№ბს-215(2კ-22) 5 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა რ. ტ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №227-ში უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 29 ივლისის №000472 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ იმ ნაწილში, რომლითაც რ. ტ-ე დაჯარიმდა 50 000 ლარით; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის №760 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც რ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; რ. ტ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 29 ივლისის №000472 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის №760 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 29 ივლისის №000472 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორების განმარტებით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მშენებარე ობიექტზე მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღება ემსახურება იმ ერთადერთ მიზანს, რომ მშენებლობის გაგრძელების შედეგად ობიექტზე არსებული დარღვევები არ გაუარესდეს (გაიზარდოს) და მომავალში მათი გამოსწორება შეუძლებელი არ გახდეს. ამასთან, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ამგვარი დადგენილების შესრულება დამრღვევი პირის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს, ამ ვალდებულების დარღვევა კი, შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობაა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, უნებართვოდ მიჩნეული მშენებლობის (შენობის ფასადის ლესვითი სამუშაოები) შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემისა და მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 ივლისის №000472 შემოწმების აქტის შედგენის დროისთვის მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად დადგენილია, რომ გასაჩივრებული დადგენილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №227-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაგრძელებულ იქნა უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, დამატებულია კაპიტალური კედლები, ვიტრაჟები, შელესილია და შეღებილია ფასადი, შენობის შიდა სივრცეში მიმდინარეობს ტიხრების მშენებლობა. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დგინდება სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ფაქტი იმ პერიოდში, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილებით შეჩერებული იყო უნებართვოდ მიჩნეული მშენებლობა.
სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ რ. ტ-ე წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს მშენებლობის ეტაპზე. მშენებლობის ნებართვის გაცემის მომენტისათვის სწორედ იგი იყო მიწის ნაკვეთის ერთადერთი მესაკუთრე, შესაბამისად, მას გააჩნდა ინტერესი მშენებლობის განხორციელებისა. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ მხოლოდ შპს „...“-ს მიერ იქნა მშენებლობა გაგრძელებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან უტყუარად დგინდება, რომ შპს „...“-ს, რ. ტ-ისა და მ. მ-ის მიერ არ იქნა შესრულებული ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არსებობდა ხსენებული პირების მიმართ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 29 ივლისს №000472 დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილებით შეჩერებული იყო უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა, ამ დადგენილების შესრულებაზე პასუხიმგებელი პირები შპს „...“-ს გარდა, იყვნენ დანარჩენი თანამესაკუთრეებიც, რადგან მათ ჩაიდინეს უმოქმედობით სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილების შეუსრულებლობაში. ასევე, შპს „...“-ს პოზიციით უტყუარად არ დგინდება, რომ მშენებლობა მხოლოდ მის მიერ იქნა გაგრძელებული, რადგან ამ ლოგიკის დაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ერთი სამართალდამრღვევი კისრულებს სხვა დანარჩენთა ვალდებულებას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მაისის №2566498 ბრძანებით დაკმაყოფილდა თენგიზი ესიავას (განმცხადებელი) 2016 წლის 28 მარტის №AR1390028 განცხადება და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №227-ში, რ. ტ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) შეთანხმდა IV კლასის მრავალფუნქციური (კომერციული, საოფისე, საცხოვრებელი) შენობის არქიტექტურული პროექტი; გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართო მოწმობა; მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 228-231); ბ) 2016 წლის 26 აგვისტოს რ. ტ-ესა (მიწის ნაკვეთის მესაკუთრე) და შპს „...“-ს (მეაღნაგე) შორის გაფორმდა აღნაგობისა და უძრავი ქონების წინარე ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №227, საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 489.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №4) დაიტვირთა მეაღნაგის სასარგებლოდ, კერძოდ: მეაღნაგეს აქვს უფლება და ამასთანავე, ვალდებულია მიწის ნაკვეთზე საკუთარი ხარჯით აღმართოს (ააშენოს) მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა. ამავე ხელშეკრულების 9.1 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობას ექნება საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულება: მასში განთავსდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართი. ხელშეკრულების 10.2 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწის ნაკვეთზე მეაღნაგის დაშვებიდან მეაღნაგის მიერ მესაკუთრის მიმართ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების - ფართების ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემის მომენტამდე, მეაღნაგე ვალდებულია მესაკუთრესთან შეთანხმებით გადაუხადოს საცხოვრებელი ფართის ქირა. ამავე ხელშეკრულების 18.1 მუხლის თანახმად კი, მხარეები ვალდებულები არიან დადონ ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე მიწის ნაკვეთს საკუთრებაში გადასცემს მეაღნაგეს, ხოლო მეაღნაგე ამ მიწის სანაცვლოდ მესაკუთრეს გადასცემს მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს ინდივიდუალიზებულ ფართებს (ტ.1, ს.ფ. 28-32); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილებით შეჩერებულ იქნა რ. ტ-ის, გ. კ-ას, ე. ს-ის, მ. მ-ისა და შპს „...“-ს მიერ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №227-ში (ს/კ №...) უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 მაისის №2566498 ბრძანებით გათვალისწინებული მშენებლობის ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები (შენობის ფასადის შელესვის სამუშაოები) (ტ.1, ს.ფ. 17-18); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილება 2018 წლის 2 თებერვალს განთავსდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №227-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე ობიექტის ფასადზე (ტ.1, ს.ფ. 235-236); ე) 2018 წლის 13 თებერვალს ნ. ხ-ამ (განმცხადებელი) №AR1577109 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №227-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (მესაკუთრე: შპს „...“) IV კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის ვადაგასული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 თებერვლის №3824424 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული იყო №003306 (30.01.2018წ.) მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, საჭირო იყო განცხადება დაერეგისტრირებინათ შეთანხმებული პროექტის ცვლილების ნომენკლატურით და დამატებით ფაილში აეტვირთათ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე და შესაბამისი დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტ.1, ს.ფ. 241-242); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 ივლისის №000472 შემოწმების აქტით დადგინდა რ. ტ-ის, გ. კ-ას, ე. ს-ის, მ. მ-ისა და შპს „...“-ს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, კერძოდ, დამატებულია კაპიტალური კედლები; დამატებულია ვიტრაჟები; შელესილია და შეღებილია ფასადი; შენობის შიდა სივრცეში მიმდინარეობს ტიხრების მშენებლობა (ტ.1, ს.ფ. 183-184); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა №000472 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, რ. ტ-ე, გ. კ-ა, ე. ს-ე, მ. მ-ი და შპს „...“ დაჯარიმდნენ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის (ტ.1, ს.ფ. 19-21); თ) 2019 წლის 2 სექტემბერს რ. ტ-ემ №19/01192453027-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 29 ივლისის №000472 დადგენილებების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის №760 ბრძანებით (მე-2 და მე-3 პუნქტები) ნაწილობრივ განუხილველი დარჩა და ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა რ. ტ-ის 2019 წლის 2 სექტემბრის №19/01192453027-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 29 ივლისის №000472 დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 133-140, 22-27).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რ. ტ-ეს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ტ-ის სარჩელი.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე კანონის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის 23-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე კანონის 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 25.13 მუხლის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 29 ივლისის №000472 სადავო დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ რ. ტ-ე, გ. კ-ა, ე. ს-ე, მ. მ-ი და შპს „...“ დაჯარიმდნენ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №შ-12/18 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
განსახილველი დავის ფარგლებში რ. ტ-ის ნაწილში სადავოა მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა, რამდენადაც, მოსარჩელე რ. ტ-ის მტკიცებით, იგი არ აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს და შესაბამისად, არ შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევ სუბიექტად.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში (ბ); სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი (გ); შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი (დ).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა („ბ“ ქვეპუნქტი), ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს („გ“, „დ“ ქვეპუნქტები). შესაბამისად, განსახილველი დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია იმის დადგენა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია თუ არა რ. ტ-ის მიერ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის 26 აგვისტოს რ. ტ-ესა (მიწის ნაკვეთის მესაკუთრე) და შპს „...“-ს (მეაღნაგე) შორის გაფორმებულ აღნაგობის ხელშეკრულებაზე, რომლის 4.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №227, საკადასტრო კოდით: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 489.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №4) დაიტვირთა მეაღნაგის სასარგებლოდ, კერძოდ: მეაღნაგეს აქვს უფლება და ამასთანავე, ვალდებულია მიწის ნაკვეთზე საკუთარი ხარჯით აღმართოს (ააშენოს) მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა. ამავე ხელშეკრულების 18.1 მუხლის თანახმად კი, მხარეები ვალდებულები არიან დადონ ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე მიწის ნაკვეთს საკუთრებაში გადასცემს მეაღნაგეს, ხოლო მეაღნაგე ამ მიწის სანაცვლოდ მესაკუთრეს გადასცემს მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს ინდივიდუალიზებულ ფართებს. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ნ. ხ-ამ (განმცხადებელი) №AR1577109 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №227-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე IV კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის ვადაგასული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული საქმის განსახილველად 2019 წლის 29 ივლისს გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „...“-ს დირექტორმა განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა მხოლოდ შპს „...“ (იხ. 29.07.2019წ. ოქმი №000472, ტ.1, ს.ფ. 179).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2).
ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდება, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები არ გაგრძელებულა რ. ტ-ის მიერ, მისი მიჩნევა სამართალდამრღვევ სუბიექტად სრულიად გაუმართლებელია, რის გამოც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი რ. ტ-ის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 29 ივლისის №000472 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“. ასევე უკანონოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 07 ივლისის №760 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე