საქმე №ბს-91(2კ-22) 15 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ. ნ-ე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი
წარმომადგენლები - ც. ს-ე, თ. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სპს „ი...“
წარმომადგენელი - ვ. თ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სპს „ი...მ“ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის №6/21313 წერილი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სპს „ი...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების, მდებარე ზესტაფონი, ...ას ქ. №106, შენობა-ნაგებობის - საერთო ფართი 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი - 429.9 კვ.მ, ს/კ ... - სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია; გ) ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 8 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სპს „ი...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების, მდებარე ზესტაფონი, ...ას ქ. №106, შენობა-ნაგებობის - საერთო ფართი 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი - 429.9 კვ.მ, ს/კ ... - სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია; დ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე - საერთო ფართი 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი - 429.9 კვ.მ, ს/კ ... - სპს „ი...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ფლობს და არის ქ. ზესტაფონში, ...ას ქუჩა №106-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (ს/კ ..., მომზადების თარიღი 2011 წლის 31 მაისი), შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო სპს „ი...ის“ საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ნაკვეთზე - სახელმწიფოს საკუთრება. ამავე ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენი (საქმე №1/57-2011), რომლითაც მიწის ნაკვეთი მიქცეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 2 მაისის №6/21313 წერილით მოითხოვა სპს „ი...ის“ საკუთრებაში აღრიცხული შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა აღნიშნულის შესახებ მითითებული იყო განაჩენში. ის გარემოება, რომ სასამართლო განაჩენით არ დადგენილა შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო, რასაც ადასტურებს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 23 ივნისის №1007 წერილი. ამასთან, 2016 წლის 4 აგვისტოს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრა შენობა-ნაგებობების სახელმწიფოსათვის მიკუთვნების ნაწილში, რაზეც სააგენტოს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელდა სპს „ი...ის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, სპს „ი...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის №6/21313 წერილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №... და 2017 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სპს „ი...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების, მდებარე ზესტაფონი, ...ას ქუჩა №106, შენობა-ნაგებობის, საერთო ფართი 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი - 429.9 კვ.მ, ს.კ ..., სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე შენობა-ნაგებობის - საერთო ფართი 334.90 კვ. მ, განაშენიანების ფართობი - 429.9 კვ.მ, ს.კ ... - სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2010 წლის 13 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართეს ი. ჩ-ემ და ზ. ნ-ემ და თვითმართველობის მიერ გაცემული №27 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოითხოვეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ზესტაფონი, ...ას ქ. №106; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის და ზ. ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2010 წლის 13 სექტემბერს გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 970 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართობი 427,9 კვ.მ საკუთრების უფლებით აღირიცხა სპს „ი...ის“ სახელზე (საკადასტრო კოდი ...); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის და ზ. ნ-ის მოთხოვნა ზესტაფონი, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართობის დაზუსტების თაობაზე და გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 334,90 კვ.მ, სხვა ფართი: განაშენიანების ფართობი 427,9 კვ.მ საკუთრების უფლებით აღირიცხა სპს „ი...ის“ სახელზე (საკადასტრო კოდი ...); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სპს „ი...ის“ კუთვნილი უძრავი ქონებაზე მდებარე: ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106 (საკადასტრო კოდი: ...), 970,00 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით 334,90 კვ.მ, განაშენიანების ფართობით 427,9 კვ.მ, დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 20 მაისს №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება გაუქმდა; ე) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დამტკიცდა ბრალდებულ ზ. ჩ-ესა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ეს შორის 2011 წლის 13 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ზ. ჩ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ზ. ჩ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 970 კვ.მ, გადაეცა სახელმწიფოს; ი) განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით), საკადასტრო კოდით ..., ფართობი - 970 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი - 334,9 კვ.მ, განაშენიანების ფართობი - 427,9 კვ.მ, დადებული ყადაღა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინებით გ. ზ-ის (პირადი №...) კუთვნილ, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე - საკადასტრო კოდი №..., ფართობი 4650,91 კვ.მ, და საკადასტრო კოდი №..., ფართობი 1381,5 კვ.მ, დადებული ყადაღა. განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად; ვ) 2011 წლის 25 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა პირობითი განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენის საფუზველზე, უძრავ ნივთზე მდებარე ზესტაფონი, ...ას ქ. №106 (საკადასტრო კოდი: №...), რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 1 ივნისის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონების, მდებარე ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106 (საკადასტრო კოდი ...), მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ: სახელმწიფო - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 970 კვ.მ და სპს „ი...“ (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე)- შენობა-ნაგებობა №1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 334,90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 427,9 კვ.მ; ზ) 2016 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრა იმგვარად, რომ განჩენში მითითებულ იქნას შემდეგი: ,,სახელმწიფოს გადაეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე, როგორც არასასოსფლო-სამეურნეო დანიშნულების 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართი 427.9 კვ.მ“; თ) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს №1/57-11 განჩინებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრაზე. განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 13 აპრილით დათარიღებული, როგორც საპროცესო შეთანხმების ოქმში, ისე საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში მითითებულია „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების - სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ფართობით 970 კვ.მ, სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.” არცერთ პროცესუალურ დოკუმენტში არ არის საუბარი მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში სრულად აისახა მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა და არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებული ბუნდოვანება - უზუსტობის აღმოფხვრის წინაპირობა; თ) 2016 წლის 28 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სპს „ი...ის“ წარმომადგენელმა ზ. ნ-ემ და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106; ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების თანახმად, უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის ფაქტის დადგენის მიზნით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გამგეობიდან, ეროვნული არქივიდან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან; კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული და განცხადებაზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე სპს „ი...ის“ (შენობა-ნაგებობა №1 სპს „ი...ის“ საკუთრება (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე)) საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია; ლ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 2 მაისს №6/21313 განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №1/57-2011 განაჩენის თანახმად, ქალაქ ზესტაფონში, ...ას ქუჩა №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საერთო ფართით 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართი 427.9 კვ.მ (საკადასტრო კოდი №...) სპს „ი...ის“ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით (გაყალბებულია საკუთრების უფლების მოწმობა №27). სასამართლოს განაჩენით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება გადაეცა სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ხსენებულ მიწის ნაკვეთზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე) საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია სპს „ი...“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია; მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და 2017 წლის 15 მაისს მომზადდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 970.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი - 427.9 კვ.მ - დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად; ნ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს №1/3-2017 ბრძანების თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ...ას ქ. №106 (ს/კ ...), რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით უნდა განხორციელდეს მიმართვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტში. ცვლილების შედეგად უნდა დარეგისტრირდეს 1082.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №01/1 შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართი 427.9 კვ.მ, საერთო ფართი 350.04 კვ.მ); ო) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს №1/3-2017 ბრძანების, საკადასტრო აზომვითი ნახაზების და მათი ელ.ვერსიის საფუძველზე განხორციელდა ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია; პ) 2017 წლის 8 აგვისტოს მომზადდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - დაზუსტებული ფართობი 1082.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, საერთო ფართით 350.04 კვ.მ - დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება; ღ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ნოემბრის №... წერილის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ...ის ქუჩა (გამზირი) №1-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ი. ჩ-ის მითითებით უფლების დამდგენი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და 27-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 97-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების, როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს, ასევე, ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ გაყალბებული იქნა მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას წარმოადგენდა 970 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ზესტაფონი, ...ას ქუჩა №106, რაც სასამართლოს განაჩენითვე გადაეცა სახელმწიფოს. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენითვე დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა), რომელზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო სპს „ი...ის“ საკუთრება (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე), სახელმწიფოს არ გადასცემია. მართალია, საჯარო რეესტრი წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი პასუხს არ აგებს მასთან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე, თუმცა, იგი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს მასთან დაცული დოკუმენტები, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ცნობილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა) წარმოადგენდა სპს „ი...ის“ საკუთრებას. კონკრეტულ შემთხვევაში, შენობა-ნაგებობა ვერ მიიჩნევა მიწის არსებით შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან კანონმდებლობა არ კრძალავს შენობა-ნაგებობის, როგორც საკუთრების ცალკე ობიექტად არსებობას. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი შენობა-ნაგებობების მესაკუთრის არსებობა. ის გარემოება, რომ საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, არ გამორიცხავს უფლების დამდგენი დოკუმენტების არ არსებობას, იმ პირობებში, როდესაც საქმეში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია შენობა-ნაგებობის გეგმა, ობიექტზე საკანალიცაზიო ქსელის მოწყობის გენ-გეგმა, აქტი მიწის ნაკვეთის ინვენტარიზაციის შესახებ, შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტი, რაც მოპასუხე მხარეების მიერ მოპოვებული, გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა.
სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის №6/21313 წერილი გამოცემისას, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №... და 2017 წლის 8 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების მიღებისას დაცული არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ, იმ პირობებში როდესაც უდავოა, რომ 2011 წლის 31 მაისის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106-ში (საკადასტრო კოდი ...), მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ: სახელმწიფო - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 970 კვ.მ და სპს „ი...“ (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე) - შენობა-ნაგებობა №1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 334,90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 427,9 კვ.მ, სადავო შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციით, უკანონოდ შეილახა სპს „ი...ის“ კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ გაყალბებული იქნა მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას წარმოადგენდა 970 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ზესტაფონი, ...ას ქუჩა №106, რაც სასამართლოს განაჩენითვე გადაეცა სახელმწიფოს. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენითვე დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა), რომელზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო სპს „ი...ის“ საკუთრება (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე), სახელმწიფოს არ გადასცემია. მართალია, საჯარო რეესტრი წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი პასუხს არ აგებს მასთან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე, თუმცა იგი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს მასთან დაცული დოკუმენტები, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა) წარმოადგენდა სპს „ი...ის“ საკუთრებას. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შენობა-ნაგებობა ვერ მიიჩნევა მიწის არსებით შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან კანონმდებლობა არ კრძალავს შენობა-ნაგებობის, როგორც საკუთრების ცალკე ობიექტად არსებობას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა.
4.1 კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №1/57-2011 განაჩენის თანახმად, გაყალბებულად გამოცხადდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №27, ხოლო ამავე სასამართლოს განაჩენით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება გადაეცა სახელმწიფოს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №1/57-2011 განაჩენით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა გაყალებებული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. გაყალბებული საკუთრების მოწმობის საჯარო რეესტრში წარდგენისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, ამ უძრავ ნივთზე არ ყოფილა რეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება. შესაბამისად, უძრავი ნივთის საკადასტრო და რეგისტრირებული მონაცემების წარმოშობა განაპირობა სააგენტოში გაყალბებული საკუთრების უფლების მოწმობის წარდგენამ. ცალსახაა, რომ დოკუმენტის გაყალბება არ მომხდარა ნაწილობრივ, დოკუმენტი სრულად გაყალბდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა გაყალბებული საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც წარმოადგენდა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ერთადერთ საფუძველს, სასამართლოს მითითება იმაზე, რომ სააგენტოს უნდა ეკვლია სასამართლოში წარდგენილი შენობა-ნაგებობის გეგმა და ა.შ წარმოადგენდა თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სადავო უძრავი ნივთი თავაპირველად დარეგისტრირდა თვითნებურად დაკავებულ უძრავ ნივთზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუკი მხარეს მიაჩნია, რომ გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კონკრეტულ უძრავ ნივთზე, უნდა მიმართოს რეგისტრაციის სამსახურს შესაბამისი მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, გაურკვეველია, რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უნდა იკვლიოს სააგენტომ მაშინ, როდესაც სახეზეა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №1/57-2011 განაჩენი, რომლითაც პირდაპირ დადგენილია დოკუმენტის სიყალბე და ამავე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ: „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 970 კვ.მ, გადაეცეს სახელმწიფოს“.
კასატორის მოსაზრებით ბუნდოვანია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, თუ რას მიიჩნევს იგი უფლების დამდგენ დოკუმენტად ან რა დასაბუთებით. ამასთან, საყურადღებოა, რომ სადავო უძრავი ნივთი არ არის ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული მოსარჩელის სახელზე, აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მხარეს სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიმართული აქვს მხოლოდ საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე (რომელიც უკვე გაუქმებულია ზემოხსენებული განაჩენით). შესაბამისად, გაუგებარია, რა დოკუმენტები უნდა შეაფასოს სააგენტომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი შეფასებული იქნა ჯერ კიდევ სადავო რეგისტრაციების განხორციელების ეტაპზე.
4.2 კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №1/57-2011 განაჩენით დადგინდა, რომ საკუთრების ყალბი №27 მოწმობის საფუძველზე, სპს „ი...ის“ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე, 33 950 ლარად ღირებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 970 კვ.მ და ამ ნაკვეთზე არსებული, 77022 ლარად ღირებული შენობა-ნაგებობები, ფართობით 334,9 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 427,9 კვ.მ. შესაბამისად, როგორც მიწის ნაკვეთის, ასევე შენობა-ნაგებობის სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისას, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა საკუთრების უფლების ყალბი №27 მოწმობა. 2016 წლის 28 სექტემბერს სპს „ი...მ“ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის №...-10 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის გამო. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე სპს „ი...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი არ არსებობს.
2011 წლის 31 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერში (განცხადების რეგ.: №...) მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია განაჩენი, შენობა-ნაგებობა კი ფიქსირდება სპს „ი...ის“ საკუთრებად უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე. სასამართლოს მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული აქტებით ,,უკანონოდ შეილახა სპს „ი...ის“ კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება’’. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2011 წლის 31 მაისის მდგომარეობით სპს „ი...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა ფიქსირდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, სწორედ აღნიშნულის გამო, როდესაც 2016 წლის 28 სექტემბერს სპს „ი...მ“ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ვინაიდან, სპს „ი...ის“ მხრიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხრის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (21.03.2017) გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტები სპს „ი...ის“ არარსებული საკუთრების უფლების დაცვის მიზნით.
კასატორის განმარტებით, ქონება, რომელიც არ წარმოადგენს კერძო პირთა საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე უნდა გავრცელდეს მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეჟიმი და შესაბამისად, სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მართვაზე უფლებამოსილი ორგანო, უფლებამოსილი იყო, მიემართა საჯარო რეესტრისათვის, რათა სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებულიყო შენობა-ნაგებობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 26 ივლისის №1-1/366 ბრძანებით სპს „ი...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19 ნოემბრის №1-1/522 ბრძანება, სპს „ი...ს“ სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის და ზ. ნ-ის განცხადება და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (განაშენიანების ფართობი 427,9 კვ.მ), მდებარე ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106, საკუთრების უფლებით აღირიცხა სპს „ი...ის“ სახელზე (საკადასტრო კოდი ...). უფლების დამდგენი დოკუმენტია - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 ნოემბრის №27 საკუთრების უფლების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 225-228, 57-58); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ჩ-ისა და ზ. ნ-ის მოთხოვნა ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ნივთზე ფართობის დაზუსტების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 250-252); გ) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა. დამტკიცდა ბრალდებულ ზ. ჩ-ესა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ეს შორის 2011 წლის 13 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ამავე განაჩენის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 970 კვ.მ, გადაეცა სახელმწიფოს. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით), საკადასტრო კოდით ..., ფართობი - 970 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი - 334,9 კვ.მ, განაშენიანების ფართობი - 427,9 კვ.მ, დადებული ყადაღა (ტ.1, ს.ფ. 302-308); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 1 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პირობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106 (საკადასტრო კოდი №...), მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ: სახელმწიფო და სპს „ი...“, კერძოდ, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება, ხოლო სპს „ი...ის“ საკუთრების უფლება (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე) - შენობა-ნაგებობა №1 (ტ.1, ს.ფ 309-318, 222, 12); ე) 2016 წლის 4 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრა იმგვარად, რომ განაჩენში მითითებული იყოს შემდეგი: ,,სახელმწიფოს გადაეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე, როგორც არასასოსფლო-სამეურნეო დანიშნულების 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 334,90 კვ.მ, განაშენიანების ფართი 427,9 კვ.მ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს №1/57-11 განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრაზე. განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 13 აპრილით დათარიღებული, როგორც საპროცესო შეთანხმების ოქმში, ისე შუამდგომლობაში საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, მითითებულია ”დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების - სპს „ი...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ფართობით 970 კვ.მ, სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.” არცერთ პროცესუალურ დოკუმენტში არ არის საუბარი მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 18 აპრილის განაჩენში სრულად აისახა მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა და არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის წინაპირობა (ტ.1, ს.ფ. 112-113, 68-70); ვ) 2016 წლის 28 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სპს „ი...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ზესტაფონი, ...ას ქ. №106. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის ფაქტის დადგენის მიზნით, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გამგეობიდან, ეროვნული არქივიდან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული და განცხადებაზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე სპს „ი...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. სარეგისტრაცო სამსახურმა განმცხადებლისაგან მოითხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ 237-239, 247, 249, 245); ზ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 2 მაისს №6/21313 განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №1/57-2011 განაჩენის თანახმად, ქალაქ ზესტაფონში, ...ას ქუჩა №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ი საერთო ფართით 334.90 კვ.მ, განაშენიანების ფართი 427.9 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...), ყალბი დოკუმენტის გამოყენებით (გაყალბებულია საკუთრების უფლების მოწმობა №27) სპს „ი...ის“ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სასამართლოს განაჩენით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება გადაეცა სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ხსენებულ მიწის ნაკვეთზე არსებული №1 შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე) საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია სპს „ი...“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2017 წლის 15 მაისს მომზადდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 970.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 334,90 კვ.მ, განაშენიანების ფართობი: 427,9 კვ.მ - რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრება (ტ.1, ს.ფ. 14, 234, 72-73); თ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 3 აგვისტოს №1/3-2017 ბრძანებით განისაზღვრა, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ...ას ქ. №106 (ს/კ ...), რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის, კერძოდ, 1082.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №01/1 შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართი 424.00 კვ.მ, საერთო ფართი 350.04 კვ.მ) რეგისტრაციის მიზნით განხორციელდეს მიმართვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის (ტ.1. ს.ფ. 76-77). ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2017 წლის 8 აგვისტოს მომზადდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, ქ. ზესტაფონში, ...ას ქ. №106-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - დაზუსტებული ფართობი 1082,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, საერთო ფართით 350,04 კვ.მ - რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრება (ტ.1, ს.ფ. 230-231, 229, 74-75);
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სპს „ი...ის“ მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.
საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, მასთან დაკავშირებული ვალდებულება თუ მისი ცვლილება/შეწყვეტა ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, (1) საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა; (2) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №1/57-2011 განაჩენის მიუხედავად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 1 ივნისის №... გადაწყვეტილებით სპს „ი...ის“ საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრიებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს შენობა-ნაგებობის, როგორც საკუთრების ცალკე ობიექტად არსებობას. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლითაც მხოლოდ სახელმწიფო აღირირცხა მესაკუთრედ სადავო უძრავ ქონებაზე, სპს „ი...“ ინარჩუნებდა საკუთრების უფლებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, მისცეს საშუალება დანტერესებულ პირს მონაწილოება მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, უზრუნველყოფს არა მხოლოდ ამ უკანასკნელის კანონით დაცული ინტერესების რეალიზებას - აქტიური მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს, არამედ, ასევე, პასუხობს პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნება სრულად გამოკვლეული და შესწავლილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმული არ იყო მოსარჩელე, მიუხედავად იმისა, რომ განიხილებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ნივთზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. აღნიშნული ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის შესახებ, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი არ გამორიცხავს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობას. შესაბამისად, გათვალისწინებით იმისა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გაუქმდა სადავო შენობა-ნაგებობაზე სპს „ი...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისე, რომ დაინტერესებულ პირს არ მისცემია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია სპს „ი...ის“ სახელზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა/არარსებობის საკითხი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მართებულია საკითხის გადაწყვეტა საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32 მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია. აღნიშნული ნორმის გამოყენების შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან არ ხდება აქტის არსებითად ბათილად ცნობა, ასეთ პირობებში სასამართლო გასაჩივრებულ აქტს ბათილად ცნობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმის გარემოებები და საქმე გადაწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოების ნორმების დაცვით. მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურმა ისე მიიღო გადაწყვეტილება სპს „ი...ის“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის გაუქმების თაობაზე, რომ არ გამოიკვლია კომპანიას ჰქონდა თუ არა უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავო შენობა-ნაგებობაზე, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არის იმის წინაპირობა, რომ მოცემული დავა გადაწყდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების გზით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 1 ივნისის №... გადაწყვეტილების შედეგად №1 შენობა-ნაგებობის სპს „ი...ის“ საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, ტექნიკური ხარვეზით ახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა, მართალია, მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ ჩააბას დაინტერესებული პირი, მითუმეტეს, როდესაც საკითხი შეეხება რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოთა მიერ მართებულად განხორციელდა განსახილველი დავის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპს „ი...ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ კასატორის მიერ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ამდენად, არ არსებობს სპს „ი...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე