ბს-1400 (კ-22) 26 აპრილი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ, გუ. გ-ემ, მ. გ-ემ და გი. გ-ემ 16.11.2020წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 05.10.2020წ. N03-2064/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2022წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ეის, გუ. გ-ეის, მ. გ-ეის და გი. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უსრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 05.10.2020წ. N03-2064/ო ბრძანება მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის’’ 2020 წლის 21 და 22 სექტემბრის N19 საოქმო გადაწყვეტილებით გ. გ-ეს, გუ. გ-ეს, მ. გ-ეს და გი. გ-ეს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ ეტაპზე არ საჭიროებდნენ გადაუდებელ განსახლებას, შეეძლოთ შეუზღუდავად ესარგებლათ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 05.10.2020წ. N03-2064/ო ბრძანებით ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ N19 ოქმის საფუძველზე, გ. გ-ეს, გუ. გ-ეს, მ. გ-ეს და გი. გ-ეს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადი ექვემდებარება თუ არა დაკმაყოფილებას, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. სააპელაციო პალატამ საზკ-ის 53.5 და 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ არის გარკვეული თუ რა კავშირი ჰქონდათ მოსარჩელეებს გ. გ-ითან, რა საფუძვლით ცხოვრობდნენ ისინი გ. გ-ის საკუთრებაში და ცდილობდა თუ არა მესაკუთრე მათ გამოსახლებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეები არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას, ვინაიდან შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად ისარგებლონ თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლით, რაც მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლიანობას გამორიცხავს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სახლის მესაკუთრე არის უცხო პირი, რომელიც ცდილობს ოჯახის გამოსახლებას, თუმცა აღნიშნული გარემოება შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმ გარემოებების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, კერძოდ აღნიშნავს, რომ გ. გ-ემ 2014 წელს (ეკომიგრანტი) ოჯახის წევრებთან ერთად (გუ. გ-ე, მ. გ-ე, გი. გ-ე) შეავსო საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი, მან 20.01.2020წ. მდგომარეობით წინასწარი შეფასების შედეგად დააგროვა 16.0 ქულა: საცხოვრებელ სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება -10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა. მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (აჭარა, ხულო, ...) 15.08.2020წ. განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი აღარ არსებობს. გეოლოგიური დასკვნით ტერიტორია წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდს, რომელიც ამჟამად სტაბილიზაციას განიცდის. ოჯახი ამჟამად ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. მხარის განმარტებით 16 წელია ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ...ში გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ სახლში. მონიტორინგის მასალები წარედგინა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას, ხოლო კომისიამ 2020 წლის 21 და 22 სექტემბრის (სხდომის ოქმი №19) სხდომაზე განიხილა მოქალაქე გ. გ-ეის ოჯახის საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი, რადგან მხარე არ საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას და შესაძლებლობა ჰქონდა შეუფერხებლად ესარგებლა თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით. მინისტრის 13.11.2013წ. N779 ბრძანების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, რომლებიც თავდაპირველად, სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და რომელთაც სხვებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი გ. გ-ეის ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება, რადგან მის ოჯახს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, რომლითაც 15 წელზე მეტია შეუზღუდავად სარგებლობს. კასატორი სზაკ-ის 96.2 და 53-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერი და დასაბუთებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1.2 მუხლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის 2.1 მუხლის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. საქმის მასალების მიხედვით გ. გ-ემ 11.07.2014წ. განაცხადით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განაცხადი წარადგინდა მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. 20.01.2020წ. განცხადების შეფასების ფორმის მიხედვით, გ. გ-ეის ოჯახს მიენიჭა სულ 16 ქულა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორიის გამო 10 ქულა და სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არარსებობის გამო 6 ქულა. 15.08.2020წ. გადამოწმების ოქმის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი აღარ არსებობს, გეოლოგიური დასკვნით ტერიტორია წარმოადგენს ძველ მეწყრულ ფერდს, რომელიც ამჟამად სტაბილიზაციას განიცდის. ოჯახი 16 წელია გადასულია და ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში გ. გ-ის საკუთრებაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 21 და 22 სექტემბრის №19 სხდომის ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მოსარჩელეთა ოჯახს, რომელიც შეფასებულია 16 ქულით და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს I კატეგორიის დაზიანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 05.10.2020წ. №03-2064/ო ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 21 და 22 სექტემბრის №19 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის გ. გ-ეის ოჯახი. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონებით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. დადგენილია, რომ გ. გ-ეის ოჯახი შეფასდა 16 ქულით და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელს სახლს მიენიჭა I კატეგორიის დაზიანება. ამდენად, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან შეუზღუდავად სარგებლობს გ. გ-ის საკუთრებაში არსებული სახლით, ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება ეკომიგრანტი ოჯახის გამოსახლების საშიშროება, არ არის დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ირაგის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 07.12.2020წ. მოხსენებით ბარათზე და სარჩელში დაფიქსირებულ მოსარჩელეთა პოზიციაზე, რომლის მიხედვით უძრავი ქონების მესაკუთრე გ. გ-ის სურს გ. გ-ეის ოჯახის მისი საკუთრებიდან გამოსახლება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ რა კავშირი ჰქონდათ მოსარჩელეებს გ. გ-ითან, რა საფუძვლით ცხოვრობდნენ ისინი გ. გ-ის საკუთრებაში და ცდილობდა თუ არა მესაკუთრე მათ გამოსახლებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას, დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ისე ეთქვათ უარი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, რომ შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გ. გ-ეის არასრუწლოვან შვილებს მარი და გი. გ-ეებს. შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოაღნიშნული გარემოებაც.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. სააგენტო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი