საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-767(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. თ-ა
დავის საგანი - იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 24 თებერვალს თ. თ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, სულ, ხელზე ასაღები თანხის - 49760 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, ზიანის სახით, მოსარჩელე თ. თ-ას სასარგებლოდ, მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, ხელზე ასაღები თანხის - 49760 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია - წარმოადგენს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის MOD 220 00001050 ბრძანება თ. თ-ას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აქტს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებით კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თავისი შინაარსით მის უკანონობას გულისხმობს და ასეთი აქტის საფუძველზე, პირის იძულებითი განაცდური ხელფასი ჩაითვლება უკანონოდ მიყენებულ ზიანად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რამდენად ლეგიტიმური იყო მოსარჩელის მოლოდინი, არსებული სამართლებრივი რეჟიმის პირობებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. თ-ას სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის NMOD 5 16 00004866 და 2017 წლის პირველი მაისის NMOD 5 1600001343 ბრძანებები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის MOD 2 20 00001050 ბრძანებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის N3/4315-17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, მოკვლეული ფაქტობრივი გარემოების და გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, თ. თ-ა ჩაითვალა თანამდებობიდან გათავისუფლებულად და კადრების განკარგულებაში გადაყვანილად, 2016 წლის 30 დეკემბრიდან. ამავე ბრძანებით თავდაცვის ...ი თ. თ-ა დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის თანამდებობაზე (საშტატო კატეგორია „...“, შტატი ...) და 2017 წლის პირველი მაისიდან, ამავე ბრძანების მეორე პუნქტის ძალაში შესვლის დღემდე პერიოდი ჩაეთვალა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურებ სტაჟში. საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1504 ლარს. თ. თ-ას არ ანაზღაურებია იძულებითი განაცდური ხელფასი, მისი გათავისუფლების დღიდან, აღდგენამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამსახურში დანიშვნისას საჯარო მოხელეს წარმოეშობა თანამდებობრივი სარგოს გარანტირებულად მიღების გონივრული მოლოდინი. ამასთან, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (118.3, 118.4 მუხლები). თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობისა და თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. თ-ას სარჩელი, ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, აღსრულების მიზნით გამოცემული 2020 წლის 21 იანვრის ბრძანების მეორე პუნქტის ფორმულირება - „თანამდებობაზე დანიშვნა“, თავისი შინაარსით გულისხმობს „თანამდებობაზე აღდგენას“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის NMOD 5 16 00004866 და 2017 წლის პირველი მაისის NMOD 5 1600001343 ბრძანებების უკანონოდ ცნობის პირობებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის MOD 2 20 00001050 ბრძანებით თ. თ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის თანამდებობაზე (საშტატო კატეგორია „...“, შტატი ...) დანიშვნა „მარეაბილიტირებელი აქტია“, რაც იწვევს მოხელის გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და ყველა იმ სიკეთის მიღებას, რაც სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოხელემ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ვერ მიიღო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებით თ. თ-ამ ვერ მიიღო თანამდებობრივი ანაზღაურება, შესაბამისად, ცალსახაა, რომ განვლილ პერიოდზე მხარეს ეკუთვნის განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მოსაზრება და საპირწონე პოზიცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ წარმოადგინა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მიღებული აქვს ორი თვის ხელფასი და სამსახურიდან დათხოვნის დროს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დაანგარიშება და მოპასუხისათვის მიუღებელი განაცდურის სახით 49760 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც თ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ არასათანადოდ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს თ. თ-ა არ აღუდგენია თანამდებობაზე და არც განაცდურის ანაზღაურებაზე უმსჯელია. სამინისტროს დაევალა მხოლოდ კადრების განკარგულებაში გაყვანის შესახებ 2016 წლის 30 დეკემბრის, ასევე დათხოვნის შესახებ 2017 წლის ბრძანებების თავიდან შესწავლა და შესაბამისი დასაბუთების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა. სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოუსმინა მოსარჩელეს, ასევე სხვა პირებს (მათ შორის - მოსარჩელის თანამშრომლებს) და მიიღო გადაწყვეტილება. უდავოდ დადგენილია ის ფაქტი, რომ მოსარჩელის გათავისუფლება განხორციელდა მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლენილი სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების (მათ შორის - თვით მოსარჩელის თანხმობის) საფუძველზე, იგი ჩაითვალა გათავისუფლებულად. ამასთანავე, 2020 წლის N1050 ბრძანებით, თ. თ-ა, მისივე წერილობითი თანხმობით, დაინიშნა (და არა აღდგენილ იქნა) ...ის თანამდებობაზე.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელე დაინიშნა, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი პირი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში, მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის - შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი). ამასთან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, საიდანაც 2 თვე არის ანაზღაურებადი. მოსარჩელეს მიეცა 2 თვის ფულადი სარგო, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ხოლო 2017 წლის მაისის თვეში მას აუნაზღაურდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება, 3 600 ლარის (დარიცხული - 2880 ლარი) ფარგლებში. ამასთანავე, კადრების განკარგულებაში გაყვანიდან დანიშვნამდე პერიოდი ჩაეთვალა ნამსახურობის სტაჟში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კადრების განკარგულებაში ყოფნისას კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ 2 თვის ფულად ანაზღაურებას, რაც მიღებული აქვს უკვე მოსარჩელეს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა რაიმე სახის განაცდურზე ან ზიანზე. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა არა თანამდებობაზე აღდგენას, არამედ დანიშვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
მოსარჩელის, როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სპეციალური წოდების მქონე პირის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შემდგომში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“.
ზემოაღნიშნული „წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ. მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსამსახურეებს (გარდა სამოქალაქო პირებისა, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობაზე) უნარჩუნდებათ არა უმეტეს ორი თვის: ა.ა) ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად; ა.ბ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა); ა.გ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის ...ი (საშტატო კატეგორია ,,...’’; შტატის N...), თავდაცვის სამხედრო პოლიციის ...ი თ. ზ.-ის ძე თ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2016 წლის 30 დეკემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის პირველი მაისის MOD 3 17 00001343 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია ,,...’’; შტატის N...), თავდაცვის სამხედრო პოლიციის ...ი თ. ზ.-ის ძე თ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან.
თ. თ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866, 2017 წლის პირველი მაისის MOD 3 17 00001343 ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე (საშტატო კატეგორია - ვიცე პოლკოვნიკი) თ. თ-ას დაუყოვნებლივ აღდგენის დავალების მოთხოვნით. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის მარტიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 1504 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. თ-ას სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4866 და 2017 წლის პირველი მაისის N MOD 3 17 00001343 ბრძანებები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. თ-ას სარჩელი, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის 21 იანვარს გამოსცა ბრძანება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის ...ის - თ. თ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში გადაყვანილად ჩათვლისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით თ. თ-ა დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის (საშტატო კატეგორია „...“, შტატი ...) თანამდებობაზე. ამასთან, 2017 წლის პირველი მაისიდან, ამავე ბრძანების მეორე პუნქტის ძალაში შესვლის დღემდე პერიოდი მოსარჩელეს ჩაეთვალა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურებ სტაჟში.
ამასთანავე, N3/4315-17 ადმინისტრაციული საქმის მასალებით საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ნ. ფ-ას 2017 წლის 16 ოქტომბრის MOD 5 17 00990005 წერილის მიხედვით, თ. თ-ას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1394 ლარს, წოდებრივი სარგო 50 ლარს, წელთა ნამსახურების დანამატი 361 ლარს, კვების კომპენსაცია 75 ლარს. სულ დარიცხული 1880 ლარი, საშემოსავლო 376 ლარი. ხელზე ასაღები 1504 ლარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან (2017 წლის პირველი მაისიდან), სამსახურში აღდგენამდე (2020 წლის 21 იანვრამდე) პერიოდის გათვალისწინებით. სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია ზემოაღნიშნული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის MOD 220 00001050 ბრძანება, ხოლო სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც მოქმედი, ისე 1997 წლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე, განაცდური წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე აღდგენის აუცილებელ თანმდევ მოვლენას. მოცემულ შემთხვევაში, თ. თ-ას სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის MOD 220 00001050 ბრძანება არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტის უკანონოდ ცნობის თაობაზე. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად, უპირველესად, უნდა შეფასდეს - 2020 წლის 21 იანვრის MOD 220 00001050 ბრძანება თ. თ-ას შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, რეალურად წარმოადგენს თუ არა მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აქტს. მხოლოდ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშია შესაძლებელი მსჯელობა, წარმოეშვა თუ არა მოსარჩელეს მითითებული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის უფლება.
საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს N3/4315-17 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ძირითად მოტივებზე, რაც საფუძვლად დაედო დავის გადაწყვეტას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. თ-ა მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის ...ის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოში, სადაც მთავარი ინსპექტორის შტატი ჩამოყალიბდა უფრო მცირე რაოდენობით, თუმცა დებულების შესაბამისად, ზოგადად, ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ფუნქციები არ შეცვლილა და დარჩა უცვლელად. ამდენად, მოპასუხეს დაევალა, გამოეკვლია - შესაძლებელი იყო თუ არა თ. თ-ას დარჩენა ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული 2020 წლის 21 იანვრის MOD 220 00001050 ბრძანების მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო, ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის ...ი თ. თ-ა დაექვემდებარა კადრების განკარგულებაში გადაყვანას. რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს განყოფილებები და შეიქმნა ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახური. 2016 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო დამტკიცებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობები (სამსახური ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N7 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით“). ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანებით, რაც გამორიცხავს ძველი და ახალი ფუნქცია-მოვალეობების გაიგივებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების დაუდასტურებლობა, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას - მოითხოვოს შემოსავალი, რომელსაც შესაბამის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი მაისიდან 2020 წლის 21 იანვრამდე ყოფნის შემთხვევაში მიიღებდა. მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადგინა არა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა, თუმცა მითითებული ბრძანებით მოსარჩელესთან მიმართებაში ისეთივე სამართლებრივი შედეგები წარმოიშვა, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონოდ ცნობისა და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში წარმოიშობოდა. მოსარჩელესთან მიმართებაში დამდგარმა უარყოფითმა სამართლებრივმა შედეგებმა წარმოშვა სწორედ სახელმწიფო ორგანოსაგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. 2020 წლის 21 იანვრამდე ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გაუჩნდა განაცდურის ანაზღაურების გონივრული მოლოდინი.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ბრძანებით პირდაპირ არ არის დადასტურებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში განხორციელებული რეორგანიზაციის პირობებში, შესაბამისი სამმართველოს ფუნქციების ცვლილება და მათი სხვაგვარად ჩამოყალიბება. ადმინისტრაციულმა ორგანომ, რეორგანიზაციის შემდეგ ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს შესაბამის თანამდებობაზე თ. თ-ას დარჩენის შესაძლებლობა გამორიცხა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2016 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო დამტკიცებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობები. შესაბამისად, შეუძლებელი იყო ძველი და ახალი ფუნქცია-მოვალეობების გაიგივება. ამდენად, ფუნქცია-მოვალეობათა იდენტურობის შეფასება გამოირიცხა არა სადავო პერიოდში ფაქტობრივად არსებული ვითარების ანალიზის შედეგად, არამედ ოფიციალური დოკუმენტით (შესაბამისი ნორმატიული აქტით) ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობების განუსაზღვრელობის მიზეზით. საკასაციო პალატა ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების დამტკიცების თარიღი (2017 წლის 2 თებერვალი) არის თ. თ-ას კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას), მოსამსახურის გადაყვანა კადრების განკარგულებაში, იმთავითვე არ გულისხმობს სამსახურიდან დათხოვნას. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ („წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი). ამავდროულად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე ან უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან (ამავე „წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი). ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს 2017 წლის 2 თებერვლის მდგომარეობითაც გააჩნდა ძველი და ახალი ფუნქცია-მოვალეობების გაიგივების შესაძლებლობა, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული თ. თ-ას სამსახურიდან საბოლოოდ დათხოვნა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ მითითებული გარემოებებით აიხსნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის MOD 220 00001050 ბრძანების წინააღმდეგობრივი ბუნება: ერთი მხრივ, შესაბამის სამმართველოში შემავალი თანამდებობის გაუქმების გამო, თავდაცვის სამინისტრომ კანონიერად ჩათვალა თ. თ-ას კადრების განკარგულებაში გადაყვანა 2016 წლის 30 დეკემბრიდან და სამსახურიდან გათავისუფლება 2017 წლის პირველი მაისიდან, ხოლო მეორე მხრივ, მიიჩნია, რომ 2017 წლის პირველი მაისიდან მოსარჩელეს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურებ სტაჟში უნდა ჩაეთვალოს მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2020 წლის 21 იანვრის ბრძანების ძალაში შესვლამდე პერიოდი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2017 წლის პირველი მაისიდან თ. თ-ას სამსახურიდან დათხოვნას არ გააჩნდა რეალური ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, უკავშირდება მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის ბრძანების მეორე პუნქტის ფორმულირება - „თანამდებობაზე დანიშვნა“, თავისი შინაარსით გულისხმობს „თანამდებობაზე აღდგენას“. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის MOD 2 20 00001050 ბრძანებით თ. თ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა ჩაითვალოს „მარეაბილიტირებელ აქტად“. აღნიშნული აქტი წარმოშობს მოხელის გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისა და ყველა იმ სიკეთის მიღების საფუძველს, რაც სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოხელემ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების გამო ვერ მიიღო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობისა და თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის გათვალისწინებით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის ბრძანებაში თ. თ-ასთან მიმართებაში გაკეთებული ჩანაწერი, 2017 წლის პირველი მაისიდან, 2020 წლის 21 იანვრის ბრძანების მეორე პუნქტის ძალაში შესვლის დღემდე პერიოდის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურებ სტაჟში ჩათვლის თაობაზე, ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე. ეჭვქვეშ არ დგას 2017 წლის პირველი მაისიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის სტაჟში ჩათვლის საკითხი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურის სტაჟი უდავოდ მოიცავს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის მთელ პერიოდს (1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლის „ა“ პუნქტი; 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 124-ე მუხლის პირველი პუნქტი). თავის მხრივ, მუშაობის პერიოდი მოიაზრებს საჯარო მოხელისათვის ანაზღაურების მიღების უფლებას ყოველთვიურად, შესაბამისი ოდენობით. ამდენად, საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თ. თ-ას გააჩნია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მან ვერ მიიღო თანამდებობის შესაბამისი ანაზღაურება, 2017 წლის პირველი მაისიდან 2020 წლის 21 იანვრამდე პერიოდში. ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მიღებული აქვს ორი თვის ხელფასი და სამსახურიდან დათხოვნის დროს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს დაანგარიშება და მოპასუხისათვის მიუღებელი განაცდურის სახით 49760 ლარის ანაზღაურების დაკისრება. საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის თ. თ-ასთვის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში დანიშნული ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობას (1504 ლარს). ამასთანავე, იძულებითი განაცდურის სახით 49 760 ლარი მოთხოვნილია თ. თ-ასთვის კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მიღებული ორი თვის ხელფასისა და სამსახურიდან დათხოვნის დროს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის გამოკლებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე