Facebook Twitter

საქმე №ბს-1498(კ-22) 16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 14 სექტემბერს ლ. ხ-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა 1930 წლის 20 თებერვალს. მოსარჩელე ცხოვრობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ...ში. აქვს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ავარიულ მდომარეობაშია, სიცოცხლისათვის საშიშია. ზემოაღნიშნულის გამო მოსარჩელე შეკედლებულია სხვადასხვა პირებთან, რაც 91 წლის მოხუცისთვის გაუსაძლისია. მოსარჩელის ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა. მას როგორც ხანდაზმულს პერიოდულად, სადღესასწაულო დღეებში ადგილობრივი თვითმართველობიდან ეგზავნება მცირედი ერთჯერადი დახმარება და საჩუქრები, თუმცა მუდმივი საცხოვრებლის არქონის გამო ჭირს მისი მოძიება. ლ. ხ-ეემ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას ხარაგაულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლით სარგებლობის გამო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ეის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიმართ, გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს.

31.05.2022წ. მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, მის დაზუსტებულ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ. ხ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანება. მოსარჩელე ლ. ხ-ეის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ. ხ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, სადავო ბრძანებით ლ. ხ-ეის ოჯახი არ დაკმაყოფილდა სასწრაფოდ განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2021 წლის 3 ივლისის მონიტორინგის ოქმზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ლ. ხ-ეე 7 წელია ცხოვრობს შვილის - ნ. ხ-ეის სოფელ ...ში მდებარე სახლში. ნ. ხ-ეის ოჯახი თავისხმხრივ შედგება 9 სულისგან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის 90 წელს გადაცილებული პირი, რომლის 9 სულიან სამ ოჯახთან ერთად ცხოვრება დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი შვილის მეუღლის ოჯახის საკუთრება იყოს, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრული ვადის დაცვის აუცილებლობაც, რაც გათვალისწინებული არ იქნა. პალატის მოსაზრებით, აპელანტის მითითება მოსარჩელის სასწრაფო განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე, შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად უფლების არსს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ხარაგაულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ლ. ხ-ეის სახლიდან მისი ოჯახის განსახლების აუცილებლობა სახლის დაზიანების ხარისხის (I კატეგორია) გათვალისწინებით უდავო იყო, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი არ იყო მოსარჩელისთვის ადეკვატური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკისა და იქ მაცხოვრებელი ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, სახეზე იყო კომისიის მხრიდან უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე საჭიროებდა საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ ის, რომ მოსარჩელეს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გააჩნია, რადგან ცხოვრობს და შეუზღუდავად სარგებლობს ქალიშვილის საკუთრებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. ხ-ეეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც მარტო ცხოვრება არც შეუძლია. კასატორისთვის გაუგებარია რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის ოჯახი მრავალსულიანად, რადგან მონიტორინგის ოქმით აღნიშნული არ დასტურდება. კასატორი აცხადებს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მონიტორინგის ოქმებში ასახული ინფორმაცია მასზედ, რომ მოსარჩელე უკვე 7 წელია ცხოვრობს ქალიშვილთან. მონიტორინგის განხორცილებისას მონიტორინგის თანამშრომლებთან აღნიშნული არ ყოფილა ლ. ხ-ეის ნათესავებთან ცხოვრების ფაქტი. სასამართლო პროცესზე გაცხადებული მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება ნათესავებთან ცხოვრების თაობაზე კი ვერ დაადასტურებს ზემოაღნიშნულ გარემოებას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ სახლი დაზიანებულია 1989 წელს, ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ სახლი დიდი ხნის დანგრეულია და არავინ ცხოვრობს. სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ლ. ხ-ეის ოჯახის სასწრაფო დაკმაყოფილების აუცილებლობა. მართალია, სააგენტოს უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სახლი დიდი ხნის დანგრეულია და მოსარჩელე შეუზღუდავად ცხოვრობს შვილთან. სააგენტო კი ვალდებულია პირველ ეტაპზე ისეთი ოჯახების საკითხი დააკმაყოფილოს, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამდენად, კომისიამ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და არ დააკმაყოფილა ლ. ხ-ეის მოთხოვნა, რადგან დაზიანებული სახლი მის მიერ დიდი ხნის წინ იყო მიტოვებული, ხოლო შვილის მისამართზე ცხოვრებით მოსარჩელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 აგვისტოს №03-3273/ო ბრძანების კანონიერება, მოსარჩელე ლ. ხ-ეის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამავე პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ლ. ხ-ეე არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირი - ეკომიგრანტი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის 2021 წლის 8 სექტემბრის №602 ცნობის თანახმად, ლ. ხ-ეე მარტო ცხოვრობს სოფ. ...ში, მისი სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც ცხოვრობს ნათესავებთან. საჯარო რეესტრის ამონაწერის (2017 წლის 13 ივნისის და 2021 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით) თანახმად, უძრავი ნივთის მდებარე: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართი: 2266.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი: ..., მესაკუთრეა ლ. ხ-ეე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 23 მარტის №49/1302 წერილით დგინდება, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელი ...ში, ლ. ხ-ეის სახლი დაზიანებულია მეწყრის გამო 1989 წელს. ლ. ხ-ეემ 2021 წლის 5 მარტს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. 2021 წლის 29 მაისის მონიტორინგისა და გადამოწმების ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლი მდებარე, ხარაგაული, სოფელი ...ი, არის ბელეტაჟის ტიპის, რომლის ცალი მხარე ჩამონგრეულია. ამავე გადამოწმების ოქმის თანახმად, სახლის მესაკუთრე ლ. ხ-ეე წაყვანილი ჰყავს თავის ქალიშვილს ხარაგაულში, სადაც ცხოვრობს სამი ოჯახი შემდგარი 10 სულისგან. 2021 წლის 3 ივლისის განხორციელებული მონიტორინგის ოქმის თანახმად, ხარაგაულში, სოფელ ...ში ლ. ხ-ეე ცხოვრობს მისი შვილის ნ. ხ-ეის ოჯახში. ლ. ხ-ეე ბოლო 7 წელია წაყვანილი ჰყავს თავის ქალიშვილს საკუთარ ოჯახში, რადგანაც დაზიანებულ სახლში ცხოვრება იყო საშიში. ოჯახი შედგება 9 სულისაგან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, მოსარჩელე ლ. ხ-ეის ოჯახს ჯამურად მიენიჭა 17 ქულა. საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია - 10 ქულა; პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო, და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან - 1 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა. აღნიშნულ ქულათა რაოდენობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და ლ. ხ-ეის ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების პროცესში სამინისტრომ დაადგინა, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას. ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ლ. ხ-ეეს მინიჭებული 17 ქულიდან, განხილვა-გადაწყვეტილების მიღებისას არ დაჰკლებია არცერთი ქულა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14, და 15 ივლისის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ. ხ-ეის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმის გამო, რომ გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში არსებული უძრავი ქონებით. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის №2 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 4 აგვისტოს გამოსცა №03-3273/ო ბრძანება დანართში მოცემული პირების, მათ შორის მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახების, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის თაობაზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ არ არსებობს ლ. ხ-ეის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა შვილის საცხოვრებლით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება ლ. ხ-ეის შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოყენების სამომავლო პერსექტივების განსაზღვრის კუთხით. ის ფაქტი, რომ ლ. ხ-ეე შვილის საკუთრებაში 7 წლის მანძილზე ცხოვრობს, არ ქმნის ეკომიგრანტის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ 03.07.2021წ. მონიტორინგის ოქმზე, სადაც ცალსახადაა აღნიშნული რომ ოჯახი შედგება 9 სულისაგან, რომელთაგან ნაწილი მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ადგილი, ხოლო ნაწილი არა. ამასთან, 29.05.2021წ გადამოწმების ოქმშიც აღნიშნულია, რომ ლ. ხ-ე წაყვანილი ჰყავს მის ქალიშვილს საკუთარ ოჯახში, სადაც ცხოვრობს 3 ოჯახი, 10 სული. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება, რომ ლევანი ხიჯაკაძის ოჯახი მხოლოდ 4 სულისგან შედგება თავად ადმინისტრაციული ორგანოს წარმოების მასალებითაც არ დასტურდება. ამდენად, შესაბამის მტკიცებულებებზე მითითების გარეშე მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება ვერ იქნება გაზიარებული. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ ლ. ხ-ეეს დიდი ხანია მიტოვებული აქვს საკუთარი სახლი. კასატორის პრეტენზია ლ. ხ-ეის მიერ საკუთარი საცოხვრებლის დიდი ხნით მიტოვების თაობაზე დაუსაბუთებელია იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ეეს მამა წაყვანილი ჰყავს 7 წელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ მის სახელზე რეგისტრირებულ სახლში კონკრეტული თარიღიდან არცხოვრებასთან დაკავშირებით. კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოზე განაცხადა ლ. ხ-ეის ნათესავებთან ცხოვრების ფაქტის თაობაზე, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის მერის მიერ გაცემულ 08.09.2021წ. ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლ. ხ-ეე ცხოვრობს მარტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მისი სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც ცხოვრობს ნათესავებთან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ხარაგაულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ლ. ხ-ეის სახლიდან მისი ოჯახის განსახლების აუცილებლობა სახლის დაზიანების ხარისხის (I კატეგორია) გათვალისწინებით უდავო იყო, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი არ იყო მოსარჩელისთვის ადეკვატური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკისა და იქ მაცხოვრებელ ოჯახის

წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ლ. ხ-ეეს, როგორც ეკომიგრანტს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების კანონით გარანტირებული უფლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია კასატორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა