Facebook Twitter

საქმე №ბს-179(კს-23) 26 აპრილი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ო...“

მოწინააღმდეგე მხარეები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ნ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2023წ. განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ნ...მა“ 10.03.2020წ. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანების მოქმედების შეჩერება, ასევე შპს „ო...ისთვის“ მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) განშლის რეგისტრაციის აკრძალვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქობულეთში, ...ის ქ. №...-ში შპს „ო...ი“ (შპს „ოლ...-ის“ ახალი საფირმო სახელწოდება) ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს და აზიანებს მის მომიჯნავედ მდებარე შპს „ნ...ს“ საკუთრებაში არსებულ შენობას, რომელიც წარმოადგენს სასტუმროს. შპს „ო...ის“ მშენებლობის პროექტი იყო 8 სართულიანი, რომელსაც დაემატა ჯერ 1 სართული და შემდგომ დამატებით 3 სართული. სართულის მატებასთან ერთად მატულობს სასტუმროს დაზიანების ხარისხიც. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდა და უკანა ეზოს განაშენიანების წესების დარღვევა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2020წ. განჩინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების თაობაზე შპს „ნ...ს“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ნ...ს“ მიერ.

შპს „ნ...მა“ 01.05.2020წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.12.2015წ. ბრძანების, 07.09.2016წ. ბრძანების, 24.10.2016წ. ბრძანების, 28.02.2017წ. ბრძანების და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის, 19.07.2017წ. ბრძანების და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის, 20.09.2017წ. ბრძანების, 03.10.2017წ. ბრძანების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანების და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა.

შპს „ო...მა“ 11.08.2020წ. სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მოსაზრება შპს „ნ...ს“ კერძო საჩივართან დაკავშირებით. მოსაზრებას დაერთო შპს „დ...-ის“ მიერ 2020წ. მომზადებული გავლენის შეფასება მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.02.2017წ., 19.07.2017წ. ბრძანებები და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2020წ. განჩინებით, შპს „ნ...ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.03.2020წ. განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „ნ...ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა არქიტექტორული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანების მოქმედება, რომლითაც განხორციელდა შპს „ოლ...-ის“ არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები და გაიზარდა კ-2 კოეფიციენტი, შპს „ო...ს“ (შპს „ოლ...-ის“ ახალი საფირმო სახელწოდება) აეკრძალა მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მე-10-დან მე-12 სართულის ჩათვლით.

შპს „ო...მა“ 09.03.2021წ. განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ადმინისტრაციულ საქმეში, შპს „ნ...ს“ სარჩელისა გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მესამე პირად ჩაბმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.2021წ. განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში, შპს „ნ...ს“ სარჩელისა გამო, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს „ო...ი“.

შპს „ო...მა“ 27.04.2021წ. განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით შპს „ნ...ს“ მიერ უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.2021წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

შპს „ო...მა“ 11.08.2021წ. შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ზიანს აყენებს, როგორც კომპანიის, ასევე სხვა პირთა (ბინის მესაკუთრეთა) ინტერესებს. მშენებლობის გაჩერებამ გამოიწვია უკვე შესრულებული სამუშაოების დაზიანება. სააპელაციო სასამართლომ 16.09.2020წ. განჩინების მიღებისას გაითვალისწინა 11.02.2020წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მსჯელობა კ2 კოეფიციენტთან დაკავშირებით. მითითებული დასკვნის მიღების შემდგომ შპს „ო...ის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ფართობის ოდენობა გაიზარდა, რაც გამორიცხავს კ2 კოეფიციენტის გადამეტებას. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის ავტორმა სასკ-ის 29.8 მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია. შპს „ო...ის“ მითითებით შპს „ნ...ს“ სასტუმროს დაზიანება შეუძლებელია კორპუსის მშენებლობით იყოს გამოწვეული, ვინაიდან შენობებს შორის დაშორება არის 3,5 მ, ზიანის მიყენების შეუძლებლობას ასევე ადასტურებს შპს „დ...-ის“ მიერ მომზადებული შეფასება. რაც შეეხება 11.02.2020წ. ექსპერტიზის დასკვნაში ასახულ სხვა დარღვევებს, ასეთი დარღვევების არსებობის შემთხვევაში შპს „ნ...“ არ არის უფლებამოსილი მოითხოვის სადავო აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან შპს „ნ...ს“ და შპს „ო...ის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის გადის საზოგადოებრივი გზა, ხოლო მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადეს თანხმობა, რაც დამოწმდა სანოტარო წესით.

შპს „ო...ის“ 11.08.2021წ. შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.09.2021წ. განჩინებით, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2021წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ო...ის“ მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 07.04.2022წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2021წ. განჩინება და შპს „ო...ის“ განცხადება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების შესახებ, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.2022წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,ო...ის“ განცხადება არ აკმაყოფილებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადის (ერთი თვე) სსკ-ის 426-ე მუხლის იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნას, კერძოდ, განცხადება შეტანილია ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ო...ის“ მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2022წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.2022წ. განჩინება და შპს „ო...ის“ 11.08.2021წ. განცხადების განხილვის მიზნით, საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით ვადის განუსაზღვრელობა არ წარმოშობს აღნიშნულ ნორმასთან ერთად სსკ-ის 426-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობას, რომელიც ადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის აუცილებლობას ერთი თვის განმავლობაში, მხარისთვის შესაბამისი გარემოების თაობაზე ინფორმირებიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შპს „ო...ის“ 11.08.2021წ. განცხადებაზე არსებითი მსჯელობის შედეგად, სასკ-ის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, სახეზეა თუ არა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების წინაპირობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2022წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.09.2020წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

შპს „ო...მა“ 25.01.2023წ. სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ახსნა-განმარტება და მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინების გაუქმების თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული გარემოებებისა და მასზე დართული დოკუმენტებიდან გამომდინარე სახეზეა სასკ-ის 29.8 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. შპს „ო...მა“ დამატებით მიუთითა არქიტექტორ ჯ. ბ-ის მიერ მომზადებულ შეფასებაზე, რომლითაც დასტურდება მშენებლობის სამივე სტადიის კანონშესაბამისობა. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულია სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინების მიღების შემდგომ. უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზიანის არსებობა დასტურდება 05.02.2021წ. ექსპერტიზის დასკვნით და ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ბინის მესაკუთრესთან 21.01.2021წ. დადებული შეთანხმებით. დავის ამ ეტაპზე გაუმართლებელი და განგრძობადი ზიანის მომტანია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2023წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული შინაარსი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს იურიდიული მნიშვნელობის ისეთ ფაქტებს, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და ცნობილი არ იყო არც განმცხადებლის და არც სასამართლოსთვის, ასევე იმ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტებსაც, რომლებიც წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და რომელთა გათვალისწინება არსებითად ცვლის მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, შესაბამისად ფაქტობრივ საფუძველს აცლის სასამართლოს მიერ ამ ფაქტების გათვალიწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დაძლეული იქნა მტკიცების ტვირთი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის და გართულების თაობაზე, ხოლო მესამე პირის განცხადება და მასზე დართული მტკიცებულებები წარმოადგენს არა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, არამედ შედავებას და ეხება არა უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნას, არამედ უშუალოდ დავის საგანს, რაც ყოველმხრივ განხილულ და გამოკვლეულ უნდა იქნეს დავის არსებითად გადაწყვეტისას. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ განაპირობებს იმ სამართლებრივ შედეგს, რისთვისაც მხარე იღვწის და ასეთი შეფასებულ უნდა იქნეს შპს „ნ...ს“ მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული დოკუმენტები (დასკვნა/შეფასება) არ ქმნიან სასკ-ის 29.8 მუხლის და სსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის სამართლებრივ შემადგენლობას, რის გამოც წარმოდგენილი განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუსაბუთებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2023წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ო...ის“ მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასკ-ის 29.8 მუხლი უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით არსებობდა საქმის განხილვის დროისთვის, რომლის შესახებ მხარემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა. სასკ-ის 29.8 მუხლი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ბევრად უფრო ფართო შემთხვევებს, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს სსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით (იხ. სუსგ 30.01.2018წ. საქმე №ბს-1174-1168(კს-17)). საკასაციო სასამართლომ 07.04.2022წ. განჩინებაში ყურადღება გაამახვილა არქიტექტორის ჯ. ბ-ის დასკვნაზე, რომელიც შეიცავს მშენებლობის სამივე სტადიის კანონშესაბამისობის შეფასებას, ასევე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაფასებელია სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით არსებითი ზიანის მიყენების შესაძლებლობა. მიუხედავად საკასაციო სასამართლოს მითითებისა, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით არსებითი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინების გაუქმების წინაპირობას. სადავო არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანების მოქმედების შეჩერებით არსებითი ზიანი ადგება, როგორც შპს „ო...ს“, ასევე სხვა პირებს. 11.08.2021წ. განცხადებაში მითითებული გარემოებები საფუძველს აცლის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ფაქტების გათვალისწინების გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოში წარმოდგენილია არა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტის შეჩერებამდე, არამედ წარდგენილია ისეთი მტკიცებულებებიც, რომლებიც წარმოიშვა აქტის მოქმედების შეჩერების შემდგომ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინებას საფუძვლად დაედო ექსპერტიზის დასკვნა კ2 კოეფიციენტთან დაკავშირებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდგომ შპს „ო...მა“ 28.06.2020წ. შეიძინა 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 24.07.2020წ. გააერთიანა იმ მიწის ნაკვეთთან, რომელზეც მიმდინარეობს სადავო მშენებლობა. ნაკვეთის საერთო ფართმა შეადგინა 1213კვ.მ., რაც არა მარტო აკმაყოფილებს, არამედ აღემატება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს. რაც შეეხება სამშენებლო ობიექტებს შორის დაცილების კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, ამ საფუძვლით სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელია. აღნიშნულ ზღვართან დაკავშირებით შპს „ო...ის“ მიერ დაცულია კანონმდებლობის მოთხოვნები, ამასთანავე, ზღვარი დაცული უნდა იქნეს მშენებლობის დაწყებისას, ხოლო უკვე აშენებულ ობიექტზე სართულების დაშენების უფლების დართვის მიზნით გამოცემული აქტის კანონიერებაზე გავლენას ვერ ახდენს ის გარემოება, მშენებლობის დაწყებისას დაცული იქნა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი დაშორების ზღვარი. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სხვა სახის დარღვევებს, მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებასთან დაკავშირებით მოსაზღვრე მეზობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებულია 29.07.2021წ., ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე შუამდგომლობა წარდგენილი იქნა 11.08.2021წ..

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ირღვევა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ბალანსი აღნიშნულ ინტერესებს შორის. მოსარჩელის მხოლოდ მითითება სადავო აქტის უკანონობაზე ან/და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე საკმარისი არ არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. უფლების დროებითი შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სასკ-ის 29.8 მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინების გაუქმების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორმა შპს „ნ...ს“ 23.01.2023წ. წერილობით მოსაზრებაზე დართულ საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აღნიშნული დასკვნები არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს განცხადების უსაფუძვლობას, არ მიუთითებს რაიმე ახალ გარემოებაზე, არ ადასტურებს შპს „ნ...სთვის“ განხორციელებული მშენებლობით ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან დასკვნებში მითითებულია ზიანის მიყენების ალბათობასა და ვარაუდზე, ასევე დასკვნები არ ადასტურებს შპს „ნ...ს“ მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტს. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.01.2023წ. განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინების გაუქმების თაობაზე შპს „ო...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2020წ. განჩინებით, შეჩერდა არქიტექტორული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 05.09.2019წ. ბრძანების მოქმედება, რომლითაც განხორციელდა შპს „ოლ...-ის“ არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები და გაიზარდა კ-2 კოეფიციენტი, ასევე შპს „ო...ს“ აეკრძალა მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მე-10-დან მე-12 სართულის ჩათვლით. შპს „ო...მა“ 11.08.2021წ. შუამდგომლობით მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2023წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ო...ის“ მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას (სასკ-ის 29.1 მუხ.). სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სუსპენზიური ეფექტი უფლების დროებით დაცვას ემსახურება. მისი მიზანია ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა მმართველობის ღონისძიების შედეგებისაგან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით (სასკ-ის 29.2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში შპს „ნ...ს“ მიერ აღძრული სარჩელის საგანს შეადგენს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბრძანებ(ებ)ის კანონიერება, შესაბამისად, მითითებული ბრძანების მოქმედება ჩერდება არა სარჩელის მიღებით, არამედ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამასთანავე, სასკ-ის 29.8 მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს უფლებამოსილება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინება. მართალია, აქტის მოქმედების შეჩერების საკითხს სასამართლო წყვეტს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეჯამებითი შემოწმების შედეგად, ინდივიდუალური აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ შეადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მართებულობა. ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაზე სასკ-ის 29.9 მუხლი ადგენს კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნელყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.03.2020წ. განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „ნ...ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ასევე მხარეებს განემარტათ, რომ აღნიშნული განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და მისი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების ეს წესი კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. სსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება დასაშვებია სსკ-ის 199-ე-1991-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიება უქმდება სარჩელის მიღებაზე უარის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში (სსკ-ის 1991-ე მუხ.), ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობისას (სსკ-ის 199 მუხ.). განსხვავებით სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისგან სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (აქტის მოქმედების შეჩერების) გაუქმების დასაშვებობას ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობის შემთხვევაში (სასკ-ის 29.8 მუხ.), ამდენად, განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს სასკ-ის 29.8 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობა, რაც სადავო აქტის შეჩერების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის. ახლად აღმოჩენილი გარემოების, როგორც ტერმინის განმარტება გადმოცემულია სსკ-ის 423-ე მუხლში. სსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოს საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ საკითხის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მხარისთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ბევრად ფართო შემთხვევებს, რომელიც არ იზღუდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით. სასკ-ს 29.8 მუხლი უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად, შეჩერების შემდეგ წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სსკ-ს 423-ს მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა (სუსგ 12.09.2019წ. საქმე №ბს-688(კს-19)). ამდენად, სასკ-ის 29.8 მუხლი მხარის უფლების დაცვის მეტ შესაძლებლობას მოიცავს, რადგან სსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისგან განსხვავებით, მხარე არ არის შეზღუდული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, შემდგომში დამდგარი გარემოებისა და მტკიცებულების წარდგენაში.

კერძო საჩივრის ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლო, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტთან დაკავშირებით არ შეესაბამება ამჟამად არსებულ ვითარებას, კერძოდ, აღნიშნული დასკვნის მიღების შემდგომ შპს „ო...მა“ დამატებით შეიძინა მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი და დღეის მდგომარეობით ნაკვეთის ფართობის ოდენობა, რომელზეც განლაგებულია სამშენებლო ობიექტი, შეადგენს 1213კვ.მ.-ს, რაც აკმაყოფილებს განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტისთვის დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ქობულეთში, ...ის სანაპირო №...-ში მდებარე 300კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შპს „ოლიმპ გრუპის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 28.06.2020წ., ხოლო შპს „ო...ის“ 15.07.2020წ. განცხადების საფუძველზე უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად 1213კვ.მ. ნაკვეთზე კერძო საჩივრის ავტორის საკუთრება დარეგისტრირდა 24.07.2020წ.. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე განჩინების მიღების დროისთვის (16.09.20წ.) შპს „ო...ის“ საკუთრებად უკვე რეგისტრირებული იყო 1213 კვ.მ. ფართობის ოდენობის მიწის ნაკვეთი. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ნ...ს“ კერძო საჩივარი, აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.03.2020წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით გაეგზავნა შპს „ო...ის“ დირექტორს, კერძო საჩივართან დაკავშირებით ამ უკანასკნელის მიერ მოსაზრება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა 11.08.2020წ., შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღებამდე შპს „ო...ისთვის“ ცნობილი იყო მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის გაზრდის შესახებ, თუმცა მიუხედავად შპს „ნ...ს“ კერძო საჩივარში კ-2 კოეფიციენტთან მითითებული პრეტენზიისა, შპს „ო...ს“ ამ საკითხთან დაკავშირებით შედავება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება არქიტექტორ ჯ. ბ-ის შეფასებაში ასახულ დასკვნას კ-2 კოეფიციენტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობის თაობაზე, აღნიშნული შეფასებაც მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდას ემყარება და არა სხვა რაიმე ახალ გარემოებას, ამდენად, ამ გარემოებაზე მითითება, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე, არ არის დასაბუთებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ახლად აღმოჩენილ გარემოებად 11.08.2021წ. განცხადებაში შპს „ო...ი“ მიუთითებდა აგრეთვე სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული მშენებლობით შპს „ნ...ს“ შენობისთვის ზიანის მიყენების შეუძლებლობაზე, რის დასადასტურებლად უთითებდა შპს „დ...-ის“ მიერ მომზადებულ მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე გავლენის შეფასებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი თან ერთვის შპს „ო...ის“ 11.08.2020წ. მოსაზრებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა სააპელაციო პალატის მიერ უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღებამდე, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს ისეთ დოკუმენტს, რომელიც ცნობილი არ იყო მხარისთვის ან სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს ამ გარემოების ახლად აღმოჩენილ გარემობად მიჩნევის შესაძლებლობას.

უსაფუძვლოა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების პირობად სამშენებლო ობიექტის სამეზობლო საზღვრიდან დაშორების მანძილის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მითითება. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინებაში ასახულია შპს „ნ...ს“ განმარტება სამშენებლო ობიექტის საკადასტრო საზღვრიდან ისეთ მანძილზე მდებარეობის შესახებ, რაც ზიანის თავიდან ასაცილებლად ნიადაგის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებდა. ზიანის მიყენების შეუძლებლობის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორი შპს „დ...-ის“ მიერ მომზადებულ გავლენის შეფასებაზე უთითებს. როგორც აღინიშნა, ხსენებული დოკუმენტი წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღებამდე და მასში ასახული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებებს. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე იმ გარემოებაზე მითითება, რომ სამეზობლო საზღვრიდან სამშენებლო ობიექტამდე მანძილის კანონშესაბამისობა ან შეუსაბამობა გავლენას ვერ ახდენს არქიტექტურულ პროექტში ცვლილების კანონიერებაზე. საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. N59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლით განსაზღვრულია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესი, მათ შორის მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში ნაკვეთების საზღვრიდან 3 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ღიობის მოწყობის შესაძლებლობა (26.151 მუხ.), შენობის საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე (26.18 მუხ.) და სხვ.. არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბრძანებ(ებ)ის კანონიერება ფასდება შპს „ნ...ს“ სარჩელზე დავის არსებითად განხილვის ეტაპზე და არა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ემყარება ვარაუდს, რომ სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს, თუმცა ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების შინაარსზე. რაც შეეხება მოსაზღვრე ნაკვეთების მეზობლების (ამხანაგობა „ჭ...“ და გ. მ-ე) ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებზე მითითებას, აღნიშნული თანხმობები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოშობს, სარჩელის უზრულველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი მითითებული მოსაზღვრე მეზობლების თანხმობის არარსებობა არ გამხდარა, შესაბამისად, მეზობლების (ამხანაგობა და გ. მ-ე) თანხმობა არ წარმოადგენს ისეთ დოკუმენტს, რომელიც მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს. ზოგადი წესის თანახმად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა ექვემდებარება ორ სტადიას, კერძოდ, განცხადების დასაშვებობასა და მის საფუძვლიანობას. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე მოწმდება მისი შესაბამისობა ფორმალურ სტანდარტებთან. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი დამოუკიდებელ საპროცესო სტადიას წარმოადგენს. განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობის შესაძლებლობას კანონმდებლობა უშვებს განცხადების დასაშვებად ცნობის შემდგომ. ამდენად, განცხადების დასაშვებობის შემოწმება და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შემოწმება ცალ-ცალკე საპროცესო სტადიაა, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობით დამოუკიდებლად წესრიგდება. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს 07.04.2022წ. განჩინებით შემოწმდა დაუშვებლობის გამო განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, შესაბამისად, მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითება მოცემულ შემთხვევაში არ არის რელევანტური, ვინაიდან საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოს 12.12.2022წ. განჩინებით, შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. კანონიერ ძალაში მყოფი განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სასამართლოში. ამ ღონისძიების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც კვლავ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, აღსრულების გართულების რისკი ან სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენების სხვაგვარი საჭიროება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის ერთ-ერთ საპროცესო გარანტიას და შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 01.12.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ჯორჯიან მანგანეზი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 6, 8). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, განმცხადებლის (მოსარჩელის) უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების მზღუდავ საშუალებას. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით განმცხადებლის ინტერესების დაცვამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწინააღმდეგე მხარისთვის ზიანის მიყენება, რაც იმთავითვე თავისთავად არ წარმოშობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარის თქმის საფუძველს. ადმინისტრაციული კანონმდებლობა აქტის მოქმედების შეჩერების წინაპირობად, მისი უკანონობის გარდა, სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულებით მხარისთვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტსაც ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნის გარდა საქმეში დამატებით წარმოდგენილი იქნა შპს „თ...ის“ 16.01.2023წ. საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით, შპს „ნ...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ვიზუალურად სახეზეა გრუნტის არათანაბარო ჯდომის შედეგები, რაც დიდი ალბათობით გამოწვეულია გვერდით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით და გამოიხატება იატაკზე დაგებული კერამიკული ფილების ხაზოვანი დასკდომით, სადარაბაზოს სივრცეში გამოყენებული მინის ბლოკების დაბზარვით/დასკდომით, კედლებზე გამოჩენილი ბზარებით, რაც შემდგომ დაკვირვებას საჭიროებს. გარდა ამისა, შპს „ა...ის“ 17.01.2023წ. საექსპერტო დასკვნის მიხედვით, შპს „ნ...ს“ სასტუმროსთვის მიყენებული ზიანი დიდი ალბათობით გამოწვეულია მომიჯნავედ მდებარე მასიური მრავალსართულიანი შენობის აშენებით, სასტუმროს შენობაზე აღმოჩენილი დაზიანებები ერთი-ერთი ნიშანია იმისა, რომ შენობამ განიცადა არათანაბარი ჯდენა, აღნიშნულის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს მეზობლად მასიური შენობის განთავსება, ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის და გართულების თაობაზე ტვირთი მოსარჩელის მიერ დაძლეული იქნა. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება არა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების კანონიერება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, არამედ სასკ-ის 29.8 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეულ ზიანსა და მისი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვაზე, წარმოადგენს მსჯელობას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების უსაფუძვლობაზე და არა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მხარე შეზღუდული არ არის მიმართოს სასამართლოს აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, შემდეგში ისეთი ფაქტების წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც გამოიწვევს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 16.09.2020წ. განჩინებაზე წარდგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების შესახებ შპს „ო...ის“ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი