ბს-1206 (კ-22) 26 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ემ 29.03.2021წ. სარჩელით, ხოლო 25.05.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.10.2020წ. N03/14538 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილება, ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.10.2020წ. N03/14538 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ნ. გ-ის 29.09.2020წ. განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია იმ გარემოებისა თუ მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც არსებობდა საქმის განხილვის დროს, მხარისათვის არ იყო ცნობილი მის შესახებ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მოგვიანებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, თუმცა საქმის განხილვის დროს რომ წარედგინა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმის განხილვის დროს შესაძლებელია მხოლოდ ისეთი მტკიცებულება ყოფილიყო წარდგენილი ან ისეთ გარემოებებზე მომხდარიყო მითითება, რომლებიც საქმის განხილვის დროს უკვე არსებობდა. ამდენად, ახლად აღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები არის ისეთი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც არსებობდა საქმის განხილვის დროს და რომლის აღმოჩენაც მოხდა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოგვიანებით, განხილვის დასრულების შემდგომ. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას არ შეუსწავლია და არ შეუფასებია განმცხადებლის მიერ თანდართული მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები მოსარჩელე ნ. გ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს განმცხადებლების მიერ წარდგენილი გარემოებები არის, თუ არა ახლად გამოვლენილი და ისინი ქმნიან თუ არა განმცხადებლებისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს. საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იმსჯელოს განმცხადებლების მიერ მითითებულ ახალ გარემოებებზე და მასზე თანდართულ ახალ მტკიცებულებაზე, განსაზღვროს რამდენად წარმოადგენს აღნიშნული იმ ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას (მტკიცებულებას), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, კერძოდ, მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებებით შეიძლება თუ არა დადგინდეს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. კასატორმა მიუთითა, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლის მიზანი მხარეთა შორის ბალანსის დაცვაა, ერთის მხრივ, არ უნდა შეილახოს პირის უფლება და მისი განცხადება არ უნდა დარჩეს განუხილველი თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და მეორეს მხრივ, უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს განტვირთვა და რესურსის დაზოგვა, არ უნდა მოხდეს მოქალაქეთა მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში მხარის განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
კასატორმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროის ყოფნის, ნათესაური კავშირების, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. სააგენტო მასზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებად ხელმძღვანელობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. კასატორის მოსაზრებით სააგენტოს მხრიდან ადგილი ექნება კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, თუ უგულებელყოფს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს იმ პირებს მიანიჭებს, რომლებსაც იგი არ ეკუთვნის. სააგენტოს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირზე, ხოლო პირს, რომელსაც არ აქვს დევნილის სტატუსი ვერ იქნება სამინისტროს ბენეფიციარი. კასატორი სზაკ-ის 96-ე, 53-ე და 601 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ. გ-ემ 17.01.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა ქურთის თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული 16.01.2018წ. N08 ცნობა, რომლის თანახმად ნ. გ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 02.05.2018წ. N1451 ბრძანებით ნ. გ-ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
26.07.2018წ. ნ. გ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის ნომერი N72169) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა ქურთის თვითმმართველი ერთეულის მიერ 26.07.2018წ. გაცემული N96 ცნობა, რომლის მიხედვითაც ნ. გ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 29.08.2018წ. N01/2861-ს წერილით ნ. გ-ეს N72169 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ მის მოთხოვნაზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, ამასთან, განემარტა, რომ მის განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, ნ. გ-ეს უარი ეთქვა N72169 განცხადების განხილვაზე.
05.03.2020წ. ნ. გ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის N10504) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა ქურთის თვითმმართველი ერთეულის მიერ 26.07.2018წ. და 05.03.2020წ. გაცემული ცნობები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 13.03.2020წ. N03/4144 წერილით ნ. გ-ეს N10504 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ მის მოთხოვნაზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, ამასთან, მას განემარტა, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-ეს უარი ეთქვა N10504 განცხადების განხილვაზე.
29.09.2020წ. ნ. გ-ემ განცხადებით (რეგისტრაციის N41454) მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დამატებით წარადგინა ნოტარიული წესით დამოწმებული მეზობლების მიერ ხელმოწერილი წერილები იმის თაობაზე, რომ იგი ომამდე ცხოვრობდა სოფელ ...ში და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.10.2020წ. N03/14538 წერილით ნ. გ-ეს N41454 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ უკვე განხილული და გადაწყვეტილი იყო, ამასთან, განმცხადებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი და მიეთითა, რომ მის განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-ეს ეცნობა, რომ სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს განეხილა მის N41454 განცხადებაში დასმული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში სწორედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.10.2020წ. N03/14538 წერილის კანონიერებაა სადავოდ გამხდარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების ხელახლა განხილვის საფუძვლები, არ არის დასაბუთებული. სზაკ-ის 102.1 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს ისეთი განცხადების ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, რომელზეც მართალია არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, თუმცა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც ამ აქტის გამოცემას დაედო საფუძვლად, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 29.09.2020წ. განცხადებაზე თანდართული ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების ახსნა-განმარტებები არ ქმნიდა წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობებზე, მის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლიანობაზე მსჯელობა უნდა მომხდარიყო განცხადებაზე დართული მტკიცებულებების შეფასების, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და საქმისათვის მნიშვნელოვის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი