საქმე #ბს-1262(კ-22) 20 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 30 ოქტომბერს მ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 9 ოქტომბრის #37/5471 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2019 წლის 28 ნოემბერს მ. ი-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) მდებარე კომერციული დანიშნულების ობიექტის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) დემონტაჟის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) მდებარე კომერციული დანიშნულების ობიექტის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) დემონტაჟის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანების მოქმედება.
2020 წლის 21 იანვარს მ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ „ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის წევრების - ე. ვ-ისა და რ. ლ-ას მიერ აშენებული კომერციული დანიშნულების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე 2016 წლის 18 ოქტომბრის #37 1378 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 ნოემბრის #37 1503 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების - ე. ვ-ის და რ. ლ-ას მიერ სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის გამოიცა მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2016 წლის 8 თებერვალს #37 109 ბრძანება და შემდგომში, გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც, ე. ვ-ემ და რ. ლ-ამ განახორციელეს მშენებლობა. გამგებლის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული შენობა შესულ იქნა ექსპლუატაციაში.
მოსარჩელის მითითებით, გ. კ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა მშენებლობის ნებართვა სხვა აქტებთან ერთად, რომლებიც სასამართლომ ბათილად ცნო. ზემოხსენებული შენობა გასხვისებულ იქნა ე. ვ-ის და რ. ლ-ას მიერ და იგი შეიძინა მ. ი-მა, რომელიც მესამე პირად იყო ჩართული საქმეში. მ. ი-მა სამტრედიის მუნიციპალიტეტისაგან მიიღო წერილი, რომლითაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია მ. ი-ს სთხოვს, დემონტაჟის განხორციელებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურთან პირობების შეთანხმებას. აღნიშნული წერილის სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, მოპასუხე მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე გამოცემულ იქნა 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანება ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) მდებარე კომერციული დანიშნულების ობიექტის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) დემონტაჟის შესახებ. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი ზღუდავს მ. ი-ის უფლებას და მას აყენებს პირდაპირ ზიანს. მ. ი-ი არის კეთილსინდისიერი შემძენი და მას არანაირი შემხებლობა არა აქვს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მ. ი-ის #3/91-19წ. ადმინისტრაციული საქმე მოპასუხე ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მ. ი-ის #3/02-20წ. ადმინისტრაციული საქმე მოპასუხე ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, გაერთიანდა ერთ წარმოებად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. კ-ე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო და თავად აპელანტიც არ უარყოფდა, რომ 2019 წლის 9 ოქტომბრის წერილით, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 15 ოქტომბერს, მ. ი-ს ეცნობა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეეთანხმებინა დემონტაჟის პირობები, თუმცა, მოპასუხე მხარემ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიიღო და მოპასუხის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაელოდებოდა მათ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც მიღებულ იქნა დემონტაჟის შესახებ ბრძანება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ბრძანება კანონშესაბამისი იყო, ამასთან, იგი წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულ აქტს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მითითებაზეც, რომ იგი წარმოადგენდა დემონტაჟს დაქვემდებარებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად არ იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემა პირდაპირ უკავშირდებოდა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების (სამტრედიის რაიონული სასამართლოს 16.01.2017 წლის #3/66-16 გადაწყვეტილება) აღსრულებას. შესაბამისად, იმავე დასაბუთებით უსაფუძვლო იყო მეორე სასარჩელო მოთხოვნაც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გ. კ-ის მიერ არ გასაჩივრებულა შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანება და არც სასამართლოს უმსჯელია მის შესახებ. ამასთან, კასატორი თვლის, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დღესაც ძალაშია, ხოლო ბათილად არის ცნობილი მშენებლობის ნებართვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მიიღო წერილი, რომლითაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ მ. ი-ს მოსთხოვა მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურთან დემონტაჟის განხორციელებისათვის პირობების შეთანხმება. ზემოხსენებული წერილის სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, მოპასუხე მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე გამოცემულ იქნა 2019 წლის 4 ნოემბერს #37 1383 ბრძანება ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე კომერციული დანიშნულების ობიექტის დემონტაჟის შესახებ, რომელიც, კასატორის შეფასებით, ასევე, უკანონოა, რამდენადაც მესამე პირს არ მისცემია შესაძლებლობა, ჩართულიყო ადმინისტრაციულ პროცესში, წარედგინა მტკიცებულებები და დაეცვა საკუთარი ინტერესები.
კასატორი თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში იყო, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, მიეღო გადაწყვეტილება ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ი-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ ს.კ. ... მიწის ნაკვეთზე (მიწის უძრავი ქონების) მდებარე კომერციული დანიშნულების ობიექტის (მიწის უძრავი ქონების) (საკადასტრო კოდი ...) დემონტაჟის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანებისა და „ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის წევრების - ე. ვ-ისა და რ. ლ-ას მიერ აშენებული კომერციული დანიშნულების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე 2016 წლის 18 ოქტომბრის #37 1378 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 ნოემბრის #37 1503 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქუჩის #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების - ე. ვ-ისა და რ. ლ-ას მიერ სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2016 წლის 8 თებერვალს გაიცა #37 109 ბრძანება მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობების დამტკიცების შესახებ, ხოლო შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც, ე. ვ-ემ და რ. ლ-ამ განახორციელეს მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობა, გამგებლის ბრძანების საფუძველზე, შევიდა ექსპლუატაციაში. დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - გ. კ-ის მიერ გასაჩივრდა მშენებლობის ნებართვა სხვა აქტებთან ერთად. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 16.01.2017წ. #3/66-16 გადაწყვეტილებით, გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სადავო ქონებასთან დაკავშირებით მიღებული აქტები. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 16.01.2017წ. #3/66-16 გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ასევე დადგენილია, რომ სადავო შენობა გასხვისდა ე. ვ-ისა და რ. ლ-ას მიერ და იგი შეიძინა მ. ი-მა, რომელიც ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ დავაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად იქნა ჩაბმული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით.
დადგენილია, რომ მ. ი-მა სამტრედიის მუნიციპალიტეტისაგან მიიღო წერილი, რომლითაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვდა, რომ მ. ი-ს დემონტაჟის განხორციელებისათვის პირობები შეეთანხმებინა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურთან, ხოლო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანებით მ. ი-ს დაევალა ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) მდებარე კომერციული დანიშნულების ობიქეტის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) დემონტაჟი. დემონტაჟის ვადად განისაზღვრა ბრძანების ჩაბარებიდან 45 კალენდარული დღე.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 ნოემბრის #37 1503 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქ. სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის წევრების - ე. ვ-ისა და რ. ლ-ას მიერ აშენებული კომერციული დანიშნულების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ოქტომბრის #37 1378 ბრძანება.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი: 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 თებერვლის #37 109 ბრძანება, რომლითაც ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქუჩის #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების - ე. ვ-ისა და რ. ლ-ას მიერ სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობისათვის მოხდა მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობების დამტკიცება; 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 თებერვლის #37 110 ბრძანება ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქუჩის #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ე. ვ-ის და რ. ლ-ას მიერ სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ; 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 ივნისის #37 696 ბრძანება და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 ივნისის #37 698 ბრძანება ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქუჩის #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების - ე. ვ-ის და რ. ლ-ას მიერ სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის თაობაზე არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ და სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების და მშენებლობის გაგრძელების შესახებ.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ობიექტის მშენებლობა მიჩნეულია უკანონოდ და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ 2019 წლის 9 ოქტომბრის წერილით, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 15 ოქტომბერს, მ. ი-ს ეცნობა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეეთანხმებინა დემონტაჟის პირობები, თუმცა, მოპასუხე მხარემ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიიღო და მოპასუხის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაელოდებოდა მათ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც მიღებულ იქნა დემონტაჟის შესახებ ბრძანება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ბრძანება კანონშესაბამისია, ამასთან, იგი წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულ აქტს.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ წარმოადგენს დემონტაჟს დაქვემდებარებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და მას არანაირი შემხებლობა არა აქვს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მითითებას და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.09.2017წ. განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.11.2018წ. განჩინებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ი-ი მესამე პირის სტატუსით იყო ჩართული გ. კ-ის მიერ გასაჩივრებული მშენებლობის ნებართვისა და სხვა შესაბამისი აქტების კანონიერების განხილვის პროცესში, რომლებიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ქალაქ სამტრედიაში, ...ის ქ. #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე კომერციული დანიშნულების ობიექტის (საკადასტრო კოდი: ...) დემონტაჟის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ნოემბრის #37 1383 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა პირდაპირ უკავშირდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (სამტრედიის რაიონული სასამართლოს 16.01.2017 წლის #3/66-16 გადაწყვეტილება) აღსრულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ი-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე ე. ვ-ეს (პ/ნ ...) 23.12.2022წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ი-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ე. ვ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინება;
3. მ. ი-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ე. ვ-ის (პ/ნ ...) მიერ 23.12.2022წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა