საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-329(კს-23) 11 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
მესამე პირები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, საჩხერის რაიონული პროკურატურა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:2017 წლის 29 ნოემბერს გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს,მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის, აგრეთვე მესამე პირების - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საჩხერის რაიონული პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ.
გ. ბ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, ამასთანავე, მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს გენერალური პროკურატურა.
მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის გ. ბ-ეის პოლიტპატიმრის საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის 30 ნოემბრის №8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი კომისიის შექმნისა და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გ. ბ-ეის (პ/ნ ...) პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, საჩხერის რაიონული პროკურატურა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩართვის, მტკიცებულებათა და სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე სააპელაციო საჩივრით გ. ბ-ემ მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმისა და შუამდგომლობის დაყენების უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნებზე მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება და უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება.
2023 წლის 15 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის (საქმე №3/ბ-134-19) განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, უფლების შეზღუდვის შესახებ შუამდგომლობის გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან სააპელაციო ეტაპზე განმხილველ მოსამართლე მურთაზ მეშველიანს საერთოდ არ უმსჯელია შუამდგომლობის უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო მის მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან, თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 15 თებერვლის, მიმდინარე სხდომის დროს მას უსაფუძვლოდ შეეზღუდა შუამდგომლობების დაყენების უფლება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა განეხილა აღნიშნული განცხადება არსებითად და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ბ-ეს მიაჩნია, რომ სადავო განჩინება არაა დასაბუთებული და სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორი ასევე ითხოვს მისი კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გ. ბ-ეის კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავისი ინიაციატივით ამოწმებს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება თავის მხრივ ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით.
2023 წლის 15 თებერვალს გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №3/ბ-134-19 საქმეზე მიღებული 2019 წლის 29 მაისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული (მოსარჩელისათვის შუამდგომლობის დაყენების უფლების შეზღუდვის შესახებ) საოქმო განჩინების თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ) 15.02.19 წლის საოქმო განჩინების კანონიერების თაობაზე, სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს, როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში. კერძოდ, 2019 წლის 29 მაისის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქმეში დაცული მასალების თანახმად, გ. ბ-ე აყენებდა ერთი და იმავე შუამდგომლობებს, რაზედაც საქალაქო სასამართლოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა. ამდენად, სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, (თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე) სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს ჰქონდა უფლება გ. ბ-ეისთვის შეეზღუდა შუამდგომლობების დაყენების უფლება. აღსანიშნავია, რომ გ. ბ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით, სადაც სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი შუამდგომლობის უფლების შეზღუდვის შესახებ საოქმო განჩინებაზე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება. ამავდროულად საკასაციო პალატამ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, მათ შორის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობის უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინების საფუძვლიანობის ნაწილშიც. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომ გ. ბ-ეის მიერ დასახელებული გარემოება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მაისის განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და გ. ბ-ეის განცხადებაზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 423-ე,424-ე მუხლებით დადაადგინა:
1. გ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე