Facebook Twitter

საქმე №ბს-1278(კ-22) 16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 15 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე. წ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ე. წ-იის ქუჩა №1-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) 2020 წლის 5 თებერვლამდე წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლინდა ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული სახელმწიფოს კუთვნილი ქონების ნაწილით, კერძოდ, შენობა-ნაგებობა №16-ით (ფართით 79.54 კვ.მ.), უკანონოდ სარგებლობდა და მასში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ე. წ-იი, რაც დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით. სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომები, მათ შორის, მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერაც მოხდა ზემოაღნიშნული ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა შესაბამისი წლების მიხედვით. მოპასუხეს სათანადო ფორმით ეცნობა აღნიშნული ფაქტის შესახებ და მიეცა ვადა თანხის ანაზღაურებისა და უძრავი ქონების გამოთავისუფლებისათვის, რაც მან არ შეასრულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ე. წ-ის ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამდენად, მოსარჩელემ ე. წ-ისთვის სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით (ს/კ ... - შენობა-ნაგებობა №16) არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2020 წლის 5 თებერვლამდე - 4052.02 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ე. წ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 265,77 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციიის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1-ში, საკადასტრო კოდი №.... დაზუსტებული ფართობი 10377.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16 და №17, 2016 წლის 27 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სახელმწიფოს სახელზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №882019831718-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განცხადება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1-ში, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი: №...), დაზუსტებული ფართობი 411.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.

უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1-ში, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი: №...), დაზუსტებული ფართობი 9966.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 (აუზი), №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.

უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1-ში, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი: №...), დაზუსტებული ფართობი 9966.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 (აუზი), №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, საკუთრების უფლებით 2020 წლის 3 თებერვლიდან აღირიცხა ნ. ღ-ის სახელზე.

ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 28 ნოემბრის აქტში მითითებულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ. თბილისში ...ს ქუჩა №1-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ფიზიკური პირი ე. წ-იი, შენობა №16-ის ნაწილის გამოყენება რკინის საამქროდ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 დეკემბრის №008968219 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №1-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა №16-ში არსებული ფართის (ფართით 79.54 კვ.მ.) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით - 103 ლარი, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 103 ლარი, 2019 წლის იანვრიდან დღემდე (2019 წლის 25 დეკემბრამდე) – 119 ლარი.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №7/69811 წერილით ე. წ-ის გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 27 დეკემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 იანვრის №7/152 წერილით ე. წ-ის ხელმეორედ გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და ეთხოვა უზრუნველეყო წინამდებარე შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით - 103 ლარის, 2019 წლის იანვრიდან თვეში 119 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ე. წ-ის 2012 წლის 29 მაისის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 29 მაისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის მიხედვით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 143 მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ინდივიდუალური მეწარმე ე. წ-იის (ს/ნ ...; ძვ. ს/ნ ...) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული პრეტენზიების კანონიერების შემოწმების მიზნით დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ გადაღებულ ფოტოსურათებს და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. წ-იი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად ნამდვილად სარგებლობდა და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან მიმართებაში, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ დათვალიერებისა და ოქმის შედგენის დროს კონკრეტულ ადგილზე იმყოფებოდა შემთხვევით, იყო სტუმრად მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ გარემოების საწინააღმდეგოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა, ადგილზე დათვალიერების აქტის შემდგენმა გ. გ-ემ განმარტა, რომ კონკრეტულ მისამართზე ახორციელებდა რა სამსახურებრივ მოვალეობას, ობიექტის შესწავლისა და დათვალიერებისას, მისამართზე დახვდა ე. წ-იი, რომელმაც განუმარტა, რომ კონკრეტულ ფართში იყო რკინის საამქრო, რომელიც იყო მის სარგებლობაში. კითხვაზე, იყო თუ არა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, ე. წ-იმა განუმარტა, რომ საქმიანობას ახორციელებდა როგორც ფიზიკური პირი. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტზე მანამდეც იმყოფებოდნენ შემოწმებაზე, თუმცა ობიექტი იყო დაკეტილ მდგომარეობაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე. წ-იი არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემული დავისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მეწარმე სუბიექტის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის არსებობა/არარსებობას, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ეყდნობა სახელმწიფო საკურებაში არსებულ უძრავი ნივთით სარგებლობას, ფაქტობრივად განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც არ მოიცავს სავალდებულო რეგისტრაციის არსებობას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო პალატას აძლევდა დასკვნის საფუძველს, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულად მიეჩნია, რომ ე. წ-იი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1-ში არსებულ №16 შენობა-ნაგებობის (ს.კ. №...) არამართლზომიერ სარგებლობას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის. თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმის გამო, რომ მოპასუხე მხარის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, შემოწმების აქტის შედგენამდე პერიოდთან მიმართებაში, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებდა სათანადო მტკიცებულებით, მოთხოვნა - 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრამდე თანხის დაკისრების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი (პრიმა) პუნქტი, რის გამოც მოცემული კატეგორიის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დადასტურდეს მოპასუხე მხარის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტი, რაც კასატორის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ქონების მესაკუთრის მხარის მტკიცების ტვირთია. კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების ისეთი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. კასატორის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნა სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია სააგენტოს მოთხოვნის უარმყოფი არცერთი მტკიცებულება. კასატორის მითითებით, სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმსა და შენობის ფოტოსურათებს ვერ დაუპირისპირდება მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ე. წ-ისთვის სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით (ს/კ ... - შენობა-ნაგებობა №16) არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2020 წლის 5 თებერვლამდე - 4052.02 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ე. წ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 265,77 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ე. წ-ის არ გაუსაჩივრებია. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1-ში, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი: №...), დაზუსტებული ფართობი 9966.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 (აუზი), №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2020 წლის 5 თებერვლამდე, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სახელმწიფოს სახელზე. მოსარჩელე მოპასუხის მიმართ მოითხოვს მითითებულ საკადასტრო კოდზე არსებული №16 შენობა-ნაგებობის სამეწარმეო საქმიანობის - რკინის საამქროს დანიშნულებით გამოყენების მიზნით და სარგებლობის მთელი პერიოდისათვის თანხის დაკისრებას, კერძოდ, 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 103 ლარის, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 103 ლარის და 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლამდე 119 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს - 4 052,02 ლარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 28 ნოემბრის აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ. თბილისში ...ს ქუჩა №1-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ფიზიკური პირი ე. წ-იი, შენობა №16-ის ნაწილი გამოიყენება რკინის საამქროდ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 დეკემბრის №008968219 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №1-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა №16-ში არსებული ფართის (ფართით 79.54 კვ.მ.) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით - 103 ლარი, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 103 ლარი, 2019 წლის იანვრიდან დღემდე (2019 წლის 25 დეკემბრამდე) – 119 ლარი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე. წ-იი ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1-ში არსებული №16 შენობა-ნაგებობის (ს.კ. №...) არამართლზომიერ სარგებლობას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რის გამოც ე. წ-ის, შემოწმების აქტის თარიღის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 265,77 ლარის გადახდა. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს შემოწმების აქტის შედგენამდე პერიოდთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებდა სათანადო მტკიცებულებით, რის გამოც მოთხოვნა - 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრამდე თანხის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა