Facebook Twitter

საქმე №ბს-469(გ-23) 3 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრი

სოციალური მუშაკი - ც. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ი (არასრულწლოვნის დედა)

ბავშვი - ა. მ-ი

მოთხოვნა - ბავშვის მშობლისგან განცალკევების ვადის გაგრძელება

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 21 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის სოციალურმა მუშაკმა - ც. ლ-იმა და მოითხოვა არასრულწლოვანი ა. მ-ის მშობლისგან განცალკევების ვადის გაგრძელება 1 წლის ვადით, 2023 წლის 27 აპრილიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით შუამდგომლობაზე დადგინდა ხარვეზი. 2023 წლის 25 აპრილს, ხარვეზის შევსების მიზნით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ საქმეზე წარდგენილია განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს (ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმის რეგისტრაციის თარიღი 27.04.2023წ.).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლებამოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, ხოლო არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლოს მოსაზრებით, საცხოვრებელი ადგილი ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს როგორც რეგისტრაციის ადგილს, ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ენიჭება პირის საცხოვრებელ ადგილს და არა ადგილსამყოფელს. საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელი დროებით სარგებლობაშია და მას პირი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად არ ირჩევს. სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება, თუ მას საცხოვრებელი ადგილი არ აქვს (სსკ-ის 15.2 მუხ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯადობის საკითხისათვის გადამწყვეტია პირის საცხოვრებელი ადგილი და არა ადგილსამყოფელი ან რეგისტრაციის ადგილი (იხ. სუს №ბს-215(გ-21)).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არასრულწლოვანი ა. მ-ი მშობლისგან განცალკევებამდე ცხოვრობდა დედასთან - მ. მ-ითან. მ. მ-ის რეგისტრირებული, ასევე ფაქტობრივი მისამართია: მარნეული, სოფელი ....

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 7 აპრილის ბავშვისა და ოჯახის შეფასება, რომელიც შედგენილია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის მარნეულის რაიონული წარმომადგენლობის სოციალური მუშაკის - გ. ც-ის მიერ. შესაბამისად, არასრულწლოვან ა. მ-ის დედისგან განცალკევების შემდეგ პერიოდში შუამდგომლობის ავტორის - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რა მოქმედებები განხორციელდა ან რა მოქმედებების განხორციელება იგეგმება მომავალში ა. მ-ის ოჯახში რეინტეგრაციის მიზნით, აღნიშნულ საკითზე საპროცესო მოქმედებები განხორციელდა ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის მარნეულის რაიონული წარმომადგენლობის სოციალური მუშაკის მიერ.

ასევე, შუამდგომლობის დანართად წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს მომართვები, საიდანაც ირკვევა, რომ მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება არასრულწლოვან ა. მ-ის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეებზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში). რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ბოლნისის გაერთიანებული რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი შუამდგომლობა არ წარმოადგენდა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად დავას, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს რეგიონული ცენტრის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს ბოლნისის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე (სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის შუამდგომლობა, ბავშვის მშობლისგან განცალკევების ვადის გაგრძელების თაობაზე) განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი შუამდგომლობის მოთხოვნა ითვალისწინებს ბავშვის მშობლისგან განცალკავების ვადის გაგრძელებას. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსის 26.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი. იგი შუამდგომლობას წარუდგენს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი შუამდგომლობით ირკვევა, რომ:

- არასრულწლოვანი ა. მ-ი მშობლებისგან განცალკევებულია და 20.07.21 წლიდან მოთავსებულია ...ს მცირე ტიპის სახლში (მისამართი: გარდაბანი, სოფ. ...).

- არასრულწოვანი ა. მ-ი მშობლისგან განცალკევებამდე ცხოვრობდა დედასთან - მ. მ-ითან. მ. მ-ის რეგისტრირებული, ასევე ფაქტობრივი მისამართია: მარნეული, სოფელი ....

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლის ნებისმიერი ნორმა ექვემდებარება განმარტებას. ამასთან, ნორმა შეიძლება იძლეოდეს სხვადასხვა განმარტების შესაძლებლობას და საფუძველს უქმნიდეს განსხვავებული პრეცედენტების დაშვების ალბათობას. სწორედ ამიტომ, სამართალშემფარდებელის ვალდებულებაა, გამოიყენოს განმარტების ის მეთოდი, რომელიც ყველაზე ნათლად და ობიექტურად ხსნის როგორც ნორმის არსს, ისე მისი მოქმედების ფარგლებს.

„სამართალშემფარდებელმა უნდა შეძლოს იმ ნების სწორი შემეცნება, რომელიც ქმნის კანონის სულს. უნდა გაირკვეს, როგორც კანონში ჩადებული ნება კანონმდებლისა, ისე თავად კანონის ნება, რომელიც მისი გამოყენების პროცესში ყალიბდება და ვლინდება. კანონი არაა კანონმდებლის ნებით დეტერმინირებული, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული უცვლელი ფასეულობა. კანონს უნდა შევხედოთ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, რომლის ნებაც სხვადასხვა ცხოვრებისეული შემთხვევების მოწესრიგების პროცესში ვლინდება და იხვეწება. ამიტომაც სადავო ნორმების შეფასებისას უნდა გაირკვეს არა მარტო ის აზრი, რომელიც კანონმდებელს ჰქონდა, არამედ ის აზრიც, რისი პრეტენზიაც შეიძლება ჰქონდეს თვითონ ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 13.05.2009წ.).

ბოლნისის რაიონული სასამართლო უპირველესად დაეყრდნო რა ბავშვის უფლებათა კოდექსის 26.2 მუხლის საკანონმდებლო ნორმის ტექსტს, მიუთითა, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე განსჯადობა განისაზღვრება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. ტერმინში „ადგილსამყოფელი“, მისი ფართო განმარტებით, სასამართლო არ გამორიცხავდა იმგვარი მოსაზრების დაშვების შესაძლებლობას, რომ შესაძლოა იგი იგივდებოდეს რიგ შემთხვევაში რეგისტრაციის/ძირითად საცხოვრებელ მისამართთანაც. ამასთან, კანონის ამგვარი განმარტება რიგი კატეგორიის დავებისთვის რელევანტურადაც შეიძლება ჩაითვალოს, დავის არსისა და შინაარსის გათვალისწინებით.

პარალელურად, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია აღენიშნა, რომ ნორმატიული აქტების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს მათი ნამდვილი შინაარსი და არა მარტო ამ აქტების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა. არსებითია, რომ სამართალშემფარდებელი არ გასცდეს იმ სადემარკაციო ხაზს, რაც სერიოზულად დააბრკოლებს კანონის ნამდვილი შინაარსის გამორკვევას. სამართალგამოყენებისას, გადამწყვეტია, რომ კანონი არ გაუცხოვდება იმ სინამდვილისაგან, რომლის მოსაწესრიგებლადაც შეიქმნა იგი.

გამოსაყენებელი ნორმის რეალური შინაარსისა და კანონმდებლის ნამდვილი ნების განმარტების ფარგლებში, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავა უკავშირდება ბავშვის უფლებებს. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.4. მუხლის თანახმად კი, სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ამდენად, ვინაიდან, გამოსაყენებელი ნორმის განმარტების მიზნებისათვის სახელმძღვანელო პრინციპია „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ასევე მიეთითებინა, რომ აღნიშნული ინტერესი უპირველესად მოიაზრებს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას, კერძოდ, მისი უფლებების ეფექტიან რეალიზებას, ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების პრინციპების საფუძველზე და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი 20.07.21 წლიდან (დაახლოებით 2 წელია) უკვე მოთავსებულია ...ს მცირე ტიპის სახლში (მისამართი: გარდაბანი, სოფ. ...). სასამართლომ აღნიშნა იმ ფაქტობრივ მოცემულობაზე, რომ განსახილველ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელება სავალდებულოდ მოიაზრებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას და ამ ინტერესის განსასაზღვრად, ბავშვის აზრის მოსმენის აუცილებლობას. სასამართლოს მითითებით, ბუნებრივია, რომ აღნიშნული უნდა განხორციელდეს სასამართლოში ბავშვის წარმოდგენის გზით. გარდაბნიდან, არასრულწლოვნის ბოლნისში გამოცხადება კი, ვერ იქნება თავსებადი ბავშვის საუკეთესო ინტერესთან და ვერ ჩაითვლება, რომ დასახელებული შესაძლებლობა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების საუკეთესო ვარიანტია. ამასთან, ამგვარი მოცემულობა იმთავითვე ვერ იქნებოდა კანონმდებლის და თავად კანონის ნებაშიც მოაზრებული, რომლის უპირველესი მიზანია ბავშვისთვის შეეთავაზებინა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემა. კანონის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ბავშვის ადგილსამყოფლის ცნებაში მოვიაზროთ ბავშვის რეგისტრაციის, ანაც, კონკრეტულ შემთხვევაში 2021 წლამდე საცხოვრებელი ადგილის მისამართი, იწვევს კანონის მიზანთან გაუცხოებას და სცდება მისი ნამდვილი შინაარსის ფარგლებს.

დასახელებულ ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებათა გამო, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი „ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით“ განსჯადობის დაწესებისას, გულისხმობს ტერმინი „ადგილსამყოფლის“ მხოლოდ იმგვარი განმარტების დაშვებას, სადაც საქმის განხილვის პროცესში, ბავშვი ფაქტობრივად იმყოფება. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც სასამართლომ აღნიშნა, ბავშვის ფაქტობრივი ამჟამინდელი ადგილსამყოფელია - გარდაბანი, სოფ. ....

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მითითებით, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვალი №13 დადგენილების 11.2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია: ჟ) სოფელ ...ს ტერიტორიული ორგანო – სოფლების: ...ს, ...ს, ...ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.

ამგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის განხილვა უნდა მოხდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, ვინაიდან მოცემული საქმის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა რუსთავის საქალაქო სასამართლო, რის გამოც, განსახილველი საქმე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ამასთან, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ არასრულწლოვნის განცალკევების ვადა იწურებოდა 27.04.23 წელს, თუმცა სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსის 28.04.23წ. საოქმო გადაწყვეტილებით გაგრძელდა ა. მ-ის (24.08.2007წ.; პ/ნ ...) მომსახურების ვადა - ააიპ „ბავშვი და გარემოს“ ...ს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, 2023 წლის 27 აპრილიდან 2023 წლის 27 მაისამდე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის შემთხვევაში, არ იდგა მყისიერი, გადაუდებელი საფრთხეები, რაც სასამართლოს მხრიდან განსჯადობაზე დავის უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, არასრულწლოვნის ინტერესიდან გამომდინარე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადად.

განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვაზე განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნებისთვის საკასაციო სასამართლო მიუთითებს შუამდგომლობაზე, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრი ითხოვს ბავშვის მშობლისგან განცალკევების ვადის გაგრძელებას. შესაბამისად, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსის 26.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი. იგი შუამდგომლობას წარუდგენს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. ამდენად, დასახელებული კატეგორიის საქმეებზე სახეზე გვაქვს ტერიტორიული განსჯადობის სპეციალური წესის დამდგენი ნორმა, რა დროსაც კანონი პირდაპირ ადგენს განსჯად სასამართლოს, რომელიც განისაზღვრება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. ტერმინი „ადგილსამყოფელი“ გულისხმობს სწორედ იმ ადგილს, სადაც საქმის განხილვის პროცესში ბავშვი ფაქტობრივად იმყოფება. მოცემული კატეგორიის საქმეებზე განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის კუთხით ამგვარი საკანონმდებლო ჩანაწერი ეფუძნება საქმის თავისებურებასა და „ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე“ ორიენტირებულ მიდგომას. მოცემული საკითხის განხილვის ყველა ეტაპზე სახელმძღვანელო პრინციპია „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რაც განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნებისთვის უპირველესად მოიაზრებს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას, მისი უფლებების ეფექტიან რეალიზებას, ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების პრინციპების საფუძველზე და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული. შესაბამისად, რამდენადაც განსახილველ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელება სავალდებულოდ მოიაზრებს „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ დაცვას, ამგვარი საკანონმდებლო ჩანაწერი ბავშვს სთავაზობს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ მართლმსაჯულების სისტემას.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემული დავა უკავშირდება ბავშვის უფლებებს, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი შუამდგომლობით ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ა. მ-ი მშობლისგან განცალკევებულია და 2021 წლის 20 ივლისიდან მოთავსებულია ...ს მცირე ტიპის სახლში, მისამართი - გარდაბანი, სოფ. ...; ხოლო არასრულწოვანი ა. მ-ი მშობლისგან განცალკევებამდე ცხოვრობდა დედასთან - მ. მ-ითან, რომლის რეგისტრირებული, ასევე ფაქტობრივი მისამართია - მარნეული, სოფელი ....

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დასახელებულ ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებათა გამო, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში ბავშვის ფაქტობრივ ამჟამინდელ ადგილსამყოფელს წარმოადგენს - გარდაბანი, სოფ. ..., შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილების 17.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: ...ს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ...; დასახლებები: ..., ..., ..., ...).

ამასთან, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ №ბს-1339(გ-20) და №ბს-215(გ-21) საქმეებზე გაკეთებულ განმარტებას, მასზედ, რომ „განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ენიჭება პირის საცხოვრებელ ადგილს და არა ადგილსამყოფელს“, რამეთუ განსახილველ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნებისთვის არ დგას „საცხოვრებელი ადგილის“ ფართო მნიშვნელობის ცნების განსაზღვრის საჭიროება - მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მისადაგების აუცილებლობა, ვინაიდან ბავშვის უფლებათა კოდექსის 26.2 მუხლი, „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ გათვალისწინებით, პირდაპირ ადგენს განსჯად სასამართლოს, რომელიც განისაზღვრება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემული შუამდგომლობის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა