Facebook Twitter

საქმე №ბს-670(კ-21) 07 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - - შპს ,,ე...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ე...მა“ 2020 წლის 25 თებერვალს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 აგვისტოს №00580 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 იანვრის №10 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ე...ს“ მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები არასწორადაა განმარტებული, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებული მოსარჩელის მიერ დადასტურებული ყველა ფაქტი საკითხის მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისია, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მათ საწინააღმდეგოდ განმარტა და გამოიყენა. შპს „ე...ს“ წარმომადგენელი თვლის, რომ მოსარჩელის მიერ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს სასამართლოში არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საქმეში არ მოიპოვება მოპასუხე მხარის გადაწყვეტილების გამამართლებელი არცერთი მატერიალური მტკიცებულება. კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის ერთობლიობა ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძვლებს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულმა არასწორმა შეფასებებმა გამოიწვია სასარჩელო განცხადების დაუკმაყოფილებლობა.

შპს „ე...ს“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მშენებლობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიღებული ნორმების მიზანია ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შემოწმების აქტის შედგენისას მშენებლობაზე დასაქმებული სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ სამუშაოებს, სამშენებლო მოედანზე არ იმყოფებოდნენ, მშენებლობა დამკვეთის გადაწყვეტილებით იყო დროებით შეჩერებული და მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დამცავი საშუალებების მოსაწყობად.

კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ არაადეკვატურად და უსამართლოდ შეაფასა ობიექტზე დაფიქსირებული გარემოებები და მიიღო 30 000 ლარის ოდენობით დაჯარიმების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე იერარქიით უფრო მაღლა მდგომი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულია მითითების მიცემა და ამ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში 30 ჯერ ნალები 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა.

კასატორის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის 27.10.2017წ. N477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ დისპოზიციიდან გამომდინარე არსებობს დარღვევის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც შინაარსობრივად არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, შპს „ე...ს“ წარმომადგენლის მოსაზრებით, ზედამხედველობის ინსპექტორი ვალდებულია უდავოდ დაადგინოს თუ რომელი სამშენებლო სამართალდარღვევაა ჩადენილი სავარაუდო დამრღვევის მიერ და ზუსტად აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად დაუნიშნოს მას კანონით გათვალისწინებული ვადა. როგორც გასაჩივრებული დადგენილებებიდან იკვეთება, კომპანია მშენებლობის დარგში ჩადენილ სამართალდარღვევად მიჩნეულ იქნა საქართველოს მთავრობის 27.10.2017წ. N477 დადგენილების მე-5 ან/და მე-15 მუხლით გათვალისწინებულ არაკონკრეტულ რომელიმე სამართალდარღვევაში, არამედ აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაში, რომლის ჩადენა, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ ფაქტობრივადაც შეუძლებელია. შესაბამისად კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება ეწინააღმდეგება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-15 ნაწილს, რომლის მიხედვით ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

შპს „ე...ს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გამოკვლეული არ აქვს საქმის არსებითი გარემოებები, დადგენილებაში არ არის მითითებული კომპანიამ კონკრეტულად რა სახის სამართალდარღვევა ჩაიდინა. კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ჩამოთვლა არ წარმოადგენს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას და მშენებლობის დარგში სამართალდარღვევის ქმედების დადგენას. ინსპექციას დადგენილებაში კონკრეტულად უნდა აღეწერა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, აღეწერა სამართალდარღვევის ჩადენის სახე და მხოლოდ ამის შემდეგ მიესადაგებინა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 აგვისტოს №000580 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 იანვრის №10 ბრძანების შესაბამისობა სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელიც მიუთითებს ობიექტის მფლობელის ვალდებულებებზე. 23-ე მუხლის პირველი ნაწილი ობიექტის მფლობელს ავალდებულებს უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შრომის უსაფრთხო პირობები („ბ“ და „გ“ ქვ.პ). ამავე კოდექსის 25-ე მუხლის 13-ე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ. 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის უსაფრთხოების დარღვევისთვის მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სადავო აქტი არ არის დასაბუთებული, კერძოდ, არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რომელი სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი შპს „ე...ს“ მიერ და ამასთანავე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას საქმისათვის არსებითი გარემოებები არ გამოკვლეულა.

საქმეში არსებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 აგვისტოს №000580 შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს „ე...ს“ მიერ მშენებლობისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული პირობები; კერძოდ, არსებული ღია სივრცეები სრულად არ არის შემოღობილი მოაჯირებით; კიბის მარშებზე არ არის მოწყობილი დროებითი მოაჯირები; ლიფტის შახტები და შენობის შიდა სივრცეში არსებული სხვა ღიობები, სადაც ადამიანის ვარდნაა შესაძლებელი, სრულად არ არის დაცული მოაჯირებით, ხუფებით ან/და ფენილებით. აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს შეჩერდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე. 2019 წლის 20 აგვისტოს გამოიცა №000580 სადავო დადგენილება შპს „ე...ს“ 30000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება დადგენილებით ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნდოვანებასთან მიმართებით, ვინაიდან სადავო აქტში სრულადაა მითითებული ის დარღვევები, რაც დადგინდა შპს „ე...ს“ მიმართ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 27.10.2017წ. №477 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-5 და მე-15 მუხლების ქვეპუნქტები შეიცავენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ზოგადად დამცავი მოაჯირების სისტემა და სპეციალური ხუფები უნდა აკმაყოფილებდეს კუმულაციურად, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, არათუ დარღვევით იყო დამონტაჟებული დამცავი მოაჯირების სისტემა და სპეციალური ხუფები, არამედ კონკრეტულ ადგილებზე საერთოდ არ იყო მოწყობილი, შესაბამისად სადავო აქტში დარღვევის აღწერასთან ერთად საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 და მე-15 მუხლებზე მითითება მართებულია. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას შემოწმების აქტში და მის საფუძველზე გამოცემულ 2019 წლის 20 აგვისტოს №000580 სადავო დადგენილებაში დაფიქსირებული, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შპს „ე...ს“ მხრიდან დარღვევის შესახებ, რაც გარდა საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, დასტურდება მათ შორის ფოტოსურათებით და ამ დარღვევის აღმოფხვრის მოტივით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დადგენილების გამოტანის შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს თავად მხარემ მიმართა განცხადებით და მასზე დართულ სპეციალისტის დასკვნაზე მითითებით, მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფის მოტივით, მისი ძალადაკარგულად გამოცხადება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 აგვისტოს №00580 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 იანვრის №10 ბრძანების დასაბუთებულობასა და კანონიერებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მოწესრიგების შესახებ (სადავო პერიოდში მოქმედებდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი) და მიუთითებს, რომ მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში მშენებლობის უსაფრთხოების წესების (სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დაუცველობა) დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სპეციალური კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის სამშენებლო საქმიანობის განხორციელებას სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით (1-ლი მუხლი). მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მუნიციპალიტეტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები წარმოადგენენ. კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთ ორგანოს სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენდა. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით კი ზედამხედველი ორგანოდ მიჩნეულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური (სადავო პერიოდში - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური), რომლის საქმიანობის მიზანს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა და არა სამშენებლო სამართალდარღვევების გამოვლენა და პრევენცია წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. გ. ქ-ის (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს მის მიერ 28.07.2021წ. №0 საგადახდო დავალებით შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე