Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1073(კ-22) 26 აპრილი, 2023 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

კასატორი (მოსარჩელე) - მ. რ-ი

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. რ-მა 2019 წლის 5 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხისთვის, მოსარჩელის მეუღლის უცხო ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო და დროული ღონისძიებების განუხორციელებლობისა და საქართველოში მისი მნიშვნელოვნად დაგვიანებით გადმოსვენების გამო, მიყენებული მორალური ზიანის სახით - 20 000 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, მ. რ-ის მეუღლე - ო. რ-ი 1999 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ. 2016 წელს მასთან კავშირი შეწყდა, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სამსახურების მიერ მეუღლის მოძებნა მოითხოვა. 2018 წლის 12 იანვარს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ...ის ფედერალური სამსახურიდან მიღებული მიმართვის საფუძველზე, აცნობა, რომ 2017 წლის მარტში მიტოვებულ შენობაში ნაპოვნი იქნა გვამი, რომელსაც ჯიბეში აღმოაჩნდა პასპორტი ო. რ-ის პირადი მონაცემებით. იდენტიფიცირებისთვის კი საჭირო იყო ოჯახის ორი წევრის დნმ-ის ანალიზი. ჩატარებული დნმ-ის ანალიზის დასკვნის საფუძველზე დადასტურდა, რომ გვამი ეკუთვნოდა მ. რ-ის მეუღლეს - ო. რ-ს, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 20 მარტს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2017 წელს გარდაცვლილი მეუღლე საქართველოში ჩამოუსვენეს 2018 წლის 28 დეკემბერს. იგი ამ დროის განმავლობაში არსად არ იყო დაკრძალული. აღნიშნული გარემოებები, მოსარჩელის მოსაზრებით, ოჯახის წევრების ნერვიულობისა და ძლიერი სტრესის მიღების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით გარდაცვლილის მეუღლის - მ. რ-ისათვის, რომელსაც შეერყა ჯანმრთელობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი მეუღლის უცხო ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო და დროული ღონისძიებების განუხორციელებლობისა და საქართველოში მისი მნიშვნელოვნად დაგვიანებით გადმოსვენების გამო მიყენებული მორალური ზიანის - 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მ. რ-მა 2017 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც განმარტა, რომ მისი მეუღლე - ო. რ-ი სამუშაოდ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასთან ჰქონდა მუდმივი კონტაქტი ტელეფონით და სხვა ტექნიკური საშუალებებით, თუმცა 2016 წლის დეკემბრიდან შეწყდა მასთან კომუნიკაცია და მისთვის უცნობი იყო რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვა შესაბამისი დახმარება.
- მ. რ-ის განცხადების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს - 2017 წლის 16 აგვისტოს, წერილით მიმართა ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ კონსულს მოსარჩელის მეუღლის - ო. რ-ის ადგილსამყოფლის დადგენისა და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელე მ. რ-ის ინფორმირების მიზნით.
- ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 აგვისტოს წერილობით განუმარტა, რომ საკონსულოს მიერ გამოიკითხა მოსარჩელის მეუღლის - ო. რ-ის ნაცნობები, რომელთაგან ერთ-ერთმა განმარტა, რომ მიმართული აქვს ...ის პოლიციისათვის, ქალაქში არსებული საავადმყოფოებისა და მორგებისთვის, თუმცა ვერ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი. ამასთან, ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო ცდილობდა ქალაქ ...ის პოლიციასთან დაკავშირებას.
- ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 28 დეკემბერს, ოთხი თვის შემდეგ, წერილობით განუმარტა, რომ საკონსულომ მიმართა ქალაქ ...ის პოლიციას და დაადგინა, რომ 2017 წლის მარტში, მიტოვებულ შენობაში ნაპოვნი იქნა ადამიანის გვამი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია, თუმცა მას თან ჰქონდა პასპორტი ო. რ-ის პირადი მონაცემებით.
- ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 12 იანვარს მოსარჩელე მ. რ-ს წერილობით აცნობა საქმის გარემოებები და განუმარტა, რომ ნაპოვნი გვამის იდენტიფიცირების მიზნით საჭირო იყო დნმ-ის ანალიზის ჩატარება, რისთვისაც აშშ-დან გადმოგზავნილი იქნა ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება.
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა და დასკვნა შესაბამის ნიმუშებთან ერთად 2018 წლის 12 თებერვალს გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის 16 თებერვალს ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გაუგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს ექსპერტის დასკვნა და შესაბამისი ნიმუშები.
- ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 30 ნოემბერს წერილობით აცნობა, რომ ქალაქ ...ის პოლიციის ინფორმაციით დასრულდა დნმ-ის ანალიზის პროცესი და დადგინდა, რომ ნაპოვნი იყო ო. რ-ის გვამი.
- სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ მისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გაგზავნილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს ექსპერტის დასკვნა და შესაბამისი ნიმუშები ქალაქ ...ის პოლიციას (გამომძიებელს) გადასცა 2018 წლის მაისში, 3 თვის დაგვიანებით, რაც დადასტურებულად მიიჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის 2018 წლის 7 ნოემბრის ელექტრონული ფოსტის მიმოწერით, რომელიც გაეგზავნა ქალაქ ...ის პოლიციის გამომძიებელს.
- საბოლოოდ, მოსარჩელე მ. რ-ის მეუღლის - ო. რ-ის ნეშტი საქართველოში გადმოსვენებული იქნა 2018 წლის დეკემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ხარჯით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 და კონვენციის მე-2 მუხლებზე, რომელთა თანახმად, ადამიანის სიცოცხლე დაცულია; სიკვდილით დასჯა აკრძალულია; საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლებით დაცული სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლების დარღვევას პოზიტიური თვალსაზრისით (პროცედურულ ნაწილში), რის გამოც გარდაცვლილის მეუღლისათვის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრისათვის გარანტირებული უნდა ყოფილიყო ამით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ ვითარებას პირდაპირ და ზუსტად არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მითითებული ნორმა გულისხმობს პირისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების გარანტიას, ხოლო ზიანი უნდა განისაზღვროს ობიექტური გარემოებების საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებასთან დაკავშირებით კი, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ კონსტიტუციის ზემოთ დასახელებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სიცოცხლის უფლებით დაცული სფერო, პოზიტიური თვალსაზრისით, პროცედურულ ნაწილში, სახელმწიფოს ავალდებულებდა პირის საეჭვო გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დროულ, მყისიერ და ყოველმხრივ გამოკვლევას, ასევე სათანადო ზომების დაუყოვნებლივ მიღებას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს გარდაცვლილი პირი.
სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემული საკითხი შეფასებულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
საქალაქო სასამართლომ საკითხის შეფასებისას ასევე მიუთითა „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-5, მე-13-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, განმარტა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ვალდებულია იზრუნოს, ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე, მათ შორის, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირებასთან, გადმოსვენებასთან, ასევე გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის დროულ და ქმედით განხორციელებაზე. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დასტურდებოდა მოსარჩელე მ. რ-ის მეუღლის - ო. რ-ის სიცოცხლის უფლებით დაცული სფეროს დარღვევა პოზიტიური თვალსაზრისით (პროცედურულ ნაწილში), რის შედეგადაც მოსარჩელემ განიცადა მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესი, მას უნდა ანაზღაურებოდა მისთვის მიყენებული მორალური ზიანი - 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ასანაზღაურებელი თანხის მითითებული ოდენობა იყო მიყენებული ზიანის გონივრული და პროპორციული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტებზე მითითებით მართებულად განმარტა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ვალდებულია იზრუნოს, ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირებასთან, გადმოსვენებასთან, ასევე გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის დროულ და ქმედით განხორციელებაზე. შესაბამისად, მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დადგენილი, რომ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაგვიანებული მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, სულ მცირე 7 თვით გახანგრძლივდა მოსარჩელე მ. რ-ის მეუღლის - ო. რ-ის ნაპოვნი გვამის იდენტიფიცირებისა და მისი საქართველოში გადმოსვენების პროცესი, რადგან საკონსულომ გაურკვეველი მიზეზების გამო, მისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა შესაბამის პოლიციას და მიიღო ინფორმაცია ნაპოვნი გვამის თაობაზე, ხოლო შემდეგ, მისთვის 2018 წლის 16 თებერვალს გაგზავნილი ექსპერტიზის დასკვნა და ნიმუშები, 3 თვის დაგვიანებით - 2018 წლის მაისში გადასცა პოლიციას დნმ-ის ანალიზის ჩასატარებლად.
ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებითაც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული 3000 აშშ დოლარი, მოსარჩელისთვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული იყო და ექცეოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაგვიანებული მოქმედებების შედეგად, სულ მცირე 7 თვით გახანგრძლივდა მოსარჩელე მ. რ-ის მეუღლის - ო. რ-ის ნაპოვნი გვამის იდენტიფიცირებისა და მისი საქართველოში გადმოსვენების პროცესი იმ მოტივით, რომ საკონსულომ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა შესაბამის პოლიციას და მიიღო ინფორმაცია ნაპოვნი გვამის თაობაზე, ხოლო შემდეგ, 2018 წლის 16 თებერვალს გაგზავნილი დასკვნა და ნიმუშები მაისში, 3 თვის დაგვიანებით გადასცა პოლიციას დნმ-ის ანალიზის ჩასატარებლად. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, არ დასტურდება საკონსულოს მიერ პოლიციისადმი 4 თვის დაგვიანებით მიმართვა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნისა და დნმ-ის ნიმუშების მხარისათვის 3-თვიანი ვადის დარღვევით გადაცემას, აღნიშნული დასკვნა უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გაგზავნილი დნმ-ის ნიმუშები ქალქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მიღებისთანავე, კერძოდ 2018 წლის მარტის დასაწყისში გაეგზავნა ამერიკულ მხარეს, რასაც ადასტურებს ამავე მხარის მიერ 2018 წლის 21 მარტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული შეტყობინება დნმ-ის ნიმუშების მიღების დადასტურებასთან დაკავშირებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალეული ქმედება, შესაბამისად, მის მიერ მოსარჩელისადმი მორალული ზიანის მიყენების ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, შესაფასებელია საკითხი, შესაძლოა თუ არა მოსარჩელეს განეცადა იმ ხარისხის მორალური ემოცია, ან/და მიეღწია ისეთი ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის, რომ მას საბოლოოდ განეცადა მძიმე სულიერი ტანჯვა. რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამდენად, სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მორალურ სულიერ ტანჯვას, თუმცა მისი ანაზღაურება დასაშვებია კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაშია შესაძლებელი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ვალდებულება, გამოეკვლია და შეეფასებინა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი, რამეთუ მისი მოთხოვნის უფლება მკაცრად განსაზღვრულია და საჭიროებს დასაბუთებულ არგუმენტაციას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით არ დასტურდება სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განხილულ იქნებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, მოსარჩელის მეუღლის უცხო ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო და დროული ღონისძიებების განუხორციელებლობისა და საქართველოში მისი მნიშვნელოვნად დაგვიანებით გადმოსვენების გამო, მოსარჩელის - მ. რ-ის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე მ. რ-მა 2017 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც განმარტა, რომ მისი მეუღლე - ო. რ-ი სამუშაოდ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა 2016 წლის დეკემბრიდან ვეღარ უკავშირდებოდა, რის გამოც ითხოვა შესაბამისი დახმარება (ს.ფ. 53). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს წერილობით მიმართა ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ კონსულს მოსარჩელის მეუღლის - ო. რ-ის ადგილსამყოფლის დადგენისა და ამის შესახებ მოსარჩელე მ. რ-ის ინფორმირების მიზნით (ს.ფ 58). ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 აგვისტოს წერილობით განუმარტა, რომ საკონსულოს მიერ გამოიკითხნენ მოსარჩელის მეუღლის - ო. რ-ის ნაცნობები, რომელთაგან ერთ-ერთმა განმარტა, რომ მიმართული ჰქონდა ქალაქ ...ის პოლიციისთვის შესაბამისი განცხადებით, ასევე ქალაქში არსებული საავადმყოფოებისა და მორგებისთვის, თუმცა ვერ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი. ამასთან, ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო ცდილობდა ქალაქ ...ის პოლიციასთან დაკავშირებას. ამავე წერილში აღინიშნა, რომ 2016-2017 წლებში ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს საემიგრაციო სამსახურიდან არ მიუღია შეტყობინება ო. რ-ის დაკავების თაობაზე, ასევე არ შესულა შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ (ს.ფ 59). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 31 აგვისტოს აღნიშნული წერილის შინაარსი შეატყობინა მ. რ-ს (ს.ფ. 60). ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა 2017 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 აგვისტოს წერილთან დაკავშირებით დამატებით აცნობა, რომ საკონსულომ მიმართა ქალაქ ...ის პოლიციას, რომლის პასუხის შესაბამისად, დასტურდება, რომ 2017 წლის მარტის თვეში, მიტოვებულ შენობაში ნაპოვნი იქნა ადამიანის გვამი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელი იყო, თუმცა მას თან ჰქონდა პასპორტი ო. რ-ის პირადი მონაცემებით (ს.ფ. 61-62). ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსულის აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 12 იანვარს მ. რ-ს წერილობით აცნობა საქმის გარემოებები და განუმარტა, რომ ნაპოვნი გვამის იდენტიფიცირების მიზნით, საჭირო იყო დნმ-ის ანალიზის ჩატარება, რისთვისაც აშშ-დან გადმოგზავნილი იქნა ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება (ს.ფ. 63). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა და დასკვნა შესაბამის ნიმუშებთან ერთად 2018 წლის 12 თებერვალს გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გაუგზავნა ექსპერტის დასკვნა და შესაბამისი ნიმუშები (ს.ფ 73). ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 30 ნოემბრის წერილით განუმარტა, რომ ქალაქ ...ის პოლიციის ინფორმაციით, დასრულდა დნმ-ის ანალიზის პროცესი და დადგინდა, რომ გარდაცვლილი იყო ო. რ-ი (ს.ფ. 74). მოსარჩელე მ. რ-ის მეუღლის - ო. რ-ის ნეშტი საქართველოში გადმოსვენებული იქნა 2018 წლის დეკემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ხარჯით.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის 2018 წლის 7 ნოემბრის წერილი (ელექტრონული ფოსტით მიმოწერა), რომელიც გაეგზავნა ქალაქ ...ის პოლიციის გამომძიებელს. აღნიშნული წერილით იკვეთება, რომ სამინისტროს თანამშრომელი ითხოვს ანალიზის პასუხების მიწოდებას, ამავე წერილში მითითებულია, რომ დნმ-ის ნიმუშების გაგზავნიდან 6 თვეა გასული (ს.ფ. 127-128). ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კი აღნიშნულ წერილზე დაყრდნობით მიიჩნიეს, რომ ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, მისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გაგზავნილი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისი ნიმუშები ქალაქ ...ის პოლიციას (გამომძიებელს) გადასცა 2018 წლის მაისში, 3 თვის დაგვიანებით.
საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოსაკვლევი და დასადგენია სწორედ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები რამდენად ქმნის ზიანის ანაზღაურების საფუძველს, ხოლო შემდეგ შესაფასებელია საკითხი დადგენილი გარემოებებით გამოწვეული მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური სტრესი ქმნის თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს მაშინ, როდესაც არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.
განსახილველ შემთხვევაში კი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში გამოიხატა, კერძოდ, მოსარჩელის მეუღლის უცხო ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო და დროული ღონისძიებების განუხორციელებლობასა და საქართველოში მისი მნიშვნელოვნად დაგვიანებით გადმოსვენებაში, რის გამოც მ. რ-მა განიცადა მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესი.
საკასაციო სასამართლო, მოპასუხის მიერ გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დროულ, მყისიერ და ყოველმხრივ გამოკვლევის მიზნებთან დაკავშირებით, მიუთითებს „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომელიც ადგენს საკონსულო საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს საკონსულო დაწესებულების, საკონსულო თანამდებობის პირისა და საკონსულო მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ფარგლებს, მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმებს, განსაზღვრავს საკონსულო თანამდებობის პირის ფუნქციებს და მათი შესრულების სამართლებრივ საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომ − საქართველოს იურიდიული პირები) უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება საკონსულო მომსახურებისა და საკონსულო დახმარების ფორმებით; მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობის, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების თანახმად, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას. სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, განმარტავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ვალდებულია იზრუნოს, ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე, მათ შორის, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირებასთან, გადმოსვენებასთან, ასევე გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის დროულ და ქმედით განხორციელებაზე, თუმცა, საკასაციო პალატის შეფასებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გარდაცვალებასთან დაკავშირებული სათანადო, დროული ღონისძიებების განუხორციელებლობას და გარდაცვლილის დაგვიანებით ჩამოსვენების ბრალეულობას. სააპელაციო პალატას მოსარჩელის მეუღლის საეჭვო გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დროულ, მყისიერ და ყოველმხრივ გამოკვლევასთან დაკავშირებით, არ უმსჯელია, სამინისტრომ გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული ყველა ის სამართლებრივი მექანიზმი, რისი გამოყენების შესაძლებლობაც მას კანონმდებლობით გააჩნდა. სააპელაციო პალატის მიერ ასევე გამოსაკვლევია, მოცემულ საკითხს ხომ არ არეგულირებს რაიმე კანონქვემდებარე აქტი, რომლითაც განსაზღვრულია საკონსულოს საქმიანობის განხორციელების ვადები და ამ ვადების დაუცველობის შედეგები მაშინ, როდესაც „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასეთი წესები განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, იმ წესების დარღვევა, რაც კანონით გაწერილი არ არის, არ შეიძლება გახდეს ორგანოსადმი ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნისა და შესაბამისი ნიმუშების ქალაქ ...ის პოლიციისათვის (გამომძიებლისათვის) 3 თვის დაგვიანებით გადაცემის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივარზე თანდართულ ელექტრონულ მიმოწერაზე, რომლის თანახმადაც დასტურდება დნმ-ის ნიმუშების ამერიკული მხარის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღების ფაქტი.
ამრიგად, საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები და საქმეში არსებული მტკიცებულებები შესაფასებელია ერთობლიობაში, რასაც საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენის შედეგად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული პროცესუალური მოწესრიგება სრულად შეესატყვისება სამართლიანი სასამართლოს უფლების კონსტიტუციურ შინაარსს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას და მხარეთა შორის სადავო არ არის საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმე განიხილა და გასაჩივრებული განჩინება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. მართალია, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება დააყრდნო საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს, თუმცა საქმეზე იკვეთება ისეთი დამატებითი გარემოებები რაც საჭიროებს ერთობლიობაში გამოკვლევას და შეფასებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი შეჯიბრებითობის პრინციპი პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციით რეგლამენტირებულ სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას. შეჯიბრებითი პროცესი ეფუძნება მხარეთა უფლებრივ თანასწორობას, აღიჭურვონ თანაბარი საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი თავიანთი პოზიციების სასარგებლო არგუმენტების წარდგენის მიზნით. შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს აძლევს სამართალწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების მოპოვება-წარდგენისა და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრულ და თანასწორ შესაძლებლობას. შეჯიბრებითობის პრინციპის არსი ეფუძნება რწმენას, რომ სათანადოდ მომზადებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, მაშინ, როდესაც სასამართლოს ძირითად ამოცანას მხარეთათვის ამგვარ მოქმედებათა განხორციელების შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, სამართალწარმოების მონაწილეები აღჭურვილნი არიან უფლებით, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, განსაკუთრებით კი ისეთ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებსაც საქმის გადაწყვეტის თვალსაზრისით ენიჭებათ არსებითი მნიშვნელობა. საპროცესო კანონმდებლობით მხარეთა მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე მოსაზრებათა გამოთქმის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ისეთ პირობებში, როდესაც მხარეები სადავოდ არ ხდიან საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით მოწმდება. განსახილველ შემთხვევაში კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის პროცესში კასატორს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მისცემია შესაძლებლობა, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, რამაც საბოლოოდ, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოიწვია.
დასახელებული გარემოებების ერთობლიობაში გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს საკითხი, შესაძლოა თუ არა საქმეზე დადასტურებულ გარემოებებს გამოეწვია ისეთი ფსიქოემოციური სტრესი, რომ მოსარჩელეს განეცადა მძიმე სულიერი ტანჯვა, რაც საბოლოოდ შექმნიდა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 1006-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის კი მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ნორმის სწორად შეფასება, რამეთუ სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს მოსარჩელემ არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.
მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში კი, საკასაციო პალატა ყურადღებას მიექცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე - „პანულო და ფორტე საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Pannullo and Forte v. France), № 37794/97, §35-36, ECHR 2001-X, რომლის შესაბამისად, სასამართლომ აღიარა, რომ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ერიკას ცხედრის მშობლებისთვის დაბრუნების დაგვიანება წარმოადგენდა გაუმართლებელ ჩარევას პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. შესაბამისად, დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ შვილის გარდაცვალების ტრაგიკული გარემოებებისა და ცხედრის მშობლებისთვის დაბრუნებამდე გასული ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, მომჩივნებმა უდავოდ გადაიტანეს ფსიქიკური ტანჯვა, რომლის დარღვევის დადგენა საკმარისი არ იყო ვითარების გამოსასწორებლად. კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად კი, სამართლიან საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლომ თითოეულ მომჩივანს მიანიჭა 100 000 ფრანგული ფრანკი.
მოცემულ საკითხზე მსჯელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე: „სარიშვილი და ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის № 58240/08).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო-სამართლებრივი დანაწესების დარღვევით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივ წინაპირობებს წარმოშობს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ხელახალი განხილვის პროცესში სააპელაციო სასამართლომ უნდა გამართოს ზეპირი მოსმენა და კასატორს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) მისცეს გასაჩივრებულ განჩინებაში სარჩელის საფუძვლიანობის გამომრიცხველ ან დამადასტურებელ გარემოებებთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არის გამხდარი, კერძოდ, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები მიუთითებენ ისეთ გარემოებაზე, რომლის თანახმად, არ იკვეთება დნმ-ის ანალიზის დაგვიანებით გადაგზავნა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე გამოსაკვლევი რჩება საკონსულო დეპარტამენტის მიერ ქალაქ ...ის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მონაცემთა სისტემაში განაცხადის დროულად დარეგისტრირების საკითხი. ამასთანავე, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული ფაქტობრივი გარემოების ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლისათვის მისადაგებას და განმარტავს, რომ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონი მოპასუხის მიერ გამოყენებულია იმ მოცულობით, რის შესაძლებლობასაც აძლევდა მას სამართლებრივი აქტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის ხელახალი განხილვის პროცესში პასუხი უნდა გასცეს კასატორის მიერ მითითებულ არგუმენტებს, შეაფასოს მის მიერ დაფიქსირებული ზემოთ მითითებული პოზიციის საფუძვლიანობა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ყოველმხრივი შესწავლისა და სამართალწარმოების მონაწილეთა მოსაზრებების მოსმენის შემდგომ, მისცეს სამართლებრივი შეფასება სადავო სამართლებრივ საკითხს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლით და
დაადგინა:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე