საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-220(2კ-22) 7 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 15 სექტემბერს შპს „კ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 მარტის №22/2079 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - შპს „კ...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №1-1/314 ბრძანების - შპს „კ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსათვის 2020 წლის 11 მარტს ჩატარებულ აუქციონში (ლოტი №... და ლოტი №...) მონაწილეობის მიზნით შპს „კ...ს“ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ე.წ ბე, ჯამში - 62 223 ლარის დაბრუნების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „კ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „კ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 მარტის №22/2079 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „კ...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №1-1/314 ბრძანება შპს „კ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს „კ...“ დაუბრუნოს 2020 წლის 11 მარტს ჩატარებულ აუქციონში (ლოტი №... და ლოტი №...) მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხა ე.წ. ბე, ჯამში - 62 223 ლარის ოდენობით; სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაბრად დაეკისრათ შპს „კ...ს“ მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 4360 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის პროცედურა რეგულირდება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, რომლის თანახმად, ელექტრონული აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონზე უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ვებგვერდზე, გაეცნოს ელექტრონული აუქციონის წესებს და მასზე განაცხადოს თანხმობა, გადაიხადოს ბეს თანხა და სალიცენზიო მოსაკრებელი. დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, სხვა პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად, სავალდებულოა: 1. „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა და 2. „საბანკო დაწესებულების, მათ შორის, „ინტერნეტბანკინგის“ მეშვეობით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა“. შესაბამისად, „საგარანტიო თანხა“ წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით, რომელიც მოიცავს პრეტენდენტის მიერ გადახდილ ბეს თანხასა და სალიცენზიო მოსაკრებელს.
კასატორის განმარტებით, აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბეს თანხის დაბრუნების პროცედურა რეგულირდება ზემოაღნიშნული დებულების მე-18 მუხლით, რომლის თანახმად, ბეს თანხა ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მონაწილეობას მიიღებს ვაჭრობის პროცესში, დადებს ბიჯს, თუმცა აუქციონში ვერ გაიმარჯვებს. იმპერატიულაადა განსაზღვრული, რომ ბეს თანხა უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება თუ პრეტენდენტი ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებს. კასატორის მითითებით, აღნიშნულის შესახებ ასევე მითითებული იყო აუქციონის ვებგვერდზე ლოტის „აღწერილობაში“ და „წესები და პირობებში“. აქედან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც შპს „კ...მა“ ლოტ №...-ზე და ლოტ №...-ზე მონაწილეობა არ მიიღო ელექტრონული ვაჭრობის პროცესში/არ დადო ბიჯი, სააგენტო ვალდებული იყო უარი ეთქვა აღნიშნულ ლოტებზე კომპანიის მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებაზე. შპს „კ...ს“ მიერ ბიჯის არ დადება, მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, ნიშნავდა ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობას. დებულებაში ერთმანეთისგან არის გამიჯნული „აუქციონში მონაწილეობა“ და „ვაჭრობაში მონაწილეობა“. შესაბამისად, მხოლოდ ვებგვერდზე დარეგისტრირება, ბეს თანხისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა და ვაჭრობის პროცესისთვის თვალყურის დევნება ვერ იქნება განხილული როგორც ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება. ასევე კასატორის განმარტებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გამოცხადებულ აუქციონში №... და №... ლოტებზე შპს „კ...ს“ ბიჯის დადება არ განუხორციელებია, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომპანია მიუთითებს მათ არაბრალეულობაზე - ლოტების ღირებულების ზრდასა და ამის გამო მათი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით ვაჭრობაში მონაწილეობის შეუძლებლობაზე, რაც ასევე უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ამ გარემოებაზე მითითება ასევე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის წესების და პირობების გაცნობა, ასევე მისი მოსალოდნელი შედეგების გათვლა, სრულად წარმოადგენს აუქციონში მონაწილე პირის პასუხისმგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მეორე კასატორი - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია, წარმოადგენდა თუ არა ბეს დაბრუნების საკითხი სააგენტოს შეფასების საგანს. „შეფასება“ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს საქმის გარემოებები და მიიღოს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. დისკრეციული უფლებამოსილება დგინდება საკანონმდებლო დონეზე. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის წესის შესახებ ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების დებულების“ (გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედი რედაქციის) მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში. ბეს დაუბრუნებლობა ეფუძნება ზემოაღნიშნული დებულების იმპერატიულ დანაწესს.
კასატორის განმარტებით, ასევე სრულიად უსაფუძვლოა საუბარი სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტის ურთიერთშესაბამისობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა რეგულირების სფეროს მიკუთვნებული საკითხები სრულიად განსხვავებული შინაარსისაა და არ აქვთ შემხებლობა ერთმანეთთან. ნორმატიული აქტი, რომელსაც მოსარჩელე უთითებს, არეგულირებს სახელმწიფო ქონების შეძენასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობას და კავშირი არ აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემასთან. ამ შემთხვევაშიც, სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა აპელანტის არასწორი მსჯელობა საკითხთან მიმართებაში, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ხაზი გაესვა სააგენტოსა და სამინისტროს აქტების ურთიერთმიმართებას, როცა მათი შინაარსობრივი კავშირი არ იკვეთება.
სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობის ძირითადი ნაწილი ეთმობა საგარანტიო თანხისა და ბეს ტერმინოლოგიური განსხვავების შეფასებას სამოქალაქო სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, მაშინ, როცა საქმე ეხება არა კერძოსამართლებრივ ხელშეკრულებას, არამედ აუქციონს, რომელიც სამართლებრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით სრულიად სხვა ასპექტებს მოიცავს და ერთმნიშვნელოვნად განსხვავდება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებისგან.
კასატორის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა კომპანიის წარმომადგენლის აპელირება და დაუძლეველ ძალად საკუთარი ფინანსური პროგნოზების მიჩნევა და აღნიშნულის გამო, აუქციონში მონაწილეობის არ მიღება და განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, აუქციონის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მასში მონაწილე სუბიექტისთვის მოსალოდნელი უნდა იყოს აუქციონის საწყისი ფასის ცვლილება, ობიექტზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ვაჭრობის განხორციელებისაგან თავის შეკავება გამოწვეული იყო არა დაუძლეველი ძალის არსებობით, რომელიც დაკავშირებული იყო ქვეყანაში არსებულ პანდემიურ მდგომარეობასთან, არამედ ეს უშუალოდ კომპანიის გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღების მიზნით, კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ერთდროულად ოთხ ლოტზე, თუმცა აქედან მხოლოდ ორ ლოტზე განახორციელა ვაჭრობა, დანარჩენ ორზე კი ბიჯის დადება მისი მხრიდან არ მომხდარა. თავად კომპანია ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო ორ ლოტზე მას ვაჭრობის პროცესი თავისივე გადაწყვეტილებით არ გაუმართავს, რასაც არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. სააპელაციო სასამართლო არ უთითებს თუ კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა დარღვეული სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია სამართლებრივი თვალსაზრისით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 მარტის №22/2079 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - შპს „კ...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №1-1/314 ბრძანების - შპს „კ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერების შემოწმება და შპს „კ...ს“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი საგარანტიო თანხის ე.წ. ბეს თანხის ჯამში - 62 223 ლარის დაბრუნება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისი №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი“ (ძალადაკარგულია სსიპ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებით), რომელიც ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი. ღია აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი. ამავე წესის მე- 3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ღია აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონი შეიძლება გაიმართოს: ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შენობაში; ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე; გ) ელექტრონულად ვებგვერდზე www.eauction.ge ან ლიცენზიის გამცემი ორგანოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. მე-4 პუნქტის მიხედვით კი ლიცენზიის გამცემი ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge, აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის გამცემ ორგანოს სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარედგინოს ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის №156/ს ბრძანებით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი (ინტერნეტგვერდის www.eauction.ge-ს მეშვეობით) და განისაზღვრა აუქციონის ჩატარებისათვის გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია დანართი №1-ის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის №32 ობიექტს (ლოტი №...) წარმოადგენდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ...ას ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. №... ლოტზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის დაწყების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 11 თებერვლის 12:00 საათი, ხოლო დასრულების თარიღად - 2020 წლის 11 მარტის 18:00 საათი, ამასთან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (10%) + 200 ლარი სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა განისაზღვრა 44 617 ლარით.
სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის №156/ს ბრძანების დანართი №1-ის №55 ობიექტს (ლოტი №...) წარმოადგენდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ის (სოფ. ...) მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ...ას ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. №... ლოტზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის დაწყების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 11 თებერვლის 12:00 საათი, ხოლო დასრულების თარიღად - 2020 წლის 11 მარტის 18:00 საათი. ამასთან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (10%) + 100 ლარი სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა განისაზღვრა 17 606 ლარით.
უდავოდაა დადგენილი, რომ შპს „კ...“ აუქციონში მონაწილეობისა და ვაჭრობის მიზნით, საკუთარი IP მისამართით შევიდა ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge, სადაც „ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ“ ველში დაფიქსირებული იყო, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პირს უნდა გადაეხადა შესაბამისი ოდენობის საგარანტიო თანხა. თანხის გადახდის პროცედურა კი იწყებოდა, შესაბამის ველზე („საგარანტიო თანხა“), ღილაკის („გადახდა“) დაჭერით. ასევე დადგენილია, რომ www.eauction.ge ინტერნეტგვერდზე თითოეულ ლოტს ერთვოდა ინფორმაცია ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ, სადაც აუქციონში მონაწილეობის მსურველებს განემარტებოდათ, რომ მათ აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე ეკისრებოდათ ბეს გადახდის ვალდებულება.
2020 წლის 12 მარტით დათარიღებული, სს ,,ბ...ს“ მიერ გაცემული №19661174 შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ შპს „კ...მა“, ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ 2020 წლის 11 თებერვლის №156/ს ბრძანების შესაბამისად, აუქციონში (32-ე ობიექტი, ლოტი №...) მონაწილეობის მიღების მიზნით გადაიხადა საგარანტიო თანხა 44 617 ლარი.
2020 წლის 13 მარტს სს ,,ვ...ას“ მიერ გაცემული №1000 შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ შპს „კ...მა“, ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ 2020 წლის 11 თებერვლის №156/ს ბრძანების შესაბამისად, აუქციონში (55-ე ობიექტი, ლოტი №...) მონაწილეობის მიღების მიზნით გადაიხადა საგარანტიო თანხა 17 606 ლარი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით შპს „კ...ს“ საგარანტიო თანხის/ბეს დაბრუნებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი სამართალურთიერთობის მარეგულირებელი წესი საგარანტიო თანხის/ბეს უკან დაბრუნების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მონაწილეობას არ მიიღებდა ვაჭრობაში, მიუხედავად მონაწილეობის მიუღებლობის საფუძვლებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ შესახებ დებულების (ძალადაკარგულია სსიპ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებით) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არაუმეტეს 10%-ის ტოლია. ამავე ბრძანების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ამავე დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში არ ბრუნდება პრეტენდენტის მიერ გადახდილი ბეს თანხა. კერძოდ, ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ბე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას მიეკუთვნება და ქონებრივი ხასიათის მქონე მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს. ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე გადასცემს მეორეს, რითაც დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ბეს სამართლებრივი მომავალი დამოკიდებულია ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულების სამართლებრივ ბედზე და, შესაბამისად, არ არსებობს ბე ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე. ამ გარემოებას განაპირობებს ბეს აქცესორული ხასიათი, რომლითაც ბე უშუალოდ დაკავშირებულია ძირითადი, უზრუნველყოფილი ხელშეკრულების არსებობასა და მის ნამდვილობასთან. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ბეს მომწესრიგებელ ნორმათა შინაარსიდან. კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ბეს სამართლებრივი რეგულირების წესიდან. ბეს მიმცემმა იცის, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკარგავს ბეს თანხას, ხოლო ბეს მიმღებმა კი, იცის, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბე ორმაგად დაბრუნდება.
რაც შეეხება საბანკო გარანტიას იგი არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის Nას-781-996-08 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ: „საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე“. საბანკო გარანტიის სამართლებრივი თავისებურება გულისხმობს მის არააქსესორულობას პრინციპალს და ბენეფიციარს შორის არსებული ძირითადი მოთხოვნებისგან, ამიტომ კრედიტორი (ბენეფიციარი) ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი გარანტისგან მოითხოვოს შესრულება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის №ას-749-709-2015 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, კი როგორც საქმის მასალებით დასტურდება სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 11 თებერვლის N156/ს ბრძანების დანართი N1-ში არ არის მითითებული, ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,საბანკო გარანტიისა“ და ,,ბეს“ იდენტური მნიშვნელობების შესახებ, ასევე ამგვარი მითითება არ იყო ინტერნეტგვერდ www.eauction.ge-ზე, უდავოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი გამოსაყენებელი ნორმის სიცხადე, განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ბეს გადახდით პრეტენდენტი გამოხატავს ნების ნამდვილობას, რეალურობასა და სერიოზულობას, რომ სურს აუქციონში მონაწილეობა, ვაჭრობაში გამარჯვება და გამარჯვების შემთხვევაში შეთავაზებულ თანხას სრულად გადაიხდის. თუკი მხარე მითითებულ პროცედურებში მონაწილეობას არ მიიღებს, ბე უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. თუკი პირი ადასტურებს, რომ ბეს გადახდის შემდეგ, მან სცადა ვაჭრობის პროცედურაში მონაწილეობა, მისი ნება აუქციონში მონაწილეობის შესახებ იყო ნამდვილი, რეალური, თუმცა ეს ნება ვერ აღსრულდა პირისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, მისი არაბრალეულობის პირობებში, ბეს თანხა უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას. განზრახ, ბრალეულად ვაჭრობის პროცედურაში მონაწილეობის მიუღებლობა, გულისხმობს პირის სურვილს, საკუთარი უმოქმედობით ხელი შეუშალოს აუქციონის ჩატარებას ან/და გამოიწვიოს აუქციონის ჩაშლა, რასაც განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ადგილი არ ჰქონია. შპს „კ...მა“ ვაჭრობაში მონაწილეობა ვერ მიიღო საწყის ფასთან შედარებით, ლოტების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, შესაბამისად, კომპანიამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განახორციელა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში - ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება - ბიჯის დაფიქსირება. საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ არსებული ლოტის ღირებულება იმდენად იყო გაზრდილი, რომ აღემატებოდა კომპანიის ფინანსურ რესურს, ხოლო, მეორე მხრივ, პრეტენდენტს ნამდვილად სურდა ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება არაბრალეული პირისათვის საგარანტიო თანხის დაბრუნების შესაძლებლობის გამორიცხვა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება როგორც კანონიერების, ისე სამართლიანობის ზოგად პრინციპებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსა (სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე