოსარჩელის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილება და, შესაბამისად, #2 დანართი მიღებულია სააგენტოს მიერ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილების საფუძველზე. დასახელებული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (სხვა შესაბამისი პირობებით). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
მოსარჩელის შეფასებით, მითითებული ნორმებიდან ცხადია, რომ გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილ უნდა იქნეს თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რათა პირს დაეკისროს კანონმდებლობით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), კანონმდებლობის თანახმად, უნდა დასაბუთდეს ამგვარი პირობის დაწესების აუცილებლობა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო პირობის დაწესება არ დასაბუთებულა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილების #2 დანართის მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობა კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში.
მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ 2018 წლის 21 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის #584 ბრძანებით სს „თ...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის შეფასებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის #584 ბრძანება ასევე კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს სს „თ...ის“ კანონიერ უფლებებსა და ინტერესს.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილების #2 დანართის მე-12 პუნქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა. მოსარჩელემ, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის #584 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილების #2 დანართის მე-12 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის #584 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. დადგენილია ისიც, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და, საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა, ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ ვითარებაში, არამედ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევებში, სათანადო დასაბუთებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტიდან არ დგინდება, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და დასაბუთებით მივიდა ადმინისტრაციული ორგანო იმ დასკვნამდე, რომ არჩევანი შეეჩერებინა საგამონაკლისო წესზე და გადაწყვეტილების #2 დანართის მე-12 პუნქტში მიეთითებინა სხვა პირობა, რომ მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი.
სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, თუ რა სახის საგამონაკლისო ვითარება იდგა და კერძოსთან მიმართებით საჯარო ინტერესის უპირატესი დაცვის რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რამაც განაპირობა განმცხადებლისათვის (სს „თ...ი“) კანონმდებლობით ძირითად წესად დადგენილისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. ასევე, არ იყო სათანადო მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის კონტექსტში, კერძოდ, გადაწყვეტილებით დაწესებული განსხვავებული პირობა ხომ არ გამოიწვევდა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების გაუმართლებულ შეზღუდვას.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ნიშანდობლივი იყო, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას, განსხვავებული პირობის დაწესების მოტივად ადმინისტრაციული ორგანო ასახელებდა სანებართვო ობიექტზე არსებული ასფალტის საფარის ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში ყოფნას, რის გამოც მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ მიაჩნდა მიზანშეწონილად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული განმარტება არ ეფუძნებოდა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რამეთუ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნულზე სარწმუნოდ ვერ მიუთითებდნენ. გარდა ამისა, დაუდგენელი იყო, თუ რა მკიცებულებები დაედო საფუძვლად სადავო გადაწყვეტილებას, კერძოდ, რა ფაქტები იქნა შესწავლილი და შეფასებული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც დამატებითი პირობების დაწესების გადაუდებელ აუცილებლობაზე მიანიშნებდა. ამასთან, საგულისხმო იყო ისიც, რომ თხრილის ფარგლებში ან თუნდაც სრული მოცულობით აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შედეგად წარმოებული სამუშაოების არაჯეროვნად/უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა პასუხისმგებლობის დაკისრების შესაბამის მექანიზმსაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესახბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. განმცადებლის მიმართ თითოეული შეზღუდვის/პირობის დაწესება წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ყველა არსებითი გარემოების შესწავლის, განმცხადებლისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის ურთიერთშედარების შედეგს. კასატორის შეფასებით, ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი ქონების მართვის სააგენტომ, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (ასფალტის საფარი იყო დაუზიანებელი) და საჯარო ინტერესის არსებობის პირობებში, მიიჩნია, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელებულიყო იმგვარად, რომ ტროტუარი აღდგენილიყო არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ - სრულად.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მითითებული საპროექტო ვარიანტის საფუძველზე, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება მიზანშეწონილი იყო შეზღუდვის/პირობის დაწესებით. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესები შეწონასწორებულია, რამდენადაც საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს დაუზიანებელი ასფალტის საფარს და ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემდგომ, მისი თხრილის ფარგლებში აღდგენა მიზანშეუწონელია.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ტრანშეის აღდგენის დროს, ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვის შემთხვევაშიც, წარმოიქმნება საფუძვლის ფენების არაერთგვაროვნება, რაც წარმოადგენს აღდგენილი ტრანშეის დეფორმაციის მიზეზს: ახალი და ძველი ასფალტ-ბეტონის გადაბმის ადგილებში წარმოიქმნება ცივი ნაკერი, რაც ამცირებს საფარის საექსპლუატაციო ვადას, მნიშვნელოვნად აზიანებს ტროტუარის ვიზუალურ მხარეს. ასევე, ტრანშეის მცირე სიგანის გამო გართულებულია ტექნოლოგიური პროცესების დაცვა, კერძოდ, საფუძვლის ფენების დატკეპვნა, რაც იწვევს ტრანშეის გასწვრივ ჯდენების განვითარებას.
ამდენად, კასატორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების შეცდომით განხორციელება, კერძოდ, კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მითითებით, როგორც საქმეში არსებული ფოტოსურათებით დგინდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საპროექტო ობიექტზე ასფალტის საფარი არის კარგ მდგომარეობაში და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია საპროექტო ობიექტზე სამუშაოების წარმოების შედეგად მისი დაზიანების შემდგომ ასფალტის საფარი აღდგეს მხოლოდ თხრილის ფარგლებში. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას იმის შესახებ, რომ სადავო გადაწყვეტილებით დაუსაბუთებელია, თუ რამ განაპირობა განმცხადებლისათვის (სს „თ...ი“) კანონით ძირითად წესად დადგენილისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული განაპირობა საპროექტო ობიექტზე ასფალტის საფარის მდგომარეობამ.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია საჯარო ინტერესები, რადგან ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში გამოიყოფა შესაბამისი თანხები. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება სს „თ...ის“ არაერთი განცხადება. შესაბამისად, კომპანიის მიერ ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში ზიანს მიაყენებს საჯარო ინტერესს და დედაქალაქის მაცხოვრებლებს.
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესები, კერძოდ, აღნიშნულის შედეგად ნაკლები ზიანი მიადგება ქალაქის ინფრასტრუქტურას, ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომლიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზეც პასუხისმგებლები არიან მუნიციპალური ორგანოები. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები უნდა დაიხარჯოს რაციონალურად და ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად საჭირო არ უნდა ხდებოდეს მისი ხელახლა მოწყობა, პირიქით, თანხა უნდა მოხმარდეს ქალაქში არსებული უკვე დაზიანებული/განადგურებული ასფალტის საფარის კეთილმოწყობას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს უნდა შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, ქალაქში არ უნდა მომრავლდეს ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის, ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანება. კასატორის მითითებით, მეორე მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯი ტროტუარის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად.
კასატორი, ასევე, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ვერ დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენის ვალდებულებას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას. თუმცა ახალმოწყობილი და დაუზიანებელი ტერიტორიის შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დააწესა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა. სხვა შემთხვევაში, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ავრცელებს სტანდარტულ პირობას, ტროტუარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენის ვალდებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილების #2 დანართის მე-12 პუნქტის კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 მაისის #584 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და ტერიტორიის სხვა კეთილმოწყობა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის QN... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ...ის“ წერილობითი თხოვნა და მას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქალაქ თბილისში, კრწანისში, ...ის მე-... შესახვევის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, #1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, #3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილების #2 დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე განივი კვეთებისას ასფალტის საფარი აღდგენილ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყებიდან 4 (ოთხი) დღის ვადაში, ხოლო სხვა საფარი - 20 (ოცი) დღის ვადაში.
ამავე გადაწყვეტილების #2 დანართის მე-12 პუნქტით კი დადგინდა, რომ ახალმოწყობილ მონაკვეთებში, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და, საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს სათანადო ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითა და დასაბუთებითაც აიხსნებოდა საგამონაკლისო წესის გამოყენება და გადაწყვეტილების #2 დანართის მე-12 პუნქტში მისი მითითება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის ვალდებულება.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომელმაც მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის საგამონაკლისო ვითარება იდგა და კერძოსთან მიმართებით საჯარო ინტერესის უპირატესი დაცვის რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რამაც განაპირობა განმცხადებლისათვის (სს „თ...ი“) კანონმდებლობით ძირითად წესად დადგენილისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. ასევე, არ იყო სათანადო მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის კონტექსტში, კერძოდ, გადაწყვეტილებით დაწესებული განსხვავებული პირობა ხომ არ გამოიწვევდა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების გაუმართლებულ შეზღუდვას.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სასამართლოში საქმის განხილვისას განსხვავებული პირობის დაწესების მოტივად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დასახელებულ მიზეზზე, კერძოდ, სანებართვო ობიექტზე არსებული ასფალტის საფარის ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული განმარტება არ ეფუძნება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რამეთუ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნულზე სარწმუნოდ ვერ მიუთითებენ. გარდა ამისა, დაუდგენელია, თუ რა მკიცებულებები დაედო საფუძვლად სადავო გადაწყვეტილებას, კერძოდ, რა ფაქტები იქნა შესწავლილი და შეფასებული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც დამატებითი პირობების დაწესების გადაუდებელ აუცილებლობაზე მიანიშნებდა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ თხრილის ფარგლებში ან თუნდაც სრული მოცულობით აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შედეგად წარმოებული სამუშაოების არაჯეროვნად/უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრების შესაბამის მექანიზმსაც.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრებში კასატორთა მიერ დასახელებული რისკები არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ასფალტის მხოლოდ თხრილის ფარგლებში მოწყობა არსებითად დააზიანებდა მოწყობილი ტროტუარის საფარს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ ანალოგიურ საქმეებთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ვალდებულების განმცხადებლისათვის დაკისრება სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და საჯარო და კერძო ინტერესთა სათანადო დაბალანსებით უნდა იქნეს ახსნილი (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის #ბს-945(2კ-20) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) საკასაციო საჩივარზე 28.12.2022წ. #05008 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.12.2022წ. #05008 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა