საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-422(ს-23) 26 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დასაშვებობის საკითხი ო. ა-ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან განსახილველად წარედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები ო. ა-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. ოქმის შემდგენმა იშუამდგომლა ო. ა-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით ო. ა-ი (პ/ნ/ - ...) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის დადგენილებაზე საჩივარი წარადგინა ო. ა-იმა, რომელმაც განმარტა, რომ ერთი და იმავე სიგარეტის სარფის საბაჟო პუნქტზე შემოტანისათვის დაჯარიმდა ორჯერ, 1000-1000 ლარით, რაც მიაჩნია უკანონოდ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის დადგენილებით ო. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის დადგენილება და ო. ა-ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აქციზური მარკის დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანის გამო ო. ა-ის მიმართ 2022 წლის 7 სექტემბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №..., საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, უაქციზო სიგარეტები კი ჩამოერთვა. ასევე დადგენილია, რომ იმავე დღეს, 2022 წლის 7 სექტემბერს, იმავე ფაქტზე ო. ა-ის მიმართ შედგენილ იქნა მეორე სამართალდარღვევის ოქმი №... ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, რის საფუძველზეც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით, იმავე ქმედების გამო, იგი კვლავ დაჯარიმდა 1000 ლარით.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში კი ო. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედება განხორციელდა ერთ დროს, ერთ სივრცეში, ერთსა და იმავე გარემოებებში, კერძოდ, ის ცდილობდა საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი. ამასთან, ამ უკანასკნელის მიმართ ქმედების მართლწინააღმდეგობა შეფასებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლით (სსკ-ის 168.3 მუხლი) და დამრღვევს დაკისრებული აქვს შესაბამისი სახდელი.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთსა და იმავე გარემოებებში ჩადენილი ქმედებისათვის ორჯერ პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირის უფლებებსა და თავისუფლებებს და წარმოადგენდა პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს. ამავე დადგენილებით მხარეს განემარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს დადგენილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის დადგენილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ო. ა-ის მიერ ჩადენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. კერძოდ, ერთი მხრივ, სახეზე იყო დეკლარირების გარეშე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის შემოტანა, ხოლო, მეორე მხრივ, ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა, რითაც ო. ა-იმა თავი აარიდა აქციზის გადასახადს.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებზე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქვთ შეჯერებული პოზიცია, რომელიც არსებითად განსხვავდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებისაგან, რაც დაუშვებელია.
საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს არ იხილავს საკასაციო ინსტანციის სასამართლო, მაინც მნიშვნელოვანია მის მიერ სათანადო პოზიციის დაფიქსირება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამართლებრივ სახელმწიფოში უზენაესი სასამართლო უზრუნველყოფს ქვედა ინსტანციის სასამართლოებს შორის არსებული დავის გადაწყვეტას და სწორი სამართლებრივი განმარტებების გაკეთებას. აღნიშნული საჩივრის წარდგენა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და განსახილველ საკითხზე სახელმძღვანელო განმარტებების გაკეთება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. ა-ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 2 მარტს იმსჯელა წარდგენილი საჩივრის ფარგლებში და მიიღო დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. აღნიშნულის თაობაზე მხარეს სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით განემარტა. ამდენად, სადავო აქტის შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლო. იგი ვერ შეაფასებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას. დასახელებული გარემოება კი თავისთავად გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერების საკითხის განხილვას უზენაესი სასამართლოს მხრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის დადგენილებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-6 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის დადგენილებაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე