Facebook Twitter

№4741-13 14 მარტი, 2013 წელი

მ-ი ა, 4741-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ნ. ფ-ს

მსჯავრდებულ - ა. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუდგინდა ნაწილის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც დაუდგინდა ნაწილის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ა. მ-ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული (როგორც რეალური, ისე პირობითი) სასჯელისაგან გათავისუფლდა, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ა. მ-ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე