საქმე №ბს-1306(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ჯ. შ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. შ-ამ წარმომადგენლის მეშვეობით 2021 წლის 16 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხედ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა მოპასუხისთვის ჯ. შ-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ოდენობით, მორალური ზიანის - 3000 ლარის ოდენობითა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ იყო თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ჯ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ანალოგიური საფუძვლით), უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. შ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - ჯ. შ-ა მიიჩნევს, რომ სახეზეა ფუნდამენტური უფლებების, მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლითა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების ხელყოფა. თბილისის სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევისა და სწორი სამართლებრივი შეფასების გზით, შეემოწმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რაც კასატორის მოსაზრებით, არ განხორციელდა. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის ისეთი დარღვევებით, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი; კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, მასზე დელეგირებულია ადმინისტრაციული წარმოების უფლება, მაგრამ არ წარმოადგენს იურიდიულ პირს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მნიშვნელობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის ნიშანი - „თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს“, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს არ გააჩნია. ამდენად, არ გააჩნია პროცესში მოპასუხე მხარედ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელი საპროცესო ქმედუნარიანობა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ აღასრულებს. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსთვის დავაში წარმომადგენლად მონაწილეობის დავალება (უფლებამოსილება) არ მიუცია.
ჯ. შ-ას მოსაზრებით, სტრუქტურული ერთეული თავისი უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანისთვის დამოუკიდებლად პასუხს ვერ აგებს, რამდენადაც მას არ გააჩნია თავისი ქონება და ქონების განკარგვის უფლებაუნარიანობა. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს მისი სტრუქტურული ერთეულის ქმედებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯ. შ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებას. კერძოდ, ჯ. შ-ა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 04 დეკემბრის დადგენილებიდან გამომდინარე, რომლითაც ჯ. შ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის მიერ 2020 წლის 29 მაისს შედგენილი №სდ... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 10 ივნისი №MIA 320 01272356 დადგენილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს დადგენილება და ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოცემული აქტი, თუმცა მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის წარდგენიდან - საკასაციო საჩივრის წარდგენის ჩათვლით, მოპასუხე მხარედ მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თავად წყვეტს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის საკითხს, არამედ დამოუკიდებლად აყალიბებს სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს მოპასუხეს. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამრიგად, მოპასუხედ უნდა მიეთითოს სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმართაც აქვს მხარეს რეალური მოთხოვნა და რომელმაც მოსარჩელის მოსაზრებით, დაარღვია მისი უფლებები ან მიაყენა მას ზიანი. მოპასუხის სწორად განსაზღვრასა და დასახელებას კი საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, მიუხედავად დისპოზიციურობის პრინციპისა, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს და შეაფასოს მოპასუხეთა სათანადოობა. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სუსგ 27.05.2020წ. საქმეზე №ბს-117(3კ-20)). მიუხედავად ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მხარისათვის სარჩელის ტრანსფორმირებაში დახმარების სასკ-ის 281 მუხლით მათთვის მინიჭებული უფლების გამოყენებისა და არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხედ შეცვლის შეთავაზებისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან არ გააჩნია შესაბამისი ქონება, ვერ უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად, ვერ ისარგებლებს მოპასუხის უფლებებითა და მოვალეობებით, რასაც საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს (1 მუხ.). აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, რომელიც სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებთა ფარგლებში უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და რეგიონული მთავარი სამმართველოს ფუნქციათა ჩამონათვალში შედის კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზიანის ანაზღაურება, ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გააჩნია სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მისთვის გამოყოფილი სახსრებისა და მათი განკარგვის უფლებამოსილება, რაც (დავაში მისი მოპასუხის სტატუსი) ასევე დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით (13.12.2022წ. საქმე №ბს-1133(კ-22); 21.10.2021წ. საქმე №ბს-1245(კ-20); 27.05.2021წ. საქმე №ბს-222(კ-კს-20); 19.02.2021წ. საქმე №ბს-921(კ-20)), სადაც მოპასუხე მხარეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, დაკისრებული აქვს მოსარჩელეთათვის ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე