Facebook Twitter

ბს-953(კ-21) 26 აპრილი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ე...-მა“ 14.11.2019წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. ბათუმის მერიის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 15.10.2019წ. №2396 ბრძანების ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2020წ. გადაწყვეტილებით, შპს „ე...-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 15.10.2019წ. №2396 ბრძანება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 5.6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო იხილავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს, ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს. ამავე კანონის 5.7 მუხლის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებების მინისტრისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამშენებლო ტერიტორია მოქცეულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. გასაჩივრებული ბრძანებით შპს „ე...-ს“ უარი ეთქვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო ტერიტორია იმყოფებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის თანახმად, საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ. აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები: ...; ...; ...; ...; ...; ...) მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასა და არქიტექტურულ პროექტს (უარი გრგს შემუშავებამდე). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამშენებლო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა ეს მას არ ათავისუფლებს სზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის მოვალეობისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისაგან. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემის მომენტში (15.10.2019წ.) არ ჰქონდა პასუხი მიღებული აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოდან, ამდენად გაურკვეველია სამშენებლო ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებობის ფაქტის დადგენის საფუძვლები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის მიმართ ადგილი აქვს თუ არა საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სამშენებლო ტერიტორია მოქცეულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რის გამო მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა შპს „ე...-ის“ განცხადება განსახილველად გააგზავნა აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების ნაწილს, რომლის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა. მოსარჩელის განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, საბჭოს დასკვნა მნიშვნელოვანია. განსახილველ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას უარი ეთქვა. გასაჩივრებული აქტის შინაარსი მიუთითებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ წარმოების განახლების პერსპერქტივაზე. მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი წესების დარღვევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სადავო ბრძანების დასაბუთება და სარეზოლუციო ნაწილი ურთიერთშეუსაბამოა, კერძოდ, გასაჩივრებული აქტის დასაბუთებაში მითითებულია, რომ სამშენებლო ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებობის გამო განსახილველ საკითხზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახლდება განცხადების განხილვა, რის გამო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო აქტის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ შპს „ე...-ის“ განცხადება მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამდენად, აქტის დასაბუთება და სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობრივია. სზაკ-ის 53.1 და 53.2 მუხლების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული აქტის დასაბუთება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას მიუთითოს ის გარემოებები, რამაც გავლენა მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური აქტის დასაბუთების მოთხოვნა არა მარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასაც უწყობს ხელს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის დასაბუთებისა და სარეზოლუციო ნაწილის შეუსაბამობა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიღებაზე მიუთითებს, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოშობდა.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის საკასაციო საჩივარში იმ გარემოებაზე მითითება, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის შესახებ ბრძანების მართებულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილება ადასტურებს. მითითითებული გადაწყვეტილებით სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას უარი ეთქვა კულუტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, გრგ-ს შემუშავებამდე, თუმცა გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, არ არის განმარტებული პროექტის დამტკიცების მიზანშეუწონლად მიჩნევის კონკრეტული საფუძვლები და გარემოებები, გაურკვეველია რა საფრთხე შეიძლება შექმნას წარდგენილი პროექტის დამტკიცებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე დასაბუთებული არ არის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) არარსებობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა საფუძვლით გამორიცხავს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას. კასატორი მიუთითებს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების საკითხის გადაწყვეტისას კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, თუმცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა 15.10.2019წ. ბრძანება მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ 30.10.2019წ. გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა. გასათვალისწინებელია, რომ საბოოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც განმცხადებლის მიმართ კონკრეტულ შედეგს წარმოშობს, იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური და არა კულტურული მემკვიდრეობის საბჭო. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მასთან წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა ან საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გამოკვლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი