Facebook Twitter

5241-13 19 მარტი, 2013 წელი

ვ-ე კ, 5241-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. თ-ის

ადვოკატ – ა. ქ-ის

მსჯავრდებულ _ კ. ვ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ვ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით კ. ვ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2 000 ლარი, ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3 000 ლარი. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5 000 ლარი. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები. კ. ვ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით.

კ. ვ-ე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და ამ ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. -ე გათავისუფლდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 15 წელი და 6 თვე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ვ-ემ. იგი აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისგანაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლდება სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია 262-ე მუხლით. კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე ცხადია, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დაკვალიფიცირების შემთხვევაში პირი თავისუფლდება მხოლოდ 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. რაც შეეხება 262-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, იგი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონის მხოლოდ მე-16 მუხლის მოთხოვნა სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინება კ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე