№ბს-677(კ-22) 5 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ც. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს 2011 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (117 კვ.მ №... ბინის) სარეგისტრაციო მონაცემების პირვანდელი მდგომარეობით აღდგენის თაობაზე მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი №706902/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (117 კვ.მ №... ბინის) სარეგისტრაციო მონაცემების პირვანდელი მდგომარეობით აღდგენის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ზ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჭ-ეე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. ზ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა 2011 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (117 კვ.მ №... ბინის) სარეგისტრაციო მონაცემების პირვანდელი მდგომარეობით აღდგენის თაობაზე მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი №706902/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-ეემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10 მუხლებზე, მე-3 მუხლის 61 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.3 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტების გამოცემის დავალება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (117 კვ.მ №... ბინის) სარეგისტრაციო მონაცემების პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა. თავის მხრივ, აღნიშნული გარემოება გამოვლენილ იქნა და სადავოდ გახდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2017 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ №... გადაწყვეტილების მიღებიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც, მომზადდა ამონაწერი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე და დადგინდა, რომ ც. ზ-ეის საკუთრებაში არსებული 117 კვ.მ ფართის მქონე №... ბინის ფართი შემცირებული იყო 92 კვ. მეტრამდე. შესაბამისად, სადავო საკითხია, თუ რამდენად ასახავდა სადავო აქტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილების, საფუძველზე გაცემული ამონაწერი მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, გარდა სარდაფის რეგისტრაციისა, არ ყოფილა მიღებული რაიმე სახის სხვა გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებდა უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთის - №... ბინის ფართის შემცირებაზე. ამასთან, არ ყოფილა მომზადებული შესაბამისი ამონაწერი, სადაც მიეთითებოდა ც. ზ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინის ფართი. შესაბამისად, სახეზეა გარემოება, როდესაც მხოლოდ მესამე პირის მიმართვის შემდგომ გაიცა შემცირებულ ფართზე ამონაწერი ისე, რომ აღნიშნულის შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების განხორციელების მიზნით არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და არ მიუღია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ვერ ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შესაბამისად, მითითებული გარემოებები უდავოდ ქმნიდა რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ მიღებული სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილება, ასევე არსებობდა ამავე აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებას, რომლითაც ც. ზ-ეის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2017 წლის 18 დეკემბრის №706902/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნა წარმოადგენდა სასამართლოს განსჯად საკითხს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო იურისდიქციის არსებობა არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას, გადაამოწმოს რეგისტრაციის კანონიერება. მითითება იმაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით, ადასტურებს პირის შესაძლებლობას ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის - განხილვის პროცედურების გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, რაც არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ მხარეს ერთმევა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე და ყურადღება არ გაამახვილა მ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ გ. ზ-ეს 1995 წლის 27 ოქტომბრის №23/27-3 საკუთრების მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის, 92 კვ.მ სასარგებლო ფართი I სართულზე და 25 კვ.მ სარდაფი სასარგებლო ფართის ქვეშ. იმ მიზნით, რომ 117 კვ.მ №... ბინა 25 კვ.მ ფართის სარდაფის გამოყოფის შემდეგ ისევ 117 კვ.მ დარჩენილიყო და მომიჯნავე ფართების თვითნებურად დაკავება ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო, ამასთან, რეგისტრირებული ფართის მოცულობას გარეგნულად ცვლილება არ დატყობოდა, ც. ზ-ემ გასანაწილებელი მომიჯნავე სახელმწიფო ფართი (13,75 კვ.მ) თვითნებურად დაიკავა და იგი 25 კვ. მეტრამდე შეავსო მესამე პირის - მ. ჭ-ეის ჯერ კიდევ შეუსახლებელი სამოთახიანი ბინის ფართით (11,25 კვ.მ). გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ თითქოს, საჯარო რეესტრში ც. ზ-ეის საკუთრებად 117 კვ.მ №... ბინა სრულად პირველ სართულზე იყოს რეგისტრირებული, 117 კვ.მ ფართში თითქოს არ შედის 25 კვ.მ სარდაფის ფართი, რომლის რეგისტრაციაც ც. ზ-ემ ცალკე მოახდინა 117 კვ.მ ბინის ფართიდან გამოყოფის გზით. ამასთან, განჩინებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე, მოსაზრება, რომ №... კოდით რეგისტრირებული 117 კვ.მ №195 ბინა მოიცავდა 25 კვ.მ სარდაფს, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობრივია რადგან, ერთი მხრივ, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ზ-ეს საკუთრების მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა 117 კვ.მ ფართი, რომელიც შედგებოდა I სართულზე მდებარე 92 კვ.მ სასარგებლო ფართისა და 92 კვ.მ სასარგებლო ფართის ქვეშ მდებარე 25 კვ.მ სარდაფისაგან. მეორე მხრივ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმაში, რომ, თითქოს, 117 კვ.მ ფართობის ბინა მთლიანად I სართულზე მდებარეობდეს. ვინაიდან, ზემოაღნიშნული 92 კვ.მ სასარგებლო ფართი პირველ სართულზეა, ხოლო 25 კვ.მ სარდაფი - 92 კვ.მ ბინის ქვეშ, მოცემული მსჯელობით სასამართლოებმა ც. ზ-ეს სახელმწიფოსა და მესამე პირის - მ. ჭ-ეის ფართების ხარჯზე გაუზარდეს ბინის ფართი 25 კვ. მეტრით და აღნიშნულის გამო სარდაფის გამოყოფის შემდეგაც მოსარჩელეს რჩება არა რეალური 92 კვ.მ ფართი, არამედ ისევ 117 კვ.მ ფართი.
სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ რეგისტრაციის საფუძველია 1995 წლის 27 ოქტომბერს გ. ზ-ეის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც ერთ ბინად აღირიცხა ბინის სასარგებლო 92 კვ.მ ფართი და ამ ფართის ქვეშ მდებარე 25 კვ. მეტრი სარდაფი. შესაბამისად, №... ბინა ჩუქების ხელშეკრულებით გადავიდა რა ც. ზ-ეის სახელზე, 92 კვ.მ სასარგებლო ფართთან ერთად საკუთრების მოწმობის საფუძველზე უკვე აღრიცხული 25 კვ.მ სარდაფი, იმავე საკუთრების მოწმობით, ცალკე ვერ იქნებოდა აღრიცხული 117 კვ.მ ბინის ფართიდან 25 კვ.მ სარდაფის ფართის გამოყოფის გარეშე. სწორედ ამიტომ, 25 კვ.მ სარდაფის ც. ზ-ეის სახელზე აღრიცხვას საფუძვლად დაედო გ. ზ-ეის მიერ №195 ბინაზე გაფორმებული 2008 წლის 9 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება, რაზედაც 2011 წლის 5 იანვარს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ც. ზ-ეს კი, 2011 წლის 5 იანვრიდან 2017 წლამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს. 25 კვ.მ სარდაფი ცალკე უფლების ობიექტი არ იყო, იგი 117 კვ.მ ბინის ფართში შედიოდა და მოთხოვნაც ამის მიხედვით დაკმაყოფილდა.
კასატორის განმარტებით, პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის 92 კვ.მ სასარგებლო ფართი და 25 კვ.მ სარდაფი, საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე ც. ზ-ეის მამის, გ. ზ-ეის სახელზე. 92 კვ.მ სასარგებლო ფართისა და 25 კვ.მ სარდაფის ჯამი ზუსტად 117 კვ. მეტრია. ამასთან, 25 კვ.მ სარდაფი 92 კვ.მ. სასარგებლო ფართის ქვეშ მდებარეობს. 117 კვ.მ ფართის მომიჯნავედ გაუნაწილებელი სახელმწიფო ფართი (13.7 კვ.მ) მდებარეობს და მის გაგრძელებაზე მესამე პირის - მ. ჭ-ეის მაშინ ჯერ კიდევ გაურემონტებელი და შეუსახლებელი ბინა იყო. მოსარჩელე ც. ზ-ემ და გ. ზ-ემ ნაცვლად 92 კვ.მ სასარგებლო ფართისა და მის ქვეშ მდებარე 25 კვ.მ სარდაფის ცალკე აღრიცხვისა, ეს ფართები რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც ერთიანი ბინა 117 კვ.მ ფართით. მათი განცხადების საფუძველზე, 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით ჯერ საცხოვრებელ ფართში ჩაირიცხა (მათ გამგეობას დაუმალეს, რომ 117 კვ. მეტრიდან 25 კვ.მ სარდაფი იყო), ხოლო იმავე გამგეობის 2008 წლის 1 ივლისის დადგენილებით 117 კვ.მ ფართს მიენიჭა №..., რომლის შესაბამისად, მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. გ. ზ-ემ 2008 წლის 7 ივლისის განცხადებით მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა იმ სახით, რომ 117 კვ.მ ფართის ბინაში, სადაც 25 კვ.მ სარდაფი იყო, არასაცხოვრებელი ფართი არ დაფიქსირებულიყო, რაც დაკმაყოფილდა და მომზადდა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
გ. ზ-ემ იმ მიზნით, რომ №... ბინაში ჩაენაცვლებინა ზუსტად ამავე მოცულობის მომიჯნავე სახელმწიფო (13.75 კვ.მ) და მესამე პირის - მ. ჭ-ეის ბინის ფართის ნაწილი (11.25 კვ.მ), 25 კვ.მ სარდაფზე შეადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დაურთო 1995 წლის 27 ოქტომბრის საკუთრების მოწმობა და მოითხოვა სარდაფის ცალკე რეგისტრაცია. გ. ზ-ეს, როგორც არაუფლებამოსილ პირს, ჩაენაცვლა მოსარჩელე ც. ზ-ე და განცხადება დაკმაყოფილდა. 2011 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით 117 კვ.მ №... ბინის ფართიდან 25 კვ.მ ფართი გამოიყო და იგი სარდაფის სახით აღირიცხა ც. ზ-ეის სახელზე. სარდაფს მიენიჭა ახალი ს/კოდი .... აღნიშნულზე მომზადდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი. №... ბინას ფართით 92 კვ.მ შეუნარჩუნდა საკადასტრო კოდი - .... 25 კვ.მ სარდაფის 117 კვ.მ ბინიდან გამოყოფის შემდეგ №... ბინის ფართი დარჩა 92.00 კვ.მ, ე.ი. 117 კვ.მ ბინის ფართი შემცირდა 25 კვ. მეტრით. მიუხედავად იმისა, რომ 25 კვ.მ ფართის ც. ზ-ეის სახელზე აღრიცხვა და ამის გამო 117 კვ.მ ბინის ფართის შემცირება გ. და ც. ზ-ეების ნებით მოხდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ თითქოს განმცხადებელი - ც. ზ-ე არ მოითხოვდა 117 კვ.მ ფართიდან 25 კვ.მ სარდაფის გამოყოფას და ამიტომ, 25 კვ.მ სარდაფის ც. ზ-ეის სახელზე რეგისტრაციის გამო 117 კვ.მ ბინის ფართის შემცირება 92 კვ. მეტრამდე საფუძველს მოკლებულია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ №195 ბინა, ფართით 117 კვ.მ, ც. ზ-ეს მიღებული აქვს გ. ზ-ეისაგან 2008 წლის 9 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით, რა დროსაც 25 კვ.მ სარდაფი №... ბინის შემადგენელი ნაწილი იყო. №... ბინას სარდაფთან ერთად ერთი საკადასტრო კოდი ... ჰქონდა. ც. ზ-ეის მიერ №... ბინის ფართიდან 25 კვ.მ სარდაფის გამოყოფის შემდეგ სარდაფს მიენიჭა დამოუკიდებელი კოდი, მაგრამ ამ სარდაფზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულია არა 1995 წლის 27 ოქტომბრის საკუთრების მოწმობა, რის საფუძველზეც ც. ზ-ე ითხოვდა სარდაფის რეგისტრაციას, არამედ 2008 წლის 9 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ №... ბინა 2011 წლის იანვრის გადაწყვეტილების გამოტანამდე (25 კვ.მ სარდაფის გამოყოფამდე) ფართით 117 კვ.მ 25 კვ.მ სარდაფის ფართის გათვალისწინებით იყო. ე.ი. სარდაფი №... ბინის შემადგენელი ნაწილი იყო და მისი ც. ზ-ეის სახელზე ცალკე აღრიცხვა 117 კვ.მ ბინის ფართიდან გამოყოფის გარეშე შეუძლებელი იყო.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე ც. ზ-ეს №... ბინის მოსაზღვრედ, 117 კვ.მ ბინის ფართიდან გამოყოფილი 25 კვ.მ სარდაფის ფართის სანაცვლოდ, თვითნებურად აქვს დაკავებული 25 კვ.მ მოცულობის ფართი, რომელზედაც მას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია. აღნიშნული 25 კვ.მ ფართიდან 11.25 კვ.მ მიერთებული აქვს მესამე პირის - მ. ჭ-ეის ბინიდან, ხოლო 13.75 კვ.მ - გაუნაწილებელი სახელმწიფო საკუთრების ფართია. სააპელაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აგვისტოს წერილი, რომელშიც აღნიშულია ც. ზ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ც. ზ-ემ 92 კვ.მ ფართის №... ბინა 2018 წლის 7 ივნისის ხელშეკრულებით მიყიდა შ. ზ-ეს 60000 ლარად (აღნიშნული ბინა ც. ზ-ეს დაუბრუნდა 2018 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებით). ნასყიდობის საგანი - №... ბინა უფლებრივად და საგნობრივად გამოცხადებულია უნაკლოდ. ე.ი. მოსარჩელე ც. ზ-ე და ,,მყიდველი’’ - შ. ზ-ე 117 კვ.მ ბინის 92 კვ. მეტრამდე შემცირებაზე პრეტენზიას არ აცხადებენ. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დარღვეულია სადავოდ ქცეული აქტების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ. ზ-ემ 2007 წლის 6 ივნისის განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულს სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ის №...-ე კორპუსის მე-10 და მე-11 სადარბაზოებს შორის მდებარე არასაცხოვრებელი ფართზე, 1995 წლის 27 ოქტომბრის №23/27-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, 1995 წლის 16 ოქტომბრის №4/8 მიღება-ჩაბარების აქტის, 1995 წლის 19 ოქტომბრის №5-პ/529 ხელშეკრულებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 ივნისის №3258 არქივის ცნობის საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 58-68); ბ) სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული 1995 წლის 16 ოქტომბრის №4/8 მიღება-ჩაბარების აქტისა და 1995 წლის 19 ოქტომბრის №5-8/529 ხელშეკრულების თანახმად, ერთი პირის საწარმო „ზ...ს“ წარმომადგენელს - გ. ზ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის, სასარგებლო ფართი 92 კვ.მ და სარდაფი 25 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1995 წლის 27 ოქტომბერს გაიცა №23/27-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ერთი პირის საწარმო „ზ...ს“ წარმომადგენელს - გ. ზ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის, სასარგებლო ფართი 92 კვ.მ. სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 ივნისის №3258 ცნობის თანახმად, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემების შესაბამისად, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში, მე-10 და მე-11 სადარბაზოების შორის მდებარე არასაცხოვრებელი ფართი რეგისტრირებული არ იყო (ტ.1. ს.ფ. 60-67); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 2 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1995 წლის 27 ოქტომბერს გაცემული №23/27-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ზ-ეის სახელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით 2007 წლის 2 ივლისს მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. 74-76); დ) ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის №4-360 დადგენილებით დაკმაყოფილდა გ. ზ-ეის მოთხოვნა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ...-ის მე-... მ/რ-ში, №...-ე კორპუსში გ. ზ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საცხოვრებელ ფართში (ტ.1. ს.ფ. 80); ე) ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 13 ივნისის №5-380 დადგენილებით დაკმაყოფილდა გ. ზ-ეის მოთხოვნა და „თბილისის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის №15.05.402 დადგენილების თანახმად, მის საკუთრებაში არსებულ ფართობს, მდებარე ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში, მიენიჭა №... ბინის ნომერი (ტ.1. ს.ფ. 81-82); ვ) გ. ზ-ემ 2008 წლის 30 ივნისის განცხადებით, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის №4-360 და 2008 წლის 13 ივნისის №5-380 დადგენილებების საფუძველზე, მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებისა და დამატების რეგისტრაცია (ტ.1. 77-82); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და გ. ზ-ეის კუთვნილ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე 117 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს მიენიჭა „ბინა №...“. აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წლის 1 ივლისს მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 86-88); თ) გ. ზ-ემ 2008 წლის 7 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა (ტექნიკური ხარვეზის შესწორება) იმ სახით, რომ აღარ დაფიქსირებულიყო არასაცხოვრებელი ფართი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა (საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება) და ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული გ. ზ-ეის საკუთრება დაფიქსირდა შემდეგი სახით: „ფართი ბინა №..., 117 კვ.მ.“ აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წლის 7 ივლისს მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 90-96); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე №... ბინა, ფართით 117 კვ.მ (ს/კ ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ც. ზ-ეის სახელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2008 წლის 9 ივლისის დამოწმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 97-105); კ) გ. ზ-ემ 2010 წლის 15 დეკემბრის განცხადებით, 1995 წლის 19 ოქტომბრის №5-8/529 ხელშეკრულების, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან ცნობისა და შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში, მე-11 სადარბაზოში, პირველ სართულზე მდებარე №... ბინის ქვეშ არსებული 25,20 კვ.მ სარდაფის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 106-117); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა დამატებით წარედგინა ინფორმაცია, სარეგისტრაციო სარდაფი შედიოდა თუ არა ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე, ც. ზ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 117 კვ.მ ფართში (ტ.1. ს.ფ. 118); მ) გ. ზ-ემ 2010 წლის 22 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა და ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1995 წლის 27 ოქტომბერს გაცემული №23/27-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, მოითხოვა 25 კვ.მ სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 119-122); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 დეკემბრის №... გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 2010 წლის 30 დეკემბერს შეიცვალა განმცხადებელი და გ. ზ-ეის ნაცვლად, უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია თავის სახელზე მოითხოვა ც. ზ-ემ (ტ.1. ს.ფ. 123-129); ო) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე სარდაფი, ფართით 25.00 კვ.მ (№...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ც. ზ-ეის სახელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით 2011 წლის 5 იანვარს მომზადდა საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 131-133); პ) გიორგი გულედანმა 2017 წლის 6 იანვარს №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და №... საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებით მოითხოვა ამონაწერის მომზადება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და გაიცა ამონაწერი, რომლის თანახმად, ც. ზ-ეის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №... ბინა, ფართით 92,00 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 138-143); ჟ) ც. ზ-ეს, 2017 წლის 4 აგვისტოს №415829/17 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას მის საკუთრებაში არსებული 117 კვ.მ ფართის 92 კვ.მ-მდე შემცირების საფუძველთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №325786 წერილით განუმარტა, რომ 2011 წლის 5 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისში, ...-ის დასახლებაში, მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, კერძოდ, ბინა №... გახდა 92 კვ.მ და დარეგისტრირდა №... საკადასტრო კოდით, ხოლო 25 კვ.მ სარდაფი - №... საკადასტრო კოდით (ტ.1. ს.ფ. 134-137); რ) ც. ზ-ეის წარმომადგენელმა 2017 წლის 18 დეკემბრის №706902/17 ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ც. ზ-ეის საკუთრების უფლების აღდგენა ქ. თბილისში, ...-ის დასახლების მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე №... ბინაზე (საკადასტრო კოდი: №...) 117 კვ.მ ფართის მონაცემებით; №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა (ტ.1. ს.ფ. 144-154); ს) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ც. ზ-ეის წარმომადგენელს უარი ეთქვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში 2017 წლის 18 დეკემბრის №706902/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა წარმოადგენდა სასამართლოს განსჯად საკითხს (ტ.1. ს.ფ. 155-156); ტ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილებით ც. ზ-ეის წარმომადგენელს უარი ეთქვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში 2017 წლის 18 დეკემბრის №706902/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგად მომზადებული ამონაწერი ასახავდა მისი მომზადების დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს (ტ.1. ს.ფ. 157-161).
მოცემული დავის ფარგლებში ერთ-ერთი სადავო აქტია საჯარო ხელმისაწვდომობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. გ-ის 2017 წლის 6 იანვრის №... განცხადება (განმცხადებელს მოთხოვნილი ჰქონდა №... საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებით ამონაწერის მომზადება) და გაიცა ამონაწერი, რომლის შესაბამისად, ც. ზ-ეის საკუთებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №... ბინა, ფართით 92,00 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ პუნქტზე, რომლითაც ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განიმარტება, როგორც ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან. ხოლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, როგორც საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა („ტ“ პუნქტი). ამასთან, რეგისტრაცია და სარეგისტრაციო წარმოება განმარტებულია, როგორც სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციას, ასევე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებასა და აღნიშნული მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვას რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გზით („თ“ და „ი“ პუნქტები).
ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რამდენად ასახავდა სადავო აქტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ამონაწერი მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, გარდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით 25.00 კვ.მ სარდაფის რეგისტრაციისა ადმინსტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა მიღებული რაიმე სახის სხვა გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებდა უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთის - №... ბინის (ს/კ ...) ფართის შემცირებაზე. ამასთან, არ ყოფილა მომზადებული შესაბამისი ამონაწერი, სადაც მიეთითებოდა ც. ზ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინის ფართი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მხოლოდ მესამე პირის მიმართვის შემდგომ გაიცა შემცირებულ ფართზე ამონაწერი ისე, რომ აღნიშნულის შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, საკითხის სათანადოდ გამოკვლევისა და დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების გარეშე, მოეხდინა ცვლილება რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში იმგვარად, რომ არ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ნაწილობრივ უქმდებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2 მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-17 მუხლის (რეგისტრაციის საფუძვლები) პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების (ინფორმაცია ან/და დოკუმენტი) ან ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ან/და დოკუმენტის საფუძველზე. ამავე კანონის 9.3 მუხლის შესაბამისად კი, რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ზ-ემ (2010 წლის 30 დეკემბერს გ. ზ-ეის ნაცვლად, უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია თავის სახელზე მოითხოვა ც. ზ-ემ) 2010 წლის 15 დეკემბრის განცხადებით 1995 წლის 19 ოქტომბრის №5-8/529 ხელშეკრულების, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან ცნობისა და შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში, მე-11 სადარბაზოში, პირველ სართულზე მდებარე №... ბინის ქვეშ არსებული 25,20 კვ.მ სარდაფის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა დამატებით წარედგინა ინფორმაცია, სარეგისტრაციო სარდაფი შედიოდა თუ არა ქ. თბილისში, ...-ის მე-4 მ/რ-ში, №...-ე კორპუსში მდებარე, ც. ზ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 117 კვ.მ ფართში. გ. ზ-ემ 2010 წლის 22 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა და ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1995 წლის 27 ოქტომბერს გაცემული №23/27-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, მოითხოვა 25 კვ.მ სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, გ. და ც. ზ-ეების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებებით და მათზე თანდართული სარეგისტრაციო მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ განმცხადებლები 25 კვ. მეტრი სარდაფის დარეგისტრირებას მოითხოვდნენ №... საკადასატრო კოდით რეგისტრირებული 117 კვ.მ ბინის ფართის შემცირების გზით. შესაბამისად, დასაბუთებულია სასამართლოთა განმარტება, რომ გ. და ც. ზ-ეების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა შესაძლებლობას, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოეხდინა რეგისტრაცია სხვა რეგისტრირებული ფართის შემცირების ხარჯზე. თუკი განმცხადებლების მიერ 25 კვ. მეტრი სარდაფის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდა სარდაფის რეგისტრაციის შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემოქმედა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით დადგენილი წესით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მივიდოდა დასკვნამდე, რომ №... საკადასტრო კოდით ც. ზ-ეის საკუთრებად რეგისტრირებული ბინის ფართი - 117 კვ.მ არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ მონაცემს, აღნიშნული უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცალკე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ სახეზეა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რაც თავის მხრივ, ქმნის ამავე აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 18 იანვარს მიღებული №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის №ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (117 კვ.მ №... ბინის) სარეგისტრაციო მონაცემების პირვანდელი მდგომარეობით აღდგენის თაობაზე მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი №706902/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარზე 20.06.2022წ. №13634366851 საგადახდო დავალებით გ. გ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ჭ-ეეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება;
3. მ. ჭ-ეეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2022წ. №13634366851 საგადახდო დავალებით გ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე