Facebook Twitter

საქმე Nბს-907 (კ-20) 26 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ს. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინება

დავის საგანი - შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს. ს-მა 23.01.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 26.12.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ირანის მოქალაქე, იგი ლეგალურად არის დასაქმებული საქართველოში, 2018 წლის ოქტომბრიდან შრომით ურთიერთობაშია შპს „რ...ასთან“, მუშაობს პროექტის დიზაინერის პოზიციაზე, იღებს შრომით ანაზღაურებს და აკმაყოფილებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ყველა წინაპირობას, რის გამო გაურკვეველია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. ს. ს-ი თვლის, რომ არ ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემცველ საქმიანობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „რ...ასა“ და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ს. ს-ს შორის 26.10.2018წ. გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად დასაქმებული კისრულობს პროექტის დიზაინერის თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულების ვალდებულებას და მისი ხელფასი შეადგენს 600 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით). ს. ს-ი საქართველოში შემოვიდა 16.12.2018წ., სასაზღვრო გამშვებ პუნქტ - თბილისის აეროპორტის საშუალებით. ს. ს-მა 17.12.2018წ. განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 24.12.2018წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. ს-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ შპს „რ...ას“ ბოლო 1 წლის განმავლობაში უფიქსირდებოდა დეკლარაციების გადაგზავნა, თანხების გადახდა, მიღებული ელ.ანგარიშ-ფაქტურები, მიღებული ზედნადებები, ხოლო განხორციელებული სასაქონლო ოპერაციები არ ფიქსირდებოდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.12.2018 წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ს-ის განცხადება იმ დასაბუთებით, რომ ს. ს-ის მიმართ არსებობდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი აწესრიგებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი წარმოიშობა თუ უცხოელი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობას. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე წესის მე-5 მუხლში. წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად სააგენტომ, ს. ს-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომელმაც მიზანშეუწონლად მიიჩნია ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, შესაბამისად, სააგენტომ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ს. ს-ის განცხადება არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის პირველ მუხლზე, მე-6 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა „შეცდომა დისკრეციაში“ - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის უგულებელყოფა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, შესაბამისად, გასაჩივრებული აქტის გამოცემისას სააგენტო მოკლებული იყო წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებების და დოკუმენტაციის შემოწმების შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს სადავო აქტის დასაბუთება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გამოყენებით კანონშესაბამისია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ („Lupsa v. Romania“ განაცხადი N 10337/04), რომლის მიხედვით, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით განმცხადებლის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად გამოცხადდა და იგი რუმინეთიდან უნდა გაძევებულიყო იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული საიდუმლო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (39-ე პ.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ესა თუ ის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. ეროვნულ უშიშროებას დამუქრებული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით და ამიტომ წინასწარ რთული განმსაზღვრელია (37-ე პ.), თუმცა ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (მე-40 პ.). ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო გაძევების ბრძანების მხოლოდ ფორმალური შემოწმებით შემოიფარგლა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პროკურატურას ეროვნული სასამართლოსთვის იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენაშიც განმცხადებელი იყო ეჭვმიტანილი, დეტალები არ უცნობებია, სასამართლო არ გასცდენია პროკურატურის ვარაუდებს და არ შეუმოწმებია, ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის არსებობა (41-ე პ.), ვინაიდან განმცხადებელს არ მიუღია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და ეროვნული სასამართლოსგან მინიმალური დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მის პირად ცხოვრებაში ჩარევა, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა (42-ე, 44-ე პ.). საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარედგინა მხოლოდ სასამართლოს და არ დაერთო საქმეს, ამასთანავე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ ნაწილში დახურულ სასამართლო სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.12.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ს. ს-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინებით ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. პალატამ დამატებით მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (Leander v. Sweden), რომლითაც დადგინდა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, რაც პალატის მოსაზრებით ასევე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ბინადრობის ნებართვის მიზანშეწონილობის საკითხზე შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისია. პალატამ მიუთითა ასევე საქმეზე „კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ“ (Klass and others v. Germany, 06.09.1978წ.), რომელშიც ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, აპლიკანტის მიერ გასაჩივრებული კანონი (შეზღუდვები ელექტრონული ფოსტის და ტელეკომუნიკაციის საიდუმლოებაზე) სასამართლომ მიიჩნია საჭიროდ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე და დანაშაულისა და არეულობის პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, საქმეზე „სეგერშტედტ-უიბერგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (Segerstedt-Wiberg and others v. Sweden, 26.06.2006წ.) ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესებს უპირატესობა მიენიჭა აპლიკანტის ინტერესებთან შედარებით, რომელიც ითხოვდა დაცვის პოლიციაში მასზე არსებული საქმის მასალების გადაცემას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, ს. ს-მა ვერ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ს-ის მიერ. კასატორმა მიუთითა სზაკ-ის 601, 53.5, 81-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების დამდგენი მტკიცებულებები. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ს. ს-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, მასსა და შპს „რ...ას“ შორის 26.10.2018წ. გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 3 წლის მოქმედების ვადით, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით. ს. ს-ი საქართველოში შემოვიდა 16.12.2018წ., ხოლო 17.12.2018წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. საკითხის გადაწყვეტის მიზნით სააგენტომ 18.12.2018წ. წერილით ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 24.12.2018წ. წერილობითი პასუხით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. ს-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.12.2018წ. გადაწყვეტილებით ს. ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ ს. ს-ის მიმართ არსებობდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/31549 ცნობის თანახმად, შპს „რ...ას“ ბოლო 1 წლის განმავლობაში უფიქსირდება დეკლარაციების გადაგზავნა, თანხების გადახდა, მიღებული ელ. ანგარიშ-ფაქტურები, მიღებული ზედნადებები, ხოლო განხორციელებული სასაქონლო ოპერაციები არ ფიქსირდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოში დასაქმებისას, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.), თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა (მე-5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მისი გაცემა ხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, უკეთუ იგი კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს აკმაყოფილებს (14.1 მუხ.). კანონის მე-15 მუხლი ადგენს ბინადრობის სახეებსა და კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალურ წინაპირობებს. კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის სახეებს შორის სახელდება შრომითი ბინადრობის ნებართვა. ს. ს-ის მიერ სააგენტოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენისას და სადავო 26.12.2018წ. აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მიხედვით, ნორმატიულად დაშვებული იყო შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. დადგენილია, რომ მოსარჩელსა და შპს „რ...ას“ შორის დადებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის უფლება-მოალეობები, მის მიერ ყოველთვიურად მისაღები სარგო. სააგენტოს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის დასაქმებისა და რეალურად მუშაობის ფაქტი, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა შპს „რ...ას“ საგადასახადო აქტივობა, კერძოდ: დეკლარაციების გადაგზავნა, თანხების გადახდა, ელ. ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების მიღება. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სამივე ინტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა შესაგებელი, თუმცა არც ერთი მათგანი არ შეიცავს რაიმე სახის პრეტენზიას მოსარჩელის რეალურად დასაქმების ფაქტთან დაკავშირებით, არ ხდება მითითება კომპანიის საქმიანობის ფიქტიურ ხასიათზე, შრომითი ხელშეკრულების შინაარსის გაზიარების დაუშვებლობაზე და სხვ.. ამდენად, უდავოა, რომ ს. ს-ი აკმაყოფილებდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს. მართალია კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ვალდებულებას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სააგენტოში წარდგენილ განცხადების ფორმალურ ხარვეზებზე მითითება არ ხდება და ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილება სადავო არ არის, ბინადრობის გაცემაზე უარი მომეტებულ დასაბუთებას საჭიროებს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია სადავო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააგენტოს მოსაზრებას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში დადებითი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის თანახმად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიღებას. საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა ადმინისტარციული ორგანოებიდან გარკვეული ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვა, რომელთაც შესაძლოა განმსაზღვრელი მნიშვნელობა მიენიჭოთ საკითხის გადაწყვეტისას, თუმცა ეს არ გულისხმობს საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებად იმ ორგანოს მიჩნევას, რომელმაც მხოლოდ სათანადო ინფორმაციის მიწოდება მოახდინა. უკეთუ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სრულად დამოკიდებულია სხვა სუბიექტის მიერ მიწოდებულ მოსაზრებებზე იმდაგვარად, რომ მას ამ მოსაზრებებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, მაშინ იგი რეალურად აღარც არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება. ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სააგენტოს ევალება არა მხოლოდ ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალური წესების დაცვა, არამედ საკითხის შინაარსობრივი შესწავლაც.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, რომლებიც ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას უცხოელის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელებისას. საკასაციო სასამართლოს მიერ 15.06.2021წ. Nბს-907(კ-20) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. საკასაციო პალატა გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით („ა“, „გ“ ქვ.პ.) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად - ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადასტურდეს ნორმითვე გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოში უცხოელის ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა. არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ს. ს-ის საქართველოში ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა არ დასტურდება, რაც სააგენტოს სადავო აქტის არამართლზომიერებას ადასტურებს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვ.პ.) ან/და უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვ.პ.). თავის მხრივ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან, სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან, ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან ან ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (18.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა სწორედ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით, თუმცა საქმის მასალებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მსგავსი საფუძვლების არსებობა არ დასტურდება. კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული, წერილი არ შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. უფრო მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის შინაარსი ფაქტობრივად საფუძველს აცლის სადავო აქტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც - საქართველოს მოქალაქეს (1-ლი პ.), საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს (მე-3 პ.). ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფოსა და უცხოელს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობის შედეგად, სახელმწიფო უცხოელის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალ პირზე, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებებით გადატვირთვა, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით არ იქნება საჯარო ინტერესის შესაბამისი. ზემოაღნიშნულის გარდა მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სხვა არაერთი ინტერესი, რომლის დაცვასაც სახელმწიფოში უცხოელის ყოფნის რეგულირება ემსახურება. ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის რეგულირება ხორციელდება არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დანაშაულთან ბრძოლის მიზნით (19.01.2012წ. „Popov v. France“ (§137)). საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25.4 მუხ.). შესაბამისად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის არსებობს საჯარო ინტერესი, რომლის დაცვის საჭიროებაზე მითითებაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუმცა რომელიმე საჯარო ინტერესზე აბსტრაქტული მითითება როგორც წესი არ ქმნის უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო, თვითკმარ დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს ისეთ საჯარო ინტერესზე, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, თუმცა არ დგინდება მოსარჩელის საქართველოში მუშაობით აღნიშნული საჯარო ინტერესის რეალიზებისთვის საფრთხის შექმნა. სახელმწიფო უშიშროების საფრთხე ფარდობითი კატეგორიის ცნებაა, მას არ ახასიათებს აბსოლუტური გასაზღვრულობა, თუმცა იმისთვის, რომ მასზე მითითებით უცხოელს საქართველოში ყოფნაზე ეთქვას უარი, აუცილებელია მოსალოდნელობის გარკვეული ვარაუდი შეიქმნას, განსახილველ შემთხვევაში მსგავსი გონივრული ვარაუდის არსებობა არ დგინდება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასამართლოს სათანადო კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებისას მან ტერმინი „სახელმწიფო უსაფრთხოება“ მოიშველია ან თავის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მიუთითა. თავის მხრივ, სასამართლოს სათანადო კონტროლი არა მხოლოდ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცნობას, არამედ მის შეფასებას, იდენტიფიცირებადი კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებას და, დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გაზიარებაზე უარსაც მოიაზრებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე დადგენილია სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, არ დასტურდება ს. ს-ის სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების არსებობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. ამასთანავე, სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას არ ქმნის ის, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის დამატებით წინაპირობებს ადგენს, ხოლო ს. ს-ის მოთხოვნის საფუძვლიანობა ამ პირობებთან შესაბამისობის კუთხით არ შეფასებულა. ს. ს-მა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით 17.12.2018წ. მიმართა, სადავო აქტი 26.12.2018წ. გამოიცა, ხოლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსხვავებული რედაქციით 30.05.2019წ. (N4741) ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, სადავო 26.12.2018წ. აქტის კანონიერება და ს. ს-ის 17.12.2018წ. განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა სწორედ ამ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მხედველობაში მიღებით უნდა მოხდეს. მართალია სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ევალება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თუმცა ეს აქტი ს. ს-ის 17.12.2018წ. განცხადებაში ასახულ მოთხოვნაზე პასუხია. ამასთანავე, სააგენტოს არ ევალება დამატებითი გარემოებების გამოკვლევა, ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარება და სხვ.. წინამდებარე გადაწყვეტილებით საკასაციო პალატა ბათილად ცნობს ს. ს-ის 17.12.2018წ. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებას და ავალებს ორგანოს კონკრეტული შინაარსის აქტის გამოცემას, რის გამო კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის რედაქციის ცვლილება არ არის განსახილველი დავისთვის მნიშვნელობის მქონე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არ დგინდება ნორმის ახალი რედაქციით ს. ს-ის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართებულობას არ ადასტურებს სააპელაციო პალატის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე („Segersted-Wiberg and oth. v Sweden“, „Klass and oth. v Germany“). საქმეზე Segersted-Wiberg and oth. v Sweden განიმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს პოლიციის სახელმწიფო საიდუმლო რეესტრი, რომელიც შექმნილი იქნება ეროვნული უშიშროების დასაცავად და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. განიმარტა ასევე, რომ ინფორმაციის გამჟღავნება დააზარალებდა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, შესაბამისად, ამ საიდუმლო ინფორმაციასთან კერძო პირთა დაშვებაზე უარი გამართლებული იყო, ეროვნული უშიშროებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები გადასწონიდა ინდივიდთა ინტერესებს გასცნობოდნენ უშიშროების პოლიციის საიდუმლო რეესტრში მათ შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტებების ციტირება არარელევანტურია, რადგან მიმდინარე დავის საგანს არ შეადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსარჩელის შესახებ არსებული საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხი, სასარჩელო მოთხოვნას არ შეადგენს ამ ინფორმაციის ღიაობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც Segersted-Wiberg and oth. v Sweden საქმეზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების განხილვის საგანს შეადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებულ პირთა შესახებ დაცულ ინფორმაციასთან ამავე პირთა დაშვებაზე უარის თქმის მართებულობა. განსახილველი დავა წყდება იმ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძვლად არსებული ინფორმაცია, რომელმაც გამოიწვია ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევა, გასაიდუმლოებულია და მისი განსაიდუმლოების საკითხი განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს. ანალოგიური მსჯელობის განვითარება შესაძლებელია აგრეთვე სააპელაციო პალატის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „Klass and oth. v Germany“ გადაწყვეტილების მითითებასთან დაკავშირებითაც. აღნიშნულ დავაში მომჩივნები არამართებულად მიიჩნევდნენ სახელმწიფოს მიერ ისეთი ნორმატიული მოწესრიგების დადგენას, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა ინდივიდებისთვის წინასწარი ან შემდგომი შეტყობინების გარეშე ფარული მიყურადებისა თუ თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას. საქმის განხილვისას ევროპულმა სასამართლომ განმარტებები გააკეთა სახელმწიფოს ხელში ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნებისათვის ეფექტიანი ღონისძიებების არსებობის საჭიროებაზე, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის გარკვეულ პირობებში დაშვების აუცილებლობაზე, დასაშვებობის წინაპირობეზე, სახელმწიფოს ფართო მიხედულების ფარგლებზე, აღნიშნულ ღონისძიებებზე ქმედითი კონტროლის განხორციელების საჭიროებაზე და სხვ.. „Klass and oth. v Germany“-ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, გაურკვეველია რა კუთხით ასაბუთებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის ეფექტიანი დაცვის მიზნით გარკვეული ფარული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა გაურკვეველია ამ დებულების რელევანტურობა განსახილველ დავასთან მიმართებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო შეზღუდულია დავის ფარგლებით, რომელსაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე განსაზღვრავს (სასკ-ის 3.1 მუხ., სსკ-ის 3.1 მუხ.). განსახილველი დავის საგანს შეადგენს მხოლოდ ს. ს-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება და არა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის შესაბამისად საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის განსაიდუმლოების, მოსარჩელის ასეთ ინფორმაციასთან დაშვების, მიყურადების, თვალთვალის საკითხი. ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან არდაშვება იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზს თუ მიღებული აქტის არამართლზომიერებას. როდესაც სადავო გადაწყვეტილებები ექვემდებარება სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლო ახდენს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებას, ასეთ დროს პირის მიერ სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების დეტალური ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება. საიდუმლოების დაცვა ილუზორული იქნებოდა, თუ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობით გახდებოდა ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სათანადოდ არ არის დასაბუთებული ს. ს-ის სარჩელის უსაფუძვლობა, ამასთანავე, საქმის მასალებითა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა, დგინდება, რომ ს. ს-თან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები არ არის სახეზე.

რაც შეეხება სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო სასამართლოს გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება, იგი შესაბამისად ცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც (სსკ-ის 53.4 მუხ.). სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელმწიფო ბაჟს (სსკ-ის 37-ე მუხ.). ამდენად, ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილებით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ს. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ს. ს-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.12.2018წ. N1000644482 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ს-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ს. მ-ის (პ.ნ. ...) სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნ. ბ-ის (პ.ნ. ...) სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი