Facebook Twitter

საქმე №ბს-271(კს-23) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - რკ „ა...“

მოპასუხე - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - მ. თ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - მ. თ-ე

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რკ „ა...მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა - ქ. ბათუმში, ...ის ქ. №... ...ის ქ. №60-ის მიმდებარე, 58 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41,60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, საჯარო რეესტრის მონაცემებში სათანადო ცვლილებების შეტანაზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში რკ „ა...ს“ სარჩელისა გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება მ. თ-ე.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით რკ „ა...ს“ სარჩელი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, საქმეში მესამე პირის, მ. თ-ეის, მონაწილეობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რკ „ა...ს“ და მ. თ-ეის მიერ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მესამე პირის, მ. თ-ეის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შემტან პირთა წრეს, კერძოდ, ამავე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული მიუთითებს, რომ მ. თ-ე, რადგანაც ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მესამე პირის სახით ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, უფლებამოსილი არ იყო გაესაჩივრებინა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც, მ. თ-ეის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. თ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მისი საკუთრების უფლებას. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება, რომლითაც იგი საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, არ საჩივრდება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება მ. თ-ეის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით მ. თ-ეის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მ. თ-ე საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობდა დაუშვებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთა მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას, ხოლო ამგვარ დათქმას მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირებთან მიმართებით (სასკ-ის 16.1 მუხლი) საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ მარტივი ფორმით საქმეში ჩაბმული მესამე პირი მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მისი სტატუსის განსაზღვრის კანონიერება და გასაჩივრების გზით მოითხოვოს სტატუსის შეცვლა სავალდებულო (აუცილებელი) ფორმით ჩასაბმელ მესამე პირად. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში მონაწილე მესამე პირის საპროცესო-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა სწორედ ჩაბმის ფორმას უკავშირდება, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირს თავად არ აქვს ბერკეტი, გაასაჩივროს განჩინება მისი მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ, სწორედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, ასეთი მესამე პირის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ მისი სტატუსი საქმეში, არამედ ასევე შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მესამე პირის მარტივი ფორმით ჩაბმის მართლზომიერებაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის სტატუსის შეცვლისათვის შესაბამისი საფუძვლების დადგენის შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი და, ამასთანავე, ვალდებულიცაა, თავადვე განუსაზღვროს მას სავალდებულო ფორმით ჩასაბმელი მესამე პირის სტატუსი და, შესაბამისად, მიანიჭოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინება საქმე #ბს-1074(კს-21)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. თ-ეის სარჩელი, საჯარო რეესტრის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქ. ბათუმში, ი. ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში №...-ში მდებარე, №6 მაღაზიაზე, საერთო ფართით 42,09 კვ.მ, განთავსებული 60.73 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მ. თ-ეის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის №3/ბ-506-2012წ. გადაწყვეტილებით, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მ. თ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. თ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის (საქმე №3/ბ-506-2012წ.) გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 24 იანვარს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების განახლების თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე–2 მუხლის ,,გ“ პუნქტით განსაზღვრულია მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვრცელი ჩამონათვალი, ხოლო წინამდებარე განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია ასეთ დოკუმენტს არ შეიცავს. ამდენად, განიმარტა, რომ წარსადგენი იყო მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ. თ-ემ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 მარტის №54832 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.

მ. თ-ემ 2014 წლის 17 აპრილს ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა სასამართლოში, საჯარო რეესტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: იმ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, რომ აჭარის ა.რ. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის - „ა...ს“ ბათუმის სავაჭრო გაერთიანების ბალანსზე 1969 წლიდან მართლზომიერი მფლობელობის უფლებით ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაში, №...-ში არსებული 58.04 კვ.მ №6 მაღაზიის შენობა, რომლის ასაშენებლად აჭარის ა.რ. სამომხმარებლო კოოპერატივის კავშირისათვის, ხელისუფლების ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი წესის თანახმად, სათანადო აქტის გამოცემით იყო გამოყოფილი, 60.73 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; იმ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება, რომ ა...ს შპს „ბ...ის“ ბალანსზე რიცხული მაღაზიის პირდაპირი წესით შესყიდვისათვის მოსარჩელე მ. თ-ეს გადახდილი აქვს ნასყიდობის საგნის ღირებულება, 6700 ლარის ოდენობით და ამ გარიგების საფუძველზე იგი წარმოადგენს ხსენებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 მარტის №54832 გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტის შესახებ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. თ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2016 წლის 15 სექტემბერს, მ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა: ქ. ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე №51/60-ში არსებული ყოფილი №6 (11) სავაჭრო მაღაზიის შენობაზე, ფართით 41,60 კვ.მ, აღიარებული იქნას მოპასუხე რკ „ა...ს“ საკუთრების უფლება, ხოლო ამ ობიექტით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის-ნაკვეთზე, ფართით 58 კვ.მ, მართლზომიერი სარგებლობის უფლება და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს ტექაღრიცხვის მასალებში (ტექაღრიცხვის ბარათი), სადაც ლიტერ „ბ“-ზე, ფართობი 42.09 კვ.მ ფიქსირდება ჩანაწერი „ქალაქის მერია“ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე. შპს „ბა...ის“ ბალანსზე რიცხული მაღაზიის გაყიდვის შესახებ, ა...ს გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის სხდომის დადგენილების აღიარება, მ. თ-ეის სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფლების დათმობად, შეძენილი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-2949/16), მ. თ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, მ. თ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება; სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც მ. თ-ე ითხოვდა ცვლილების განხორციელებას ტექ. აღრიცხვის ბიუროში, სადაც ლიტერ ,,ბ“-ზე 42,09 კვ.მ ფართობი, რეგისტრირებულია ქ. ბათუმის მერიის სახელზე უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე; მ. თ-ეის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. ბათუმში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე №51/60-ში მდებარე ყოფილი სავაჭრო მაღაზიის შენობა, ფართით 41,60 კვ.მ აღიარებულ იქნას ა...ს საკუთრებად, ხოლო ამ ობიექტით დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით 58 კვ.მ აღიარებულ იქნას ა...ს მართლზომიერი სარგებლობის უფლება - დარჩა განუხილველი; ასევე, განუხილველი დარჩა მოთხოვნა - ,,ა...ს“ გამგეობის 2005 წლის 23 ივნისის სხდომის დადგენილების (რომლითაც დადგინდა შპს ბა...ის ბალანსზე რიცხული მაღაზიის შენობის მ. თავართქილაძისათვის მიყიდვა) - მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ გარიგებად აღიარების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, მ. თ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელი.

2017 წლის 21 აპრილს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა №345 ბრძანება - ,,ქ. ბათუმში, ...ის ქ. №... მაისის ქ. №60-ის მიმდებარედ არსებულ 58,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41,60 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 აპრილის №345 ბრძანების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №60-ის მიმდებარე, 58.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 41.60 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. თ-ე არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, არ არსებობს მ. თ-ეის საპროცესო სტატუსის შეცვლის საფუძველი, სასამართლოს მიერ სწორად განხორციელდა კერძო საჩივრის ავტორის ჩაბმა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში მ. თ-ე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირს, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და იგი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე