Facebook Twitter

საქმე №ბს-1318(კ-22) 16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 18 მაისს ი. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სამ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობს დევნილთა ჩასახლებაში, მეუღლის ბებიის ბინაში. მეუღლის ბებიას სურს ცალკე ცხოვრება და მუდმივად შეახსენებს ცალკე გადასვლის თაობაზე. მოსარჩელისთვის და მისი შვილებისთვის რთულია მუდმივად სხვის სახლში ცხოვრება, შეზღუდულნი არიან და თავს ვერ გრძნობენ თავისუფლად. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის N03-2412/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით. მოსარჩელემ მოითხოვა ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით განსახილველ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ - დ. ღ-ე, ნ. ღ-ე, ა. ღ-ე და გ. ღ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2412/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე - გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... კოტეჯში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა გარემოება, რაც გავლენას მოახდენდა ი. ხ-ის და მისი ოჯახისათვის მინიჭებულ ქულებზე (საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი – 2.00 ქულა, საბოლოო ქულა - 3.50 ქულა). საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით ი. ხ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მითითებულ ეტაპზე მოსარჩელისა და მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო კომისია. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ი. ხ-ის ოჯახი ცხოვრობს მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის საკუთრებაში. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელის მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია შეფასების კრიტერიუმში ასახულ ინფორმაციასთან. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მოსარჩელის მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია შეფასების კრიტერიუმში ასახულ ინფორმაციასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ მოსარჩელე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ი. ხ-ის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს (შეუფერხებლად სარგებლობს) სახელმწიფოს მიერ მოსარჩელის მეუღლის ბებია - ბაბუისთვის გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, ბაბუა გარდაცვლილია. ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე ერთ ოჯახს წარმოადგენს, სადავო არ გამხდარა. მოსარჩელემ 2020 წლის 12 აგვისტოს განხორციელებული მონიტორინგის დროს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს დაუდასტურა ის ფაქტი, რომ მისი ოჯახი 2008 წლიდან ცხოვრობს გ. ღ-ის ბაბუის მიერ დაკანონებულ ფართში. ამასთან, მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეული იქნა ზედმიწევნით სწორად და სრულყოფილად. ამდენად, ვინაიდან, საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეს სწორედ გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე. დევნილთა გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1, 53-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2412/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

დადგენილია, რომ ი. ხ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს ი. ხ-ის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. ი. ხ-მა განაცხადში მასთან ერთად მიუთითა შვილები. განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით ი. ხ-ს და მის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ქულები: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი – 2.00 ქულა, საბოლოო ქულა - 3.50 ქულა

2020 წლის 14 იანვარს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... კოტეჯში. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს მისამართზე დახვდათ მოსარჩელე შვილებთან, მეუღლესთან - გ. ღ-ესთან და მეუღლის ბებიასთან - მ. ღ-ესთან ერთად. მონიტორინგის ფორმის თანახმად, მოსარჩელემ განაცხადა, რომ მეუღლესთან ქორწინებაში იმყოფება 2008 წლიდან, ოჯახი 2008 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობდა იმ ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გ. ღ-ის ბებია-ბაბუას გადასცა. ბინა რეგისტრირებული იყო ი. ხ-ის მეუღლის ბაბუის სახელზე, ბაბუა ამჟამად გარდაცვლილია. 2020 წლის 12 აგვისტოს, ამავე მისამართზე განხორციელდა განმეორებითი მონიტორინგი რა დროსაც მოსარჩელემ მონიტორინგის თანამშრომლებს მიაწოდა იგივე ინფორმაცია, რაც წინა მონიტორინგის დროს.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №52 საოქმო გადაწყვეტილებით, ი. ხ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2412/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №52), ი. ხ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, აღნიშნულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. მოპასუხე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არსებობას გამორიცხავს იმ ფაქტით, რომ ი. ხ-ის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს და შეუფერხებლად სარგებლობს მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის საკუთრებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე დაადგინა ი. ხ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობა, რადგან დევნილ პირს შეეძლო ესარგებლა მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის საკუთრებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად ცნეს ბათილად სადავო აქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელის მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელ ბინაში ცხოვრება წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია შეფასების კრიტერიუმში ასახულ ინფორმაციასთან. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსახილველი საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი კი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მონიტორინგის 14.01.2020 წ. ოქმზე და თავად ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარზე, საიდანაც ირკვევა, რომ ი. ხ-ის ოჯახი ცხოვრობს მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის სახლში, გ. ღ-ის ბებიასთან ერთად. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ი. ხ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინა მდებარე: გორი, ...ი კოტეჯი №..., სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა გ. ღ-ის ბებია-ბაბუას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით ქირის გარეშე სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საგულისხმოა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 3,5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ქირის გარეშე ნათესავის/ახლობლის ბინაში ცხოვრებას. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. ხ-ისთვის (განცხადებით გათვალისწინებული პირებისთვის) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. კასატორის მითითება, რომ მოსარჩელეს მისი მეუღლის გარდაცვლილი ბაბუის საკუთრებაში არსებული ბინით შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ გ. ღ-ის ბებიას აღარ სურს მოსარჩელის ოჯახთან ერთად ცხოვრება. საგულისხმოა, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში თავად აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი კოტეჯი სახელმწიფოსგან გადაეცა არამხოლოდ გ. ღ-ის ბაბუას, არამედ ბებიასაც. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ი. ხ-ზე ან საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ პირებზე უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. ხ-თან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილებს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ხელახალი წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევა და სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა