Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-881(2კ-22) 20 აპრილი, 2023 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. მ-ი

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-იმა 2019 წლის 30 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრისთვის, დარჩენილი უფლებამოსილების ვადის შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს №04/42000 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ. მ-ის დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 6000 ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, ... წლის ...ს გ. მ-ი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 10 წლის ვადით. მას ... წლის 22 სექტემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. ამის შემდეგ, ... წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საჯარო სამსახურში, შესაბამისად, არ შეეძლო ესარგებლა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესით, თუმცა ამავე კანონის შესაბამისად, 2008 წლის ივლისში გ. მ-ის დაენიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2018 წლის აგვისტოდან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესდა რეგულაცია, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებიდან არანაკლებ 3 წლის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რომელშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა და კანონის ახალი რედაქციით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე გ. მ-ი ... წლის ...იდან დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო ... წლის ...ს, მას პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.
- გ. მ-იმა 2019 წლის 26 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრისთვის, დარჩენილი 6 წლისა და 9 თვის უფლებამოსილების ვადით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს №04/42000 წერილით ეთქვა უარი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებიდან არანაკლებ 3 წლის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რომელშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული კანონის მითითებული ნორმა ცვლილების სახით შეტანილ იქნა 2018 წლის 21 ივლისს და ამავე კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ №3265-რს ორგანული კანონის მე-3 მუხლით განისაზღვრა მისი ძალაში შესვლის დრო, რომელიც დაუკავშირდა პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცი დაიდო 2018 წლის 16 დეკემბერს, მითითებული ცვლილება ძალაში შევიდა სწორედ აღნიშნულ დღეს. ამასთან, მითითებული კანონით განხორციელებულ ცვლილებებს უკუძალა არ მინიჭებია.
სასამართლომ ასევე მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში კი, გ. მ-ის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ეთქვა უარი იმ პირობებში, როდესაც მისი, როგორც მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები დასრულდა ... წლის ...ს, ხოლო ნორმა, რომლის საფუძველზეც მან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა, ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს და იმავე საკანონმდებლო აქტით მას უკუძალა არ მინიჭებია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სასამართლომ, სადავო აქტის კანონიერების პირობებში, უსაფუძვლოდ ჩათვალა აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს №04/42000 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ამავე სააგენტოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მათი სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის როგორ ძველ, ისე ახალ რედაქციაზე, რომლებმაც უცვლელად აღიარეს სახელმწიფო ვალდებულება - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები“. ამასთან, უზრუნველყოფის ვალდებულება ვრცელდება როგორც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდზე, ასევე პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, დადგენილიყო კანონმდებლის ნება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური გარანტიების დამდგენი ნორმების დროში მოქმედებასთან მიმართებით და ამის გათვალისწინებით შეფასებულიყო, წარმოეშვა თუ არა მოსარჩელეს კონკრეტული უფლება და ექვემდებარებოდა თუ არა იგი რეალიზაციას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასმული საკითხების შეფასება მოითხოვდა სიღრმისეულად გაანალიზებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა (შემდგომში: სასამართლოს წევრი) სოციალური უზრუნველყოფის დამდგენი ნორმების მიზნობრიობა და განვითარების დინამიკა, რამეთუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სოციალური გარანტიების საკანონმდებლო რეგულირება თავდაპირველად მოხდა 1996 წლის 30 ივლისის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-9 მუხლით განისაზღვრა წესი, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების ვადის დამთავრების ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით.“ მოგვიანებით, კანონით აღიარებული სოციალური უზრუნველყოფის ფარგლები და მოცულობა რამდენჯერმე დაექვემდებარა ცვლილებას. დასახელებულმა ნორმებმა იარსება 2006 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე. 2018 წლის ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური გარანტიების მარეგულირებელი კანონი მთლიანად ინტეგრირდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. გარდა დასახელებული კანონისა, ორგანულ კანონში მოხდა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის ინტეგრირება. განსახილველი საქმისათვის რელევანტური ნორმები აისახა ორგანული კანონის ახალ II1 თავში. ამდენად, დღეისათვის, ორგანული კანონის II1 თავი არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურებასა და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებულ წესებს. ამასთან, ორგანულ კანონში ინტეგრირების შემდეგ, კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც კანონით დადგენილი გარანტიების მოქმედების დროით განზომილებას განსაზღვრავდა და ამბობდა, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა კანონის ამოქმედებამდე გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე - აღარ არის ასახული 2018 წლის 16 დეკემბრის შემდგომ ძალაში მყოფ რედაქციაში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე სადავო ურთიერთობის სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართლის, კერძოდ, სოციალური დაცვის მარეგულირებელი სფეროსათვის დამახასიათებელი იყო დენადი ურთიერთობები. სოციალური უზრუნველყოფა არის არა ერთჯერადი აქტი, არამედ სამისდღემშიო პროცესი. ამ სფეროში, კანონმდებლობის ცვლილებების მოქმედება არ ვრცელდება ძველ ურთიერთობებზე, კანონი აწესრიგებს მისი ძალაში შესვლიდან და არა მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლი გულისხმობს ნორმის ნამდვილი რეტროაქტიული ძალის აკრძალვას. რაც შეეხება არანამდვილ (რეტროსპექტიულ) უკუძალას, იგი გულისხმობს, რომ ახალმიღებული კანონი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ადრე დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გრძელდება. შესაბამისად, განგრძობადი, სამისდღემშიო ურთიერთობების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალში სავსებით დასაშვებია კანონის რეტროსპექტიული უკუძალა. აღნიშნული წესის გათვალისწინებით და საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2006 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 21 დეკემბრამდე (პრეზიდენტის ფიცის დადება) კანონი უცვლელად პირდაპირ ითვალისწინებდა უკუძალის დანაწესს. ამდენად, სახეზე გვქონდა ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა - ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. 2018 წლის 21 დეკემბრის შემდგომ, ორგანული კანონის 183 მუხლი აღარ შეიცავს ნორმატიული აქტის უკუძალასთან დაკავშირებულ პირდაპირ დანაწესს. ამდენად, 2018 წლის 21 დეკემბრიდან მოქმედ წესს გააჩნია ზემოხსენებული რეტროსპექტიული უკუძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შედეგებს წარმოშობს მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდგომ განვითარებულ სამართალურთიერთობებზე, თუნდაც ისინი ძალაში შესვლამდე ყოფილიყო დაწყებული. სააპელაციო პალატამ დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2008 წელს და იგი უწყვეტად არსებობდა 2018 წლის 21 დეკემბრამდე მანამ, სანამ მოქმედი კანონმდებლობა ექსპლიციტურად შეიცავდა ნორმების უკუძალის გავრცელების თაობაზე პირდაპირ მითითებას. შესაბამისად, უფლების რეალიზაციის დროითი პერიოდი შემოფარგლული უნდა ყოფილიყო ხანდაზმულობის ვადით, რომლის ათვლაც დაიწყებოდა 2018 წლის 21 დეკემბერს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეზე დამატებითი ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა, რა თვალსაზრისითაც ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მონაცემები. ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი 2021 წლის 29 ნოემბრის №04/11702 წერილით დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებიდან კანონით გათვალისწინებული ვადის (არანაკლებ 3 წლის) შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რომელშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაუანგარიშდა და განისაზღვრა 1200 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია დავის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
კასატორი მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183.2 მუხლში 2018 წლის 21 ივლისს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ №3265-რს ორგანული კანონის მე-3 მუხლით შეტანილი ცვლილება, რომლითაც განსაზღვრულია მითითებული კანონის ძალაში შესვლის დრო და რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცი დაიდო 2018 წლის 16 დეკემბერს, მითითებული ცვლილება ძალაში შევიდა სწორედ აღნიშნულ დღეს. ამასთან, მითითებული კანონით განხორციელებულ ცვლილებებს უკუძალა არ მინიჭებია. განსახილველ შემთხვევაში, გ. მ-ის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მისი, როგორც მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები დასრულდა ... წლის ...ს, ხოლო ნორმა, რომლის საფუძველზეც მან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა, ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს და მას უკუძალა არ მინიჭებია.
კასატორი ასევე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ გ. მ-ის უფლება ჰქონდა 2008 წლის 7 ივნისიდან, როდესაც მას „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 183.2 მუხლის შესაბამისად, დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება (კომპენსაციის დანიშვნა) სადავოდ ექცია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ცალსახად დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ყოფილი წევრის მიერ ხელფასის სრული მოცულობით და დარჩენილი უფლებამოსილების ვადით სარგებლობის ფაქტი. ამდენად, სრულიად გაუმართლებელია დავის ადმინისტრაციულ ორგანოში გამოსაკვლევად დაბრუნება, რადგან მოცემულ პირობებში სააპელაციო სასამართლოს თავად შეძლო მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. კასატორი ამავეს ითხოვს საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგანაც, ვინაიდან აშკარაა, რომ ადმინისტრაციული ორგანო კვლავ უარს იტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონის დროში მოქმედების თუ ხანდაზმულობის საკითხის არასწორი განმარტებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისისა და 7 სექტემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. მ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით გ. მ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივრები განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ გ. მ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს №04/42000 წერილით გ. მ-ის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ წევრს, უარი ეთქვა დარჩენილი უფლებამოსილების ვადით შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. უარის თქმის საფუძვლად სააგენტომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია მოსარჩელეს დანიშნული ჰქონდა 2008 წლის 7 ივნისიდან, რომლის ოდენობაც - 1200 ლარი, განსაზღვრულია ასევე დღეს მოქმედი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183.1 მუხლითაც. უარის თქმის საფუძვლად დამატებით მიეთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ამასთანავე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს სახელმწიფო გასაცემლის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს, აღინიშნა, რომ მითითებული ნორმა ეხებოდა კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში მისი რეალიზაციის უფლებას (კომპენსაციის დასანიშნად მიმართვას), რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 2008 წელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნდა.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელე გ. მ-ი ... წლის ...იდან დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო ... წლის ...ს მას პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება. 2019 წლის 26 ივლისს გ. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მისთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრისთვის, დარჩენილი 6 წლისა და 9 თვის უფლებამოსილების ვადით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, რაზეც სადავო აქტით ეთქვა უარი. ამასთანავე, დადასტურებულია, რომ გ. მ-ის 2008 წლის ივლისში, იმ დროს მოქმედი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996 წლის 25 ივნისის) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაენიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სახელმწიფო კომპენსაცია - 1200 ლარის ოდენობით, რომელსაც იღებს დღემდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. მ-ისთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრისთვის, დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით დანიშვნაზე, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით, უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია უცვლელად აღიარებს სახელმწიფო ვალდებულებას - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სოციალური გარანტიების საკანონმდებლო რეგულირება თავდაპირველად განხორციელდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური გარანტიების შესახებ“ 1996 წლის 25 ივნისის კანონით, რომლის მე-9 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების ვადის დამთავრების ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით.“ მოგვიანებით, კანონით აღიარებული სოციალური უზრუნველყოფის ფარგლები და მოცულობა რამდენჯერმე დაექვემდებარა ცვლილებას, მათ შორის, კანონში ცვლილება შევიდა 2005 წლის ბოლოს, რომლის თანახმად, 2006 წლის პირველი იანვრიდან კიდევ ერთხელ განახლდა მე-9 მუხლით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით სარგებლობის წინაპირობები, იმისათვის, რომ სასამართლოს წევრს დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით და იმ ვადით, რა ვადაშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. წინაპირობად დადგენილი ნამსახურები წლების მინიმალური ოდენობა შემცირდა 5-დან 3 წლამდე. 20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა კი საერთოდ გაუქმდა. ცვლილება ასევე შეეხო ამავე რეგულაციით დადგენილ წესს ყოფილი წევრის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ნორმის ახალი დანაწესით, ყოფილი წევრის კომპენსაცია იცვლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ამჯერად დანამატის შენარჩუნებით. გარდა ამისა, 2005 წლის ცვლილებებით ფიქსირებულად დადგინდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის და საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევებისათვის და იგი განისაზღვრა 1200 ლარით. 2005 წლის ცვლილებებით, კანონს ასევე დაემატა მე-10 მუხლი, რომელიც მიუთითებდა კანონმდებლის ნებას და ამბობდა, რომ „ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა (იგულისხმება: 1200-ლარიანი კომპენსაცია) ვრცელდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის დროის მიუხედავად.“ დასახელებული კანონის მე-10 მუხლთან ერთად, შენარჩუნდა კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც ასევე აშკარად ადგენდა კანონმდებლის ნებას, რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელებულიყო ამ კანონის ამოქმედებამდე გამწესებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული შინაარსითა და ფარგლებით კანონის დასახელებულმა ნორმებმა იარსება 2006 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე, ხოლო 2018 წლის ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური გარანტიების მარეგულირებელი კანონი მთლიანად ინტეგრირდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელმაც გარდა მცირე გრამატიკული, სტილისტური და რედაქციული ცვლილებებისა, შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურად ასახა წინამორბედი კანონით დადგენილი გარანტიების მოცულობა და ფარგლები და კვლავ გაითვალისწინა დათქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებიდან არანაკლებ 3 წლის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რომელშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად. პირველი პუნქტი კვლავ იმეორებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტს, რომელიც კანონით დადგენილი გარანტიების მოქმედების დროით განზომილებას განსაზღვრავდა და ამბობდა, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა კანონის ამოქმედებამდე გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე, აღარ არის ასახული 2018 წლის 16 დეკემბრის შემდგომ ძალაში მყოფ რედაქციაში.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და დასახელებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ...-... წლებში. კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების გარანტია კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობას უკავშირდება, თავდაპირველად 2005 წლის კანონში იქნა გათვალისწინებული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია პირს წარმოეშობა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, თუ არ არსებობს სხვა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია და არც მოსარჩელე უარყოფს, რომ იგი 2008 წლამდე მუშაობდა საჯარო სამსახურში, ხოლო 2008 წლის შემდეგ, მას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, დაენიშნა 1200-ლარიანი პენსია, რომლითაც დღემდე სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოეშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მართალია, განსაზღვრულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმა ეხება, კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, მისი რეალიზაციის უფლებას. მოსარჩელე გ. მ-ის კი სადავო უფლებით - იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება - მიეღო დარჩენილი უფლებამოსილების ვადით შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია, არ უსარგებლია კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების გამო, რასაც საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში კი, კანონი განვლილ პერიოდზე ამ უფლების რეალიზაციას არ ითვალისწინებს, მით უფრო, რომ მან 2008 წელს, სწორედ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, 1200-ლარიანი კომპენსაციის და არა დარჩენილი უფლებამოსილების ვადით კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკითხის მომწესრიგებელი ნორმის ახალ რეგულაციაზე და აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183.2 მუხლი ამავე კანონში ცვლილების სახით შევიდა 2018 წლის 21 ივლისს და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ №3265-რს ორგანული კანონის მე-3 მუხლით დადგინდა მითითებული კანონის ძალაში შესვლის დრო, რომელიც დაუკავშირდა პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცი დაიდო 2018 წლის 16 დეკემბერს, მითითებული ცვლილება ძალაში შევიდა სწორედ აღნიშნულ დღეს. ამასთან, მითითებული კანონით განხორციელებულ ცვლილებებს უკუძალა არ მინიჭებია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამასთან, ნორმატიული აქტი, სამართალში აღიარებული ზოგადი პრინციპის მიხედვით, სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მისი მიღების შემდგომ წარმოშობილი ან მის ამოქმედებამდე წარმოშობილი, მაგრამ დენადი სამართლებრივ ურთიერთობების მიმართ და მას უკუქცევითი ძალა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გააჩნია, რისი მიზანიც არის სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობისა და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმატიული აქტის მიღებამდე დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე ნორმის გავრცელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტი მას უკუქცევით ძალას ანიჭებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე დადასტურებულია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ. მ-ი ... წლის ...იდან დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო ... წლის ...ს მას, პირადი განცხადების საფუძველზე, შეუწყდა უფლებამოსილება. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2008 წელს, როცა დაასრულა საჯარო სამსახურში მოღვაწეობა და ეკუთვნოდა სადავო პერიოდში მოქმედი კანონით გათვალისწინებული 1200-ლარიანი პენსია, რაც მოითხოვა და დაენიშნა კიდეც.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას საქმეზე დადგენილ ახალ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი 2021 წლის 29 ნოემბრის №04/11702 წერილით დადასტურდა არსებითად თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც, წარმოდგენილი წერილით იკვეთება მოსარჩელესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს - ბენეფიციარს შორის განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ზემოხსენებულ ბენეფიციარს, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაუანგარიშდა და განესაზღვრა 1200 ლარით. განსახილველ შემთხვევაში კი, გ. მ-ის არ მოუთხოვია უფლებამოსილების ვადით კომპენსაციის დანიშვნა, რადგან არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოება - საჯარო საქმიანობის განხორციელება. ამ გარემოების აღმოფხვრის შემდეგ კი თავად მოითხოვა კანონით გათვალისწინებული 1200-ლარიანი პენსიის დანიშვნა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშედარება არასწორია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობაა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური დავები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, რაც არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში დავასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის საჭიროებას. შესაბამისად, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გ. მ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე