საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-994(კ-22) 26 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ვ...ი“
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლი) - სს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ვ...ის“ წარმომადგენელმა 2021 წლის 2 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2021 წლის 28 მაისის №24/9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, 2020 წლის 29 სექტემბერს შპს „ვ...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სს „...ს“ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის - 320 კვტ. სიმძლავრის ობიექტის მიერთების მოთხოვნით. მიერთების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 24 დეკემბერი. ქსელზე დაერთების საფასური - 73200 (სამოცდაცამეტი ათას ორასი) ლარი კი მოსარჩელემ გადაიხადა წინასწარ. პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებთან, რის შემდეგაც ქსელის განთავსებაზე თანხმობის მიღების მიზნით, კომპანიამ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. სააგენტომ კომპანიას არა ერთხელ დაუდგინა ხარვეზი და საბოლოოდ, ქსელის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა 2021 წლის 22 თებერვალს.
მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მან სს „...ს“ ქსელის განთავსებაზე განცხადებით მიმართა 2020 წლის 29 სექტემბერს, სს „...მა“ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქსელის განთავსებაზე თანხმობის მიღების მიზნით, მხოლოდ 2020 წლის 10 ნოემბერს წარუდგინა განცხადება მაშინ, როცა მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული მიერთების სამუშაოების დასრულების თარიღი - 2020 წლის 24 დეკემბერი. მოსარჩელის მოსაზრებით, სამუშაოების შესრულების ნახევარმა დრომ ისე გაიარა, რომ სს „...ს“ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისთვის არავითარი აქტიური მოქმედება არ განუხორციელებია, რის გამოც კომპანიამ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას მიერთების უზრუნველყოფის ვადის გაზრდის მოთხოვნით 2021 წლის 5 თებერვლამდე. საბოლოოდ, დაერთება განხორციელდა ვადის დარღვევით, რის გამოც სს „...ს“ ელექტრონული ჟურნალით დაეკისრა კომპენსაცია. 2021 წლის 22 მარტს სს „...მა“ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ობიექტური გარემოებების გამო, ელექტრონული ჟურნალით დარიცხული კომპენსაციის გაუქმება მოითხოვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 მაისის №24/9 გადაწყვეტილებით კი, სს „...ის“ მოთხოვნა - ელექტრონულ ჟურნალში შპს „ვ...ისთვის“ გათვალისწინებული კომპენსაციის გაუქმების შესახებ, დაკმაყოფილდა და ელექტრონული ჟურნალის შესაბამის ჩანაწერში მონაცემები ჩასწორდა.
მოსარჩელემ ჩათვალა, რომ სადავო აქტის ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, რადგან კომისიას სათანადოდ არ ჰქონდა გამოკვლეული საქმის გარემოებები, ასევე დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ვ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 მაისის №24/9 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ და სს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისა და სს „...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ სს „...ს“ ახალი მომხმარებლის - შპს „ვ...ის“ კუთვნილი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2021 წლის 12 მარტი. განსაზღვრულ ვადაში ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოების შეუსრულებლობის პირველი შემთხვევისას, გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის, კომპანიას ეკისრება კომპენსაცია, ახალი მომხმარებლის მიერთებისთვის დადგენილი საფასურის 50%-ის ოდენობით. 2021 წლის 12 მარტს კომპანია ასრულებდა ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოებს, თუმცა შპს „ვ...ის“ წარმომადგენლებმა სს „...ის“ წარმომადგენლებს 18:00 საათიდან არ მისცეს სამუშაოების გაგრძელების საშუალება და სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით დახურეს ობიექტი. მიერთების სამუშაოები დასრულდა მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო, კომისიის გადაწყვეტილებით, სს „...ი“ განთავისუფლდა კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესების“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საწარმო არ ეთანხმება გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობისათვის კომპენსაციის დარიცხვას, ის უფლებამოსილია წერილობით მიმართოს კომისიას ელექტრონული ჟურნალით კომპენსაციის დარიცხვის გაუქმების მოთხოვნით. საწარმოს მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც აშკარად სადავოდ ხდის ამ წესებით გათვალისწინებული კომპენსაციის დარიცხვის საკითხს და დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. ერთი მხრივ, სახეზეა კომპანიისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებები - მიერთების გეგმურად დასრულების დღეს სამუშაოების წარმოების დასრულებაზე მომხმარებლის მხრიდან წინააღმდეგობა, რის გამოც შეუძლებელი გახდა დადგენილი სტანდარტის შესრულება, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ობიექტური გარემოებები აშკარად სადავოდ ხდიდა დასახელებული წესებით გათვალისწინებული კომპენსაციის დარიცხვის საკითხს. კომპენსაციის დარიცხვის აშკარა სადავოობა კი, უკვე საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კომპენსაციის გაუქმებისთვის და მოცემული საქმის ფარგლებში, კომპენსაციის დარიცხვა იყო აშკარად სადავო. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა მიერთების მსურველს მხოლოდ მაშინ წარმოეშობოდა, თუ სს „...ი“ ხელშეშლის გარეშე ვერ დაასრულებდა მიერთების სამუშაოებს 12 მარტის ჩათვლით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განსახილველი საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტის თაობაზე. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს შპს „ვ...ისთვის“ ელექტრონულ ჟურნალში გათვალისწინებული კომპენსაციის (მიერთების საფასურის განახევრების), მიერთების სამუშაოების ხელშეშლის საფუძვლით, კომისიის მიერ გაუქმების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიანტს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. დასახელებული წესის 26-ე მუხლი ეხება ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამავე კოდექსის 261 მუხლის მიხედვით კი, განმტკიცებულია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები, ხოლო დასახელებული მუხლის 81 პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიანტის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესების“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ახალი მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ხელის შემშლელი გარემოების არსებობისას, საწარმომ „მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ დადგენილი პროცედურის დაცვით უნდა მიმართოს კომისიას, ხოლო, თუ პროცედურის დაცვა საწარმოსგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელია, მოითხოვოს კომპენსაციის გადავადება ან გაუქმება ამ წესების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ამავე წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, ამ წესების მიხედვით გადაუხადოს მომხმარებელს გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაცია. მითითებული წესების დანართის №2-ის თანახმად, ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, „მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის ყოველი გადაცილებისას მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50%-ის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით): ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება; ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება; გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით. ამასთან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და დავების გადაწყვეტის მიზნით, განიხილავს დავებს ამ კანონის 155-ე მუხლისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს შპს „ვ...ის“ წარმომადგენელმა, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სს „...ს“. განაცხადის თანახმად, მისაერთებელი ობიექტის მისამართია ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №10 (ს/კ ...), აბონენტთა საერთო რაოდენობა - 172, ხოლო გეგმით გათვალისწინებული ობიექტის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრის - 320.0 კვტ-ის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურმა შეადგინა - 73200 ლარი, რომელიც შპს „ვ...იმ‘‘ გადაიხადა 2020 წლის 29 სექტემბერს. ასევე, დადგენილია, რომ სს „...მა“ სამუშოების წარმოებაზე აქტის გამოცემის შესახებ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „...ის“ განცხადებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებებით რამდენჯერმე დადგინდა ხარვეზი. საბოლოოდ კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და სს „...ს“ მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ის ქ. №10- ის მიმდებარედ, ელექტრო მომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 11 მარტის №10/4 გადაწყვეტილებით სს „...ის“ მოთხოვნა - ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის, შპს ,,ვ...ის‘‘ კუთვნილი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის გაზრდის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომსახურების გაწევის ბოლო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 12 მარტი. სს „...მა“ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოები დაასრულა 15 მარტს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს გასაჩივრებული აქტის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა საკითხი - სს „...ის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის შეუძლებლობა განპირობებული იყო თუ არა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და შესაბამისად, სახეზე იყო თუ არა შპს „ვ...ისათვის“ გათვალისწინებული კომპენსაციის გაუქმების საფუძვლები. გასაჩივრებულ აქტში მიეთითა, რომ კომპანია ვალდებულია დაიცვას ელექტრონული ჟურნალით განსაზღვრული ბოლო ვადა, რომელიც გულისხმობს მომსახურების გაწევას ვადით განსაზღვრული ბოლო კალენდარული დღის დასრულებამდე. ამასთან, მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, კომპანიის მიერ განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს დასრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებების არსებობა. კერძოდ, შპს „ვ...ის“ მიერ გაწეული წინააღმდეგობა მიჩნეულია სს „...ისგან“ დამოუკიდებელ იმგვარ მიზეზად, რომლის გამოც შეუძლებელი გახდა დადგენილი სტანდარტის შესრულება. ამდენად, გაუქმდა ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული კომპენსაცია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, 2021 წლის 12 მარტს სს ,,...ს’‘ გააჩნდა ობიექტური მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლებდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიემართა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის სამუშაოს დასრულებისთვის გათვალისწინებული ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუმცა სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსჯელობის მიღმა დატოვა, ერთი მხრივ, შპს „ვ...ის“ მიერ მითითებული გარემოებები, თუ რამ განაპირობა სამუშაოების დასრულების მოთხოვნა და, მეორე მხრივ, ის ფაქტი, თავად სს „...ი“ შეძლებდა თუ არა სამუშაოების დასრულებას ამავე კალენდარული დღის (12 მარტის) განმავლობაში. სწორედ ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაზე, რომლითაც დასტურდება, რომ სს „...ი“ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოებს აწარმოებდა 2021 წლის 12 მარტს და 2021 წლის 15 მარტს. მხარეთა შორის სადავო არ არის ასევე შპს „ვ...ის“ ობიექტზე სს „...ის“ მიერ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოების 2021 წლის 15 მარტს დასრულების ფაქტი. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ 2021 წლის 15 მარტს განხორციელებული სამუშაოების მოცულობისა და დროის გათვალისწინების გარეშე, არ არის გამოკვლეული, სს „...ი“, მისთვის განსაზღვრულ ვადაში, შეძლებდა თუ არა მისი კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას, რაც ამ პირობებში, გამორიცხავდა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სამუშაოთა განუხორციელებლობა უპირობოდ გამომდინარეობდა შპს „ვ...ისგან“ გამოწვეული ხელისშემშლელი გარემოებითა და სს „...ისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/კ 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 22 ივლისს №1157 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე