Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-586(კ-21) 07 მარტი, 2023 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.მ-მა 2018 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად დ.მ-ის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად მოსარჩელე დ.მ-ის წარდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან იყო თბილისის №... სკოლის დირექტორი და სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით დასრულების საფუძველზე, 2014 წლის 6 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გადაეცა საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით, დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით შექმნილ კომისიასთან მოსარჩელემ თბილისის №... სკოლის დირექტორის კანდიდატად შესარჩევად გაიარა გასაუბრება, თუმცა კომისიის 2014 წლის 25 აგვისტოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებით არ იქნა წარდგენილი სკოლის დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭოსთვის. კომისიის შესაბამისი ოქმი გასაჩივრდა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 28 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე დ.მ-ის მოთხოვნა, რომლითაც კომისიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა და შესაბამისი აქტის გამოცემა.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომისიამ იმსჯელა, თუმცა მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რომლითაც არც ამ ეტაპზე მიეთითა დირექტორის კანდიდატად წარდგენაზე უარის კონკრეტული საფუძველი, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დაირღვა როგორც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლოსთვის მიმართვის, ასევე შრომის უფლება, ამასთან აღნიშნა, რომ საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება გამოიწვევდა საქმის გაჭიანურებას და სადავო აქტის ბათილობასთან ერთად მოითხოვა ორგანოსათვის სკოლის დირექტორობის კანდიდატად მისი წარდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, დ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად მოსარჩელე დ.მ-ის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალა სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად მოსარჩელე დ.მ-ის წარდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის “ პირველი და მე-2 მუხლების მიხედვით, ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობებს. შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. შესარჩევი კონკურსის მიზანია, დირექტორობის მსურველის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებასთან შესაბამისობის დადგენა.

მითითებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება, რაც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დ.მ-ს, სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით დასრულების საფუძველზე, 2014 წლის 6 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გადაეცა საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს. თანხმობის განაცხადში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არა უმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა კომისიამ დირექტორობის კანდიდატად. მითითებული წესის 201 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დირექტორობის უფლების მქონე პირი კომისიის წინაშე, გასაუბრებაზე, წარადგენს განაცხადში მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დ.მ-ი რეგისტრირებული იყო სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის მსურველ პირად და მას წარდგენილი ჰქონდა მის მიერ არჩეული სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა.

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 201 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად. დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლებიდან კომისია შეარჩევს საჯარო სკოლას, რომლის სამეურვეო საბჭოსაც დირექტორობის უფლების მქონე პირი წარედგინება ასარჩევად.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შექმნილ კომისიასთან, მოსარჩელე დ.მ-მა 2014 წლის 25 აგვისტოს გაიარა გასაუბრება, თუმცა სტრატეგიული ხედვის შეფასების შედეგად კომისიამ უარი უთხრა მას სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად შესაბამისი სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენაზე. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული იმ კანდიდატების სიაში, რომლებიც ასარჩევად შესაბამის სამეურვეო საბჭოებს უნდა წარდგენოდა, მოსარჩელე დ.მ-ი გათვალისწინებული არ ყოფილა.

სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა გამოეკვლია საქმისათვის ისეთი არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებები, როგორიც იყო მოსარჩელე დ.მ-ის, დირექტორობის კანდიდატის წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობა და მისი დასაბუთება.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებასთან მოსარჩელე დ.მ-ის შესაბამისობაზე, თუმცა სადავო გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, მითითებული სტანდარტის კონკრეტულად რომელ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა იგი.

მოსარჩელე დ.მ-ის მიერ წარდგენილი სტრატეგიული ხედვის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული წინასწარ შემუშავებული კითხვარის და შესაბამისი შეფასების მეთოდის (შეფასების კრიტერიუმების) არარსებობის პირობებში მოსარჩელე დ.მ-ის მიერ წარდგენილი სტრატეგიული ხედვის უარყოფითად შეფასება, თუმცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებზე, რომელთა მოთხოვნებიც მოსარჩელე დ.მ-ის მიერ არ იქნა დაცული, არ მიუთითებია; შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გათვალისწინებული არ ყოფილა სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებებში მითითებული გარემოებები, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო დ.მ-ის სკოლის დირექტორის კანდიდატად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ გაითვალისწინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები, რომლითაც დადგინდა, რომ საკონკურსო კომისიამ არ გამოიყენა წინასწარ შემუშავებული კითხვარი და შესაბამისი შეფასების მეთოდი (შეფასების კრიტერიუმები), რის გამოც კონკურსი და მისი შედეგები ვერ მიიჩნეოდა კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, თანასწორობისა და ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების რეალიზაციის გზით მიღებულ გადაწყვეტილებად. წინასწარ განუსაზღვრელი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, კანდიდატთა სტრატეგიული ხედვების შეფასება და ცალკეული კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭება, ხოლო ზოგიერთი მათგანისათვის კანდიდატად წარდგენაზე უარის თქმა ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი კონკურენციის პრინციპს, რადგან კანდიდატისათვის გაუგებარი იყო ის საფუძველი, რის გამოც მისი ხედვა უარყოფითად იქნა შეფასებული, ხოლო სხვისი -დადებითად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის (საქმე №3/3239-14), 2016 წლის 16 თებერვლის (საქმე №3/9124- 15) და 2016 წლის 25 თებერვლის (საქმე №3/9123-15) გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით შექმნილმა კომისიამ იმსჯელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №951 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 25 აგვისტოს სხდომის №3 ოქმთან მიმართებაში სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად დ.მ-ის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში. კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს 2014 წლის 25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე გაკეთებულ აუდიო - ვიდეოჩანაწერში კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა. ასევე, იმსჯელეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვის შესაბამისობის შესახებ „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ კომისიის თავმჯდომარემ, გ.მ-ამ მხარი დაუჭირა დ.მ-ის კანდიდატურის წარდგენას სსიპ - ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გ.ს-მა და კომისიის წევრმა ნ.ს-ამ მხარი არ დაუჭირეს დ.მ-ის კანდიდატურის წარდგენას სსიპ - ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. ნ.ს-ამ განაცხადა, რომ დ.მ-ი აუდიო-ვიდეოჩანაწერში საუბრობდა და ფოკუსირებული იყო მხოლოდ სკოლის ინფრასტრუქტურაზე და საერთოდ არ ახსენებდა სწავლის პროცესის წარმართვისა და გაუმჯობესების საკითხებს, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მშენებლობა. მიუხედავად იმისა, კომისიის წევრებმა დაუსვეს თუ არა მას შეკითხვები, მას უნდა წარედგინა ხედვა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გეგმავდა სწავლის პროცესის განვითარებისათვის. ნ.ს-ამ ასევე აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდა, რასაც ხაზს უსვამდა დ.მ-ი, არ მიაჩნდა დადებით მოვლენად. გ.მ-ამ აღნიშნა, რომ ეს იყო 2014 წლისათვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი მოსაზრება. მაშინ ყველა საუბრობდა იმაზე, რომ უნდა შექმნილიყო საკონკურენციო გარემო, რომელშიც მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა სკოლის წარმატების ერთ-ერთ სერიოზულ ნიშნად განიხილებოდა. ინფრასტრუქტურის საკითხები სტრატეგიული განვითარების ნაწილია. ამასთან, დირექტორობის კანდიდატი მსჯელობდა და საკუთარ მოსაზრებებს აყალიბებდა იმ ლოგიკურ სივრცეში, რომელიც შეიქმნა კომისიის სხდომაზე. მისი სხვა არგუმენტები და განმარტებებიც მეტ-ნაკლებად ეხებოდა სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას. გ.ს-მა განაცხადა, რომ დ.მ-ის ხედვა აცდენილი იყო რეალობას და მან ვერ წარმოადგინა სკოლის განვითარების საკუთარი კონკრეტული ხედვა. შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით დ.მ-ის კანდიდატურა არ წარადგინა ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია იმის გამო, რომ ერთი მხრივ, სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უთითებს, რომ კომისიას არ უმსჯელია „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის თუ რომელ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროს ამავე გადაწყვეტილებით ავალებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის (საქმე №3/3239-14) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №3 სხდომის ოქმის ბათილად ცნობასა და დ.მ-ის კანდიდატურის წარდგენას სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად. კასატორის მოსაზრებით, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 2018 წლის 23 ივლისის №3 სხდომის ოქმი შეიცავს ამომწურავ დასაბუთებას, თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელეს სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად წარდგენაზე და აღნიშნული კანდიდატის შეფასება სწორედ 2018 წლის 19 მარტის №254 ბრძანებით შექმნილი კომისიის კომპეტენცია იყო და არა სასამართლოსი. ამასთანავე, თუ სასამართლოს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მაშინ ბუნდოვანია, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კანდიდატურა უნდა წარედგინოს სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლას. სასამართლოს ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში სადავო ოქმის დაუსაბუთებლობასთან მიმართებით, ამავე ლოგიკით შესაძლებელია დაუსაბუთებლად იქნეს მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმის გამო, რომ იგი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელის კანდიდატის შესაბამისობაზე საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმით გადაწყვეტილება აღასრულა არა ფორმალურად, არამედ საფუძვლიანად გამოიკვლია და დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავო საკითხის გადაწყვეტასთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამ გარემოების დადგენის შედეგად იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ.მ-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, არ ეფუძნება ფაქტობრივი გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილადაა ცნობილი, რომ დ.მ-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შექმნილ კომისიასთან 2014 წლის 25 აგვისტოს გაიარა გასაუბრება. სტრატეგიული ხედვის შეფასების შედეგად კომისიამ უარი უთხრა მას სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად შესაბამისი სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენაზე. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული იმ კანდიდატების სიაში, რომლებიც ასარჩევად შესაბამის სამეურვეო საბჭოებს უნდა წარდგენოდა, მოსარჩელე დ.მ-ი გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც მის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები არ შეიცავდა მისი გამოტანის საფუძვლებს და ასეთი საფუძვლები არც სასამართლოში საქმის განხილვის დროს ყოფილა გამოკვეთილი, მოსარჩელე დ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მას უარი ეთქვა სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად შესაბამისი სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენაზე, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება მოსარჩელე დ.მ-ის წარუდგენლობის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, დ.მ-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დაუსაბუთებლობის გარდა, საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა გამოყენებული წინასწარ შემუშავებული კითხვარი და შესაბამისი შეფასების მეთოდი (შეფასების კრიტერიუმები), რის გამოც კონკურსი და მისი შედეგები ვერ იქნებოდა მიჩნეული კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, თანასწორობისა და ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების რეალიზაციის გზით მიღებულ გადაწყვეტილებად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. მითითებული პრინციპების დაცვის უპირობო გზაა სათანადო წარმოების ჩატარება და კონკურსანტის კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა სკოლის დირექტორის თანამდებობასთან.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობებს განსაზღვრავს „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. დ.მ-ის შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ის წარმოადგენს დირექტორობის უფლების მქონე პირს, რომელმაც მითითებული წესის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაიარა გასაუბრება №... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება გამოიცა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მითითებული ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ დ.მ-მა მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით გასაუბრების ეტაპზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი ხუთი წევრისგან შემდგარმა კომისიამ, კერძოდ, კომისიის დამსწრე სამი წევრიდან კომისიის თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა დ.მ-ის სკოლის დირექტორის კანდიდატად წარდგენას, ხოლო კომისიის ორი წევრი ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო იმის გამო, რომ კანდიდატი გასაუბრებისას მხოლოდ სკოლის ინფრასტრუქტურაზე საუბრობდა და არ ახსენებდა სწავლის პროცესის წარმართვისა და გაუმჯობესების საკითხებს. ამასთან, კომისიამ იმსჯელა დ.მ-ის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების ხედვის შესაბამისობაზე „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან და საბოლოოდ, ორი წევრის უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის დირექტორობის კანდიდატად მოსარჩელე დ.მ-ის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრის მითითებით, კანდიდატი გასაუბრებისას ვერ ფლობდა თავს და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნაკლებად შეესაბამებოდა სკოლის ხელმძღვანელის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაუბრების პროცესი ემსახურება კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის, პროფესიული ცოდნის დონისა და მისი უნარ-ჩვევების შეფასებას და თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრას. შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კანდიდატს შესაძლებლობა აქვს გამოავლინოს შესაბამისი ლოგიკური აზროვნება და მისი კვალიფიკაცია, ხოლო კონკურსის პროცედურული წესების, სათანადო ფორმალური მოთხოვნების დაცვის, კონკურსანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და გასაუბრების შედეგად კომისია ადგენს კანდიდატის შესაბამისობას დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან. ამდენად, „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან“ შესაბამისობის შეფასება განეკუთვნება საკონკურსო კომისიის დისკრეციის სფეროს - მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტონ როგორც კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, ასევე მიზანშეწონილობის კრიტერიუმებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვაა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, როდესაც ინტერესების დაპირისპირებას აქვს ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ დაცულ იქნეს მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი ბალანსი. ,,ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას“ (სუსგ №ბს-997(კ-18) 20.06.2019 წ.).

ზემოაღნიშნულის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. მეორე ეტაპის წარმატების გადასალახად კანონმდებლობა ითვალისწინებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მხრიდან კანდიდატის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას მასთან გასაუბრების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე დააკმაყოფილეს სარჩელი, რომ სათანადოდ არ შეუფასებიათ დ.მ-თან გასაუბრების ეტაპი; სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას გასაუბრების ეტაპზე დ.მ-ის, როგორც სკოლის დირექტორობის კანდიდატის მიერ გამოვლენილი კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის, პროფესიული ცოდნის დონისა და მისი უნარ-ჩვევების შეფასების შესახებ და შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივ ნორმებზე მითითებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია ის მტკიცებულებები, რაც დ.მ-ის მიმართ დირექტორობის კანდიდატის წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობაზე სასამართლოს მისცემდა ნათელ წარმოდგენას; სასამართლოს, კომისიის წევრთა მოწმედ დაკითხვის გზით, უნდა დაედგინა მათ გადაწყვეტილებებს შორის არსებული წინააღმდეგობრივი დასკვნის მიზეზი, დ.მ-ის მიმართ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი შეფასების არგუმენტები და მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით მიეღო დასკვნა საკონკურსო პროცესის განუყოფელ ნაწილად მიჩნეული გასაუბრების ეტაპის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესატყვისობის თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21. ).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ განჩინება საქმეზე №ბს-985(კ-20), 2021 წლის 24.11.2021 წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა