ბს-1217(კ-21) 10 მაისი,2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2021წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. ფ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოპასუხისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მცხოვრები ე. ლ-ას ანდერძისმიერი მემკვიდრის ჟ. ფ-ეის დემონტირებული ბინის სანაცვლოდ ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფის დავალების და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ჟ. ფ-ეის სასარგებლოდ 2015 წლის 30 ივლისიდან ყოველთვიურად სანაცვლო ბინით უზრუნველყოფამდე 400 ლარის ოდენობით ქირის ანაზღაურების დაკისრების მოთხონით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მცხოვრები ე. ლ-ას ანდერძისმიერი მემკვიდრის ჟ. ფ-ეის აღებული ერთოთახიანი ბინის სანაცვლოდ ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჟ. ფ-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2021წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ჟ. ფ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.07.2020წ. გადაწყვეტილება ჟ. ფ-ეის სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჟ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ჟ. ფ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის თანხის ანაზღაურება 2015 წლის 01 ნოემბრიდან ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჟ. ფ-ეის სათანადო ბინით უზრუნველყოფამდე, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.07.2020წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ 02.01.2015წ. ხელშეკრულებისა და მოწმე ვ. ჩ-ეის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ. ფ-ეს ვ. ჩ-ეისგან 400 ლარად აქვს ნაქირავები საცხოვრებელი ფართი, ქირის გადახდა ხდება ყოველთვიურად ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით. ფართის გამქირავებელმა ვ. ჩ-ეემ განმარტა აგრეთვე, რომ თავდაპირველი ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულება შემდგომში გაგრძელდა მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო აგრეთვე ის გარემოება, რომ ჟ. ფ-ეის სახელზე უძრავი ქონება არ იყო რეგისტრირებული. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე, ეროვნული და საერთაშორისო აქტების შესაბამისად მისი დაცვის საჭიროებაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ საცხოვრებლის უფლების მთელი რიგი ასპექტები ექცევა როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლების ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებში. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მცხოვრებ ე. ლ-ას საკუთრებაში ჰქონდა პრივატიზებული ერთოთახიანი ბინა. ე. ლ-ამ 1998წ. დატოვა საქართველო და უკან აღარ დაბრუნებულა, იგი გარდაცვლილად გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.01.2015წ. გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნულ ფართში ე. ლ-ასთან ერთად ცხოვრობდა ჟ. ფ-ე, რომელიც ბინაში 04.04.1997წ. ჩაეწერა. ე. ლ-ას გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ მისი სამკვიდრო ანდერძის საფუძველზე მიიღო ჟ. ფ-ემ, მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ე. ლ-ას საქართველოდან წასვლის შემდეგ, ქ. ბათუმის მერიის 07.06.1999წ. N227 განკარგულების, 26.01.2001წ. N25 დადგენილებისა და 14.02.2001წ. N23 განკარგულების საფუძველზე საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ე. ლ-ას ბინა მდებარეობდა, აღებულ იქნა მესაკუთრისათვის რაიმე სახის ანაზღაურების გაცემის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ლ-ას მემკვიდრის - ჟ. ფ-ეის აღებული ბინის სანაცვლოდ ერთ-ოთახიანი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის მერიისათვის დავალების ნაწილში. რაც შეეხება ქირის ანაზღაურების საკითხს, პალატამ აღნიშნა, რომ ჟ. ფ-ეის ქირით ცხოვრების საჭიროება წარმოშვა მერიის მიერ მოსარჩელის ბინით უზრულველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობამ, რის გამო აღნიშნული თანხა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა აანაზღაუროს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მერიას დაევალა ჟ. ფ-ეისათვის ერთოთახიანი ბინის გადაცემა, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ბინის ფართი, რაც სააპელაციო პალატის მიერ უგულებელყოფილ იქნა. გასათვალისწინებელია, რომ პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე ე. ლ-ას საკუთრებაში ირიცხებოდა მხოლოდ 7,56 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. ასევე მასალების ვერმოპოვების გამო სასამართლოების მიერ არ იქნა გამოკვლეული ის დოკუმენტაცია, რომელიც ქ. ბათუმში, ...ის ქ ...-ში მცხოვრები მოსახლეობის დაკმაყოფილებას ეხებოდა. კასატორი მიიჩნევს, რომ ქირის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა, მხოლოდ ბინის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა არ ადასტურებს ქირის გადახდის ფაქტს. სასამართლომ არასწორად დააკისრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქირის თანხა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჟ. ფ-ეის სარჩელი ორ მოთხოვნას აერთიანებს, ერთი მხრივ იგი ითხოვს ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში დემონტირებული ბინის სანაცვლოდ ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას, ხოლო მეორე მხრივ მისი მოთხოვნაა ბინით დაკმაყოფილების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე ქირის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
საქმის მასალების საფუძველზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მცხოვრებ ე. ლ-ას საკუთრებაში ჰქონდა პრივატიზებული ერთოთახიანი ბინა. ე. ლ-ამ 1998წ. დატოვა საქართველო და უკან აღარ დაბრუნებულა, იგი გარდაცვლილად გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.01.2015წ. გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნულ ფართში ე. ლ-ასთან ერთად ცხოვრობდა ჟ. ფ-ე, რომელიც ბინაში 04.04.1997წ. ჩაეწერა. ე. ლ-ას გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ მისი სამკვიდრო ანდერძის საფუძველზე მიიღო ჟ. ფ-ემ, მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ე. ლ-ას საქართველოდან წასვლის შემდეგ, ქ. ბათუმის მერიის 07.06.1999წ. N227 განკარგულების, 26.01.2001წ. N25 დადგენილებისა და 14.02.2001წ. N23 განკარგულების საფუძველზე საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ე. ლ-ას ბინა მდებარეობდა, დემონტირებულ იქნა. ქ. ბათუმის მერიის 07.06.1999წ. განკარგულებით დადგინდა, რომ ქალაქის განაშენიანების, კეთილმოწყობისა და არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესების მიზნით ამორტიზებული ძველი შენობა-ნაგებობები საჭიროებდა აუცილებელ ლიკვიდაციას, ათვისების ზოლში მოხვედრილად ჩაითვალა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N..., N17 და N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები. ამავე განკარგულებით ქ. ბათუმის „საბინაო სერვისს“ და N1, 3 და 9 გამგეობას დაევალათ ზემოაღნიშნულ მისამართებზე განლაგებული ოჯახების აღწერა და შესაბამისი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. ქ. ბათუმის მერიის 26.01.2001წ. დადგენილებით განისაზღვრა, რომ უნდა ათვისებულიყო ქ. ბათუმში, ...ის ქ. N..., N17 და N19-ში მდებარე მოძველებული და ამორტიზირებული საცხოვრებელი სახლები, სადაც ცხოვრობდა 23 ოჯახი, 85 მობინადრე, რომელთაც სულ დაკავებული ჰქონდა 1083,9 კვ.მ. (საცხოვრებელი - 802,85 კვ.მ., დამხმარე - 281,05 კვ.მ.) ფართი, ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს დაევალა ქ. ბათუმის საბინაო სერვისთან ერთად ასათვისებელი სახლების ოჯახთათვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა ვიცე მერს. აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით ქ. ბათუმის მერიის 14.02.2001წ. განკარგულებით შეიქმნა შესაბამისი კომისია. უდავოა, რომ ზემოაღნიშნული ნაგებობები დემონტირებულია. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჟ. ფ-ეს სანაცვლო ბინით ან კომპენსაციით დაკმაყოფილება არ მიუღია, რის გამო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ჟ. ფ-ეისათვის ერთოთახიანი ბინის გადაცემა. მართალია აღნიშნულ ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკასაციო საჩივარი წარდგენილია, თუმცა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილში საჩივარი შეიცავს მხოლოდ ორ პრეტენზიას, კერძოდ, მერია უთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ აღნიშნულა ჟ. ფ-ეისათვის გადასაცემი ბინის ფართის ოდენობა და სასამართლოს არ გამოუკვლევია ...ის ქ. N...-ში მცხოვრები მოსახლეობის დაკმაყოფილების შესახებ დოკუმენტაცია ამ მასალების ვერმოპოვების გამო. ამდენად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ ახდენს შედავებას იმ გარემოებაზე, რომ სწორედ იგი წარმოადგენს დემონტირებული ბინის სანაცვლოდ ჟ. ფ-ეის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ვალდებულ სუბიექტს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღნიშნული ვალდებულება დასტურდება აგრეთვე მის მიერვე გამოცემული 07.06.1999წ. N227 განკარგულებისა და 26.01.2001წ. N25 დადგენილების შინაარსიდან. ამასთანავე, საქმეში არ არის დაცული რაიმე დოკუმენტაცია, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ჟ. ფ-ესთან მიმართებით ბინის უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებას დაადასტურებს. კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების სადავოდ გახდომის შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მითითებისა და მტკიცების ტვირთი სწორედ მოვალეს აწევს. განსახილველ შემთხვევაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არა თუ ვერ წარმოადგენს თავის ვალდებულებათა შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, არამედ უბრალო მითითებასაც არ ახდენს ჟ. ფ-ეისთვის ბინის გადაცემაზე ან სანაცვლო კომპენსაციის ანაზღაურებაზე. კასატორი თავადვე აღნიშნავს, რომ დემონტირებული სახლის მაცხოვრებლების დაკმაყოფილების დამდგენი დოკუმენტები ვერ იქნა მოძიებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მოუძიებლობისა და სასამართლოსათვის წარუდგენლობის თანამდევი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები სწორედ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა, რადგან დემონტირებული საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ გარკვეულ პირებზე, მათ შორის ჟ. ფ-ეის სახელზე, შესაბამისი ბინების ან კომპენსაციის გაცემა უნდა მომხდარიყო მერიის მიერ სათანადო დოკუმენტაციის შედგენით, რომლის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სათანადოდ შენახვა/დაარქივება მერიის და არა კერძო პირთა პასუხისმგებლობას შეადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო ჟ. ფ-ეისათვის გადაეცა დემონტირებული ბინის სანაცვლო ერთოთახიანი ბინა.
ამასთანავე, ის გარემოება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში არ სახელდება გადასაცემი ბინის კონკრეტული ფართი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობას, რადგან აღნიშნული ფორმულირება ქ. ბათუმის მერიას აძლევს შესაძლებლობას ბინის გადაცემის ვალდებულება შეასრულოს მისთვის მისაღები ფორმით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირისათვის ღირსეული ცხოვრების მინიმალური სტანდარტის დაცვის საჭიროება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში (29.1 მუხ.), შესაბამისად, მერიამ ჟ. ფ-ე უნდა უზრუნველყოს არა უბრალოდ ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინით, არამედ სათანადო საცხოვრებლით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით. ის გარემოება, რომ ე. ლ-ას სახელზე პრივატიზებული იყო მხოლოდ 7,56 კვ.მ. ფართი, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ჟ. ფ-ეისათვის მხოლოდ იმავე ოდენობის ფართის საკუთრებაში გადაცემას, რადგან ერთი მხრივ აღნიშნული ვერ ჩაითვლება სათანადო, ღირსების მინიმალურ სტანდარტთან შესაბამისობაში მყოფ საცხოვრებლად, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ჟ. ფ-ეის განმარტების მიხედვით, ე. ლ-ა სარგებლობდა აგრეთვე ეზოში მდებარე დამხმარე ფართით, ამასთან, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში, 17-სა და 19-ში მცხოვრებ პირთა მიერ დამხმარე ფართით სარგებლობის ფაქტი დადასტურებულად არის მიჩნეული აგრეთვე ქ. ბათუმის მერიის 26.01.2001წ. დადგენილებით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბინის პრივატიზების ხელშეკრულება გაფორმებულია 1993 წელს, რა დროსაც შესაძლოა ხელშეკრულებაში პირისთვის საკუთრებაში გადაცემული ფართის ოდენობა არასაცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებადი ფართის გარეშე მითითებულიყო.
არ არის დასაბუთებული კასატორის პრეტეზიები აგრეთვე მისთვის ქირის თანხის ანაზღაურების ნაწილშიც. ქირის ანაზღაურების შესახებ ჟ. ფ-ეის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დაუშვებლად მიიჩნევს იმ დასაბუთებით, რომ საქმეში დაცული არ არის ჟ. ფ-ეის მიერ ქირის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ საქმეში წარმოდგენილია ქირავნობის ხელშეკრულება, ხოლო მეორე მხრივ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ჟ. ფ-ეის კონტრაჰენტი - ფართის გამქირავებელი, რომელმაც დაადასტურა ყოველთვიური ქირის - 400 ლარის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის სანაცვლოდ თავის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილის ჟ. ფ-ეისათვის მიქირავება. ის, რომ ამ თანხის ყოველთვიურად გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა, არ გამორიცხავს ზოგადად ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას საქმეში დაცული ქირავნობის ხელშეკრულების, გამქირავებლისა და ჟ. ფ-ეის განმარტებების ერთობლივად შეფასების მხედველობაში მიღებით. ფიზიკურ პირებს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულება ფორმათავისუფალია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის რეგისტრაციას უფლებაწარმომშობი დანიშნულება აქვს მხოლოდ იურიდიულ პირებთან მიმართებით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პ. „ვ“ ქვ.პ., მე-5 პ.). გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ მიუთითებია ჟ. ფ-ეის რაიმე სხვა საცხოვრებელ ადგილზე და არ დაუსაბუთებია, რომ ქირავნობის ხელშეკრულების დადების გარეშეც ჟ. ფ-ე უზრუნველყოფილი იქნებოდა საცხოვრებლით, შესაბამისად, არ გამოირიცხება ჟ. ფ-ეის მიერ საცხოვრებლად გამოყენების მიზნით ფართის დაქირავების აუცილებლობა. საკასაციო საჩივარი შეიცავს პრეტენზიას ქირის თანხის მერიისათვის დაკისრების და არა ზოგადად ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ. თავის მხრივ, ვინაიდან ქირავნობის ხელშეკრულების დადება დასტურდება, აღნიშნული იმთავითვე მოიაზრებს მის სასყიდლიან ხასიათს, დამქირავებლის მიერ გამქირავებლისთვის დათქმული ქირის გადახდა ქირავნობის დეფინიციის ერთ-ერთი ელემენტია (სკ-ის 531-ე მუხ.). განსაზღვრული ვადით პირის სარგებლობაში ქონების დროებით გადაცემა, თუ ის უსასყიდლოდ ხორციელდება, თხოვების და არა ქირავნობის ხელშეკრულების დადებას გულისხმობს (სკ-ის 615-ე მუხ.). ამდენად, ქირავნობის ხელშეკრულება ყოველთვის სასყიდლიანია, შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ჟ. ფ-ეს ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში მოუწევდა სათანადო ქირის გადახდა. ხელშეკრულების მხარეთა განმარტებითა და ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით ყოველთვიური ქირის შეთანხმებული ოდენობა იყო 400 ლარი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული ქირის ოდენობის საბაზრო ფასთან მკვეთრ შეუსაბამობას დაადასტურებდა, არ დგინდება, რომ ჟ. ფ-ეის მიერ ნაქირავები ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების ყოველთვიური ქირის თანხა 400 ლარზე მკვეთრად ნაკლებია, შეთანხმებული ქირის საბაზრო ფასთან მკვეთრი შეუსაბამობა კი არ იკვეთება. ამდენად, მართებულია ასანაზღაურებელი ქირის თანხის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრება, რადგან ჟ. ფ-ეის მიერ საცხოვრებელი ფართის დაქირავების საჭიროება სწორედ მერიის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან ჟ. ფ-ემ არაერთგზის მიმართა მერიას ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში დემონტირებული ფართის სანაცვლოდ ბინის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა მერიას რაიმე ქმედითი ღონისძიებები ამ კუთხით არ განუხორციელებლია. უფრო მეტიც, ჟ. ფ-ეის განცხადებათა უმეტესობა პასუხგაუცემელი დარჩა, ხოლო ის პასუხები, რომლებიც მერიის მიერ იქნა გაცემული არ შეიცავდნენ განცხადებაში ასახულ სადავო საკითხებზე სათანადო მსჯელობასა და დასაბუთებას. ამდენად, მერიისათვის სულ მცირე 2015 წლის ოქტომბრიდან ცნობილია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ჟ. ფ-ეის მოთხოვნის არსებობის თაობაზე. წარდგენილ განცხადებაზე დროული და კანონშესაბამისი რეაგირების შემთხვევაში მერია შეძლებდა წლების განმავლობაში გადასახდელი ქირის თანხის ანაზღაურების ვალდებულების თავიდან აცილებას. ჟ. ფ-ე აღნიშნავდა, რომ იგი დარჩენილი იყო საცხოვრებლის გარეშე.
ყოველივე ზემაოღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სათანადო, დასაბუთებულ პრეტენზიას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ მიუთითებია მის მიერ ჟ. ფ-ეის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებასა თუ ასეთი ვალდებულების არარსებობაზე, არ წარმოუდგენია თავისი პოზიციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის დამდგენი შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2021წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. გოგიაშვილი