საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1212(კ-21) 07 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია (...ის ადმინისტრაციული ერთეული)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 22 მაისს ლ. კ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის №1 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოპასუხეებად დამატებით მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის №1 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გურიის რეგიონული ოფისის №... გადაწყვეტილება, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულმა ერთეულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც განჩინება უკანონოა. კასატორმა აღნიშნა, რომ ლ. კ-ეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 1997 წლის 13 თებერვლის N297 მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა 0,25ჰა მიწის ნაკვეთი. აქტზე დართული ნახაზით, ნაკვეთი იყო მართკუთხედის ფორმის, სიგრძით 63მ, სიგანით - 240მ. ლ. კ-ემ აღნიშნული ფართობის დარეგისტრირების მიზნით, 2015 წლის 13 ივლისს მიმართა საჯარო რეესტრს, განცხადებას ერთვოდა აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის აზომვითი საკადასტრო ნახაზი, რომლის თანახმად ფართობს თითო მხარეს ესაზღვრებოდა ღელე, ა. კ-ეის, ა. ა-ის და ჭ. კ-ეის კუთვნილი ფართები. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი - ..., ზუსტი ფართობი 2520 კვ.მ; საქმეზე წარმოება შეწყდა იმავე წლის 17 აგვისტოს ლ. კ-ეის მიერ სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობის გამო. 2015 წლის 13 ივლისს, როდესაც ლ. კ-ემ საჯარო რეესტრს თავისი მიწის დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა, მის ძმას, რ. კ-ეს უკვე დაკავებული ჰქონდა უკანონოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელშიც ვენახი ჰქონდა გაშენებული. 2015 წელს რ. კ-ემ მიტაცებული მიწის ნაკვეთის ფართობი გაზარდა და გადაკეტა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზები. დაზარალებულებმა 2017 წლის 11 ოქტომბერს ერთობლივი წერილით მიმართეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლითაც ითხოვდნენ რ. კ-ეის მიერ ჩადენილი უკანონობის აღკვეთას. გამგეობამ წერილობით მიმართა რ. კ-ეს და ნაკვეთის გათავისუფლება მოითხოვა. რ. კ-ემ გამგეობის მოთხოვნა არ შეასრულა, დის სახელით შეიტანა განცხადება საჯარო რეესტრის გურიის ოფისში, რომლითაც უკანონოდ დაკავებული მიწის დის სახელზე დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებას ერთვოდა უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთის განსხვავებული ნახაზი. ნაკვეთის ფართობი - 2508 კვ.მ, საკადასტრო კოდი - .... განსხვავებულია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებზე უფლების მქონე პირებიც. საჯარო რეესტრმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს №297 აქტში მითითებული და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურება მოითხოვა. კასატორის მითითებით, ნაკვეთები სხვადასხვა იყო, მაგრამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ...ში 2018 წლის 06 თებერვალს არასწორად შეადგინა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00007 ოქმი“, რომელშიც ჩაწერა, რომ ,,უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის“. ოქმში მითითებულია უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი: მიწის მიღება-ჩაბარების 1997 წლის 13 თებერვლის №297 აქტი, მაგრამ მასში მითითებული არ არის ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების შესახებ, იმის მიუხედავად, რომ №297 აქტში სამი ასეთი პირია დასახელებული. ხსენებულ პირებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ დათვალიერებაში და დაედასტურებინათ, რომ ლ. კ-ეისთვის №297 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი ესაზღვრებოდა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს. კასატორის მითითებით, დათვალიერების ოქმის ფორმა იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანებით იყო დამტკიცებული და ოქმის ფორმის დაუცველობა მის ბათილობას იწვევდა. მერის წარმომადგენლის დაუდევრობის გამო 2018 წლის 18 თებერვალს ლ. კ-ეის სახელზე დარეგისტრირებულ იქნა არა მიღება-ჩაბარების №297 აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი, არამედ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მის ძმას ჰქონდა უკანონოდ მითვისებული, რის გამოც მერის წარმომადგენელმა ...ში გაასწორა თავისი შეცდომა და 2018 წლის 24 აპრილის №1 ბრძანებით ბათილად ცნო №00007 ოქმი, რის შესახებაც ეცნობა საჯარო რეესტრს, რომელმაც, თავის მხრივ, 2018 წლის 02 მაისს ბათილად ცნო ლ. კ-ეის სახელზე სადავო მიწის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება.
კასატორმა აღნიშნა, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის N1 ბრძანება მხოლოდ იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ლ. კ-ე არ იყო ჩართული. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაინტერესებული პირი ინფორმირებული არ იყო აღნიშნული წარმოების შესახებ, გარდა ამისა, მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოების შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა, ვინაიდან ლ. კ-ეის წარმოებაში მონაწილეობა სადავო მიწის მდებარეობას ვერ შეცვლიდა. უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ლ. კ-ეისთვის მიწის მიღება-ჩაბარების 1997 წლის 19 თებერვლის №297 აქტით მიზომილი მიწის ნაკვეთი არ შეესაბამებოდა მის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთს. აღნიშნული დადგენილი იქნა როგორც სიტუაციური რუკით, ასევე ...ის მიწის რეფორმის კომისიის წევრების ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადებით. კასატორის მითითებით, არც ლ. კ-ეს და არც მის წარმომადგენელს არ მოუთხოვიათ საქმეში ჩაბმა, ვინაიდან მათ ინტერესებში არ შედიოდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება. კასატორმა აღნიშნა, რომ რ. კ-ე თავისი დის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების №297 აქტის გამოყენებით ცდილობდა უკანონოდ დაკავებული მიწის დაკანონებას, ვინაიდან ამ ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთზე უფლების მქონე პირები მოითხოვდნენ რ. კ-ეისაგან მისასვლელი გზის გათავისუფლებას. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ლ. კ-ეისათვის ცნობილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 მაისს შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000041 ოქმი იმის შესახებ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში რ. კ-ეს უნებართვოდ ჰქონდა დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 17 აგვისტოს განიხილა აღნიშნული სამართალდარღვევის საქმე და რ. კ-ე ცნო სამართალდამრღვევად და გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე. ლ. კ-ეის სახელით სწორედ რ. კ-ე მოქმედებდა, რომელსაც უნებართვოდ ჰქონდა დაკავებული სახელმწიფოს მიწა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის №1 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ გასაჩივრებულა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის №1 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს ლ. კ-ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 2508 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2018 წლის 1 თებერვალს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... მიმართვით გამოთხოვილ იქნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 თებერვლის №400 წერილისა და №00007 ოქმის, როგორც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, დადგენილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2018 წლის 13 თებერვლის №...-09 გადაწყვეტილებით ლ. კ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება და მიენიჭა საკადასტრო კოდი ... (სასოფლო-სამეურნეო მიწა; დაზუსტებული ფართობი 2508 კვ/მ; მის.: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები. ხსენებული კანონის (26/07/2017 - 28/06/2018 რედაქცია) 16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. 16.3 მუხლით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 2 აპრილის №09 წერილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 თებერვლის №400 წერილით გამოგზავნილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00007 ოქმში მითითებული გადაწყვეტილება არ ასახავდა რეალურად არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას; კერძოდ, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 13 თებერვალს ლ. კ-ეის სახელზე გაცემული №297 მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები არ იყო იდენტური. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის წლის №1 ბრძანების თანახმად, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 13 თებერვალს ლ. კ-ეის სახელზე გაცემული №297 მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებას დართულ აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის შესახებ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00007 ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილებით ლ. კ-ეს უარი ეთქვა ...ში მდებარე მიწის საკუთრებად რეგისტრაციაზე იმ დასაბუთებით, რომ განაცხადზე წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ იყო ასახული უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებულ ადგილზე, რასაც ადასტურებდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის №1 ბრძანების დასაბუთებაში მითითებულია მხოლოდ შპს ,,ს...“-ის მიერ საამზომველო სამუშოების უსწოროდ წარმოებისა და განხორციელებული რეგისტრაციით მიმდებარედ მცხოვრები პირებისათვის გზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ, თუმცა რა არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა ადმინისტრაციული ორგანო ამგვარ დასკვნამდე, სადავო ბრძანებაში მითითებული არ არის.
მეტიც, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და მასზე წლების მანძილზე ვენახია გაშენებული (რაც ფიქსირდება ორთოფოტოზეც). ამასთან არ დასტურდება ამ მიწის ნაკვეთზე სხვა პირების დასაბუთებული, კანონიერი ინტერესი, რამაც შეიძლება განაპირობოს საკუთრების რეგისტრირებული უფლების გაუქმება. მუნიციპალიტეტის მხრიდან იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მიწის ნაკვეთი არა ლ. კ-ეს, არამედ მის ძმას ეკუთვნის, სათანადო მტკიცებულების გარეშე, კასაციის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად ვერ მიიჩნევა. ის არგუმენტიც, რომ მიმდებარედ მცხოვრები პირები ედავებიან ლ. კ-ეის ძმას საკუთარ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ გზას, ასევე არ ადასტურებს მუნიციპალიტეტის კანონიერი უფლებისა და ინტერესის შეზღუდვას, რამდენადაც მუნიციპალიტეტს კანონიერი უფლება გააჩნია საჯარო გზებზე, ხოლო სადავო ტერიტორია რომ საჯარო გზას ან მის ნაწილს წარმოადგენს, ამისა დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილ არ არის (საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ორი მოქალაქის განცხადება მათი სასამართლო სხდომაზე მოწმეებად დაკითხვის გარეშე ვერ განიხილება მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელეზე გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებად).
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სადავო ბრძანების მიღებამ, საბოლოო ჯამში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ლ. კ-ეისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმა გამოიწვია. ამდენად, ამ სახის გადაწყვეტილების მიღებამდე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის ლ. კ-ეის ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა მათი უფლებების დაცვის მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამ ნორმის თანახმად, დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი სამართლებრივი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა, ამასთან უზრუნველყოფილი იქნას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, კანონშეუსაბამოა კასატორის მითითება, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში ლ. კ-ეის მონაწილეობა შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა, არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანებით გაბათილებული დათვალიერების ოქმი ადასტურებდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების იდენტურობას და საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა. ამ პირობებში, ლ. კ-ეის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაუბმელობა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის ზოგად პრინციპებს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა