საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-141(კ-22) 28 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჭ-ა
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჭ-ამ 2017 წლის 27 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიმართ და ამავე საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის №5/ს, 2017 წლის 22 აგვისტოს №189/კ და 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მოპასუხისთვის მოსარჩელის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ...ის - ...ის თანამდებობაზე აღდგენის დავალება, 2017 წლის 1 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურისა და გადაუხდელი საბანკო კრედიტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მ. ჭ-ა 2014 წლის 4 იანვრიდან 2017 წლის 14 მარტამდე მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ად. ამავე პერიოდში იყო ექვსი უწყებათაშორისი კომისიის წევრი, მათ შორის, ... წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის შემმუშავებელ დროებით საუწყებათაშორისო კომისიას, ხოლო გათავისუფლებამდე იყო აპარატის მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების კომისიის თავმჯდომარე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2017 წლის 14 მარტს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა იურიდიული დეპარტამენტი და იგი დაინიშნა ახლადშექმნილი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ედ. ამასთან, იურიდიული დეპარტამენტის გაუქმებასთან ერთად შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომელშიც არ შეცვლილა საჯარო მოხელეთა რაოდენობა, თუმცა გაიზარდა მათი ხელფასი. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 30 ივნისს განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის შესაბამისადაც, გაუქმდა ახლადშექმნილი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და აღდგა რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურა იურიდიული დეპარტამენტის გარეშე. ამასთან, 2017 წლის 22 აგვისტოს კვლავ განხორციელდა რეორგანიზაცია და იმავე წლის 27 ოქტომბერს მ. ჭ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, ყველა ზემოთ აღნიშნული ქმედება ემსახურებოდა მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკური ნიშნით დევნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დ. რ-ის 2017 წლის 14 თებერვლის №5/ს ბრძანებით, პრეზიდენტის დავალებების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისთვის დასახული ამოცანების და გეგმების ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისათვის 2017 წლის 14 თებერვლიდან გამოცხადდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია, შესაძლო საშტატო განრიგისა და პოზიციების ცვლილების, შტატების შემცირების თანხლებით. დასახელებული ბრძანება მ. ჭ-ასათვის ცნობილი გახდა 2017 წლის 14 თებერვალს.
- საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 14 მარტის №59 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 14 მარტის №14/03/01 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების დეპარტამენტი, დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (5 საშტატო ერთეულით), ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი, ზ) საორგანიზაციო განყოფილება.
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...მა, მ. ჭ-ამ 2017 წლის 14 მარტს განცხადებით მიმართა ამავე საბჭოს მდივანს და მოითხოვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 მარტის №63/კ ბრძანებით, მ. ჭ-ა დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 2750 ლარის ოდენობით. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 30 ივნისის №23/ს ბრძანებით კი მ. ჭ-ას მიენიჭა ...ის საკლასო ჩინი.
- ასევე დადგენილია, რომ კვლავ ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, კერძოდ, აპარატი ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტი (5 საშტატო ერთეულით), ე) საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტი, ვ) საორგანიზაციო განყოფილება.
- საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნულ უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ა. ბ-ეის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/ს ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები.
- საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დ. რ-ის 2017 წლის 22 აგვისტოს №189/კ ბრძანებით, პრეზიდენტის დავალებების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისთვის დასახული ამოცანების და გეგმების ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისათვის, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 22 აგვისტოდან გამოცხადდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. აღნიშნულ ბრძანებას 2017 წლის 22 აგვისტოს პირადად გაეცნო მ. ჭ-ა.
- დადგენილია, რომ ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), ე) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი, ვ) საორგანიზაციო განყოფილება. აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2017 წლის 4 სექტემბრიდან.
- საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 25 სექტემბერს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატის გასათავისუფლებელ თანამშრომელთა, მათ შორის, მ. ჭ-ას მონაცემები (CV), დანართის სახით და ასევე, მათი სამუშაო აღწერილობები.
- დადგენილია, რომ ცვლილება შევიდა კვლავ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, კერძოდ, აპარატი ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (4 საშტატო ერთეულით), დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტი (5 საშტატო ერთეულით), ე) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი, ვ) საორგანიზაციო განყოფილება. აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის 23 ოქტომბრის №7/536 წერილით დგინდება, რომ საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მობილობის განხორციელების მიზნით, დაიგზავნა მიმართვები შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულებებში. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, საქართველოს გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. აღნიშნული უწყებებიდან შემოსული პასუხების შესაბამისად, შეუძლებელი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელ თანამშრომელთა მობილობა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-13 მუხლის თანახმად, აღნიშნული მოხელეები, სურვილის გათვალისწინებით, ჩაირიცხებიან მოხელეთა რეზერვში და მიეცემათ კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
- საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დ. რ-ის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №26/10/01 განკარგულების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 22 აგვისტოს №189/კ ბრძანებისა და პირადი განცხადების საფუძველზე, მ. ჭ-ა გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის - ...ის თანამდებობიდან, 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
- „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხისა და აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს N08/08/01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №26/10/01 განკარგულების შესაბამისად, ადმინისტრაციული დეპარტამენტი შედგებოდა 4 საშტატო ერთეულისაგან, კერძოდ, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის დირექტორი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მთავარი მრჩეველი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - უფროსი მრჩეველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მრჩეველი. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დ. რ-ის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანება გაეგზავნა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს.
- ასევე დადგენილია, რომ მ. ჭ-ა 2017 წლის 9 მარტის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 4125 ლარს, ხოლო 2017 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის - ...ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებოდა თვეში 2700 ლარის ოდენობით.
- დადგენილია, რომ მ. ჭ-ას მოთხოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების შესახებ რეკომენდებული იყო თანხმობის დამტკიცებისათვის. ასევე დადგენილია, რომ იგი მიჩნეულ იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №8).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ იმსჯელა, გამომდინარეობდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამასთან, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და მოთხოვნებზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე“ და განმარტა, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“, ხოლო იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში, იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრონ თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იყო წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მ. ჭ-ას აპელირება, არსებული ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკური ნიშნით მის მიმართ დისკრიმინაციას არსებობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერებას, საქალაქო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სტრუქტურულ ერთეულში იმ თანამდებობის გაუქმებას, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის თანამდებობა გაუქმდა და ამ ერთეულმა ფუნქციონირება გააგრძელა ხსენებული თანამდებობის გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოაცხადა რა რეორგანიზაცია, რაც გამოიხატა კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმებაში, მან იმოქმედა კანონის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულის შესახებ აცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრობ ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის 23 ოქტომბრის №7/536 წერილზე, რომლის თანახმადაც, მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად, შეუძლებელი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელ თანამშრომელთა მობილობა. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკრეტულ თანამშრომელთა, მათ შორის, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე, მათი სურვილის გათვალისწინებით მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის მიცემის თაობაზე. აღნიშნული გარემოება დაადასტურა თავად მოსარჩელე მხარემაც. შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო მ. ჭ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს პირის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, ასევე უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენებით და დასტურდებოდეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სახეზე არ იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის (გადაუხდელი საბანკო კრედიტით მიყენებული ზიანი) ანაზღაურების დაკისრება, უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება მ. ჭ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის №5/ს, 22 აგვისტოს №189/კ და 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის (იძულებითი განაცდურის) - 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით, მოცემულ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და არა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამონაცვლის დადგენაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავრობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ას სარჩელი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჭ-ას სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანება; საქართველოს მთავრობას მ. ჭ-ას სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს - 2700 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის მსგავსად უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იყო წარმოდგენილი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელი იყო აპელანტის მოთხოვნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის №5/ს და 22 აგვისტოს №189/კ ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორივე რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის გასაჩივრებული №5/ს და 22 აგვისტოს №189/კ ბრძანებები კანონიერი იყო და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობდა ამ მიმართებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მითითებული სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №26/10/01 განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარმოდგენილი იქნა 4 საშტატო ერთეულით: 1) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის დირექტორი, 2) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მთავარი მრჩეველი, 3) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - უფროსი მრჩეველი და 4) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მრჩეველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ერთი მხრივ, დადგენილი იქნა რეორგანიზაციის შემდეგ შტატების შემცირება, მაგრამ, მეორე მხრივ, იმავე სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არსებული ვაკანტური საშტატო ერთეულების პირობებში, რატომ არ მოხდა მოსარჩელისთვის, როგორც ...ისთვის (საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 30 ივნისის №23/ს ბრძანებით მ. ჭ-ას მიენიჭა ...ის საკლასო ჩინი) ზემოთ მითითებული ვაკანსიების შეთავაზება და მისი თანხმობის შემთხვევაში, რატომ იყო შეუძლებელი მ. ჭ-ას დასაქმება ზემოთ მითითებულ თანამდებობაზე, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება მისი კვალიფიციურობა და მითითებულ ვაკანსიებთან შესაბამისობა. ამიტომ სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და უნდა გაუქმებულიყო იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ას სარჩელი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პერიოდის განსაზღვრის მიზნით კი, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ 2018 წლის 31 ოქტომბრის ორგანული კანონის პირველ მუხლზე, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი. იმავე კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედებულიყო საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ე.ი. 2018 წლის 16 დეკემბერს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, საქართველოს მთავრობას, როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, თვეში 2700 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ჭ-ას საკლასო ჩინზე მიუთითა იმგვარად, თითქოს აღნიშნული გარემოება რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდეს მას ადმინისტრაციული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საკლასო ჩინის მქონე და არმქონე მოხელეთა მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს თანაბარი დაცვის გარანტიებსა და მობილობის ერთიან წესს. ამასთანავე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მ. ჭ-ასთან ერთად ...ის წოდება მინიჭებული ჰქონდა მისივე დეპარტამენტის კიდევ სამ თანამშრომელს. რაც შეეხება თავისუფალ საშტატო ერთეულებს, კასატორი აღნიშნავს, რომ არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით და არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დასტურდება, რომ საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულები რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის დასრულების შემდეგაც იყო ვაკანტური.
კასატორი ასევე მიუთითებს „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას - სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას - სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მოხელის კომპეტენციის გათვალისწინებით. დასახელებული მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმა არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს შიდა მობილობა გულისხმობს დაწესებულების შიგნით პირთა მობილობას იმ შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, რომლებზეც დასაქმებული არიან ადამიანები. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ მობილობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს ამომწურავად ჰქონდა გამოკვლეული საქმის გარემოებები და ამ ნაწილში არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გაუქმების საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მ. ჭ-ას საშტატო ერთეული გაუქმების წინაპირობა, რასაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის შესაბამისადაც, ამ შტატის არსებობის საჭიროება ვერ იქნა დანახული. აღნიშნულ გარემოებასთან ერთად სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ვითარებაც, რომ საბჭოში ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში სხვა ტოლფასი შტატი არ გაუქმებულა და არც ახალი შექმნილა, ასევე რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილი 4 შტატისთვის არ შეცვლილა ფუნქციური დატვირთვა და ქვემდებარეობა.
დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანება გამოიცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების ზეპირი მოსმენის გარეშე შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ჭ-ას სარჩელი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს - 2700 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. ჭ-ას მიერ არ გასაჩივრებულა, ხოლო იგი სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის №5/ს და იმავე წლის 22 აგვისტოს №189/კ ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენის პირობებში, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ სადავო ბრძანების კანონიერებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის - დ. რ-ის 2017 წლის 14 თებერვლის №5/ს ბრძანებით, პრეზიდენტის დავალებების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისთვის დასახული ამოცანების და გეგმების ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისათვის 2017 წლის 14 თებერვლიდან გამოცხადდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია, შესაძლო საშტატო განრიგისა და პოზიციების ცვლილების, შტატების შემცირების თანხლებით. დასახელებული ბრძანება მ. ჭ-ასათვის ცნობილი გახდა 2017 წლის 14 თებერვალს.
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 14 მარტის №59 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 14 მარტის №14/03/01 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების დეპარტამენტი, დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (5 საშტატო ერთეულით), ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი, ზ) საორგანიზაციო განყოფილება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...მა, მ. ჭ-ამ 2017 წლის 14 მარტს განცხადებით მიმართა ამავე საბჭოს მდივანს და მოითხოვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 მარტის №63/კ ბრძანებით მ. ჭ-ა დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 2750 ლარის ოდენობით. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 30 ივნისის №23/ს ბრძანებით კი მ. ჭ-ას მიენიჭა ...ის საკლასო ჩინი.
ასევე დადგენილია, რომ კვლავ ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, კერძოდ, აპარატი ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტი (5 საშტატო ერთეულით), ე) საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტი, ვ) საორგანიზაციო განყოფილება.
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ა. ბ-ეის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/ს ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები.
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დ. რ-ის 2017 წლის 22 აგვისტოს №189/კ ბრძანებით, პრეზიდენტის დავალებების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისთვის დასახული ამოცანების და გეგმების ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისათვის, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 22 აგვისტოდან გამოცხადდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. აღნიშნულ ბრძანებას 2017 წლის 22 აგვისტოს პირადად გაეცნო მ. ჭ-ა.
დადგენილია, რომ ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტი (6 საშტატო ერთეულით), ე) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი, ვ) საორგანიზაციო განყოფილება. აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2017 წლის 4 სექტემბრიდან.
2017 წლის 25 სექტემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატის გასათავისუფლებელ თანამშრომელთა, მათ შორის, მ. ჭ-ას მონაცემები (CV), ასევე, მათი სამუშაო აღწერილობები.
დადგენილია, რომ ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 აგვისტოს №08/08/01 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში, კერძოდ, აპარატი ჩამოყალიბდა შემდეგი დეპარტამენტებით: ა) უშიშროების და ანალიტიკის დეპარტამენტი, ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი, გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (4 საშტატო ერთეულით), დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტი (5 საშტატო ერთეულით), ე) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი, ვ) საორგანიზაციო განყოფილება. აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის 23 ოქტომბრის №7/536 წერილით დასტურდება, რომ საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მობილობის განხორციელების მიზნით, დაიგზავნა მიმართვები შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულებებში. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, საქართველოს გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. აღნიშნული უწყებებიდან შემოსული პასუხების შესაბამისად, შეუძლებელი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელ თანამშრომელთა მობილობა. აქედან გამომდინარე, მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-13 მუხლის თანახმად, განისაზღვრა, რომ აღნიშნული მოხელეების სურვილის გათვალისწინებით,ისინი ჩაირიცხებიან მოხელეთა რეზერვში და მიეცემათ კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 105-ე მუხლის პირველი პუნქტის, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ №199 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მ. ჭ-ა გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის - ...ის თანამდებობიდან 2017 წლის 1 ნოემბრიდან. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მ. ჭ-ას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა და მისთვის 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის მიცემა. ბრძანების საფუძვლად მიეთითა საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №26/10/01 განკარგულება, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 22 აგვისტოს №189/კ ბრძანება და პირადი განცხადება. ამასთან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის 30 ოქტომბრის №7/547 წერილის მიხედვით, დასტურდება, რომ საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 22 აგვისტოს №189/კ ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ე - ...ე მ. ჭ-ა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და აუნაზღაურდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია სამი თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საკასაციო სასამართლო, სადავო აქტის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-1102-1096(კ-17)).
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკადრო საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობაა საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიური ფუნქციონირებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობის არსებობის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულების შესაბამისად წარიმართება, თავად ადმინისტრაციული ორგანოა ექსკლუზიურად კომპეტენტური განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი შტატის დამატება-გაუქმება ან რომელ შტატთა გაერთიანება უწყობს ხელს საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის შესაბამისად განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული მ. ჭ-ას მიმართ მობილობის ფარგლებში სხვა ვაკანსიებზე დასაქმების შესაძლებლობა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №26/10/01 განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარმოდგენილი იქნა 4 საშტატო ერთეულით; კერძოდ, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის დირექტორი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მთავარი მრჩეველი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - უფროსი მრჩეველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მრჩეველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ერთი მხრივ, დადასტურდა რეორგანიზაციის შემდეგ შტატების შემცირება, თუმცა, მეორე მხრივ, იმავე სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არსებული ვაკანტური საშტატო ერთეულების პირობებში, რატომ არ მოხდა მოსარჩელისთვის, როგორც ...ისთვის (საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნულ უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 30 ივნისის №23/ს ბრძანებით მ. ჭ-ას მიენიჭა ...ის საკლასო ჩინი ტ.1.ს.ფ. 37-38) ზემოთ მითითებული ვაკანსიების შეთავაზება და მისი თანხმობის შემთხვევაში, რატომ იყო შეუძლებელი მ. ჭ-ას დასაქმება ზემოთ მითითებულ თანამდებობაზე, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება მისი კვალიფიციურობა და მითითებულ ვაკანსიებთან შესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ არც საქმის მასალების მიხედვით დასტურდება და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ არის დადგენილი, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულები რეორგანიზაციამდე ან რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ იყო ვაკანტური. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტი, როგორც მთლიანად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში, ასევე მის ადმინისტრაციულ დეპარტამენტშიც, რის გამოც მ. ჭ-ას მიმართ განხორციელდა გარე მობილობა. ამასთან, ცალსახად დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად, არ შექმნილა ახალი დეპარტამენტის ...ის ტოლფასი ან მასზე უფრო დაბალი რანგის შტატი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. დასახელებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად კი, მობილობა გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელის მისი თანხმობით გადაყვანას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105.1 მუხლიც მოხელის რეზერვში ჩარიცხვას იმ შემთხვევაში ადგენს, როდესაც მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა.
აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესები განმტკიცებულია ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ შესაბამისად, რომელმაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. დასახელებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებას ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას. ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ დახვეწისა და არსებული ბუნდოვანებების აღმოფხვრის მიზნით, მობილობის პროცედურების განსაზღვრულობისა და სიცხადის თვალსაზრისით, მობილობის წესში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №315 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დაზუსტდა და ნათლად განისაზღვრა რიგი საკითხები. მობილობის წესში განხორციელებული ცვლილებებიდან კი აღსანიშნავია მე-12 მუხლის ახლად ჩამოყალიბებული რედაქცია, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას - სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო აღნიშნული წესის მე-13 მუხლი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას კვლავ მობილობის შეუძლებლობას უკავშირებს.
„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მითითებულმა ცვლილებებმა „ცხადყო კანონმდებლის ნება მობილობის წესის განხორციელების პროცესში, დააზუსტა და ხაზი გაუსვა მობილობის მიზნებსა და არსს. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებამდე, ასევე ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციით ცალსახაა მობილობის უმთავრესი პრინციპი - გასათავისუფლებელი მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, დასახელებული „წესით“ განსაზღვრული მობილობის პროცედურის სათანადო განხორციელება და მოხელის რეზერვში ჩარიცხვა მხოლოდ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამდენად, მობილობის მიზნებისა და არსის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, თავდაპირველად ხდება მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით დადგენილი წესით მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება მოხელის რეზერვში ჩარიცხვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე №ბს-103(2კ-22)).
მსგავსი პოზიციაა მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში , რომელშიც განმარტებულია, რომ „საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მოსარჩელის - ნ. ნ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული კონკრეტული შტატის შემცირება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალდებულებს ყველა საჯარო მოხელიდან საუკეთესოს შერჩევის პრინციპის საფუძველზე განახორციელოს დარჩენილ შტატებზე საუკეთესო კანდიდატების დასაქმება. აღნიშნული მნიშვნელოვნად გაართულებდა და შეაფერხებდა საჯარო სამსახურში საკადრო ოპტიმიზაციის პროცესს. მეორე მხრივ, ასეთ დროს გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს რომელიმე მოხელის არაკომპეტენტურობა ან არაკვალიფიციურობა. რეორგანიზაციის შედეგად მოხელის გათავისუფლების საფუძველია იმ თანამდებობის გაუქმების შედეგად დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა, რომელზეც მოხელე დასაქმებული იყო რეორგანიზაციის განხორციელებამდე. რეორგანიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით, განსხვავებით, მაგალითად, თანამდებობაზე მოხელის დასაქმებისაგან, რომელიც სწორედ ხსენებული პრინციპის დაცვით წარიმართება. რეორგანიზაცია შედეგად არ იწვევს შენარჩუნებულ შტატებზე დასაქმებული პირების გათავისუფლებას, თუნდაც აღნიშნული პირები რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ მოხელეზე არაკვალიფიციურები იყვნენ, რამდენადაც არ არსებობს მათი გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლების დროს შენარჩუნებულ შტატებზე დასაქმებულ პირთა მხრიდან საქმიანობის გაგრძელება აბსოლუტურად კანონიერია, რამდენადაც რეორგანიზაციის პროცესი გავლენას არ ახდენს მათ შტატებზე და ამასთან, არ არსებობს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების რაიმე საფუძველი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-179(2კ-19)).
ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულში იმ თანამდებობის გაუქმებას, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის თანამდებობა გაუქმდა და ამ ერთეულმა ფუნქციონირება გააგრძელა დასახელებული თანამდებობის გარეშე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოაცხადა რა რეორგანიზაცია, რომელიც გამოიხატა კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმებაში, მან იმოქმედა კანონის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულის შესახებ აცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის 23 ოქტომბრის №7/536 წერილზე, რომლის თანახმადაც, მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად, შეუძლებელი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელ თანამშრომელთა მობილობა. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკრეტულ თანამშრომელთა, მათ შორის, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე, მათი სურვილის გათვალისწინებით მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის მიცემის თაობაზე. აღნიშნული გარემოება დაადასტურა თავად მოსარჩელემაც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო მოსარჩელის - მ. ჭ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში უდავოდ დადასტურებულია მისი თანამდებობის გაუქმება და ის გარემოება, რომ ამ პირობებში ახალი ტოლფასი თანამდებობა არ შექმნილა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის დაწყების წინაპირობები, პროცესი და შედეგები ცალსახად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა სხვა მუშაკი, რომლის გამოცდილებასთან ერთად შესწავლილი იქნებოდა მოსარჩელე მ. ჭ-ას გამოცდილება, მათ შორის უპირატესობის დადგენის მიზნით. რაც შეეხება რეორგანიზაციის შემდეგ ქვედა რგოლის შემცირებულ საშტატო ერთეულებს, საგულისხმოა, რომ მათზე სპეციალისტთა დანიშვნა განხორციელდა კანონის შესაბამისად (იმავე რგოლის თანამშრომელთა შედარების პირობებში) და ისინი იმ დროისთვის ვაკანტური არ იყო. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონის შესაბამისად, რეორგანიზაციის გამო. დადგენილი ფაქტი კი არ ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს პირის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას. მოცემულ პირობებში კი, როდესაც სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამატებით მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, თვეში 2700 ლარის ოდენობით მაშინ, როცა საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №26/10/01 განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარმოდგენილი იქნა 4 საშტატო ერთეულით; კერძოდ, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის დირექტორი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მთავარი მრჩეველი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - უფროსი მრჩეველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მრჩეველი. ამდენად, სააპელაციო პალატამ იძლებითი განცდურის სახით მოსარჩელეს აუნაზღაურა იმ თანამდებობისთვის განსაზღვრული სარგო, რომელიც 2017 წლის 1 ნოემბრამდე გაუქმდა და აღარ არსებობდა. ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, კონკრეტული მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება აშკარად უკანონოა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის №246/კ ბრძანება და საქართველოს მთავრობას მ. ჭ-ას სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს - 2700 ლარის ოდენობით და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გასაჩივრებულ ნაწილში მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე