საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-695(3კ-21) 26 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იები, გ. და ი. გ-ეები
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - შპს „ე...“
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ., ი., პ., მ. და ც. ტ-იებმა, გ. და ი. გ-ეებმა 2017 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და მესამე პირის, შპს „ე...ს“ მიმართ და: ა) უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის - 2199591.00 აშშ დოლარის, გადახდის დღისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება (კომპენსაცია), ან უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გზით მოსარჩელისათვის ... საკადასტრო კოდის მქონე (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) უძრავ ქონებაზე თანასაკუთრებაში აშენებული (ასაშენებელი) საცხოვრებელი კომპლექსიდან, კერძოდ, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2008 წლის 25 თებერვლის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მისაღები ქონებიდან (რაც შეადგენს მითითებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი კომპლექსიდან საერთო ფართის/საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, სავაჭრო ფართის 15%-ს) შემდეგი ოდენობის ფართების გადაცემა მოითხოვეს: 1. სარდაფის სართულის კომერციული სასარგებლო ფართიდან 256.86 კვ.მ; 2. პირველი სართულის კომერციული სარეალიზაციო ფართიდან 156.70 კვ.მ; 3. ანტრესოლის სარეალიზაციო ფართიდან 193.34 კვ.მ; 4. საცხოვრებელი სასარგებლო ფართიდან 2456.21 კვ.მ; ბ) მოსარჩელეებმა მიუღებელი სარგებლის სახით ასევე მოითხოვეს მოპასუხეებისაგან სოლიდარულად 182516.00 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა, 2008 წლის 25 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადახდის დღისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში; გ) მოსარჩელეთა მითითებით, მიუღებელი სარგებელი 182516.00 აშშ დოლარის 10%, ანუ 18251.6 აშშ დოლარი თვეში შეადგენს 1521.00 აშშ დოლარს (18251.6:12) და მოითხოვეს მისი ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელეებმა ამავე სარჩელით იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მოპასუხისთვის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სააუქციონო კომისიის 2008 წლის 25 თებერვლის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-6 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებსა და მე-8 პუნქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ქმედების განხორციელების, მასში ცვლილებების შეტანის აკრძალვა, საკუთრებაში მისაღები ქონების გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და აღსრულებამდე.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების მიმდებარედ, ნ., ი., პ., მ. და ც. ტ-იების, ასევე გ. და ი. გ-ეების თანასაკუთრებაში არსებული 3400.00 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან, დაახლოებით, 1360 კვ.მ ჯერ კიდევ 1985 წელს უკანონოდ იქნა გამოყენებული ...ის ქუჩის გაყვანისა და ამავე ქუჩის №...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მოტივით. მოსარჩელეებს საკუთრების ჩამორთმევის სანაცვლოდ სათანადო და სამართლიანი კომპენსაცია არ მიუღიათ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა სხვადასხვა ინსტანციებში. მათი კუთვნილი ქონების ხელყოფისას სახეზე იყო კანონისმიერი ვალდებულებანი, ამასთან ერთად კი ადგილი ჰქონდა ასევე უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებს. მოსარჩელეთა მოსაზრებით, სარგებლის მიღების უსაფუძვლობა ხშირად არამართლზომიერ ქცევაში აისახება, რომელიც მოიცავს დელიქტის ნიშნებს, რა დროსაც მოპასუხეს ევალება როგორც უსაფუძვლოდ მიღებული სარგებელის დაბრუნება, ასევე მოსარჩელისათვის მიყენებული იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ამ უკანასკნელმა განიცადა მოპასუხე მხარის არამართლზომიერ ქმედების შედეგად. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ კანონიერი და საფუძვლიანი იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, (1144+1360) X 113 = 282952 ლარის გადახდა; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით; ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების სარჩელი დანარჩენი ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილებით, ...ის ქუჩის და საზოგადოებრივი დანიშნულების ... კომპლექსის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის დროულად გათავისუფლების მიზნით, დამტკიცდა მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვედრილ მობინადრეთა სია (დანართის მიხედვით). საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო განყოფილებას დაევალა ორდერის გაცემა ათვისებაში მოხვედრილ მობინადრეებზე, ...ის ქ. №...-ში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში 4 კეთილმოწყობილი ბინის მისაღებად. ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია ათვისებაში მოხვედრილი იმ 9 ოჯახის სია, რომლებსაც უნდა გადასცემოდათ სანაცვლო ბინები, აგრეთვე იმ სამი ოჯახის სია, რომლებსაც დაუმტკიცდათ საგარანტიო წერილები ათვისების სანაცვლოდ საცხოვრებელი ბინების მიღების შესახებ. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალა, კაპიტალური მშენებლობის განყოფილებას.
- ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 25 აპრილის დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 18 აპრილის შემაჯამებელი ოქმი და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ე...“, რომელსაც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ... კომპლექსის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის 1 კვ.მ ფართის ღირებულება დადგენილების შესაბამისად, შეადგენდა 35, სულ 140000 ლარს. 2008 წლის 22 აპრილს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2008 წლის 5 თებერვლის აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და 2008 წლის 16 აპრილს გაცემული №01 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, აღირიცხა შპს „ე...ს“ საკუთრებაში. შპს „ე...მა“ უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი) შეიძინა ...0000.00 ლარად. 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასმა შეადგინა 113 ლარი. შპს „ე...მა“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განახორციელა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. დღეის მდგომარეობით შპს-ს საკუთრებაში რიცხულ ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია №... მშენებარე ობიექტი, ასევე რეგისტრირებულია ვალდებულებები სხვა პირთა სასარგებლოდ.
- ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 2006 წლის 25 დეკემბრის საარქივო ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საკრებულოს, სოფელ ...ის 1986-2006 წლების №3 საკომლო წიგნში ჩანს ტ-იების კომლი, შემდეგი შემადგენლობით: ტ-ი ც. - კომლის უფროსი, გარდაიცვალა 1994 წელს; ოჯახის შემადგენლობაში ირიცხება: ტ-ი ი. ა.-ს ძე - შვილი; ტ-ი ნე. ა.-ს ასული - შვილი; ტ-ი ნ. ა.-ს ასული - შვილი; ტ-ი მ. ახ.-ს ასული - რძალი; ტ-ი ი. ია.-ს ასული - შვილიშვილი; ტ-ი ც. ია.-ს ასული - შვილიშვილი; ტ-ი პ. ია.-ს ძე - შვილიშვილი;გ-ე გ. ან.-ს ძე - შვილიშვილი; გ-ე ი. ან.-ს ძე - შვილიშვილი; საკომლო წიგნში მიწის რაოდენობად ნაჩვენებია 0,34 ჰექტარი, სახლის აგების წელი - 1933, სასიმინდე - 1933 წელი; ბოსელი - 1953 წელი. ამასთანავე, აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის საარქივო განყოფილების მიერ 2009 წლის 26 იანვარს გაცემული საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...აში მცხოვრებ ც. ტ-ის კომლს, რომელშიც ირიცხება 9 წევრი, პირად სარგებლობაში 1986 წლიდან აწერია 0.34 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამრიგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მთლიან კომლს სარგებლობაში გააჩნდა 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საბოლოოდ სარგებლობაში დარჩათ მხოლოდ 896 (725+171) კვ.მ. ფართობი, ხოლო დანარჩენი ფართობი მათი სარგებლობიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნა გასული.
- აჭარის ა/რ მთავრობაში 2005 წლის 28 აპრილს ნე. ტ-ის მიერ შეტანილი განცხადების შესწავლის შედეგად, რომლითაც ის მოითხოვდა ტ-იების კომლის სახელზე რიცხული, 0.34 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების აღდგენას, მთავრობის აპარატის დარგობრივი ურთიერთობის სამსახურის უფროსის მიერ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის სახელზე მომზადებული დასკვნის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს საკომლო დავთრებისა და მიწების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერებით ც. ტ-ის ოჯახის საკუთრებაში ირიცხებოდა 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით ...ის ქუჩის, აგრეთვე ამავე ქუჩის №...-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის გამო ტ-იების ოჯახს ფაქტობრივ სარგებლობაში დარჩა 0.1 ჰა მიწის ფართობი, რადგანაც ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას მოხმარდა 1360 კვ.მ ფართობი, ხოლო ქუჩის მეორე მხარეს მოექცა 1040 კვ.მ ფართობი. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 28 მაისის №359 გადაწყვეტილებით აწ. გარდაცვლილ ც. ტ-ის, როგორც ათვისებაში მოხვედრილ ოჯახს, რომელიც თავისი შემადგენლობის მიხედვით იყოფა სამ ოჯახად (ც. ტ-ი, ნე. ტ-ი და ნ. ტ-ი), ...ის №...-ში ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში მიეცათ საგარანტიო წერილი ორი ერთოთახიანი და ერთი ოთხოთახიანი ბინის მისაღებად, რითაც მათ არ უსარგებლიათ, ...ის ქუჩის №...-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლის აუშენებლობის გამო. მათ ასევე არ მიუღიათ, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება და მათთვის არ მოუცვლიათ შემცირებული საკარმიდამო ნაკვეთი.
- საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ტ-იების კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული იქნა ...ის (დღევანდელი ...ის) ქუჩის გაყვანისა და მოწყობისას, ხოლო ნაწილი მოქცეულია ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში მდებარე იმ 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქალაქ ბათუმის მერის 2006 წლის 4 აპრილის მიმართვისა და ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გასხვისდა შპს „ე...ზე“.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ I-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე მუხლებზე და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ტ-იების ოჯახიდან არც ერთ მათგანს არ მიუღია რაიმე საცხოვრებელი, ან არასაცხოვრებელი ფართი, ანდა სხვა სახის სარგებელი, ათვისებაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა მთლიან კომლს სარგებლობაში გააჩნდა 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საბოლოოდ სარგებლობაში დარჩათ 896 (725+171) კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენი, მათი სარგებლობიდან მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) და არა სხვა რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ იქნა გასული. აღნიშნულ გარემოებათა მიხედვით, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო გამდიდრება სახეზე იყო, არსებობდა მოპასუხის გამდიდრების ფაქტიც, ამის შესატყვისად კი მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთის ამგვარი გადანაცვლების აშკარა გაუმართლებლობა.
სასამართლომ დავის სამართლებრივი რეგულაციის მიზნით ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების (მესამე თავი) მომწესრიგებელ 976-ე და 979-ე მუხლებზე, განმარტა მათი შინაარსი და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელეთა კანონიერი მფლობელობიდან გასული მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება მოსარჩელეებისათვის შეუძლებელი იყო, რადგან იგი დაკავებული იყო ...ის ქუჩის კომუნიკაციებით და შპს „ე...ს“ მიერ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსით. შესაბამისად, დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონე იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ. რაც შეეხებოდა ფულადი ანაზღაურების ოდენობას, სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთი უნდა განსაზღვრულიყო მიწის ნაკვეთის ღირებულების გამოყენებით. ამასთან მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეთა კომლს მიწის ნაკვეთი გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობის გათვალისწინებით, შეიცვალა მისი დანიშნულება და შესაბამისად, გამოყენების მიზანი, რამაც რა თქმა უნდა, გაზარდა ნაკვეთის საბაზრო ფასები. ამ ტერიტორიაზე ქალაქის დასახლების გადასვლით და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, ადგილი მოთხოვნადი გახდა იმასთან შედარებით, რაც მანამდე მოცემული პირობებით არსებობდა, რისი საფუძველი გახდა ქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ამ ტერიტორიის არსებული სახით განვითარების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფუძვლო გამდიდრების გამო, უნდა მომხდარიყო მოსარჩელეებისათვის ანაზღაურება გონივრული და სამართლიანი თანაფარდობის ფარგლებში, მოცემულ პირობებში იმ ღირებულებითი ანგარიშით, რითაც მოხდა მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის გასხვისება აუქციონზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 18 აპრილის შემაჯამებელი ოქმით (რომლითაც გამარჯვებულად გამოცხადებული შპს „ე...“), როდესაც 1 კვ.მ ფასი განსაზღვრული იყო 113 ლარით, რის შესაბამისად, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ფულადი თანხა განსაზღვრული უნდა ყოფილიყო (2504 კვ.მ X 113 ლარი = 282 952 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სოლიდარულად დაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ წარმოადგენდა იმ ურთიერთობის მონაწილეს, რომლითაც ქალაქ ბათუმის მერიის მიერ შპს „ე...ზე“ განიკარგა მიწის ნაკვეთი. ეს ურთიერთობა წარმოიშვა მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „ე...ს“ შორის, რომელშიც არ მონაწილეობდა საჯარო რეესტრი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დამდგარი ზიანის მიმართ საჯარო რეესტრთან არც ბრალი და არც დამდგარ შედეგთან მიზეზობრივი კავშირი იკვეთებოდა. ამდენად, სახეზე არ იყო მის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების ანაზღაურების წინაპირობები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იებმა, გ. და ი. გ-ეებმა, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთში შემავალი 1354 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 153 002 (ასორმოცდაცამეტი ათას ორი) ლარის გადახდა ,ასევე ამ თანხის გადაუხდელობით მიუღებელი შემოსავლის სახით, წლიურად 10%-ზე გაანგარიშებით 2008 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 25 აპრილამდე, ერთჯერადად, 201 452,63 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2021 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ყოველწლიურად 15 300,20 ლარის (თვეში-1275,01 ლარი) ანაზღაურება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების სასარგებლოდ დაეკისრათ ქალაქ ბათუმში, ...ის (ამჟამად ...ის) სახელობის ქუჩის გაყვანასთან დაკავშირებით ჩამორთმეული 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკომპენსაციოდ 72 031,28 ლარის გადახდა, ასევე ამ თანხის გადაუხდელობით მიუღებელი შემოსავლის სახით, წლიურად 10%-ზე გაანგარიშებით, 2008 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 25 აპრილამდე, ერთჯერადად, 948...,18 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2021 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ყოველწლიურად 7203,12 ლარის (თვეში 600,26 ლარი) ანაზღაურება;
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, დამატებით მიუთითა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვით, დასტურდება, რომ რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილებით ტ-იების კომლთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულება (ადმინისტრაციული დაპირება) ნაწილობრივ შესრულდა. მ. ტ-ის ოჯახისათვის ...ის ქ. №...-ში ორდერის საფუძველზე გადასაცემი ოთხოთახიანი ბინა №... და ერთოთახიანი ბინა №... ამ უკანასკნელის ნაცვლად ფაქტობრივად მიღებული (გადაცემული) აქვს მისი მულის - ნ. ტ-ის 4-წევრიან ოჯახს. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ტ-ის, ირაკლი და გიგლა გ-ეების წარმომადგენლის განმარტება, რომ თითქოსდა ანდრო გ-ემ, როგორც საქართველოს სანაოსნოს ყოფილმა მეზღვაურმა, მისი სტატუსიდან გამომდინარე ელოდებოდა რა ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩაზე მშენებარე სამოთახიან ბინას, აღნიშნული ბინა ჩააბარა ბათუმის მერიას, ხოლო ასეთის სანაცვლოდ ...ის ქუჩის №...-ში (...ის №...) მიიღო სწორედ ის ბინები, რაც უნდა გადასცემოდა მ. ტ-ის ოჯახს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ნივთის გაცვლის დამადასტურებელი კანონშესაბამისი მტკიცებულება აპელანტთა მიერ არ წარმოდგენილა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მიუთითა სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე მუხლების დანაწესებზე, ასევე დელიქტური ვალდებულებების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებზე და აღნიშნა, რომ არსებობდა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეთა მთლიან კომლს სარგებლობაში გააჩნდა 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც სარგებლობაში დარჩათ 896 (725+171) კვ.მ ფართობი, ხოლო დანარჩენი მათი სარგებლობიდან სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) და არა, სხვა რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ იქნა გასული, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული, ტ-იების კომლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი მოხმარდა ქალაქ ბათუმში მდებარე ...ის (...ის) ქუჩის მონაკვეთის მოწყობას, ხოლო ნაწილი მოექცა ახლად მოწყობილი ქუჩის მეორე მხარეს, რაც საქმის განხილვის დროისათვის მოცულია იმ 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც მარეგისტრირებელი ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედებით ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, შემდეგ კი ამ უკანასკნელის მიერ გაიყიდა და ამჟამად მასზე მრავალბინიან კორპუსს აშენებს შპს „ე...“. ამდენად, დადგენილია, რომ 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან უფლება დარღვეულია 2504 კვ.მეტრზე, საიდანაც 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოყენებული იქნა ყოფილი ...ის, ამჟამად ...ის ქუჩის გაყვანის დროს (1985-1986 წწ.) სადაც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მხოლოდ მერია წარმოადგენს ვალდებულებითი ტვირთის მქონე სუბიექტს.
რაც შეეხება მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისს) პასუხისმგებლობას , ასეთი გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით 2006 წლის 17 მარტს დადგენილი წესის შესაბამისად მოსარჩელეთა კუთვნილ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში ყადაღის რეგისტრაციის შემდგომ, იმავე წლის 5 აპრილს მიიღო მოპასუხე მერიის მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რა დროსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, რაც ამ შემთხვევაში უკავშირდებოდა ქალაქ ბათუმში ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიან ფართობზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, არ გამოუკვლევია იმ მხრივ, ნახაზზე დატანილი მთლიანი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფოს კუთვნილ, თავისუფალ მიწის ნაკვეთს და მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში შედიოდა თუ არა სხვა პირის, კონკრეტულ შემთხვევაში ყადაღის ქვეშ არსებული მოსარჩელეთა ოჯახის (კომლის) ქონებას განკუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი. ფაქტობრივად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაყადაღებული ქონება აღრიცხა მერიის საკუთრებაში, რაც აუქციონის წესით განიკარგა და ახლა წარმოადგენს შპს „ე...ს“ საკუთრებას, რომლის საკუთრებაში არსებულ 3629 კვ.მ ფართში შესულია გზის გადაღმა დარჩენილი მოსარჩელეთა 1354 კვ.მ ოდენობის მიწის ნაკვეთი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით, მოთხოვნის ამ ნაწილში დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ნორმებით სახეზეა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის პასუხისმგებლობა, ხოლო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა კი - უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელეთა მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის (სარგებლის) ანაზღაურების ნაწილში და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, აგრეთვე მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. დასახელებული ნორმის შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო-მატერიალური ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებიდან (3400კვ.მ) მიწის ნაკვეთი, უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხეთა მიერ ხელყოფილი იქნა 2504 კვ.მ მიწის ფართი, ხოლო ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857-ე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება მოსარჩელეთა მიმართ სრულად არაა შესრულებული, კერძოდ, ...ის ქუჩის გაყვანით მოსარჩელეთა საკარმიდამოდან ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელე მხარის სამ ოჯახთან მიმართებით აღებული ვალდებულება შესრულდა მხოლოდ ერთი ოჯახის მიმართ (ნ. ტ-ი), ხოლო დანარჩენი ორი ოჯახი კი - დაუკმაყოფილებელი, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ნაწილში აღებული ვალდებულება მაინც ნაწილობრივ შეუსრულებელი დარჩა. ამასთან ეჭვგარეშეა, რომ მოსარჩელე მხარე მერიის ნაცვლად მიწის ნაკვეთის უშუალოდ მის მიერ განკარგვის შემთხვევაში მიწის ნაკვეთში კუთვნილი ფართის შესაბამისად ფულადი ანაზღაურების სახით მიიღებდა სულ მცირე ერთ კვ.მ მიწის ფართში 113 ლარს, რა ფასშიც ეს უძრავი ქონება შპს „ე...მა“ შეიძინა ქალაქ ბათუმის მერიისაგან. შესაბამისად , მოსარჩელეს თავად რომ განეკარგა ქონება და მიეღო მისი საბაზრო ღირებულება, ეს თანხა რომ დაებანდებინა, ანუ სამოქალაქო ბრუნვაში ჩაეშვა, იგი უპირობოდ მიიღებდა სარგებელს, ფულის განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე, რაც განპირობებულია სყიდვით უნარიანობის მაღალი ხარისხით და ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალ საბანკო პროცენტის სახით. შესაბამისად წლიური სარგებლის სახით ფულადი თანხიდან 10%-ის მიღება პროგნოზირებადია სამოქალაქო ურთიერთობისათვის და ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ სცილდება გონივრული და სამართლიანი თანაფარდობის ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილებით ტ-იების კომლთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, სახელდობრ ტ-იებს სულ უნდა გადასცემოდათ 77,68+20,3+20,3+56=174,28 კვ.მ, საიდანაც მიღებული აქვთ მხოლოდ მ. ტ-ის წილი 77,68 კვ.მ( საცხოვრებელი ფართი), რაც მთლიანად მისაღები ფართის 174,28 კვ.მ (100%) მხოლოდ 44.57%- წარმოადგენს. ამდენად, აპელანტებს (მოსარჩელეებს) მისაღები დარჩათ (100%-44.57%)= 55,43%. იმდენად, რამდენადაც ეს ეხება ძველ ურთიერთობას და მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სწორედ ძველ ურთიერთობას-...ის ქუჩის გაყვანას მოხმარდა 1150 კვ.მეტრი მიწა, რომლის საერთო ღირებულება აუქციონის საბაზრო ღირებულებით შეადგენდა (1150 X 113)=129,950 ლარს, მოსარჩელეებს ეკუთვნით (მისაღები აქვთ) ამ თანხის 55.43%. რაც უდრის 72,031.28 ლარს, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მხოლოდ მერიას. მასვე უნდა დაეკისროს ამ თანხის გადაუხდელობით მიუღებელი შემოსავლის სახით წლიურად 10%-ზე გაანგარიშებით 2008 წლის 25 თებერვლიდან - 2021 წლის მაისამდე (13 წელი, 2 თვე) ერთჯერადად 94841,18 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2021 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ყოველთვიურად 7203,12 ლარის (თვეში 7203 12.: 12 = 600,26 ლარის) ანაზღაურება.
რაც შეეხება გზის მეორე მხარეს ჯერ სახელმწიფოს, შემდეგ კი „ე...ს“ საკუთრებაში აღრიცხული ტ-იების კომლის კუთვნილი 1354 კვ.მ მიწის ღირებულების ანაზღაურებას, ასეთი უნდა განისაზღვროს (1354X113)=153 002 ლარის ოდენობით, რაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. მათვე უნდა დაეკისროთ ამ თანხის გადაუხდელობით მიუღებელი შემოსავლის სახით, წლიურად 10%-ზე გაანგარიშებით (10 % 1 წელზე =15 300,20 ლარი,) 2008 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 25 აპრილამდე 13 წელი (19 8902,6 ) + 2 თვე (1275,01 X 2=2550,03)= 201 452,63 (ორასერთი ათას ოთხასორმოცდათორმეტი ლარი და 63 თეთრი) ლარი ერთჯერადად, ხოლო 2021 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ყოველწლიურად 15 300,20 (თვეში 15300,20 :12 =1275,01) ლარის ანაზღაურება.“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იებმა, გ. და ი. გ-ეებმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
ნ., ი., პ., მ. და ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
საკასაციო საჩივრის თანახმად, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში რიცხული 3400 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ხელყოფილი, გასხვისებული და განკარგული იქნა დაახლოებით, მიწის 75%, რამაც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, წარმოშვა მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. კასატორები აღნიშნული მოთხოვნის სარეალიზაციოდ ითხოვენ იმ ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, რაც მიღებული აქვთ დამდგარ შედეგში ბრალეულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების მხრიდან დავის საგნისადმი არასამართლიან, არაპროპორციულ, არათანაზომიერ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ მიდგომას.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მსჯელობა - მოსარჩელეთათვის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებად 113 ლარის დადგენა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ფაქტობრივი გარემოების სწორ ანალიზსა და შეფასებას, რამეთუ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიხედვით, შპს „ე...ს“ საკუთრებაში კი გადაეცა 3629 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 410 000 ლარად, მაგრამ ამ ოქმის, ანუ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-6 პუნქტის დათქმის თანახმად, მყიდველი მხარე ვალდებულია ამ მიწის ნაკვეთში კიდევ დამატებითი ფასი გადაიხადოს ნატურის სახით. ამასთან, დასახელებული ოქმის თანახმად, მყიდველმა გამყიდველის მიმართ იკისრა სხვადასხვა ვალდებულებების შესრულება. კასატორების მითითებით, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის საგნის ღირებულება განსახილველ შემთხვევაში მოიცავს, როგორც სანაცვლოდ მიღებულ ფულად თანხას, ასევე ნასყიდობის საგანზე აშენებული კორპუსებიდან კომერციული და არაკომერციული საერთო სასარგებლო ფართის 15%-ს ე.წ „გასაღების ქვეშ“. ამ ნატურით მისაღები ქონების ოდენობა, შპს „ე...დან“ გამოთხოვილი და საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეადგენს არსებული სარდაფის სართულის კომერციული სასარგებლო ფართიდან 2481.7 კვ.მ-ის აღძვრის დროისათვის დასრულებული მშენებლობების 15%-ს, ანუ 372.26 კვ.მ-ს; პირველი სართულის კომერციული სარეალიზაციო ფართიდან 1514 კვ.მ-ის 15%-ს, ანუ 227.10 კვ.მ-ს; ანტრესოლის სარეალიზაციო ფართიდან 1868 კვ.მ-ის 15%-ს, ანუ 280.20 კვ.მ-ს და საცხოვრებელი სასარგებლო ფართიდან 23 731.5 კვ.მ-ის 15%-ს, ანუ 3559.73 კვ.მ-ს. საიდანაც, ხსენებული პროპორციის დაცვითა და გათვალისწინებით მოსარჩელეებზე მოდის შემდეგი ოდენობის ფართები: 372.26 კვ.მ-ის 69% - 256.86 კვ.მ; 227.10 კვ.მ-ის 69% - 156.70 კვ.მ; 280.20 კვ.მ-ის 69% - 193.34 კვ.მ და 3559.73 კვ.მ-ის 69% - 2456.21 კვ.მ. გამომდინარე აქედან, კომერციულ ფართში მოსარჩელეთა ხვედრითი წილი შეადგენს 606.90 კვ.მ-ს (256.86+156.70+193.34), ხოლო საცხოვრებელი ფართში - 2456.21 კვ.მ-ს, რომლის ნატურით მიღებაზეც მოსარჩელე მხარე იმთავითვე თანხმობას აცხადებდა და აცხადებს დღესაც. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაზარალებული მოსარჩელე მხარისათვის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრის ნიშნულად ხსენებული უძრავი ქონების (3629 კვ.მ მიწის ნაკვეთი) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მხოლოდ ნასყიდობის საგნის ღირებულების სახით ერთ კვ.მ მიწის ნაკვეთში 113 ლარის მიღება, ყოველგვარ ლოგიკას, საფუძველსა და დასაბუთებას მოკლებულია, რის თაობაზეც სათანადო აპელირება გაკეთდა სააპელაციო საჩივარსა და საქმის სააპელაციო განხილვისას წერილობით მოსაზრება-პოზიციაში. თუმცა დავის აღნიშნულ ნაწილს სააპელაციო პალატა მსჯელობისა და შეფასების საგნადა არ ხდის.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მიზნით, თანხის დაკისრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისთვის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში კი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, რომლის დანაწესის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოთხოვნილი იქნეს ზიანის ანაზღაურება უნდა არსებობდეს კუმულატიურად შემდეგი გარემოებები: ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი, ზიანის მიმყენებელს მიუძღოდეს ბრალი. ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც ზიანის მიყენების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად რეგისტრაციას, კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული. ამდენად, ქალაქ ბათუმის მერიას გააჩნდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების და შემდგომ მისი განკარგვის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქალაქ ბათუმის მერიის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, ერთის მხრივ, ემყარებოდა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 28 მაისის №359 გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ბინების გადაცემას გარკვეული პირობით, კერძოდ, ...ის ქუჩის მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვდა სამი ოჯახის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ათვისებაში მოხვედრილი სამი ოჯახი თავის შემადგენლობის მიხედვით იყო 12 ოჯახად, 12 ოჯახიდან 9 ოჯახი ითხოვს კეთილმოწყობილი ბინების მიღებას, ხოლო სამი საგარანტიო წერილის მიღების შემთხვევაში თანახმა არიან გაათავისუფლონ დაკავებული საცხოვრებელი ფართი და დაელოდონ საცხოვრებელი სახლის აშენებას. უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელეებს არ გაუთავისუფლებიათ საცხოვრებელი სახლი და არ დაუთმიათ უფლებამოსილი პირისათვის, ამდენად, აღნიშნულ დოკუმენტი ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა გარდა იმისა, რომ დაუსაბუთებელია, ამასთან ხანდაზმულიცაა, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს . სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მოსაზრებით, საქმეში დაცული მონაცემები არ ქმნიდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ქმედების მართლსაწინააღმდეგოდ შეფასებისთვის დაეყრდნო მხოლოდ ერთ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, 2006 წლის 16 მარტის აჭარის სააღსრულებო ბიუროს მომართვის საფუძველზე განხორციელებულ ყადაღის რეგისტრაციას, რომელიც თავად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, რაც აისახა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრში. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათი კომლის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის, კერძოდ, 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1150 კვ.მ გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხმარდა ...ის ქუჩის გაყვანას, ხოლო 2006 წლის 14 მარტის მოვალის ქონების აღწერის (და დაყადაღების შესახებ) აქტში არაა მითითებული (ქონების აღწერის შესაბამის გრაფაში), რომ ყადაღა დაედო სწორედ ...ის ქუჩას (მის ნაწილს 1150კვ.მ.-ის ოდენობით).
კასატორი მიუთითებს 2006 წლის მარტში მოქმედ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტში უნდა აღინიშნოს აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა). ხსენებულ აქტში კი მითითებულია 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ...ის ქუჩის თაობაზე, რომელიც მოსარჩელეთა მოსაზრებით, ჯერ კიდევ 80-იან წლებში იქნა გაყვანილი და რასაც მათი საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილი, ანუ 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1150კვ.მ მოხმარდა, მითითებული არაა. გარდა ამისა, 2006 წლის 16 მარტის აჭარის სააღსრულებო ბიუროს მომართვაში უძრავი ნივთის მი მისამართად მითითებულია ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...ა, ხოლო 2006 წლის 5 აპრილს ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ქალაქ ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში მდებარე არასასოფლო -სამეურნეო 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრის მონაცემებით კი, ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაციის ფაქტი არ დგინდება.
საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად მიუთითა, რომ ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის No857 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის განკარგვასთან, საჯარო რეესტრის ბრალეულობის დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებულობას.
კასატორი საკასაციო საჩივრით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ასევე ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩართვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისისა და 4 აგვისტოს განჩინებებით ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილულ იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების (კომპენსაციის) კანონიერების შეფასება.
კასატორი მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითებს უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობაზე (ტ. VI, ს.ფ. 295). მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ კომლს ეკუთნოდა 0.34 ჰა (3400 კვ.მ), რომლიდანაც უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხე მხარის მიერ ხელყოფილი იქნა 2504 კვ.მ მიწის ფართი. აღნიშნული ფართის ნაწილი (1150 კვ.მ) მერიამ გამოიყენა მიწის ნაკვეთზე გზის მოსაწყობად, ხოლო 1354 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლება, 2008 წლის 25 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, გადასცა შპს „ე...ს“. მოსარჩელეები რომ ყოფილიყვნენ მითითებული შეთანხმებით მიწის ფართის გამსხვისებლები, მაშინ კუთვნილი წილის (2504 კვ.მ მიწის ნაკვეთის) პროპორციულად, ქ. ბათუმის მერიის ნაცვლად საკუთრებაში მიიღებდნენ ფულად თანხასა და კომერციულ/არაკომერციულ ფართებს, შესაბამისად, მათ უნდა აუნაზღაურდეთ ის ოდენობა, რასაც „მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთში იღებს ამავე მიწის ნაკვეთის უკანონოდ განკარგვისთვის ბრალეული მხარე (ქალაქ ბათუმის მერია)“. ამდენად, მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითეს უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებების არსებობაზე.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორი მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიმართ მოპასუხეების ვალდებულებები გამომდინარეობენ უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლის მიხედვით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეს აკისრებენ მოსარჩელისთვის იმ ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობის დაბრუნებას/აღდგენას, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა/ექნებოდა მოპასუხის ქმედების გარეშე. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობებიდან გამომდინარე მოსარჩელეთა მოთხოვნების საფუძვლიანობის შესამოწმებლად, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მოსარჩელეების მიერ მითითებულ 2504 (1150+1354) კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებით მათი ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობებიდან გამომდინარე მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა ა) საკუთრების უფლების ან ბ) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის ან გ) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისადმი მთავრობის აპარატის ურთიერთობის სამსახურის უფროსის მიერ ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის მცხოვრებ ...ის ნე. ტ-ის 2005 წლის 28 აპრილის № ტ-1139 განცხადებაზე მომზადებული დასკვნის თანახმად, დასტურდება, რომ ...ის თემის საკრებულოს საკომლო დავთრებისა და მიწების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერებით, აწ.გარდაცვლილი ც. ტ-ის ოჯახის სარგებლობაში ირიცხებოდა 0.34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საიდანაც ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 გადაწყვეტილებით ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩის, აგრეთვე ამავე ქუჩის №...-ში 104-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის გამო ტ-იების ოჯახს ფაქტობრივ სარგებლობაში დარჩა 0.1 ჰა მიწის ფართობი (...ის ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას მოხმარდა 1360 კვ.მ, ხოლო ქუჩის მეორე მხარეს მოექცა, 1040 კვ.მ მიწის ფართობი). დასახელებული დასკვნის თანახმად, ასევე დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 28 მაისის №359 გადაწყვეტილებით აწ. გარდაცვლილ ც. ტ-ის, როგორც ათვისებაში მოხვედრილ ოჯახს, რომელიც თავისი შემადგენლობის მიხედვით იყოფა სამ ოჯახად (ც. ტ-ი, ნე. ტ-ი და ნ. ტ-ი), ...ის №...-ში ასაშენებელ საცხოვრებელი სახლში მიეცათ საგარანტიო წერილი ორი ერთოთახიანი და ერთი ოთხოთახიანი ბინის მისაღებად, რითაც მათ არ უსარგებლიათ, ...ის ქუჩის №...-ში 104-ბინიანი საცხოვრებელი სახლის აუშენებლობის გამო. მოცემული დასკვნის თანახმად, აწ. გარდაცლილ ც. ტ-ის შვილი - ია. ტ-იი ...ის თემის საკრებულოში 1994 წლიდან ითვლება ოჯახის უფროსად და სარგებლობაში არიცხია 0.34 ჰა მიწის ნაკვეთი, რაზედაც გადახდილი აქვს დაწესებული ტარიფის მიხედვით მიწის გადასახადი, რაც დასტურდება ხელვაჩაურის რაიონის საგადასახადო სამსახურის მიერ გადასახადის აკრეფის ქვითრებით.
თავის მხრივ, ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღმასკომის 1985 წლის 30 დეკემბრის № 857 გადაწყვეტილებით, 104-ბინიანი 9-სართულიანი 9 საცხოვრებელი სახლის და ...ის ქუჩის მშნებლობისათვის გამოიყო ...ის ხიდთან მდებარე ტერიტორია 1.2 ჰა არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ათვისებით. მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვდა 3 საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვროვრობდა სამი ოჯახი 38 წევრის შემდგენლობით, ამასთან ერთად ათვისებაში მოხვდა სამი ოჯახის მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთი. ზემოაღნიშნული სამი ოჯახი თავისი შემადგენლობის მიხედვით, იყოფოდა 12 ოჯახად. 12 ოჯახიდან 9 ოჯახი ითხოვდა კეთილმოწყობილი ბინის მიღებას, ხოლო სამი საგარანტიო წერილების მიღების შემთვევაში თანახმა იყო გამოეთავისუფლებინა დაკავებული საცხოვრებელი ფართი და დალოდებოდა საცხოვრებელი სახლის აშენებას. ამავე გადაწყვეტილებით: 1. დამტკიცდა 104-ბინიანი, 9-სართულიანი, 9 საცხოვრებელი სახლისა და ...ის ქუჩის მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვედრილ მობინადრეთა სია დანართი № 1-ის მიხედვით; 2. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილებას დაევალა 104-ბინიანი, 9-სართულიან, 9 საცხოვრებელი სახლისა და ...ის ქუჩის მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვედრილ №2 დანართში ჩამოთვლილი მობინადრეებზე ორდერის გაცემა, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში 4 კეთლმოწყობილი ბინის მისაღებად, საიდანაც მ. ტ-ის ოჯახს ხუთი წევრის შემადგენლობით (თვით, მეუღლე და სამი შვილი) განესაზღვრა ოთხოთახიანი ბინა №..., სადარბაზო II, სართული IV და ერთოთახიანი ბინა №..., სადარბაზო II , სართული IV, საერთო საცხოვრებელი ფართი 77,68 კვ.მ; 3. დამტკიცდა 104-ბინიანი, 9-სართულიანი, 9 საცხოვრებელი სახლისა და ...ის ქუჩის მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვედრილ მობინადრეებზე კეთილმოწყობილი ბინების მიღებაზე გასაცემად წარმოდგენილი საგარანტიო წერილები დანართი №3 მიხედვით, კერძოდ: 1. ც. ტ-ის ოჯახზე ერთი წევრის შემადგენლობით 104-ბინიან 9-სართულიან №9 საცხოვრებელ სახლში ერთოთახიანი ბინა №9, I სადარბაზო სართული IV, საცხოვრებელი ფართი 20,3 კვ.მ; 2. ნე. ტ-ის ოჯახზე ერთი წევრის შემადგენლობით 104-ბინიან 9-სართულიან №10 საცხოვრებელ სახლში ერთოთახიანი ბინა №9, I სადარბაზო, IV სართული, საცხოვრებელი ფართი 20,3 კვ.მ; 3. ნ. ტ-ის ოჯახზე ოთხი წევრის შემადგენლობით (თვით, მეუღლე და ორი შვილი) 104-ბინიან 9-სართულიან №9 საცხოვრებელ სახლში ოთხოთახიანი ბინა №......, I სადარბაზო, IV სართული, საცხოვრებელი ფართი 56 კვ.მ; 4. მ. ტ-ის ორდერის საფუძველზე უნდა გადასცემოდა ერთი ოთხოთახიანი და ერთი ერთოთახიანი ბინები ...ის ქუჩა №...-ში (ბინა №... და ბინა №..., საერთო ჯამში 77.68 კვ/მ საცხოვრებელი ფართის მქონე ბინები) ამავე ქუჩაზე აშენებულ საბინაო ფონდში ორდერის საფუძველზე.
საქმის მასალებში დაცული, მოსარჩელის წარმომადგენლის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და სიტუაციური გეგმის თანახმად, 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1354 კვ.მ მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში - ს/კ ..., ხოლო 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ...ის ქუჩის ნაწილი. ამასთან, ზემოხსენებულ აზომვითი ნახაზებსა და სიტუაციურ გეგმაში მითითებულია ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 725 კვ.მ მიწის ნაკვეთი - ს/კ ... და ასევე ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ არსებული 171 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ტ. IV, ს.ფ. 82-87). სულ 4 მიწის ნაკვეთი (1354+1150+725+171=3400), რომლებიც ქმნიან ერთიან მიწის ნაკვეთს (ტ. IV, ს.ფ. 160). საჯარო რეესტრიდან 2009 წლის 24 ივნისის ამონაწერის თანახმად, ტ-იების კომლში შემავალი ერთ-ერთ წევრის - ნე. ტ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 725 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ...ის ქ. №...-ში, ხოლო ...ის ქ. №...-ში არსებულ 1354 კვ.მ-სა და თავად ...ის ქუჩის მოსაწყობად გამოყენებული 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი არ დგინდება.
დასახელებული გარემოებები ცხადყოფენ, რომ კასატორთა (მოსარჩელეთა) მთლიან კომლს გააჩნდა 3400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საბოლოოდ სარგებლობაში დარჩათ მხოლოდ 896 (725+171) კვ.მ. ფართობი, ხოლო დანარჩენი ფართობი მათი სარგებლობიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნა გასული. სახელდობრ, ტ-იების კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული იქნა ...ის (დღევანდელი ...ის) ქუჩის გაყვანისა და მოწყობისას, ხოლო ნაწილი მოქცეულია ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში მდებარე, იმ 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქალაქ ბათუმის მერის 2006 წლის 4 აპრილის მიმართვისა და ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გასხვისდა შპს „ე...ზე“.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა ქონებრივ-უფლებრივი მდგომარება განსაზღვრა ...ის საკრებულოს გამგებლის 23.03.1992წ. №2377 ცნობისა და ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 25.12.2006წ. №7-ტ და 16.03.2007წ. №04-13 საარქივო ცნობების საფუძველზე (ტ. VI, ს.ფ. 198-200) და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს თანასაკუთრებაში ჰქონდათ 0.34 ჰა (3400, მათ შორის სადავო 2504 კვ.მ) მიწის ნაკვეთი (ტ. VI, ს.ფ. 210). ...ის საკრებულოს გამგებლის 23.03.1992წ. №2377 ცნობის თანახმად, ტ-იების ოჯახი სარგებლობს 0.34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთით (ტ. II, ს.ფ. 202), ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 25.12.2006წ. №7-ტ და 16.03.2007წ. №04-13 საარქივო ცნობების მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნი №3, ს. ...ი, საკომლო წიგნში სულ მიწის რაოდენობად ნაჩვენებია 0.34 ჰა (ტ. II, ს.ფ. 224, 174), 1983-1985წწ. საკომლო წიგნი №3, ტ-იების კომლს აწერია 0.34 ჰა (ტ. II, ს.ფ. 174). აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის საარქივო განყოფილების 26.01.2009წ. №04/ტ საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ტ-იების კომლს 1986 წლიდან 2006 წლის ბოლომდე პირად სარგებლობაში აწერია 0.34 ჰა მიწა (ტ. II, ს.ფ. 211). მითითებულ ცნობებში ასახული ინფორმაციის უშუალო საფუძველია სოფელი ...ის საკომლო წიგნი №3-ის მონაცემები, რომლის თანახმად, ტ-იების კომლს პირად სარგებლობაში გააჩნდა 0.34 ჰა მიწა (სოფელი ...ის საკომლო წიგნი №3-ის შესაბამისი ნაწილის ასლი ტ. II, ს.ფ. 214, ტ. IV, ს.ფ. 76). საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას 0.34 ჰა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების თანასაკუთრების გავრცელების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მათ მითითებულ ფართზე შესაძლოა ჰქონოდათ არა საკუთრების, არამედ სარგებლობის უფლება, რაც გამომდინარეობდა საქართველოს სსრ 26.12.1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოწესრიგებიდან (93-ე მუხლის მიხედვით, მიწა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებოდა). საკომლო წიგნის მონაცემების მიხედვით პირად სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა თავდაპირველად გათვალისწინებულ იქნა 1992 წლის იანვარში დაწყებული მიწის რეფორმით („საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. №48 დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის რეფორმის პროცესში მიწის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა („საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მე-2 პ.). საქმის მასალებში დაცულია ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 15.05.2002წ. №ტ-4 წერილი, რომლის თანახმად, ტ-იების კომლის ერთ-ერთ წევრის მოთხოვნა 0.34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასა და რეგისტრაციაზე, არ დაკმაყოფილდა, წერილში ასევე აღინიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და მისი რეგისტრაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრების გამიჯვნის შემდგომ (ტ. II, ს.ფ. 233). საქმის მასალებში წარმოდგენილი არაა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 15.05.2002წ. №ტ-4 წერილის გასაჩივრებისა და 0.34 ჰა, მათ შორის 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დავალების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მოგვიანებით, ტ-იების კომლის ერთ-ერთმა წევრმა 21.11.2006წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ტ-იების კომლის სახელზე რიცხული 0.34 ჰა მიწის ნაკვეთის თაობაზე საკომლო წიგნის ჩანაწერის ნამდვილობის აღიარება (ტ. V, ს.ფ. 171-172). საქმის მასალებში დაცული არაა აღნიშნული 21.11.2006წ. დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. 22.10.2008წ. განცხადებით, ტ-იების კომლის ერთ-ერთმა წევრმა მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ...ის ქ. №...-ში მდებარე 724.5 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (შდრ. აზომვითი ნახაზები ტ. II, ს.ფ. 182 და ტ. IV, ს.ფ. 82, 87) და ...ის ქუჩა №...-ში არსებული 1880 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შდრ. აზომვითი ნახაზები ტ. II, ს.ფ. 178 და ტ. IV, ს.ფ. 85, 87) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.11.2008წ. №135 ოქმიდან ამონაწერის თანახმად, კომისიამ „მიმდინარე პერიოდისთვის“ მიზანშეუწონლად მიიჩნია 1880 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ტ-იების კომლის ერთ-ერთი წევრის საკუთრების უფლების აღიარება იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მითითებული ფართის მიმართ სასამართლო წესით მიმდინარეობდა დავა და ქონებაზე პრეტენზია სხვადასხვა პირებს გააჩნდათ (ტ. I, ს.ფ. 49). იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დგინდება 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა, საკუთრების უფლების აღიარების დამადასტურებელი საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა და მართლზომიერად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული იმ გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც დადგინდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება 2504 კვ.მ ფართზე მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის ან საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება 2504 (1354+1150) კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებით მოსარჩელეთა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის დაკვეთით შესრულებული აზომვითი ნახაზების საფუძველზე (ტ. IV, ს.ფ. 81-87), დაადგინა სადავო 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთის დღეის მდგომარეობით მდებარეობა (ტ. VI, ს.ფ. 208), თუმცა გამოკვლეული არაა მითითებულ ფართს (1150+1354 კვ.მ-ს) რამდენად მოიცავდა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის აღმასკომის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებებით ათვისებაში მოხვედრილი 12 000 კვ.მ ტერიტორია. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკომლო წიგნით მოსარჩელეებზე რიცხული 0.34 ჰა მიწის ნაკვეთიდან 1150 კვ.მ მოხმარდა ...ის ქუჩის ამჟამად ...ის ქუჩის მონაკვეთის მოწყობას, ხოლო 1354 კვ.მ-ს მოიცავდა შპს ,,ე...ს“ მიერ ქ. ბათუმის მერიისგან შეძენილი 3629 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც კომპანია მრავალბინიან კორპუსს აშენებდა (ტ. VI, ს.ფ. 209-210). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის აღმასკომის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებებით 1.2 ჰა ტერიტორია გამოიყო არამხოლოდ ...ის ქუჩის (ამჟამად ...ის ქუჩის), არამედ ასევე ...ის ქ. №1-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით (შდრ. ტ. I, ს.ფ. 23). საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან 29.06.2012წ. ამონაწერის თანახმად, 3629 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ქ. ბათუმის ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში (ტ. II, ს.ფ. 14), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის 22.04.2015წ. №25/7727 წერილის მიხედვით, შპს „ე...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართად განისაზღვრა ქ. ბათუმი, ...ის ქ. №... (ტ. II, ს.ფ. 18), საჯარო რეესტრიდან 29.04.2015წ. ამონაწერის თანახმად, 3629 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის ქ. №1-ში. ქ. ბათუმის მთავრობის 24.02.2006წ. 01-25/6-1 №51 დადგენილებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვის თაობაზე კონკურსი გამოცხადდა სწორედ საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ... კომპლექსის მშენებლობის მიზნით. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მფლობელობის (სარგებლობის) მართლზომიერებისა და შესაბამისად, ამ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის არსებობის შეფასებისთვის მნიშვნელობის მქონე, დასადგენი გარემოებაა: მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ კონკრეტულ 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მათ შორის იმ 1354 კვ.მ ფართს, რომელზედაც კომპანია აწარმოებს/აწარმოებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსის) მშენებლობას, რამდენად მოიცავდა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის აღმასკომის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებებით გამოყოფილი და ათვისებაში მოხვედრილი ტერიტორია (...ის ქუჩის მონაკვეთი და ...ის ქ. №...). საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სასამართლოს შეუძლია ადმინისტრაციულ ორგანოს არა მხოლოდ მისცეს წინადადება, არამედ საჭიროების შემთხვევაში დაავალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა (შდრ. სუსგ 18.10.2022წ., ბს-376(კ-22)). იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული კონკრეტული 2504 კვ.მ ფართის კორპუსისა და გზის მშენებლობის მიზნით გამოყოფა და ათვისებაში მოხვედრა, მაშინ მოსარჩელე მხარის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებები განისაზღვრება ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის აღმასკომის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით (შდრ. მსგავსი კატეგორიის საქმეზე მიღებული სუსგ 29.09.2022წ., №ბს-417-417(კ-18)) და არა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მოსარჩელის მიერ მითითებულ 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობებიდან გამომდინარე.
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 და 1986 წლის 28 მაისის №359 გადაწყვეტილებები მათი მიღების პერიოდში მშენებლობისთვის გამოყოფილი და ათვისებაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებსა და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის უფლებამონაცვლე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთობის მომწესრიგებელი სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია (შდრ. 29.09.2022წ., №ბს-417-417(კ-18)). საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 და 1986 წლის 28 მაისის №359 №359 გადაწყვეტილებების გაუქმება აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს ან რომელიმე სხვა ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. ამას გარდა, მითითებული გადაწყვეტილებების იურიდიულ ძალას ადასტურებს ისიც, რომ თავად ტ-იების კომლის წევრებმა მოითხოვეს და საკუთრებაში მიიღეს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებაში მითითებული ის ბინები (...ის ქუჩა №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინები), რომელთა გადაცემაც მითითებული გადაწყვეტილების მიხედვით უნდა განხორციელებულიყო საცხოვრებელი სახლის (კორპუსისა) და ...ის ქუჩის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის განთავისუფლების მიზნით (ტ. I, ს.ფ. 24, 25). ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინები უნდა გადასცემოდა მ. ტ-ისა და მის ოჯახს. საქმის მასალებით არ დასტურდება მ. ტ-იისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მითითებულ საცხოვრებელ ფართების სარგებლობაში და/ან საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მიმართვა, თუმცა ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის 20.10.2005წ. წერილის მიხედვით, მიწის ფართის ათვისების სანაცვლოდ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში არსებული საცხოვრებელი ფართის დაკანონება თავდაპირველად ნევრესტან ტ-იმა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა (ტ. II, ს.ფ. 209). მოგვიანებით, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 25.11.2011წ. №02/406 ბრძანების „დ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში, №... და №... ბინა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ა. გ-ეს, გ. გ-ეს, ი. გ-ესა და ნ. ტ-ის (ტ. VI, ს.ფ. 13). კასატორი მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის 25.11.2011წ. №02/406 ბრძანება არ უკავშირდება ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებას და ა. გ-ეს, მის მეუღლე ნ. ტ-ისა და მათ ოჯახს აღნიშნული ბინები არ გადასცემიათ მ. ტ-იისა და მისი ოჯახის ნაცვლად (ტ. VI, ს.ფ. 298). საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორი მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის 25.11.2011წ. №02/406 ბრძანებით ა. გ-ეისთვის, გ. გ-ეისთვის, ი. გ-ეისა და ნ. ტ-ისთვის საკუთრებაში გადაცემულ ბინებს კავშირი არ აქვთ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ფართებთან. მითითებული ბრძანების თანახმად, ა. გ-ე, გ. გ-ე, ი. გ-ე და ნ. ტ-ი მიჩნეულ იქნენ ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინების კანონიერ მოსარგებლეებად (ტ. VI, ს.ფ. 13). აღნიშნული ბინების პრივატიზების თაობაზე განცხადებას თან ერთოდა (ტ. VI, ს.ფ. 21) პირადი ბარათი, რომლის თანახმად, ბინის დამქირავებელია ა. გ-ე და მითითებულ ფართში ცხოვრობდნენ ა. გ-ე, გ. გ-ე, ი. გ-ე და ნ. ტ-ი (შდრ. ტ. VI, ს.ფ. 9), თუმცა არც ბინების პრივატიზებასთან დაკავშირებით გამართულ ადმინისტრაციული წარმოების და არც განსახილველ საქმეზე სასამართალო წარმოების ეტაპზე საქმის მასალებში დაცული არაა რაიმე წერილობითი გადაწყვეტილება, ბინის ორდერი ან სხვა დოკუმენტი თუ ვისგან და როდის მოხდა ა. გ-ეის ან მისი ოჯახის წევრის მიერ ბინების დაქირავება, გარდა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებისა, რომლითაც განისაზღვრა ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინებზე ორდერის გაცემა იმავე კომლში შემავალ სხვა პირებზე, კერძოდ, მ. ტ-იისა და მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ. საქმის მასალებით არ დასტურდება მ. ტ-იისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით მათთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართების სარგებლობაში ან საკუთრებაში მიღების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მიმართვა და/ან აღნიშნული ბინების ა. გ-ეისთვის, გ. გ-ეისთვის, ი. გ-ეისა და ნ. ტ-ისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის 25.11.2011წ. №02/406 ბრძანების გასაჩივრება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებაში მითითებული ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინები მ. ტ-იისა და მისი ოჯახის წევრების ნაცვლად მიიღეს ა. გ-ემ, გ. გ-ემ, ი. გ-ემ და ნ. ტ-იმა. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ბინები ა. გ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა როგორც საქართველოს სანაოსნოს ყოფილ მეზღვაურს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე მშენებარე კოოპერატიულ საცხოვრებელ კორპუსში კუთვნილი სამოთახიანი ბინის დათმობის სანაცვლოდ (ტ. V, ს.ფ. 231). საქმის მასალებში დაცული არაა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე მშენებარე კოოპერატიული საცხოვრებელი კორპუსის ბინის (უძრავი ნივთის) ა. გ-ეისადმი კუთვნილების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ა. გ-ეისთვის ...ის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ბინის გადაცემის თაობაზე და/ან თავად ა. გ-ეის მიერ ბინების პრივატიზებამდე წერილობით გამოვლენილი ნება ...ის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ბინის დათმობის სანაცვლოდ ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინების მიღების თაობაზე. ა. გ-ეის განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელმა კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის პრივატიზება მოითხოვა, მითითებული იყო მხოლოდ პირადი ბარათის ასლის, საჯარო რეესტრიდან ცნობების, აზომვითი ნახაზისა და პასპორტის ასლის შესახებ, თუმცა არა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ბინის დათმობის თაობაზე (შდრ. ტ. 6, ს.ფ. 21). როგორც ზემოთ აღინიშნა, ბინებზე რიცხული პირადი ბარათის მიხედვით, ა. გ-ე მითითებულია ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინების დამქირავებლად, თუმცა საქმის მასალებში დაცული არაა აღნიშნული ფართების დაქირავების თაობაზე დოკუმენტი. ამდენად, ა. გ-ემ და ტ-იების კომლის წევრებმა - გ. გ-ემ, ი. გ-ემ და ნ. ტ-იმა ამავე კომლის სხვა წევრების ნაცვლად საკუთრებაში მიიღეს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ფართები (...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის №... და №... ბინები), რაც ადასტურებს აღნიშნული გადაწყვეტილების იურიდიულ ძალას. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაზე მიუთითებს ასევე ის გარემოებაც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვა ბინები, საცხოვრებელი ფართის პრივატიზების გზით საკუთრებაში მიიღეს სწორედ ყველა იმ პირებმა (ს. მ-ე, ნ. მ-ე, თ. მ-ე, ც. ო-ი, გ. ტ-იი, ნ გ-ე, მ. გ-ე და მ. შ-ე), რომლებიც მითითებული იყვნენ აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებაში (შდრ. ტ. I, ს.ფ. 24-26 და ტ. V, ს.ფ. 256-258). ამდენად, დასტურდება ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებების იურიდიული ძალა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ურთიერთობაში მყოფი პირებისთვის - მშენებლობისთვის გამოყოფილი და ათვისებაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებისა და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის უფლებამონაცვლე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სასარჩელო მოთხოვნების კონკურენციას და მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების რიგითობა უნდა განისაზღვროს მიზანშეწონილობის მიხედვით (ტ. VI, ს.ფ. 211). პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უნდა შემოწმდეს, რამდენად შესაძლებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი ვალდებულების შესრულება შესაძლებელია, გამოირიცხება არაპირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილება (შდრ. სუსგ 29.09.2022წ., №ბს-417-417(კ-18)). ამდენად, გასამიჯნია - მოთხოვნა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულების დარღვევიდან თუ უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებიდან. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს როგორც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის უფლებამონაცვლეს ეკისრებოდა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართების 4 ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემა, კერძოდ: ა) ...ის ქუჩა №...-ში (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) არსებული ცხრა სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი 4-ოთახიანი და ერთი 1-ოთახიანი ბინის (№... და №... ბინების) მ. ტ-იისა და მისი ოჯახის ოთხი წევრისთვის, ბ) ...ის ქ. №...-ში (ამჟამად ...ის ქ.) ასაშენებელი 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლიდან 1 ერთოთახიანი ბინის ც. ტ-იისთვის ერთწევრიანი ოჯახისთვის, გ) 1 ერთოთახიანი ბინის ნე. ტ-ისთვის ერთწევრიანი ოჯახისთვის და დ) 1 ოთხოთახიანი ბინის ნ. ტ-ის, მის მეუღლე ა. გ-ესა და მათ ოჯახის კიდევ ორი წევრისთვის გადაცემა. ზემოხსენებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული არ არის, თუმცა იგი უნდა შესრულებულიყო კრედიტორის პირველი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში (შდრ. სუსგ 29.09.2022წ., №ბს-417-417(კ-18)). როგორც ირკვევა, ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული პირებიდან მხოლოდ ნ. ტ-ის, მის მეუღლესა და მათი ოჯახის ორ წევრს, ხოლო ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული 3 ოჯახისთვის (1. მ. ტ-იი და მისი ხუთწევრიანი ოჯახი, 2. ც. ტ-იის ერთწევრიანი ოჯახი და 3. ნე. ტ-ის ერთწევრიანი ოჯახი) ან მათი უფლებამონაცვლეებისთვის აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ოდენობით საცხოვრებელი (და არა დამხმარე) ფართების საკუთრებაში გადაცემა არ დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი არაა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის შეფასებისთვის მნიშვნელობის მქონე, დასადგენი გარემოებაა: რამდენად შესაძლებელია მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოხსენებული 3 ოჯახისთვის ან შესაბამისად მათი უფლებამონაცვლისთვის აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ოდენობით საცხოვრებელ ფართებზე საკუთრების უფლების გადაცემა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ გამართული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 25.02.2008წ. ოქმის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ე...“ ვალდებულია ...ის ქ. (ამჟამად ...ის ქ. №1-ში) ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართის 15% საკუთრების უფლებით გადასცეს თვითმმართველ ქალაქს ბათუმს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმასაც რომ არაა გამორიცხული მოსარჩელე მხარეს ქონებრივი ინტერესი მხოლოდ მიწის ნაკვეთის მიმართ გააჩნდეს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა განისაზღვრება არა დაინტერესებული პირის არჩევანით, არამედ საქმის გარემოებებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩლეთა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის არსებობა, ხოლო საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის არსებობა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რათა დადგინდეს, ტ-იების კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მშენებლობისთვის ათვისებაში მოხვედრის გარემოება. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებებით გამოიყო და ათვისებაში მოხვდა 12000 კვ.მ ტერიტორია, ამის გამო, აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით განისაზღვრა ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებისთვის საცხოვრებელ ფართებზე ქონებრივი უფლებების გადაცემა. აღნიშნული უკავშირდებოდა ...ის ქ. №...-ში ასაშენებელ 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლისა და ...ის ქუჩის მონაკვეთის მშენებლობას (ტ. I, ს.ფ. 24, 26), საცხოვრებელი ფართების გადაცემა უნდა განხორციელებულიყო სწორედ მითითებული ორი ობიექტის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დროულად განთავისუფლების მიზნით (ტ. I, ს.ფ. 24). შესაბამისად, ერთმანეთთან შეუთავსებელია ზემოხსენებული პირების მიერ ქონებრივი უფლებების ერთდროულად არსებობა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ბინებზეც და 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთზეც, რადგან ბინების გადაცემა განისაზღვრა მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის) განთავისუფლების მიზნით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მ. ტ-იისა და მისი ოჯახის ნაცვლად ნ. ტ-იმა, მისმა მეუღლემ ა. გ-ემ და მათი ოჯახის 2 წევრმა მიიღეს ის ბინები, რომლებიც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით უნდა გადაცემულიყო სწორედ ...ის ქ. №...-ში ასაშენებელ 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლისა და ...ის ქუჩის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის განთავისუფლების მიზნით. გარდა ამისა, აღინიშნა ის გარემოებაც, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომელთა გაუქმება საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, მოსარჩელეთა მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებები განისაზღვრება საცხოვრებელი ბინების გადაცემის თაობაზე ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით და არა უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების მოსარჩელე მხარის მიმართ შესრულების ადრესატია მხოლოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და არა ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისიც.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებაში მითითებული პირების მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკისრება. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს არ გაუთავისუფლებიათ საცხოვრებელი სახლი და იგი უფლებამოსილი პირისთვის არ გადაუციათ, რაც გამორიცხავს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ფართების გადაცემას მოსარჩელეებისთვის (ტ. VI, ს.ფ. 312). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, აღმასრულებელმა კომიტეტმა შესაბამისი პირებისთვის ბინების გადაცემა ...ის ქ. №...-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლისა და ...ის ქუჩის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დროულად განთავისუფლების მიზნით გადაწყვიტა (ტ. I, ს.ფ. 23, 24). შესაბამისად, ათვისებაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მოსარგებლეებისთვის ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებით ბინების გადაცემა დაკავშირებული იყო ათვისებაში მოხვედრილ მიწაზე გზისა და კორპუსის მშენებლობასთან. საქმის მასალების მიხედვით ტ-იების კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი (1150 კვ.მ) გამოყენებულ იქნა ...ის (ამჟამად ...ის) ქუჩის მონაკვეთის მოსაწყობად, ხოლო მეორე ნაწილს (1354 კვ.მ) მოიცავს იმ შპს „ე...ს“ საკუთრებაში არსებული 3629 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ გამართული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 25.02.2008წ. ოქმის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრებაში გადაცემულ ფართზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენების ვალდებულება ეკისრება (ტ. I, ს.ფ. 87, 88). ამდენად, თუ საქმეზე დასტურდება შპს „ე...ს“ მიერ კორპუსის მშენებლობა ტ-იების რიცხულ და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებებით ათვისებაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე (...ის ქ. №...-ში არსებულ ტერიტორიაზე), მაშინ 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებაში მითითებული იმ პირების მოთხოვნა საცხოვრებელი ბინების გადაცემის თაობაზე, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ამავე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ოდენობით საცხოვრებელი (და არა დამხმარე) ფართები, საფუძვლიანია.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ არასრულყოფილად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გამოიკვლია ისინი (მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული 2504 კვ.მ მიწის ნაკვეთის ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 30.12.1985წ. №857 და 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებებით კორპუსისა და გზის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაში მოქცევის და შესაბამისად ათვისებაში მოხვედრის საკითხი, ასევე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღმასრულებელი კომიტეტის 28.05.1986წ. №359 გადაწყვეტილებაში მითითებული იმ პირებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის არსებობის საკითხი, რომელთაც ჯერ არ გადასცემიათ ბინები) და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
რაც შეეხება საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებნენ მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოში მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი შეიძლება ჩაებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეს, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნული შუამდგომლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა, საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ., ი., პ., მ., ც. ტ-იების, გ. და ი. გ-ეების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე