Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-338(კ-22) 28 აპრილი, 2023 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - მ. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ხ-მა 2017 წლის 13 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ, მესამე პირის - მ. კ-ის მონაწილეობით. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №..., ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 აგვისტოს №... და „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №34ა-ში მდებარე №3 ბინაზე მ. კ-ისათვის მოსარგებლის უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმა.
სარჩელის თანახმად, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 1975 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა აწ გარდაცვლილი ც. კ-ას შესახლება მის მცირეწლოვან შვილთან - მ. კ-თან ერთად აწ გარდაცვლილი ყოფილი მეუღლისა და მამის - რ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა 1977 წელს, რაც დასტურდება მითითებული გადაწყვეტილებით და მიღება-ჩაბარების აქტით. აღსანიშნავია, რომ რ. კ-მა თავის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა და ამ ბინაზე მესაკუთრე არაერთხელ შეიცვალა, ხოლო 1981 წლის 6 აგვისტოდან დღემდე მისი მესაკუთრეა მოსარჩელე მ. ხ-ი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მ. კ-ი 1992 წლიდან აღარ იყო სადავო ბინის მოსარგებლე. იგი საცხოვრებლად წავიდა რუსეთის ფედერაციაში, გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. იგი დღემდე რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში ცხოვრობს მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცოლ-შვილთან ერთად ქალაქ ბათუმში ...ის ქ. №15-ში მდებარე ბინა №39-ში, სადაც ასევე რეგისტრირებულია. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია მ. კ-ის მიერ გაცემულ მინდობილობაში არსებული მონაცემებით, საჯარო რეესტრში მის მიერ წარდგენილი განცხადების მონაცემებითა და მხარეთა განმარტებებით. 2009 წლის 30 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სადავო ბინაზე რეგისტრაცია შეუწყდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, რაც ასევე დადასტურებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გაცემული ცნობით.
2017 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ის 2017 წლის 15 მაისის განცხადების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში დარეგისტრირდა მოსარგებლის უფლებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით კი, მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციაზე, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის წარმომადგენლის შუამდგომლობა; მ. ხ-ის სარჩელზე, სსიპ საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტო აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით მ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 1975 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ აწ გარდაცვლილი ც. კ-ა მცირეწლოვან შვილთან - მ. კ-თან ერთად უნდა შესახლებულიყო აწ გარდაცვლილი მამის - რ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა 1977 წელს და მოპასუხე დედასთან ერთად შესახლდა სადავო ბინაში, რაც დასტურდება მითითებული გადაწყვეტილებით და მიღება-ჩაბარების აქტით. აღსანიშნავია, რომ რ. კ-მა თავის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა და ამ ბინაზე მესაკუთრე არაერთხელ შეიცვალა, ხოლო 1981 წლის 6 აგვისტოდან დღემდე მისი მესაკუთრეა მოსარჩელე მ. ხ-ი. საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ 1992 წლიდან მოპასუხე მ. კ-ი სადავო ბინის მოსარგებლე აღარ არის, იგი საცხოვრებლად წავიდა რუსეთის ფედერაციაში, გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. იგი ამჟამადაც რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში ...ის ქ. №15-ში მდებარე ბინა №39-ში ცხოვრობს მუდმივი ბინადრობის უფლებით ცოლ- შვილთან ერთად. მ. კ-ი რეგისტრირებულია ამავე მისამართზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება მის მიერ გაცემულ მინდობილობაში არსებული მონაცემებით, საჯარო რეესტრში მის მიერ წარდგენილი განცხადების მონაცემებით და მხარეთა განმარტებებით.
- 2009 წლის 30 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სადავო ბინაზე რეგისტრაცია შეუწყდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, რაც დასტურდება სერვისების განვითარების სააგენტოდან გაცემული ცნობით. დედის - ც. კ-ას გარდაცვალების შემდეგ მ. კ-მა განცხადებით არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონულ ოფისს და მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №34ა-ში, ...ის ქ. №10-ში მდებარე ბინა №3-ზე უფლებრივ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა მოითხოვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით მ. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იგი მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში დარეგისტრირებულ იქნა მოსარგებლედ. 2017 წლის 4 მაისს მ. კ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მისი უფლების რეგისტრაცია სადავო ფართზე, მდებარე ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №34ა ბინა №3, რაზედაც რეგიონული სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილებით გაუქმდა და საქმის ხელახლა განხილვა დაევალა რეგიონულ ოფისს, რაზედაც დღემდე რაიმე გადაწყვეტილება არ მიღებულა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმის შესახებ, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. საქალაქო სასამართლომ კვლავ მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ცისანა გიორგის ასულ კოტაევას შვილთან ერთად საცხოვრებლად გადაეცა 27 კვ.მ ფართობის №1 ოთახი, ხოლო დამატებითი სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში და მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სარგებლობის უფლება (ცხოვრების უფლება) მესაკუთრისათვის წარმოადგენდა ვალდებულებას - აღნიშნული ფართი გადაეცა სარგებლობაში მოსარგებლე პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1975 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უფლება წარმოადგენდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ვალდებულებას და ვინაიდან მისი შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო, ამასთან, დაინტერესებული მხარე ითხოვდა მის რეგისტრაციას, აღნიშნული უფლება ექვემდებარებოდა რეგისტრაციას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რაც საფუძვლად დაედო უძრავ ნივთზე მ. კ-ის სარგებლობის უფლების რეგისტრაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 აგვისტოს №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავდა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და მათი მიღების დროს არ იყო დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ასევე მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტზე, მე-80 მუხლის მე-4 ნაწილსა და 188-ე მუხლზე და განმარტა, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი, თუ ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ისეთ შემთხვევაში კი, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება მ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ სრულყოფილად იქნა შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცული იქნა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნები. ამდენად, სადავო აქტები არ შეიცავდა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, შესაბამისად, არ არსებობდა არც მათი ბათილად ცნობისა და არც ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხის დავალდებულების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება მ. ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მითითებით, მას სადავოდ არ გაუხდია სასამართლოს 1975 წლის გადაწყვეტილება, რომელიც 1977 წელს აღსრულდა და რომ 1992 წლამდე მ. კ-ი დედასთან - აწ გარდაცვლილ ც. კ-ასთან ერთად შესახლებული იქნა იმ დროისათვის მამისა და ყოფილი მეუღლის რ. კ-ის საკუთრებაში არსებული ბინის ერთ ოთახში, ცხოვრებისა და სარგებლობის უფლებით. სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ც. კ-ა 1992 წლიდან გარდაცვალებამდე - 2017 წლის 22 იანვრამდე, კანონიერად, მარტო აგრძელებდა სადავო ბინის ფართის ნაწილის ფლობას და სარგებლობას. სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ მ. კ-ი 1992 წლიდან ნებაყოფლობით, მუდმივად საცხოვრებლად და სამუშაოდ წავიდა სხვა ქვეყანაში, სადაც მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. დაახლოებით, 15 წელზე მეტხანს ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მცდელობაც არ ჰქონია სადავო ბინაში დაბრუნებისა. მან საცხოვრებლად აირჩია სხვა საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი ბათუმი, ...ის ქ. №15, ბინა №39), სადაც დარეგისტრირდა, დღემდე ცხოვრობს და აღნიშნული გარემოებები მას სადავოდ არ გაუხდია. პირიქით, მან საკუთარი ნებით გააუქმა სადავო ბინაზე რეგისტრაცია.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეეფასებინა ის გარემოება, დაკარგა თუ არა მ. კ-მა სადავო ბინაზე სასამართლო გადაწყვეტილებით მოპოვებული ფლობისა და სარგებლობის უფლება, რომელიც აღსრულებულ იქნა 45 წლის წინ. ბინაზე, სადაც მისივე ნებით 30 წელია არ ცხოვრობს და მუდმივ საცხოვრებლად ჯერ უცხო ქვეყანა, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვა საცხოვრებელი ადგილი აირჩია და დღემდე იქ ცხოვრობს. სააპელაციო პალატას ასევე უნდა განემარტა საკითხი, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოპოვებული ფლობისა და სარგებლობის უფლება, მიუხედავად მუდმივ საცხოვრებლად ნებაყოფლობით სხვაგან გადასვლისა, ამ უფლების ნებაყოფლობით მიტოვებისა, ინარჩუნებს თუ არა იგი ძალას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ წარმოშობილი დავის გადაწყვეტის დროს არ იხელმძღვანელა 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი საბინაო (მუხ. 100) და სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, არ იხელმძღვანელა აგრეთვე დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით (მუხ. 156, 160), არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, კასატორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების ზეპირი მოსმენის გარეშე შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, რომლებითაც მ. კ-ი მოსარჩელე მ. ხ-ის საკუთრებაში არსებული ბინის მოსარგებლედ იქნა რეგისტრირებული.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 1975 წელს ც. კ-ა და რ. კ-ი განქორწინდნენ. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 1975 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის სახალხო სასამართლოს 1975 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება შეიცვალა და აწ გარდაცვლილი ც. კ-ას შვილთან ერთად საცხოვრებლად გადაეცა საცხოვრებლად ვარგისი, ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის №36-ში (ამჟამად, ...ის/...ის №10/34ა) მდებარე 27 კვ.მ ფართობის №1 ოთახი, ხოლო დამატებითი სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა 1977 წლის 22 ნოემბერს და მოპასუხე დედასთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო ბინაში, რაც დასტურდება აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 1975 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით და მიღება-ჩაბარების აქტით;
- საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ რ. კ-მა თავის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა და მასზე მესაკუთრე არაერთხელ შეიცვალა, ხოლო 1981 წლის 6 აგვისტოდან დღემდე სადავო ბინის მესაკუთრეა მოსარჩელე მ. ხ-ი;
- 1992 წლიდან მ. კ-ი სასწავლებლად და საცხოვრებლად წავიდა რუსეთის ფედერაციაში, გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. იგი ამჟამადაც რუსეთის მოქალაქეა. საქართველოში კი, მუდმივ ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის №15-ში მდებარე №39 ბინაში ოჯახთან ერთად. მ. კ-ი მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია, რაც დასტურდება მის მიერ გაცემულ მინდობილობაში არსებული მონაცემებით, საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების რეკვიზიტებითა და მხარეთა განმარტებებით;
- 2009 წლის 30 ივლისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სადავო ბინაზე რეგისტრაცია შეუწყდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო. ამასთანავე, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 დეკემბრის №552 ბრძანებულებით მას კვლავ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
- ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის რეგიონულ სამსახურს 2017 წლის 4 მაისს განცხადებით მიმართა მ. კ-ის წარმომადგენელმა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ სადავო ბინაზე ამ უკანასკნელის უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 19 მაისის №... გადაწყვეტილებით. დასახელებული გადაწყვეტილება მ. კ-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა, რომელმაც 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. კ-ისა და მისი წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს სარეგისტრაციო წარმოების განახლება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილების მიღება და მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება დაევალა;
- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება განახლდა; 2017 წლის 8 აგვისტოს აჭარის რეგიონულ ოფისში დამატებით წარდგენილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/1194-2015წ.), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებისა (საქმე №2/ბ-60-16წ.) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინების (საქმე №ას-460-442-2016) ასლი;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ 2017 წლის 21 აგვისტოს მიღებულ იქნა რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ №... გადაწყვეტილება და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე (27კვ.მ ფართზე) აღირიცხა მ. კ-ის სარგებლობის უფლება (საფუძველი: აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება (საქმე №33/240);
- 2017 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. კ-ის მოთხოვნა და იგი მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში დარეგისტრირდა მოსარგებლის უფლებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით კი, მ. ხ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციაზე, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სადავო საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ძველი და ახალი რეგულაციის შედარებას და თავდაპირველად მიუთითებს 1997 წლამდე მოქმედ კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვით, ფართზე უფლების დაკარგვა მხოლოდ სასამართლო წესით უნდა მომხდარიყო. კერძოდ, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-300 მუხლისა და სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრთა დროებით სხვაგან ყოფნის შემთხვევაში მათ ენახებოდათ საცხოვრებელი სადგომი ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადების გადამეტებით სხვაგან ყოფნის შედეგად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად პირის ცნობა ხდებოდა სასამართლო წესით. ამასთანავე, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის და 1983 წლის საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, დამქირავებლის და მისი ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებლად სხვა დასახლებულ პუნქტში ან იმავე დასახლებული პუნქტის სხვა საცხოვრებელ სადგომში გადასვლის შემთხვევაში, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება სხვაგან წასვლის ან გადასვლის დღიდან მოშლილად ითვლებოდა. ასეთ შემთხვევაში წასული პირი ავტომატურად კარგავდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას გადასვლის დღიდან, მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფილი იყო თუ არა იგი საცხოვრებელი სადგომით ახალ საცხოვრებელ ადგილზე, რამდენადაც იგულისხმებოდა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა ხდებოდა თავად დამქირავებლის მოთხოვნით.
რაც შეეხება სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედ კანონმდებლობას, საკასაციო სასამართლო მიუითითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 156-ე მუხლით მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. დასახელებული ნორმის ანალიზით ცხადად იკვეთება მფლობელობის შეწყვეტის ორი ალტერნატივა: ნივთის მფლობელის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე მფლობელობის დათმობა სამუდამოდ, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი და სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დადგენილია, რომ მ. კ-ი 1992 წლიდან მუდმივად საცხოვრებლად და სამუშაოდ წავიდა რუსეთის ფედერაციაში (აღნიშნული ფაქტი მას სადავოდ არ გაუხდია). იგი ნებაყოფლობით გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. საქართველოში დაბრუნდა, დაახლოებით, 15 წლის შემდეგ, 2007-2008 წლებში. დაბრუნების შემდეგ, 2009 წელს ნებაყოფლობით გააუქმა სადავო ბინაზე რეგისტრაცია და მუდმივ საცხოვრებლად აირჩია სხვა მისამართი: ქალაქი ბათუმი, ...ის ქ. №15, ბინა №39. აიღო მუდმივი ბინადრობის ნებართვა, დარეგისტრირდა დასახელებულ მისამართზე, სადაც დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მას დედის გარდაცვალებამდე - 2017 წლამდე არ გამოუხატავს სურვილი, რომ სადავო ფართზე გაეგრძელებინა სარგებლობის უფლება. ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მან მხოლოდ დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მიმართა საჯარო რეესტრს მოსარგებლის უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით. რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას 1975 წლის 20 ივნისისა და იმავე წლის 21 მარტის გადაწყვეტილებებზე, რომ ისინი არ გაუქმებულა და ძალაშია, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა, რადგანაც 1975 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება აღსრულებულ იქნა 1977 წელს, რის საფუძველზეც სადავო ფართზე მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლება შეზღუდული იყო ც. კ-ას მიმართ 2017 წლის 22 ივნისამდე - გარდაცვალებამდე, ხოლო მ. კ-ის მიმართ 1992 წლამდე ე.ი. მანამ, სანამ მან ნებაყოფლობით უარი არ განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილებით მოპოვებულ უფლებაზე და ნებაყოფლობით არ მიატოვა იგი. სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიუთითა 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო და საკასაციო პალატების 2016 წლის 25 მარტის და 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებებზე, რადგანაც ეს დავა მხარეებს შორის მიმდინარეობდა სულ სხვა საფუძვლით, სულ სხვა საგანზე, კერძოდ, გარკვეული საზღაურის გადახდით სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემაზე ან გამოთავისუფლებაზე და მას არავითარი სამართლებრივი კავშირი არ აქვს მხარეებს შორის დღეს მიმდინარე დავასთან, მით უფრო, რომ მითითებულ სასამართლო გადაწყვეტილებებით უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მ. კ-ი წარმოებული დავების დროს სადავო ფართში არ ცხოვრობდა და არ სარგებლობდა.
საკასაციო სასამართლო დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე უტყუარად დადასტურებულ გარემოებებს კი მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს როგორც ზემოთ დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილებებით, ისე 1992 წლიდან მ. კ-ის მუდმივ საცხოვრებლად რუსეთში გადასვლით, რაც მას დღემდე სადავოდ არ გაუხდია, რუსეთის მოქალაქეობის მიღებით, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით, იქიდან დაბრუნების შემდეგ სხვა მისამართზე რეგისტრაციის, სხვა საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ბინადრობის უფლების მოწმობის სხვა საცხოვრებელი ადგილის მითითებით, სადავო ფართზე მისი მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმებით, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მ. კ-მა 1992 წლიდან ნებაყოფლობით მიატოვა 1975 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული სადავო ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლება, რასაც ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ მან სადავო ბინასთან შეწყვიტა საყოფაცხოვრებო კავშირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავა არ არის სწორად გადაწყვეტილი, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი არის საფუძვლიანი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №... (რომლითაც მ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (19.05.2017) გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილების მიღება), ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 აგვისტოს №... (რომლითაც ... საკადასტრო კოდის მქონე 27კვ.მ უძრავ ნივთზე აღირიცხა მ. კ-ის სარგებლობის უფლება) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №... (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციაზე, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდებოდა სასამართლო წესით) გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის გათვალისწინებით, არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობის წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით უდავოდ დადასტურებულია სადავო ბინაზე სარგებლობის უფლების მ. კ-ის მიერ 1992 წელს ნებაყოფლობით მიტოვების ფაქტი. ამდენად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს მ. ხ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №..., ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 21 აგვისტოს №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებები;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა (ს/ნ 202238621) და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს მ. ხ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე