საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-711(კ-22) 7 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ჭ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 31 ოქტომბერს ხ. ჭ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 სექტემბრის №4584 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ 33,48 მ2
ფართზე (საკუთრებაში არსებულის მომიჯნავე) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის და შესაბამისი საკუთრების მოწმობის გამოცემის დავალება, მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 სექტემბრის №4584 ბრძანება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, ...ის ქ. №2-ში, 1-ლ სართულზე, მდებარე ბინა №4-ში (ყოფილი ...ის საცხოვრებელი სახლ №21-ში) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 57,3 მ2 საცხოვრებელი ფართის (ს/კ ...) მომიჯნავედ მდებარე 33,48 მ2 ფართზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის განმარტებით, ხ. ჭ-ამ 2018 წლის 16 აგვისტოს შეიძინა უძრავი ქონება (მდებარე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ი (ყოფილი ...ის საცხოვრებელი სახლი N21), ...ის ქუჩა N2, I სართული, ბინა N4). ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილება კი, არეგულირებს 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამასთან, ადგილზე დათვალიერებითა და ფოტომასალით დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადებაში მითითებულ მისამართზე, მის საკუთრებაში არსებულ ფართზე, საკუთრების შეძენის შემდეგ, თვითნებურად მიშენების სამუშაოები განახორციელა როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს, შესაბამისად, იგი არ არის აღნიშნული ფართის კანონიერი მოსარგებლე და ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ვერ წარმოეშობოდა უკანონოდ მიშენებულ ფართზე მოთხოვნის უფლება. აქედან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 სექტემბრის №4584 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ 33,48 მ2 (საკუთრებაში არსებულის მომიჯნავე) ფართზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გამოცემის დავალება.
2018 წლის 20 აგვისტოდან ხ. ჭ-ა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში, ...ის ქ. №2-ში (პირველი სართული, ბინა №4) მდებარე 57,3 მ2 საცხოვრებელი ფართის (ს/კ ...) მესაკუთრე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხ. ჭ-ას გამყიდველისგან 57,3 მ2 საცხოვრებელ ფართთან ერთად გადაეცა ასევე მის საკუთრებაში არსებული ფართის მომიჯნავე 33,48 მ2 ფართი, რომელიც არ არის რეგისტრირებული.
2019 წლის 02 ივლისს ხ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2019 წლის 15 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით შეჩერდა N... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაცია, ვინაიდან უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად წარმოსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი ზედმეტად აზომილ 33,48 კვ.მ ფართობზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჭ-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო.
ხ. ჭ-ამ 2019 წლის 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული ზუგდიდში, სოფელ ...ში, ...ის ქ. N2-ში, ბინა 4-ში მდებარე 57,3 კვ.მ უძრავი ქონების მომიჯნავედ არსებული 33,48 კვ.მ საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული კორპუსი დაზიანდა სტიქიის შედეგად, რის გამოც ჩატარდა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებამ გამოიწვია მისი კუთვნილი 57,3 კვ.მ ფართის გაზრდა 33,48 კვ.მ მეტრით აივნისა და მომიჯნავე ფართის ხარჯზე, რამაც ჯამურად შეადგინა 90,78 კვ.მ შესაბამისად, აღნიშნული ფართი უშუალოდ დაკავშირებულია რეგისტრირებულ ფართთან და მისი გამიჯვნა და ცალკე დამოუკიდებლად მფლობელობა-სარგებლობა შეუძლებელია.
2019 წლის 19 სექტემბრის განცხადებით ხ. ჭ-ამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინა დამატებითი დოკუმენტები: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (13 ნოემბერი 2017 წელი); ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სტიქიის შედეგად დაზიანებული N19 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მუშა პროექტის ხარჯთაღრიცხვა, შედგენილი შპს „კ...ის“ მიერ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 სექტემბრის N4585 ბრძანებით, ხ. ჭ-ას 2019 წლის 16 სექტემბრის N12488/02 და 2019 წლის 19 სექტემბრის N12748/02 განცხადებები - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (ყოფილი ...ის საცხოვრებელი სახლი N21), ...ის ქ. N2-ში, I სართულზე მდებარე ბინაN4-ში არსებული 33,48 კვ.მ საცხოვრებელი (იზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (ყოფილი ...ის საცხოვრებელი სახლი N21), ...ის ქ. N2-ში, I სართულზე, მდებარე ბინა N4-ში არსებული 33,48 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა. ხ. ჭ-ას ინტერესის დამაბრკოლებელ გარემოებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია ის გარემოება, რომ ხ. ჭ-ა არ წარმოადგენდა მოთხოვნილი ფართის კანონიერ მოსარგებელს, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა ,,საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, ამასთან, აღნიშული ფართი წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას. მოსარჩელე კი, მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებამ გამოიწვია მისი კუთვნილი 57,3 კვ.მ ფართის გაზრდა 33,48 კვ.მ მეტრით აივნისა და მომიჯნავე ფართის ხარჯზე, რამაც ჯამურად შეადგინა 90,78 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია კანონიერი მოსარგებლის ცნება, კერძოდ, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამავე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ ან/და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზეც, თუკი აღნიშნული მომიჯნავე ფართობის გარეშე საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელია და იგი არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს. ამდენად ცალსახაა, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეუძლია კანონიერ მოსარგებლეს, რომელიც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულის გარდა, სარგებლობს ისეთი მომიჯნავე ფართით, რომლის გარეშეც კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართობით შეუფერხებლად სარგებლობაც შეუძლებელია.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს მ. ა-ას, რომლისაგანაც მოსარჩელე ხ. ჭ-ამ 2018 წელს შეიძინა სადავო ბინა მისივე დაკვეთით მომზადებული ნახაზის საფუძველზე, სწორედ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ საფუძველზე გადაეცა ბინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. ჭ-ა, რომელმაც 2018 წელს უკვე კერძო საკუთრებაში არსებული ქონება შეიძინა არ წარმოადგენს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 (აღნიშნული დადგენილება იგივე წესებს ადგენს, რასაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულება) დადგენილების მიზნებისათვის კანონიერ მოსარგებლეს. ის ფაქტი კი, რომ ხ. ჭ-ას ფაქტობრივ სარგებლობაშია უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულის გარდა სხვა მომიჯნავე ფართიც, რომლის რეგისტრირებული ფართისგან დამოუკიდებლად სარგებლობაც შეუძლებელია, რა თქმა უნდა არ ცვლის კანონიერი სარგებლობის და კანონიერი მოსარგებლის ცნების არსს, N189 დადგენილების გამოყენების მიზნებისათვის.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერსა და შპს „დ...ის“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანი იყო „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 06 ოქტომბრის N2101 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით შემსყიდველის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია) მხრიდან მიმწოდებლისგან (შპს „დ...ი“) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული N19 და N20 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა (CPV კოდი: ... - შენობის დასრულების სამუშაოები; ... - შენობის მოწყობის სამუშაოები; ... - კაპიტალური რემონტი (შეკეთება) და რეკონსტრუქცია; ... - შენობის განახლება).
საქმეში წარმოდგენილია შპს „კ...ის“ მიერ 2017 წელს მომზადებული „მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სტიქიის შედეგად დაზიანებული N19 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლის მიხედვითაც შენობის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა შენობის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას, სახურავის და მიშენებების აღდგენას. ამავე პროექტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყო: 1. მოსამზადებელი სამუშაოები, 2. დემონტაჟის სამუშაოები, 3. ახალი ლითონის კონსტრუქციის აივნების მოწყობა, 4. სახურავის რეაბილიტაცია. საპროექტო გეგმას ახლავს სარეაბილიტაციო შენობის უკანა, გვერდითი და წინა მხრის ფასადის ნახაზები, რომლებზეც როგორც უკანა, ისე გვერდითა ფასადზე ჩანს ღია ტიპის აივნების პროექტი პირველ და მეორე სართულზე, ხოლო წინა ფასადის მხარეს ამ ტიპის ღია აივნები გათვალისწინებულია მხოლოდ მეორე სართულზე (ს/ფ 56-57). აივნების ადგილზე დახურული ტიპის მიშენების არსებობის შესახებ საპროექტო გეგმაზე რაიმე ინფორმაცია დატანილი არ არის. შპს „ს...ის“ პროექტის ბოლო გვერდის (ტერიტორიის გენგეგმა) შემდეგ, საქმეში ასევე დაცულია N19 საცხოვრებელი სახლის ფასადის ნახაზი ქუჩის და გვერდითა მხრიდან. აღნიშნულ ნახაზზე ხელით მიწერილია „დასრულებული“ და ჩანს, რომ წინა და გვერდით ფასადზე არსებული ღია აივნები უკვე ამოშენებულია და ნახაზზე დატანილია შესაბამისი ღიობები.
საქმეში წარმოდგენილია ასევე, შპს „დ...ის“ 2017 წლის 19 და 25 დეკემბრის მიმართვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისადმი, რომელშიც კომპანია მიუთითებს, რომ N1 ხელშეკრულების ფარგლებში N19, N20 და N2 ხელშეკრულების
ფარგლებში N17 შენობის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია შენობებზე მიშენებული აივნების დემონტაჟი და შემდეგ ლითონის კონსტრუქციის აივნების და
კიბის მოწყობა. ზემოთ ნახსენებ შენობებში მცხოვრები მოსახლეობა არის წინააღმდეგი აივნების დემონტაჟის და ლითონის კონსტრუქციის ახალი აივნების მონტაჟის, ვინაიდან არსებული მდგომარეობით მოსახლეობას აივნები აქვს ამოშენებული და იყენებენ სხვადასხვა დანიშნულების ოთახებად. აქედან გამომდინარე, კომპანია ითხოვს დაკორექტირდეს ხარჯთაღრიცხვა მოსახლეობის სურვილის შესაბამისად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ო...ს“ (ყოფილი შპს „დ...ი“) შორის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმებულ N1 ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ 2018 წლის 12 მარტის შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი (შპს
„ო...ი) ახორციელებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული N19 და N20 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 94864,90 ლარს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 მარტის N1327-02 წერილობითი მიმართვის თანახმად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მოსახლეობის მოთხოვნით, აუცილებელი გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების შეტანა, რის შედეგადაც შემცირდა სახელშეკრულებო ღირებულება და განხორციელებული ცვლილების შედეგად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 94 863,64 ლარი.
2018 წლის 18 მაისს, შპს „ო...მა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინა 2017 წლის 13 ნოემბერს დადებული N1 ხელშეკრულების თანახმად მიმდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული N19, N20 საცხოვრებელი ბინების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საბოლოო აქტი, ფორმა N2. ფორმა N2-ის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დაზიანებული N19 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შესრულდა ზემოთ მოყვანილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ყველა სამუშაო.
საქმეში წარმოდგენილი შპს „თი...ის“ 2018 წლის 28 მაისის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ და ასევე სხვადასხვა პერიოდში (23.12.2017-12.03.2018, 30.01.2018-19.03.2018, 21.03.2018-31.03.2018, 20.03.2018 - 24.03.2018, 06.03.2018 -24.03.2018) შედგენილი ფარული სამუშაოების აქტები N19 შენობაზე მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, შესაბამისი ფოტომასალით (ს/ფ 118-183; 189-200). მაგალითად, 23.12.2017წ. (სამუშაოს დაწყება) - 12.03.2018წ. (სამუშაოს დასრულება) ფარული სამუშაოების აქტი N3/1-ით ირკვევა, რომ დასახელებულ პერიოდში განხორციელდა ხის აივნების კონსტრუქციის დემონტაჟი 156,4 კვ.მ. აქტს ახლავს შესაბამისი ფოტომასალაც. წარმოდგენილ ფოტომასალაზე კარგად ჩანს არსებული ხის აივნების დემონტაჟის შედეგი. ასევე აქტებზე დართული ფოტომასალით დასტურდება საცხოვრებელ სახლზე აივნების არა უბრალოდ ამოშენების, არამედ მიშენების სამუშაოების შესრულების პროცესი. ინსპექტირების აქტში, სამშენებლო ობიექტზე პროექტით გაუთვალისწინებელი მიშენებების შესახებ ინფორმაცია ასახული არ არის.
2018 წლის 29 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერსა და შპს „ო...ს“ შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული N01 ხელშეკრულების და მასში 2017 წლის 24 ნოემბერს, 2018 წლის 21 თებერვალს და 12 მარტს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული N19 და N20 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. არც ობიექტის ჩაბარების დროს გაკეთებულა რაიმე შენიშვნა, შენობაზე არსებული პროექტით გაუთვალისწინებელი და უნებართვო მშენებლობების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროცესში განხორციელდა არსებული ხის აივნების კონსტრუქციის დემონტაჟი, ახალი მიშენებული ფასადის ლესვა (კარ-ფანჯრის ნაოთხალების შევსებით), ამოშენებული კედლების მობათქაშება ქვიშა ცემენტის ხსნარით. ახალი მიშენებების განხორციელების ფაქტი დადასტურებულია. საპროექტო დოკუმენტაციაში არსად არ არის ნახსენები, რომ ხდებოდა საცხოვრებელი სახლის მხოლოდ წინა ფასადის რეაბილიტაცია, შესასრულებელ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვით და ფოტომასალით ირკვევა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდა მთელ სახლს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება. (სუსგ საქმე №ბს-208-200(კ-13), 09.07.2013წ.).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ ვითარებაში, კასატორი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვერ ადასტურებს, რომ ხ. ჭ-ას საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ფართები არ მოექცა სარეაბილიტაციო პროექტით განსახორციელებელ სამუშაოების ფარგლებში და ამ სამუშაოების შედეგად არ მოხდა არსებული ფართის გაზრდა. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესრულებინა მისი კანონისმიერი ვალდებულება - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობის თაობაზე, რამდენადაც მისთვის ცხადი იყო, რომ ხ. ჭ-ას ინტერესი იყო მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რისთვისაც ადმინისტრაციული ორგანოსგან ესაჭიროება შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც საკმარისი იქნება საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისთვის. აღნიშნული განხორციელდება საკუთრების მოწმობის გაცემის გზით, თუ სხვა რაიმე ფორმით, რითაც მერია ხ. ჭ-ას დაუდასტურებს საცხოვრებელი სახლის გაზრდილ ფართზე საკუთრების უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე _ კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებას წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმირება არა მხოლოდ უფლებრივი ასპექტით, არამედ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია.“ (საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1250-1194(კ-09)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მართალია არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მხარის ინტერსებისა და უფლებების გათვალისწინებით უნდა გასცეს შესაბამისი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხ. ჭ-ა შეძლებს თავისი საკუთრების უფლების რეალიზაციას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე