Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-619(2კ-22) 7 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - თ. ყ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 30 სექტემბერს თ. ყ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის №1895 განკარგულების ბათილად ცნობა და თბილისში, ...ის ქ. №10ა-ში მდებარე (ს/კ ..., საერთო ფართი 540 კვ.მ) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართი 77 კვ.მ) თ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს №1895 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ყ-ის მოთხოვნასთან მიმართებით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და თ. ყ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ყ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და თ. ყ-მა.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში, კერძოდ, თუ არსებობს განმცხადებლისთვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივ/სამართლებრივი გარემოება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თ. ყ-ის განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება (კომისიის 2018 წლის 29 იანვრის №642 საოქმო გადაწყვეტილება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, თუკი არსებობს, განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. კასატორის განმარტებით, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. შესაბამისად, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა, მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. რაც შეეხება 2019 წლის 19 ივლისის განცხადებით წარდგენილ დამატებით დოკუმენტაციას, რომელზეც მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლო, აღნიშნულით არ არის დადასტურებული ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რამდენადაც საინვენტარიზაციო გეგმით და შესაბამისი საკადასტრო რუკით დგინდება მხოლოდ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და მასზე დატანილი გასასვლელი კარი არ იძლევა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, კომისიის დათვალიერების ოქმში გაკეთებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნული ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად, ვინაიდან, ოქმში აღნიშნულია დათვალიერების დროს არსებული მდგომარეობა და ამით ვერ დადასტურდება მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობა-სარგებლობის ფაქტი.

ასევე კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული კანონით გათვალისწინებულ იმ სახის მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც უნდა შეფასდეს საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეები ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს, არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მეორე კასატორი - თ. ყ-ი არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას, რომ მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში არ წარუდგენია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას და განმარტავს, რომ 2019 წლის 19 ივლისს მან კომისიას წარუდგინა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 1982 წლის საინვენტარიზაციო გეგმა (მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების) და შესაბამისი საკადასტრო რუკა, აღნიშნული დოკუმენტაცია ადრე არ ჰქონდა წარდგენილი, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია. ახალი მტკიცებულება იყო ასევე 2019 წლის 16 ივლისს თავად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის მიერ შედენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადასტურდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალური ღობით ყველა მხრიდან და ქმნის ერთიან სივრცეს საკუთრებასთან ერთად, კაპიტალური ღობე, რომელიც თითქოს მიჯნავს ეზოს ორ ნაწილად, რეალურად არის მიწის საყრდენი, რომელიც თავად განმცხადებლის მიერ საკუთარი სახსრებით არის გაკეთებული. კასატორის განმარტებით, 2017 წლის 21 სექტემბრის განცხადების განხილვის დროს სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებაზე არავინ მისულა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ადგილზე დათვალიერების ოქმიც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფოტოთი დასტურდება, რომ თ. ყ-ის (მოსარჩელე) საკუთრებაში არსებული ფართიდან, ჭიშკარი გადის მომიჯნავედ არსებულ სადავო ფართში, რომელიც ქმნის ერთიან სივრცეს და ფაქტობრივად ერთი ნაკვეთია. ახალი მტკიცებულებებია ასევე განცხადებაზე დართული მეზობლების: შ. დ-ას, მ. დ-ასა და გ. ლ-ას თანხმობები, რომელთა თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი თ. ყ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და მეზობლები თანხმობას აცხადებენ მიწის ნაკვეთის თ. ყ-ის საკუთრებაში აღრიცხვაზე.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს, დადგენილი ფაქტების და მსჯელობის შედეგად მოპასუხისათვის უნდა დაევალებინა აქტის გამოცემა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით საკითხის გადაწყვეტა ისევ ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ უნდა დაევალებინა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხოლო 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით თ. ყ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ყ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის №1895 განკარგულების კანონიერება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, თ. ყ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ხოლო სადავო განკარგულების დასაბუთება ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლიც, რომლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით თ. ყ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №10ა-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 77.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ასევე აეროფოტოგადაღებით დადგინდა, რომ თ. ყ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები სცდებოდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მყარი სასაზღვრო მიჯნის ფარგლებს, შესაბამისად, არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

2019 წლის 27 მაისს თ. ყ-მა კვლავ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №10ა-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 77.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნაზე თანხმობა; ფოტომასალა; მეზობლების: მ. დ-ას, გ. ლ-ასა და შ. დ-ას სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები, რომლითაც აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ თანახმანი იყვნენ, თბილისში, ...ის ქ. №10ა-ს მიმდებარედ, თ. ყ-ის საკუთრების წინ მომიჯნავედ მდებარე 77.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის, რომელსაც დაუფლებულია ფაქტობრივად, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს თ. ყ-ის საკუთრებად. კომისიას ასევე დამატებით წარედგინა თ. ყ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა და საკადასტრო რუკა.

საქმეში წარმოდგენილია ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 16 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №10ა-ს მიმდებარედ, ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალურად ყველა მხრიდან და ქმნის ერთიან სივრცეს საკუთრებასთან ერთად. კაპიტალური ღობე, რომელიც თითქოს მიჯნავს ეზოს ორ ნაწილად, რეალურად არის მიწის საყრდენი, რომელიც თვითონ ყანდაშვილის მიერ, საკუთარი სახსრებით, არის გაკეთებული.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის №1895 განკარგულებით თ. ყ-ს კვლავ უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო 2018 წლის 28 თებერვლის №316 განკარგულებას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ 2019 წლის 19 ივლისის №19/011920036-55 განცხადებით წარდგენილ დამატებით დოკუმენტებს, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც განაპირობებდა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რამდენადაც წარდგენილი საინვენტარიზაციო გეგმით და შესაბამისი საკადასტრო რუკით დგინდებოდა მხოლოდ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და მასზე დატანილი გასასვლელი კარი არ იძლეოდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია თ. ყ-ის 2017 წლის 21 სექტემბრის თავდაპირველი განცხადებაზე და 2019 წლის 27 მაისის განცხადებაზე დართული დოკუმენტებისა თუ ამ განცხადებების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებულ სხვადასხვა დოკუმენტების თუ ინფორმაციას შედარება, ვინაიდან დადგინდეს ადგილი ჰქონდა თუ არა განმეორებით წარდგენილი განცხადების დროს იმ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თავდაპირველ განცხადებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა: 1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3. ელ. ვერსია; 4. განცხადება. 2019 წლის განმეორებითი განცხადების ფარგლებში თ. ყ-ის მიერ წარდგენილ იქნა: 1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3. ამონაწერი რეესტრიდან; 4. ელ.ვერსია; 5. ორთოფოტო; 6. მეზობლების თანხმობა; 7. 1982 წლის საინვენტარიზაციო გეგმა; 8. საკადასტრო რუკა და ასევე ადმინისტრაციული წარმოებისას ადგილზე გასვლით დათვალიერებულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთი, რაზედაც შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ განკარგულებაში არსებითად არ უმსჯელია დასახელებულ გარემოებებზე და შეფასება არ მიუცია განმეორებით წარდგენილ განცხადებას ერთვოდა თუ არა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც წინა ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა განხილული და შეფასებული და თ. ყ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში მიუთითებდა თუ არა ისეთი სახის ახალ გარემოებაზე, რომელიც განმცხადებლისათვის განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს თ. ყ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 16 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმის გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს წარმოადგენდა თუ არა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ყ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ყ-ის მიერ თ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე 12.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ყ-ს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ყ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. ი. ყ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს თ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე 12.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე