Facebook Twitter

საქმე #ბს-2(კ-23) 16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 24 თებერვალს ნ. ქ-ამ, ნა. ქ-ამ, ი. ქ-ამ და მ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 1993 წლიდან ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა ფართებში და მთელი ამ ხსნის განმავლობაში, რეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა ოჯახებად, სხვადასხვა ნომრებით, კერძოდ: 1. ნ. ქ-ა - ... ნომრით, 2. ნა. ქ-ა - ... ნომრით, ხოლო 3. ი. ქ-ა და მ. ა-იი კი - ... ნომრით. ისინი წარმოადგენენ სრულიად დამოუკიდებელ სამ ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში, ნათესავობის გარდა, საერთო არაფერი აკავშირებთ.

მოსარჩელეთა მითითებით, ისინი ცალკე არიან რეგისტრირებული კომუნალური გადასახადების გადამხდელებად და განცალკევებით აქვთ მინიჭებული აბონენტის ნომრები, რისი დამადასტურებელი ქვითრებიც თან ერთვის სარჩელს. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა სრულიად უკანონოდ, მოტყუებითა და იძულებით, მათ ხელი მოაწერინა ე.წ. თანხმობის დოკუმენტსა და #259 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის საფუძველზეც, ზემოხსენებული სამი დამოუკიდებელი ოჯახი მიიღებდა მხოლოდ ერთ საცხოვრებელ ოროთახიან ბინას.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 25 დეკემბერს მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვეს მათი საკითხის შესწავლა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნა და ისინი, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახი, ცალ-ცალკე დაკმაყოფილდებოდნენ საცხოვრებელი ფართებით. განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ სააგენტოს, რომელმაც მოსარჩელეთა მოსაზრებით, ზემოხსენებული ოჯახების საკითხის დამატებითი შესწავლის გარეშე, 2020 წლის 10 თებერვლის #03/2550 წერილით სრულიად უკანონოდ განაცხადა უარი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელეებმა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის #03/2550 აქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 სხდომის ოქმის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის სახელზე, 2019 წლის 19 ოქტომბერს გაკეთებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის #259 წერილობითი თანხმობის, 2019 წლის 19 ოქტომბრის #259 მიღება-ჩაბარების აქტისა და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის #03/9053 აქტის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეების ოჯახების მდგომარეობის შესწავლისა და მოსარჩელეების - როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის #03/2550 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 19 ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა #259; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 19 ოქტომბრის #259 მიღება-ჩაბარების აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის #03/9053 აქტი; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელეების - ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-იის, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა საოჯახო ნომრით რეგისტრირებული დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება ხდება ინდივიდუალურად. მოცემულ შემთხვევაში, გარდა ოჯახის სარეგისტრაციო ნომრისა, უდავო იყო, რომ მოსარჩელეები ეწეოდნენ ინდივიდუალურ საოჯახო მეურნეობას, რასაც ცხადყოფდა ცალ-ცალკე აბონენტებად მათი რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების დამოუკიდებლად გადახდა.

სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მხოლოდ 2019 წლის 7 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმა ვერ ადასტურებდა მოსარჩელეთა ერთ ოჯახად თანაცხოვრების ფაქტს, რამდენადაც სწორედ აღნიშნული ფორმიდან დგინდება, რომ ოთხი დევნილი პირიდან სამს ჰქონდა განსხვავებული სარეგისტრაციო ნომერი და ამასთან, მათ მიერ დაკავებული ოთახების რაოდენობა შეადგენს ოთხს, ფართით დაახლოებით 120 კვ.მ ოდენობით. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ოჯახებს და ცხოვრობდნენ ერთმანეთისგან იზოლირებულ ცალ-ცალკე ოთახებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ საკმარისი საფუძველი, როგორც სამ დამოუკიდებელ ოჯახს, მოეთხოვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებულ აქტებს საკითხის ხელახლა განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რამეთუ განმცხადებლები არ ეთანხმებოდნენ მათთვის, როგორც ერთი ოჯახისთვის ოროთახიანი ფართის გამოყოფას. ამასთან, პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ არც ერთ საოქმო გადაწყვეტილებას (#39 და #19) არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი (ბრძანების გამოცემა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართის ფაქტობრივად გადაცემა და სხვ.). შესაბამისად, მოსარჩელეთა ოჯახები კვლავ იდგნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა განხილვის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, მოსარჩელეებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განხორციელდა წინასწარ შეთანხმებული პირობებით საცხოვრებელი ბინის გადაცემა კონკრეტულ მისამართზე, შეცვლილი პირობების გათვალისწინებით, მოსარჩელეები აღარ იყვნენ ვალდებული, უპირობოდ დათანხმებოდნენ ერთი ოროთახიანი ბინის მიღებას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულყოფილად შეესწავლა და გამოეკვლია მოსარჩელეების მიერ არაერთ განცხადებაში მითითებული გარემოებები და ამის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი წარმოადგენს განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

კასატორი მიიჩნევს, რომ კანონის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია არა ერთი სარეგისტრაციო ნომრის არსებობა, არამედ ნათესაური ან თუნდაც არანათესაური კავშირის მქონე პირების მუდმივად ერთად ცხოვრება და შინასამეურნეო საქმიანობის ერთად განხორციელების ფაქტის არსებობა. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის განხორციელებისას და აღწერის ფორმის შევსებისას ადგილზე იმყოფებოდა ოჯახის სამი სრულწლოვანი წევრი - ნ. ქ-ა, ნა. ქ-ა და მ. ა-იი. არც ერთ მათგანს მონიტორინგის თანამშრომლებისათვის არ განუცხადებია, რომ ისინი ცალკე ოჯახებად თვლიდნენ თავს და ითხოვდნენ ცალ-ცალკე დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება აუცილებლად იქნებოდა მითითებული აღწერის ფორმაში. მეტიც, ნ. ქ-ამ თავი ოჯახის უფროსად წარადგინა და ხელი მოაწერა მონიტორინგის მიერ შევსებულ ფორმას, რომელშიც დეტალურადაა მოცემული ოჯახის წევრებისა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულით მან დაადასტურა ინფორმაციის სისწორე და ნამდვილობა.

კასატორი, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს მხარეთა მითითებას მათ მიმართ იძულების განხორციელების ან მათი მოტყუების თაობაზე. კასატორის მითითებით, თანხმობის წერილსა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დროს მხარეთათვის ცნობილი იყო მათი ერთ ოჯახად დაკმაყოფილების საკითხი და გადასაცემი საცხოვრებელი ფართის ოთახების ოდენობა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეთა მიმართ რაიმე სახის იძულებას ჰქონდა ადგილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის #03/2550 აქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 სხდომის ოქმის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის სახელზე 2019 წლის 19 ოქტომბერს გაკეთებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის #259 წერილობითი თანხმობის, 2019 წლის 19 ოქტომბრის #259 მიღება-ჩაბარების აქტისა და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის #03/9053 აქტის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეების ოჯახების მდგომარეობის შესწავლისა და მოსარჩელეების - როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივსაცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდ ში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში.

ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ნ. ქ-ა, ნა. ქ-ა, ი. ქ-ა და მ. ა-იი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათი რეგისტრაციის ადგილია ქალაქი თბილისი, სამგორი, ...ის დასახლება, ...ის #2 გარაჟი, რომელიც წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და განიხილება როგორც ნგრევადი ობიექტი. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ობიექტიდან განხორციელდა ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსახლება და მათი უზრუნველყოფა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 საოქმო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მოსარჩელეთა ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რის შედეგადაც მათ 2019 წლის 19 ოქტომბერს #259 აქტით გამოხატეს თანხმობა საცხოვრებელი ფართის - ქ. თბილისში, დიდ დიღომში, ...ის ქ. #...-ში არსებულ კორპუსში მდებარე #73 ბინის მიღების თაობაზე. ამდენად, მხარეთა შორის ამავე დღეს გაფორმდა ხსენებული უძრავი ნივთის მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა ფაქტობრივად ბინის გადაცემა არ მომხდარა. უფრო მეტიც, უდავოა, რომ სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „ჯ...თან“ 2018 წლის 12 მარტს დადებული ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, ავტოტექმომსახურების გვერდით მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლ(ებ)ში, სულ 35 ბინის - საცხოვრებელი ფართის, მათ შორის, მოსარჩელეთათვის გადასაცემი ფართის, შესყიდვა. შესაბამისად, უდავოა, რომ „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 საოქმო გადაწყვეტილებას, მის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტსა და მოსარჩელეთა თანხმობას არ მოჰყოლია არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში, ასევე, დადგენილია, რომ ნ. ქ-ამ, ნა. ქ-ამ, ი. ქ-ამ და მ. ა-იმა არაერთხელ მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თითოეული მათგანის ბინით დაკმაყოფილების საკითხის დამოუკიდებლად განხილვისა და სამი ერთოთახიანი ბინის გადაცემის მოთხოვნით. კერძოდ, განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ 1993 წლიდან ცხოვრობდნენ ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, ...ის მე-2 გარაჟში მდებარე სხვადასხვა ფართებში და რეგისტრირებული იყვნენ სხვადასხვა ოჯახებად შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრებით: ნ. ქ-ა - ... ნომრად; ნა. ქ-ა - ... ნომრად, ხოლო ი. ქ-ა და მ. ა-იი - ... ნომრად. ამასთან, მათ ჰქონდათ ინდივიდუალური გამრიცხველიანება და კომუნალურ გადასახადებს იხდიდნენ ცალ-ცალკე. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2015 წლის 10 მარტს თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად ჰქონდა შევსებული აპლიკაცია და სამინისტროს მიერ თითოეული ოჯახი ინდივიდუალურად იქნა შესწავლილი. ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის #19 სხდომის ოქმით, ნ. ქ-ას ოჯახს თანხმობა კვლავ ერთი 2-ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა.

საქმეში წარმოდგენილი განცხადებებიდან ირკვევა, რომ ნ. ქ-ა, ნა. ქ-ა, ი. ქ-ა და მ. ა-იი არ არიან თანახმანი ერთობლივად ოროთახიანი ბინის მიღებაზე, თუმცა სადავო აქტებით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის #03/2550 და 2021 წლის 3 ივნისის #03/9053 წერილებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათი საკითხის ხელახლა განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დაკმაყოფილებული იყვნენ 2-ოთახიანი ბინით ერთ ოჯახად.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სხვადასხვა საოჯახო ნომრით რეგისტრირებული დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება ხდება ინდივიდუალურად. მოცემულ შემთხვევაში, გარდა ოჯახის სარეგისტრაციო ნომრისა, უდავოა, რომ მოსარჩელეები ეწევიან ინდივიდუალურ საოჯახო მეურნეობას, რასაც ცხადყოფს ცალ-ცალკე აბონენტებად მათი რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების დამოუკიდებლად გადახდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მხოლოდ 2019 წლის 7 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმა ვერ ადასტურებს მოსარჩელეთა ერთ ოჯახად თანაცხოვრების ფაქტს, რამდენადაც სწორედ აღნიშნული ფორმიდან დგინდება, რომ ოთხი დევნილი პირიდან სამს აქვს განსხვავებული სარეგისტრაციო ნომერი და ამასთან, მათ მიერ მოკავებული ოთახების რაოდენობა შეადგენს ოთხს, ფართით დაახლოებით 120 კვ.მ ოდენობით. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ოჯახებს და ცხოვრობენ ერთმანეთისგან იზოლირებულ ცალ-ცალკე ოთახებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ საკმარისი საფუძველი, როგორც სამ დამოუკიდებელ ოჯახს, მოეთხოვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ განმცხადებლები არ ეთანხმებოდნენ მათთვის, როგორც ერთი ოჯახისათვის, ერთი ოროთახიანი ფართის გამოყოფას. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ არც ერთ საოქმო გადაწყვეტილებას (#39 და #19) არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი (ბრძანების გამოცემა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართის ფაქტობრივად გადაცემა და სხვ.). შესაბამისად, მოსარჩელეთა ოჯახები კვლავ დგანან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა განხილვის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან მოსარჩელეებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდა წინასწარ შეთანხმებული პირობებით საცხოვრებელი ბინის გადაცემა კონკრეტულ მისამართზე, შეცვლილი პირობების გათვალისწინებით, მოსარჩელეები აღარ იყვნენ ვალდებული, უპირობოდ დათანხმებოდნენ ერთი ოროთახიანი ბინის მიღებას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულყოფილად შეესწავლა და გამოეკვლია მოსარჩელეების მიერ არაერთ განცხადებაში მითითებული გარემოებები და ამის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა