საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1489(კ-22) 28 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. მ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. მ-ემ 2021 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოსარჩელის ნაწილში ამავე სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბრის №03-3380/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, მოსარჩელის ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც განსახლებულია ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - შპს „...ში“ (...ი). აღნიშნულ შენობას მიენიჭა ნგრევადი სტატუსი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კრიტერიუმების გარეშე მოახდინა მასში მცხოვრები დევნილების გრძელვადიანი განსახლება და გადასცა ბინები. მოსარჩელის ოთხსულიან ოჯახს კი შესთავაზეს ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილება, რომელშიც საძინებლის რაოდენობა მხოლოდ ერთი იყო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების მოქმედი რედაქციის შესაბამისად, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები არ განთავსდნენ საერთო ფართში. მითითებული ჩანაწერი კი ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსარჩელე უნდა დაკმაყოფილდეს ცალკე ერთოთახიანი ბინით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი;
- დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობა - შპს „...ი“ (...ი) წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, რომელსაც მიენიჭა ნგრევადი სტატუსი და იქ მცხოვრები დევნილების საკითხი სამინისტროს მიერ განიხილება კრიტერიუმების გარეშე;
- 2020 წლის 30 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახის წევრები არიან: ნ. ხ-ე (ოჯახის უფროსი); ზ. მ-ე (შვილი); ა. მ-ე (შვილი); თ. ქ-ი (რძალი, არადევნილი პირი). აღწერის ფორმაში ასევე მითითებულია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობაში (შპს „...ი“) განხორციელდა აღწერა. სამსახურის წარმომადგენლებს მისამართზე დახვდა ოჯახის ყველა წევრი;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, ნ. ხ-ე, ზ. მ-ე, ა. მ-ე და თ. ქ-ი (არადევნილი პირი) დაკმაყოფილდნენ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით;
- სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 დეკემბრის №03-3380/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №62), ქალაქ ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი დანართის შესაბამისად. აღნიშნულ დანართში მითითებულნი არიან: ნ. ხ-ე, ზ. მ-ე, ა. მ-ე (სარეგისტრაციო ნომერი ...) და თ. ქ-ი (არადევნილი პირი). განსახლების მისამართი - ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. კორპ. ..., ... ბლოკი, მე-8 სართული, ბინა №..., ოთახების რაოდენობა - 2.
- 2020 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე ოჯახის №196 წერილობითი თანხმობით დასტურდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა, შემდეგი შემადგენლობით: ნ. ხ-ე, ზ. მ-ე, ა. მ-ე და თ. ქ-ი, თანხმობა განაცხადეს მიიღონ მათზე განაწილებული ოროთახიანი საცხოვრებელი ფართი, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩა, კორპუსი ..., ... ბლოკი, მე-8 სართული, ბინა №..., რაც ყველამ დაადასტურა ხელმოწერით. 2020 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა №196 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ასევე ხელმოწერილ იქნა ოჯახის ყველა წევრის მიერ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით დადგენილ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებზე. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამასთან, ამავე წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი №320 ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №8 დანართის („გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები, დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“) შესაბამისად. ამავე ნორმის მე-13 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახი დაკმაყოფილდა ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ამავე ბრძანებით დამტკიცებული №8 დანართის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ უსაფუძვლო იყო ზ. მ-ის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის გადაცემისას, მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ფართის საორიენტაციო სტანდარტების დარღვევის თაობაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ზ. მ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 დეკემბრის №03-3380/ო ბრძანება ზ. მ-ის ნაწილში და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას, ამასთან, მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო პერიოდში მოქმედი 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და განმარტა, რომ დასახელებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და - ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ 2020 წლის 30 ივნისის აღწერის ფორმაზე, რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: ნ. ხ-ე (ოჯახის უფროსი), ზ. მ-ე (შვილი), ა. მ-ე (შვილი) და თ. ქ-ი - რძალი (არადევნილი პირი). აღწერის ფორმაში ასევე მითითებულია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში, შპს ,,...ში“ (...ი) განხორციელდა აღწერა, რა დროსაც სამსახურის წარმომადგენლებს მისამართზე დახვდა ოჯახის ყველა წევრი. დასახელებული გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის არსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ არ გამორიცხა მოსარჩელის უფლება, როგორც დევნილი განსახლებული იქნეს დამოუკიდებლად ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა ოჯახის წევრთან, საპირისპირო სქესთან ერთ ოთახში. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად საერთო ფართის გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა რომ ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისაგან და მათ გადაეცათ საკუთრებაში მხოლოდ ოროთახიანი ბინა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ გაუთვალისწინებია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ოჯახის წევრთა სულადობის, მათი სრულწლოვანებისა და საპირისპირო სქესის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №62) იმსჯელა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა დევნილი ოჯახი, კრიტერიუმების გარეშე, სულადობის გათვალისწინებით ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩაზე არსებული ოროთახიანი ბინით. 2020 წლის 23 ოქტომბერს დევნილ ოჯახთან გაფორმდა №196 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ოჯახის ყველა წევრმა, მათ შორის, ზ. მ-ემაც მოაწერა ხელი. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, შეესაბამებოდა ნორმატიული აქტით, კერძოდ, მინისტრის №320 ბრძანების დანართი №9-ით დადგენილ საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს. ამრიგად, თანხმობის წერილზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დროს მხარეთათვის ცნობილი იყო მათი ერთ ოჯახად დაკმაყოფილების საკითხი და გადასაცემი საცხოვრებელი ფართის ოთახების ოდენობაც, რაც დევნილებს სადავოდ არ გაუხდიათ.
კასატორი მიუთითებს ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომელიც განმარტავს დევნილი ოჯახის ცნებას. მითითებული ნორმის მიხედვით, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამრიგად, კანონის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო ნომრის არსებობა, არამედ ნათესაური ან თუნდაც არანათესაური კავშირის მქონე პირების მუდმივად ერთად ცხოვრება და შინასამეურნეო საქმიანობის ერთად განხორციელების ფაქტის არსებობა. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ოჯახის წევრებად უნდა ჩაითვალონ ის პირები, რომლებიც ერთ ფართში ცხოვრობენ და ერთად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთან ეს ორი პირობა უნდა არსებობდეს ერთად. მოცემულ შემთხვევაში მათი ერთ ოჯახად ცხოვრება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმის მიხედვით. ამასთანავე, მხარეები არიან ქმედუნარიანი, სრულწლოვანი პირები და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს გამოხატეს თავისუფალი ნება და თანხმობა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე შეთავაზებული პირობებით.
სააგენტოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და კანონიერი, ხოლო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება - დაუსაბუთებელი. ადმინისტრაციულ ორგანოს კი საკითხის განხილვისას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები. სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების ზეპირი მოსმენის გარეშე შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი;
- დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე შენობა - შპს „...ი“ (...ი) წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, რომელსაც მიენიჭა ნგრევადი სტატუსი და იქ მცხოვრები დევნილების საკითხი სამინისტროს მიერ განიხილა კრიტერიუმების გარეშე;
- ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 30 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახის წევრები არიან: ნ. ხ-ე (ოჯახის უფროსი); ზ. მ-ე (შვილი); ა. მ-ე (შვილი); თ. ქ-ი (რძალი, არადევნილი პირი). აღწერის ფორმაში ასევე მითითებულია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობაში (შპს „...ში“) განხორციელდა აღწერა. სამსახურის წარმომადგენლებს მისამართზე დახვდათ ოჯახის ყველა წევრი;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, ნ. ხ-ე, ზ. მ-ე, ა. მ-ე და თ. ქ-ი (არადევნილი პირი) დაკმაყოფილდნენ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით;
- სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 დეკემბრის №03-3380/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №62), ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი დანართის შესაბამისად. დანართში მითითებულნი არიან: ნ. ხ-ე, ზ. მ-ე, ა. მ-ე (სარეგისტრაციო ნომერი ...) და თ. ქ-ი (არადევნილი პირი). განსახლების მისამართია - ქალაქ ქუთაისი, ...ის ქ. კორპ. ..., ... ბლოკი, მე-8 სართული, ბინა №..., ოთახების რაოდენობა - 2.
- 2020 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე წერილობითი თანხმობით დასტურდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა, შემდეგი შემადგენლობით: ნ. ხ-ე, ზ. მ-ე, ა. მ-ე და თ. ქ-ი, თანხმობა განაცხადეს მიიღონ მათზე განაწილებული ოროთახიანი საცხოვრებელი ფართი, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩა, კორპუსი ..., ... ბლოკი, მე-8 სართული, ბინა №.... აღნიშნული შეთავაზება ოჯახის ყველა წევრმა დაადასტურა ხელმოწერით, რის საფუძველზეც 2020 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა №196 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ასევე ხელმოწერილ იქნა ოჯახის ყველა წევრის მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზ. მ-ისთვის ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის №62 ოქმის შესაბამისად, მისი ოჯახი დაკმაყოფილებული იყო ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით სულადობის გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.
ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისია ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უნდა დასტურდებოდეს. თუმცა აღნიშნული გამონაკლისიც ექვემდებარება რიგითობის დაცვას, თუ სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტში მცხოვრებ დევნილებს გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ დევნილებს, რომლებსაც ასეთი საცხოვრებელი არ აქვთ. საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში და მასში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი ექვემდებარებოდა კრიტერიუმების გარეშე განხილვას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს საკითხი, რამდენად შესაძლებელია მოსარჩელის დევნილი ოჯახის ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების შემდეგ, ოჯახში სხვადასხვა სქესის სრულწლოვანი წევრების არსებობის პირობებში, მოსარჩელის ერთოთახიანი ბინით ცალკე დაკმაყოფილება.
დასახელებული გარემოების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ წესზე, რომლის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი №320 ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №8 დანართის შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა შეადგენს 3-4 მოსახლეს, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა შესაბამისობაში მოდის ოროთახიან ბინასთან, ფართით 45-60მ2, ხოლო 5-6-სულიანი ოჯახის შემთხვევაში - სამოთახიანთან. ამასთანავე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდენენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში. მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის, 2020 წლის 30 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახის წევრებად მითითებულნი იყვნენ: ნ. ხ-ე, ზ. მ-ე, ა. მ-ე და თ. ქ-ი (არადევნილი პირი). „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეები დაკმაყოფილდნენ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ამავე ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის არსებობის პირობებში, შესაძლოა, მოსარჩელე, როგორც დევნილი, ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით მოცემულ ეტაპზე განსახლდეს დამოუკიდებლად და არა ოჯახის საპირისპირო სქესის წევრთან ერთ ოთახში, რის გამოც საკითხი ექვემდებარება დამატებით გამოკვლევას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დევნილთა მიერ განაცხადის გაკეთების, აღწერის ფორმების შევსებისა და სადავო აქტის გამოცემის დროისთვის ოთხსულიან ოჯახებზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის საორიენტაციო სტანდარტს ოროთახიანი ბინა წარმოადგენდა, ამასთან, არარელევანტურია მოსარჩელის მითითება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტზე, რამდენადაც დასახელებული ნორმის შინაარსი, სხვადასხვა სქესის ოჯახის სრულწლოვანი წევრების არსებობის პირობებში, მათი ორ ბიოლოგიურ ოჯახად განხილვას და ცალ-ცალკე ფართით დაკმაყოფილებას არ ითვალისწინებს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართის საკითხის განხილვისას სააგენტოს შეძლებისდაგვარად შეუძლია საპირისპირო სქესის სრულწლოვანი დევნილების გათვალისწინება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მის ვალდებულებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა ზ. მ-ის მითითება საცხოვრებელი ფართის გადაცემისას მოპასუხის მხრიდან გამოყოფილი ფართის საორიენტაციო სტანდარტების დარღვევის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე ოჯახის წერილობითი თანხმობით ასევე დასტურდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა - ნ. ხ-ემ, ზ. მ-ემ, ა. მ-ემ და თ. ქ-მა თანხმობა განაცხადეს მიეღოთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმი №62-ის საფუძველზე განაწილებული ოროთახიანი საცხოვრებელი ფართი, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ., კორპუსი ..., ... ბლოკი, მე-8 სართული, ბინა №..., რაც ოჯახის ყველა წევრმა დაადასტურა ხელმოწერით. 2020 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ასევე მიღება-ჩაბარების აქტი №196, რომელიც ასევე ხელმოწერილ იქნა ოჯახის ყველა წევრის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლასა და მოსარჩელეთა ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების მართებულობას. საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს პოზიცია დაუსაბუთებელია, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სადავო - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბრის №03-3380/ო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით (საქმე №ბს-1363(კ-22).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე