Facebook Twitter

ბს-1457 (კ-22) 26 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ამ 15.12.2021წ. სარჩელით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ... წლიდან ... წლის ჩათვლით მისი შს ორგანოებში მუშაობის ფაქტის დადასტურება, ასევე სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო მასალების მომზადების და მისი სოციალური მომსახურების ორგანოში წარდგენის შს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის დავალდებულება.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 17.12.2021წ. განჩინებით ნ. გ-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 05.04.2022წ. გამართულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა ფაქტის აღიარება მასზედ, რომ მოსარჩელე ნ. გ-ამ ... წლის 08 სექტემბრიდან ... წლის სექტემბრის ბოლომდე იმსახურა სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელე ნ. გ-ამ ... წლის 08 სექტემბრიდან ... წლის სექტემბრის ბოლომდე იმსახურა სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2022წ. განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. გ-ას განმარტებით, აფხაზეთის იძულებით დატოვებამდე იგი მსახურობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის შინაგან საქმეთა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე, პოლიციის (მილიციის) კაპიტნის წოდებით. ნ. გ-ას მითითებით, მან 1977 წელს დაამთავრა სსრკ შსს თბილისის მილიციის საშუალო სკოლა და მიიღო შესაბამისი კვალიფიკაცია. 1978 წლიდან, ...ის წოდების მიღებიდან მუშაობდა შს გალის რაიგანყოფილების არასაუწყებო დაცვის ინსპექტორად, შემდგომ უფროს ინსპექტორად. ნ. გ-ას სამმართველოში მუშაობის ფაქტი დაადასტურეს ამავე სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულნი იქნენ მოწმის სახით მოსარჩელის მიერ მითითებული პირები. ჯ. ს-ამ, მ. ბ-ამ და ი. გ-ამ დაუდასტურეს სასამართლოს ფაქტის სისწორე. ნ. გ-ამ წარმოადგინა ასევე ფოტოსურათები, როგორც სადავო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეში დაცულია საარქივო ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ნ. გ-ა 1970 წლამდე გადიოდა ვადიან სამსახურს შავი ზღვის ფლოტის ნაწილებში, ხოლო შემდეგ დათხოვნილი იქნა თადარიგში ვადიანი სამსახურის დასრულების გამო და გაიგზავნა აფხაზეთის ასსრ გალის რსკ-ში. მოსარჩელემ წარმოადგინა ასევე აფხაზეთში საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის 11.01.2001წ. წერილი და მასზე თანდართული სია. წერილში მითითებულია 1992 წლამდე აფხაზეთში მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს 623 თანამშრომლის თაობაზე და სიაში 345-ე ნომრად მითითებულია ... ნ. გ-ა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის სასარჩელო მოთხოვნის - მუშაობის ფაქტის აღიარების დაკმაყოფილების წინაპირობას, ვინაიდან მათი ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელის ... წლის 08 სექტემბრიდან 1970 წლის დეკემბრამდე ვადიან სამხედრო სამსახურში - შავი ზღვის ფლოტის ნაწილებში, ხოლო 1975 წლის 01 ოქტომბრიდან ... წლის სექტემბრის ბოლომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოში ნამსახურობის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან. შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ ნ. გ-ა ... წლის 08 სექტემბრიდან ... წლის სექტემბრამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს. ნამსახურების წლები უნდა დასტურდებოდეს სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან და არა მოწმეთა ჩვენებით. კასატორის მოსაზრებით ნ. გ-ა ვერ აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალებით ნ. გ-ამ 13.09.2021წ. განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მისი შს ორგანოებში მუშაობის ფაქტის დადგენა. აღნიშნული განცხადების პასუხად ნ. გ-ას 08.10.2021წ. NMIA 5 21 02661985 წერილით ეცნობა, რომ მისი პირადი საქმე და შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს საარქივო დანაყოფებში დაცული არ არის, მოძიებულ იქნა მხოლოდ სსრკ შსს თბილისის მილიციის საშუალო სპეციალური სკოლის უფროსის ბრძანება მისი აღნიშნულ სკოლაში ჩარიცხვის და დამთავრების შესახებ, რის გამოც ნ. გ-ას განემარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოემზადებინა მასალები სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ფედერალური კერძო დაწესებულება ცენტრალური არქივის ფილიალის მიერ მომზადებული საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც ნ. გ-ა ... წლის 08 სექტემბერს გაწვეულ იქნა აფხაზეთის ასსრ გალის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ ვადიან სამსახურში შავი ზღვის ფლოტის ნაწილებში, სადაც იმსახურა 1970 წლის დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ დათხოვნილ იქნა თადარიგში ვადიანი სამსახურის დასრულების გამო და გაიგზავნა აფხაზეთის ასსრ გალის რსკ-ში. საქმეში დაცულია აგრეთვე აფხაზეთში საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის 11.01.2001წ. წერილი და მასზე დართული სია, რომლის მიხედვითაც ... წლის სექტემბრამდე აფხაზეთში მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს 623 თანამშრომელს შორის მითითებულია (სიაში 345-ე ნომრად) ... ნ. გ-ა. სადავო პერიოდში ნ. გ-ას აფხაზეთის შს სამინისტროში მუშაობის ფაქტი დაადასტურეს აგრეთვე 25.03.2022წ. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ. ს-ამ, მ. ბ-ამ და ი. გ-ამ, რომლებიც ასევე მითითებულნი არიან ზემოაღნიშნულ სიაში, ... წლის სექტემბრამდე აფხაზეთში მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შორის.

ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ წელთა ნამსახურობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლიობა და მოწმეთა განმარტებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული არ იყო ... წლამდე ბრძანებები, არ შეიძლება გამხდარიყო ნ. გ-ას შრომითი სტაჟის დადგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი