№ბს-327(გ-23) 5 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - შპს „ვ...“
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ვ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ვ...ს“ ლიკვიდაციის პროცედურების დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.
სარჩელის თანახმად, შპს „ვ...“ რეგისტრირებულია 2003 წლის 5 თებერვალს, ისნის სასამართლოს მიერ. 2008 წლის 17 ივნისს მიღებულ იქნა პარტნიორთა გადაწყვეტილება, რომლითაც გადაწყდა, რომ განხორციელებულიყო კომპანიის ლიკვიდაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება წარედგინა მარეგისტრირებელ ორგანოს. ასევე 2008 წლის 23 ივნისს შპს „ვ...მა“ მიმართა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას და აცნობა კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ლიკვიდაციის მიზნებისათვის მოსარჩელის მიერ შესრულდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოქმედება, თუმცა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული არ იყო საწარმოთა საგადასახადო შემოწმების ვადები. ლიკვიდაციაში მყოფი საწარმოების საბოლოო საგადასახადო შემოწმება ფორმალურად იწყებოდა, თუმცა ფაქტობრივად არ სრულდებოდა. საწარმომ გადაწყვიტა დაესრულებინა ლიკვიდაციის პროცესი 2008 წლის სექტემბერში (პროცესის დაწყებიდან და საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინებიდან 3 თვეში) და 2008 წლის 17 სექტემბერს შედგა პარტნიორთა კრების ოქმი ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ, 2008 წლის 23 სექტემბერს კი, კომპანიამ განცხადებით მიმართა სამეწარმეო რეესტრს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. 2008 წლის 25 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა უსაფუძვლოდ განაცხადა უარი ლიკვიდაციის პროცესის დასრულების რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული პროცედურები. მას შემდეგ, რაც საგადასახადო ორგანოსგან კომპანიათა ლიკვიდაციის კომპეტენცია გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამ უკანასკნელმა მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს. აღნიშნულზე პასუხად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ შპს „ვ...ს“ მიმართ არ არის დასრულებული ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმება. შესაბამისად, საჯარო რეესტრმა არ გააუქმა კომპანიის რეგისტრაცია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამატებითი შეტყობინების მიღებამდე. 2011 წლის 24 ივნისს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, დაწესდა შეზღუდული ვადა საგადასახადო შემოწმებისათვის. 2014 წელს შპს „ვ...მა“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კვლავ წარადგინა განცხადება ლიკვიდაციის დასრულების მოთხოვნით, თუმცა სააგენტომ, სამჯერ სხვადასხვა საფუძვლით, შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. ბოლო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ კომპანიას უფიქსირდებოდა საგადასახადო დავალიანება და სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა კომპანიის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებამდე. კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა საჩივარი, თუმცა აღნიშნული საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს ყველაზე გვიან - 2013 წლის 14 აპრილისათვის მაინც უნდა დაესრულებინა შემოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ სუბიექტი დავალიანების არმქონეა. 2014 წლის აგვისტოში არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ სამეწარმეო რეესტრს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოეთხოვა ინფორმაცია გადამხდელის საგადასახადო შემოწმების შესახებ, მოსარჩელე უნდა მიჩნეულიყო დავალიანების არმქონედ, დასრულებულიყო მისი ლიკვიდაცია და გაუქმებულიყო მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით შპს „ვ...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 27-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების მართლზომიერება საჯარო და არა სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისად, განსახილველი დავა სამოქალაქო წესით განხილული ვერ იქნება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეს არ მოუთხოვია ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, მაგრამ დავის განსჯადობას განსაზღვრავს არა სასარჩელო მოთხოვნების ფორმულირება, არამედ დავის შინაარსი, რომელიც ცალსახად საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ვ...ს“ ლიკვიდაციის დასრულებასთან დაკავშირებით და გააუქმოს კომპანიის რეგისტრაცია, სახეზეა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავა, რაც ადმინისტრაციულ კატეგორიას მიეკუთვნება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით შპს „ვ...ს“ სარჩელი განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლოს მოსაზრებით, არსებითად მხარეთა შორის სადავო გარემოება სწორედ კომპანიის ლიკვიდაციის პროცედურების დასრულებულად მიჩნევა და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგის დადგომა - კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებაა. შესაბამისად, დავას საფუძვლად უდევს და სრულად გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ნორმიდან (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კანონის მე-14 მუხლი - საწარმოს ლიკვიდაცია). მოცემული დავის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების პირობებში (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...; ... და ... გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც შეჩერდა შპს ,,ვ...ს“ რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა შპს ,,ვ...ს" ლიკვიდატორ დ. გ-ის მიერ 2018 წლის 28 თებერვალს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...; ... და ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ამასთან, მოპასუხისთვის გადაწყვეტილების მიღების დავალება, შპს ,,ვ...ს“ ლიკვიდაციის დასრულების და კომპანიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ), მოცემული დავა ვერ გახდება ადმინისტრაციული წესით განსახილველი, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებს ეფუძნება.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნები არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან, კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის პროცესი ეფუძნება ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებს, რაც გადამწყვეტია დავის საგნობრივი განსჯადობის განსასაზღვრად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ვ...ს“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2022 წლის 1 იანვრიდან) 91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე.
ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
დღეისათვის მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის IX თავით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლები.
დასახელებული კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძველია სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, (2) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართოს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სასამართლოს ან ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე არეგისტრირებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას. ამ საფუძვლით სამეწარმეო საზოგადოების დაშლისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა. (3) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში მას ყველა პარტნიორი ერთხმად იღებს.
ამავე კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების ქონების მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის ამავე თავით მოწესრიგებულია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ საწარმოში ლიკვიდატორის დანიშვნის პროცედურა, ასევე, დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია პარტნიორთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, თუმცა საჭიროებს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციას.
ამავე კანონის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ ლიკვიდაციის რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლის საფუძველზედაც მარეგისტრირებელი ორგანო გააუქმებს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციას.
ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპანიის ლიკვიდაციის პროცესში სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობიდან და უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია პარტნიორთა მიერ საერთო კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იღებს რა გადაწყვეტილებებს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ საწარმოსთან დაკავშირებით, ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნებთან, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ყველა გადაწყვეტილება მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო სამართალურთიერთობას აწესრიგებს გადაწყვეტილების /ბრძანების/ გამოცემის გზით, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას სწორედ კერძო სამართლის კანონმდებლობის - ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის საფუძველზე იღებს. შესაბამისად, ეს გარემოება ვერ გახდება დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.04.2013წ. განჩინება საქმეზე №ბს-844-828(გ-12); 26.09.2019წ. განჩინება საქმეზე №ბს-867 (გ-19)).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სარჩელი აღძრულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, მაგრამ სარეგისტრაციო სამსახურის დავაში მხოლოდ მონაწილეობა საკმარისი არ არის დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის, ამისათვის, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებზეა დაფუძნებული მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე