საქმე №ბს-1508(კს-22) 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – თ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 25 ივნისს თ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, თ. გ-ეის საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 25 მაისის №03-1874/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის საგრანტო განაცხადის განხილვისა და დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა თ. გ-ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე - ზესტაფონის რაიონი სოფელი .... აღნიშნული გადაწყვეტილება ადრესატს მითითებულ მისამართზე პირადად ჩაბარდა 2022 წლის 4 ოქტომბერს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მოსარჩელეს ამოეწურა 2022 წლის 18 ოქტომბერს, თ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი კი საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2022 წლის 31 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც, სააპელაციო პალატის მიერ მოხმობილი ნორმების თანახმად, წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის მიღებისა და განხილვის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი გაგზავნილ იქნა ტექნიკური შეცდომით, კერძოდ, საფოსტო ბარათზე მითითებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ხოლო მისამართი მითითებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოსი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განმარტავს, რომ თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე თანდართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, მისამართის მიხედვით საფოსტო გზავნილი ჩაბარდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სავსებით სწორად, რომელიც თავის მხრივ გახსნიდა ბარათს და ნახავდა სწორად შევსებულ სააპელაციო საჩივარს და გადაუგზავნიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაარღვია მისი უფლება ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და სააპელაციო წესით დაეცვა უფლებები. ამასთან, კერძო საჩივარს თან ერთვის საფოსტო გზავნილის, ჯანმრთელობის ცნობისა და საფოსტო კონვერტის წინა გვერდის ასლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით თ. გ-ეის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ეის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე თ. გ-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს დაექვემდებაროს, ამდენად, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო კანონმდებლობა ცალსახად გამორიცხავს გასაჩივრებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას ან აღდგენას, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ლეგიტიმური შეზღუდვის ერთ-ერთ სახეს სწორედ, საპროცესო ვადა წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია ანუ იმ პირობებშიც კი, თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი გამორიცხავს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა თ. გ-ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე - ზესტაფონის რაიონი, სოფელი .... აღნიშნული გადაწყვეტილება ადრესატს მითითებულ მისამართზე პირადად ჩაბარდა 2022 წლის 4 ოქტომბერს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მოსარჩელეს ამოეწურა 2022 წლის 18 ოქტომბერს, თ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი კი საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2022 წლის 31 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც, წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი გაგზავნილ იქნა ტექნიკური შეცდომით, კერძოდ, საფოსტო ბარათზე მითითებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ხოლო მისამართი მითითებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოსი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64. კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ მისამართის მიხედვით საფოსტო გზავნილი ჩაბარდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სავსებით სწორად, რომელიც თავის მხრივ გახსნიდა ბარათს და ნახავდა სწორად შევსებულ სააპელაციო საჩივარს და გადაუგზავნიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის საფოსტო გზავნილის, ჯანმრთელობის ცნობისა და საფოსტო კონვერტის წინა გვერდის ასლები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მხარეებს სრულყოფილად განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება თ. გ-ეს პირადად ჩაბარდა 2022 წლის 4 ოქტომბერს (ს.ფ. 156). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 5 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2022 წლის 18 ოქტომბერს (სამშაბათი) 24:00 საათზე. აღნიშნულს სადავოდ არ ხდის თავად კერძო საჩივრის ავტორიც.
ამასთან, სააპელაციო საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 1 ნოემბერს (ს.ფ. 157), ხოლო სააპელაციო საჩივარზე თანდართულ საფოსტო კონვერტზე დასმული შტამპის მიხედვით, გზავნილის ფოსტაში ჩაბარების თარიღად მითითებულია 2022 წლის 31 ოქტომბერი (ს.ფ. 169), რაც სააპელაციო საჩივრის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენას ადასტურებდა. მართალია, სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2022 წლის 10 ოქტომბერი (ს.ფ. 168), თუმცა, სააპელაციო საჩივრის განმეორებით დაგვიანებით წარდგენის მიზეზები, რაზეც თ. გ-ე კერძო საჩივარში მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოსთვის აპელანტს არ მიუთითებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის განსაზღვრის კუთხით იხელმძღვანელა საჩივარზე თანდართულ საფოსტო კონვერტზე დასმული თარიღით.
მართალია, სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას იხელმძღვანელა წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ საფოსტო კონვერტის ასლზე (ს.ფ. 188), სადაც თ. გ-ეის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., ტ. 555-18-79-21) საფოსტო გზავნილის ადრესატად მითითებულია სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ხოლო მისამართად დაფიქსირებულია - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64, რაც რეალურად თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართს წარმოადგენს. ამასთან, კონვერტზე დასმულია არაერთი საფოსტო შტამპი, შემდეგი თარიღებით: 10.10.2022წ. - ზესტაფონი, 27.10.2022წ. - თბილისი; ამასთან, კონვერტზე დასმულია შტამპი - დაუბრუნდეს გამომგზავნს, სადაც მითითებულია 27.10.2022წ., ხოლო გზავნილის დაბრუნების მიზეზად აღნიშნულია შემდეგი გრაფები - „ადრესატი მიუწვდომელია“ და „წარუმატებელი ჩაბარება“. კონვერტის ასლზე დატანილია საქართველოს ფოსტის გზავნილის კოდი - 0100007812207; ხოლო კერძო საჩივარზე დართული ამავე საფოსტო კოდის გზავნილის თანახმადაც, გზავნილის ადრესატად მითითებულია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ხოლო ადრესატის მისამართად - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64, საფოსტო ბარათის თარიღად მითითებულია - 11.10.2022წ., საფოსტო ბარათზე დასმული შტამპის თარიღია - 10.10.2022წ., ზესტაფონი (ს.ფ. 181).
ამდენად, კერძო საჩივარზე თანდართული საფოსტო კონვერტის ასლის მიხედვით, ერთი მხრივ, დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოებები საფოსტო გზავნილზე მითითებული ინფორმაციის უზუსტობის - ადრესატის ვინაობისა და მისამართის შეუსაბამობის, შედეგად კი, გზავნილის თ. გ-ეისთვის უკან დაბრუნების თაობაზე, თუმცა, მეორე მხრივ, არ არის იდენტიფიცირებული აღნიშნული კონვერტით უშუალოდ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის გაგზავნის ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით კვლევას საჭიროებს. კონვერტის ასლზე დატანილია საქართველოს ფოსტის გზავნილის კოდი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საფოსტო განყოფილებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისთვის დროულად ჩაბარების ფაქტი. ასევე გამოკვლეული უნდა იქნეს თუ რა საფუძვლით დაუბრუნდა აღნიშნული გზავნილი მხარეს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხის შეფასებისას, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის განსაზღვრის კუთხით უნდა გაითვალისწინოს თ. გ-ეის მიერ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებაში დროულად ჩაბარების ფაქტი. აღნიშნულის შეფასების შემდეგ კი ყურადღება უნდა მიექცეს თ. გ-ეისთვის საფოსტო გზავნილის უკან დაბრუნებისა და სააპელაციო საჩივრის განმეორებით წარდგენის ვადებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში თ. გ-ეის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის კუთხით გადამწყვეტია დადგენილ ვადაში გზავნილის საფოსტო განყოფილებაში ჩაბარების ფაქტის დადასტურება, ხოლო საფოსტო გზავნილზე გამგზავნი პირის მიერ დაშვებულმა ისეთმა ტექნიკური ხასიათის უზუსტობამ, როგორსაც განსახილველ შემთხევაში ადრესატისა და მისამართის შეუსაბამობა წარმოადგენს, არ უნდა ხელყოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების, უფრო ზუსტად კი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შეუძლებლობის პირობებში, სასამართლოსათვის მიმართვა არ იქნებოდა სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება. სამართლიანი სასამართლოს უფლება პირს აღჭურავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის კონსტიტუციური შესაძლებლობით და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად უფლების დარღვევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, No. 20627/04, §17, 23 ოქტომბერი 2006).
სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, „თითოეული საქმე უნდა შეფასდეს სამართალწარმოებაში არსებული კონკრეტული გარემოებების შუქზე და სასამართლოები, პროცედურული ნორმების გამოყენებისას უნდა ეცადონ, თავიდან აიცილონ, როგორც გადაჭარბებული ფორმალობა/ექსცესიური ფორმალიზმი, რაც სამართალწარმოების სამართლიანობას მიაყენებდა ზიანს, ასევე გადაჭარბებული მოქნილობა, რაც საკანონმდებლო ნორმებით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს უსარგებლოდ და მბოჭავი ძალის არ მოქნედ აქცევდა.“ (Hasan Tunç and Others v. Turkey, N 19074/05, § 33, 31 იანვარი 2017). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკვე დიდი ხნის მანძილზე ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, „გადაჭარბებული ფორმალობა“ შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნასთან, რომელიც გულისხმობს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით პრაქტიკულ და ეფექტურ სარგებლობას. ეს როგორც წესი ისეთ შემთხვევებში ხდება, როდესაც ადგილი აქვს პროცედურული ნორმის განსაკუთრებით ხისტი/მკაცრი ფორმით ჩამოყალიბებას, რაც ახდენს მომჩივნის საჩივრის არსებითად განხილვის პრევენციას და ამასთან აკისრებს მომჩივანს მე-6 მუხლით დაცული მისი ერთ-ერთი უფლების (უფლება სასამართლოს მხრიდან ეფექტიან დაცვაზე) დარღვევის რისკს (Běleš and Others v. the Czech Republic, No. 47273/99, §§ 50-51, 69, 12 თებერვალი 2000).
გადაჭარბებული ფორმალობის შემოწმებას ეროვნულ დონეზე სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, სტრასბურგის სასამართლო ახდენს საქმის მთლიანად შეფასების გზით, იღებს რა მხედველობაში მის კონკრეტულ მახასიათებლებს. გამყოფი ხაზის გასავლებად იმ თვალსაზრისით, კონკრეტულ საქმეში ადგილი ჰქონდა გადაჭარბებულ ფორმალობას თუ უბრალოდ, პროცედურული ფორმალობის მისაღებ გამოყენებას, ევროპული სასამართლო გამოყოფს ორ ცენტრალურ ელემენტს - სასამართლო ამოწმებს, ემსახურება თუ არა შესაბამისი პროცედურული წესები იმ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორიცაა „სამართლებრივი სიცხადე“ და „მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირება“ (Zubac v. Croatia [GC], Nი. 40160/12, § 98, 5 აპრილი 2018).
გასაჩივრების ვადების, როგორც სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორის, მიმართ სასამართლოს მიდგომა არ უნდა იყოს გადაჭარბებულად ფორმალური. დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლიანი სასამართლოს უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადა იმგვარად უნდა იქნეს დაწესებული და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს გასაჩივრების უფლების რეალური არსის ხელყოფა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ეის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე თ. გ-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე თ. გ-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა