Facebook Twitter

№ბს-448(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ჯ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 1 თებერვალს ჯ. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება; ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად სადავო საკითხზე ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სარჩელის თანახმად, ჯ. ხ-ის ოჯახი მესტიის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ი ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენის (თოვლის ზვავი) გამო დაინგრა. სტიქიამდე, საცხოვრებელ სახლში ჯ. ხ-ი ცხოვრობდა მეუღლესთან - რ. ი-ითან და შვილებთან - ნ. ი-ითან, ლე. ხ-ითან და მ. ხ-ითან ერთად. ამავე სახლში ცხოვრობდნენ ჯ. ხ-ის მშობლები: მამა - გ. ხ-ი; დედა - ლ. ხ-ი; ჯ. ხ-ის და - ლა. ხ-ი; ძმა - რ. ხ-ი და მისი მეუღლე - ნ. ხ-ი-ხ-ი და შვილები: კ. და ლი. ხ-იები.

მესტიის სახალხო დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით გ. ხ-ის ეკომიგრანტ ოჯახს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 5-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი შვიდ სულზე, რომელშიც შედიოდა ოჯახის ჩამოთვლილი წევრებიდან ყველა, ჯ. ხ-ის, მისი მეუღლისა და შვილების გამოკლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. ხ-იმა, როგორც ეკომიგრანტმა 05.01.2017წ. მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადით, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ დაზიანებული ქონების სანაცვლოდ ოჯახს მიღებული აქვს სახელმწიფოსგან დახმარება.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ჯ. ხ-იმა წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელსაც თან დაურთო მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის წერილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის მიერ 17.01.2018 წელს გაცემული №... საარქივო ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ჯ. ხ-ისა და მისი ოჯახის წევრებს, როგორც ეკომიგრანტებს, მათთვის მინიჭებული კანონიერი უფლებით არ უსარგებლიათ. ჯ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მან სარჩელი აღძრა სასამართლოში. 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 გადაწყვეტილება და დაევალა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა ფაქტი ჯ. ხ-ი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, თუ სანაცვლოდ მიიღო ფულადი დახმარება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს განჩინებებით.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დავალებული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომებზე, რომლის №21 ოქმის საფუძველზე, ჯ. ხ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ოქმის საფუძველზე კი, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანებით ჯ. ხ-ის ოჯახი არ დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება მოსარჩელე ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ჯ. ხ-ის ოჯახი ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების (თოვლის ზვავი) გამო დაინგრა; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 05 დეკემბრის №03-02/03/29006 წერილის თანახმად, ჯ. ხ-ის ოჯახი სოფელ ...ში ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომლის 1987 წელს განვითარებული თოვლისა და ზვავისგან დაზიანების შედეგად, ოჯახი სახელმწიფომ განასახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში. ამასთან, სოფელ ...ში არსებული ქონება ჯ. ხ-ის ოჯახმა 2014 წლის 14 აპრილს დაირეგისტრირა თანასაკუთრებაში, რომელთა მესაკუთრეები არიან ლა. ხ-ი (ჯ.-ს და), რ. ხ-ი (ჯ.-ს ძმა), ს. ხ-ი (ჯ.-ს და) და თვითონ ჯ. ხ-ი. დასახელებული პირებიდან, 1987 წელს განსახლებულთა სიებში ფიგურირებენ ლა. და რ. ხ-იები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტიქიის შედეგად დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილებულიყო ჯ. ხ-ის ოჯახი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 წერილის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ჯ. ხ-ის ოჯახი ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების (თოვლის ზვავი) გამო დაინგრა. ამ საცხოვრებელ სახლში სტიქიამდე ცხოვრობდა ჯ. ხ-ი, მისი აწ გარდაცვლილი მშობლები და მისი 4 დედმამიშვილი. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 5 იანვრის №332/01 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გადაეცა გ. ხ-ის (ჯ. ხ-ის მამა) 7 სულიან ოჯახს. ამ დოკუმენტში არ არის მითითებული ოჯახის პერსონალური შემადგენლობა. შესაბამისად, ვერ მტკიცდება მომჩივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი არ არის გათვალისწინებული გ. ხ-ისათვის გადაცემული საცხოვრებელი სახლის მიმღებთა სიაში. ამდენად, სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ არ მიიჩნიოს ჯ. ხ-ი გ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტების ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება.“ დ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის №AA2018000873-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტების გარდაბნის ტერიტორიაზე - ...აში (III უბანი) ჩასახლებულთა დოკუმენტებში ფიქსირდება ინფორმაცია გ. ს.-ის ძე ხ-ის შესახებ, კერძოდ, სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით ...ს სასოფლო (სადაბო) საბჭოს, სოფელ ...ში მცხოვრებ გ. ს.-ის ძე ხ-ის, ოჯახის შემადგენლობა 7 (შვიდი) სულით, ნება დაერთო ჩასახლებული იქნეს სოფ. ...ში. ასევე, თანდართულია ანკეტა-განცხადება, რომლის თანახმად, გ. ს.-ის ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - ლუ. დ.-ს ას ხ-ი; შვილი - ლა. გ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილი - რ. გ.-ს ძე (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; რძალი - ნ. გ. (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - ლი. რ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - კ. რ.-ს ძე ხ-ი; ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №21 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელახალი წარმოების ფარგლებში დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, დარჩენილია მხოლოდ ნანგრევები. ჯ. ხ-ი ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ... დასახლებაში - კორპუსი №..., ბინა №.... ბინა ეკუთვნის გ. თ-ის, იხდის ქირას 450 ლარს. აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი და საქართველო), პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, სადაც ქირაობს საცხოვრებელს, მეუღლესთან განქორწინებულია, შვილები - ქალიშვილები ორივე დაოჯახებულია, ხოლო ვაჟთან ურთიერთობა არ აქვს. სოფელ ...ში არსებული დაზიანებული სახლი რეგისტრირებულია რამდენიმე ადამიანზე, რომელთაგან 3 წევრი სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია სხვადასხვა ადგილზე ჩასახლებით. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახლის დაზიანება მიჩნეულია 1 კატეგორიად. საჯარო რეესტრის მონაცემებით არანაირი ქონება არ უფიქსირდება, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 62210 ქულით. არის მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მინიჭებული აქვს 18 ქულა. ოჯახს სოფელ ...ში ჰქონდა ერთი საცხოვრებელი სახლი, რომლის სანაცვლოდ, 1987 წელს დაზიანების გამო, მიიღეს ჩასახლება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ლე. ხ-იმა (ჯ. ხ-ის შვილი) წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ მამა არის ცალკე ოჯახი და მისი საკითხის განხილვა მოხდეს ცალკე, ხოლო თვითონ არანაირი პრეტენზია არ ექნება. ჯ. ხ-ის სახლი არის ნახევრად დანგრეული ზვავის მიერ 1987 წლის დიდთოვლობის დროს. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ჯ. ხ-ის ძმა - რ. ხ-ი ოჯახით, რომელიც ჩასახლებულ იქნა სოფელ ...ში. ჯ. ხ-ის განცხადებით, 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით მხოლოდ მის ძმის ოჯახის ჩასახლება განხორციელდა და ეს ჩასახლება არ შეხებია მოსარჩელის ოჯახს. 1990 წლიდან ჯ. ხ-ი აღარ იმყოფებოდა საქართველოში. დაბრუნდა ქვეყანაში 1995 წელს, თუმცა დარჩა სახლის გარეშე. ამჟამად ცხოვრობს მარტო და არ აქვს თავშესაფარი. პერიოდულად ცხოვრობს ძმასთან, დასთან ან შვილთან. ვაჟიშვილთან აქვს უთანხმოება, განქორწინებულია მეუღლესთან, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ’’ უარყოფითად გადაწყვიტა ჯ. ხ-ის საკითხი, იმ საფუძველზე მითითებით, რომ დაზიანებული ქონების სანაცვლოდ ოჯახს მიღებული აქვს სახელმწიფოსგან დახმარება. კომისიის №21 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის №03-3093/ო ბრძანებით, მოსარჩელე ჯ. ხ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 62-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, ასევე, კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 17 იანვრის №AA 2018000873 საარქივო ცნობის თანახმად, გ. ხ-ის 7-სულიანი ოჯახის შემადგენლობაში მოსარჩელე - ჯ. ხ-ი მითითებული არ არის, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს ჯ. ხ-ის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის მიერ დაზარალების გამო საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების ფაქტს.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ. ხ-ი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოსარჩელე ჯ. ხ-ის, როგორც ეკომიგრანტს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მისი ოჯახი ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სახლით, აღნიშნულის საფუძვლად კი, ადმინისტრაციული ორგანო უთითებს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის A2018000873-03 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტების გარდაბნის ტერიტორიაზე - ...აში (III უბანი) ჩასახლებულთა დოკუმენტებში ფიქსირდება ინფორმაცია გ. ს.-ის ძე ხ-ის შესახებ, კერძოდ, სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით ...ს სასოფლო (სადაბო) საბჭოს, სოფელ ...ი მცხოვრებ გ. ს.-ის ძე ხ-ის, ოჯახის შემადგენლობა 7 (შვიდი) სულით, ნება დაერთო ჩასახლებულ ყოფილიყო სოფ. ...ში. ასევე, თანდართულია ანკეტა-განცხადება, რომლის თანახმად, გ. ს.-ის ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - ლუ. დ.-ს ხ-ი; შვილი - ლა. გ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილი - რ. გ.-ს ძე (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; რძალი - ნ. გ. (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - ლი. რ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - კ. რ.-ს ძე ხ-ი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველთან მიმართებით და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული და გამოკვლეული მტკიცებულება, რომელიც გახდა ძირითადი უარის თქმის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნული საფუძვლით ჯ. ხ-ისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით და მოპასუხე მხარეს მიუთითა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებაზე. გაუგებარია, რა სამართლებრივ თუ ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით, მაშინ როცა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის A2018000873-03 საარქივო ცნობის თანახმად, ჯ. ხ-ი არ შედიოდა მისი ძმის - გ. ხ-ის ოჯახის შემდგენლობაში, არც სხვა რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტის სახელმწიფოსგან დაკმაყოფილების ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტებები იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ჯ. ხ-ი მიჩნეულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირად - ეკომიგრანტად, რომლის მიმართ სახელმწიფოს, კერძოდ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქვს ვალდებულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იზრუნოს სოციალურ დაცვასა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოსარჩელე ჯ. ხ-ის, როგორც ეკომიგრანტს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სახლით.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის №AA2018000873-03 საარქივო ცნობასა და თანდართულ ანკეტა- განცხადებაზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მამას - გ. ხ-ის, ოჯახის შემადგენლობა 7 (შვიდი) სულით, გადაეცა საცხოვრებელი სახლი სოფელ ...ში, თუმცა არ დასტურდება, რომ ჯ. ხ-ი შედიოდა მამის - გ. ხ-ის ოჯახის შემდგენლობაში. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული და გამოკვლეული მტკიცებულება, რომელიც გახდა ძირითადი უარის თქმის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნული საფუძვლით ჯ. ხ-ისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით და მოპასუხე მხარეს მიუთითა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებაზე, კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის №A2018000873-03 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ში ჩასახლებულ იქნა გ. ხ-ის ოჯახი, რომლის შემადგენლობაში მოსარჩელე - ჯ. ხ-ი არ შედის, შესაბამისად, გაუგებარია, ადმინისტრაციულმა ორგანომ რა სამართლებრივ თუ ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით, მაშინ როცა ხსენებული საარქივო ცნობის თანახმად, ჯ. ხ-ი არ შედიოდა მისი მამის - გ. ხ-ის ოჯახის შემდგენლობაში, არც სხვა რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიც დაადასტურებდა, მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტის სახელმწიფოსგან დაკმაყოფილების ფაქტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით გადაცემული ფართით დაკმაყოფილებულ იქნა ჯ. ხ-ი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო დავალების საფუძველზე საკითხის განმეორებითი განხილვის შედეგადაც არ წარმოუდგენია. ამასთან, მას არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიუთითებია გარემოებაზე, თუ რატომ ჩაითვალა ჯ. ხ-ი, როგორც ეკომიგრანტი, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებს ერთვის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის A2018000873-03 საარქივო ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ სოფელ ...ში ჩასახლებულ გ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობაში მოსარჩელე - ჯ. ხ-ი არ შედის.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და აღნიშნა, რომ ჯ. ხ-იმა 2017 წლის 5 იანვარს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო განაცხადი №01-105566 „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სწორედ აღნიშნული უარის გასაჩივრების შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაევალა საკითხის ხელახლა შესწავლა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 17 იანვრის №A2018000873-03 საარქივო ცნობაზე აპელირება არასწორია და სასამართლოს მიერ ამ ცნობას სულ სხვაგვარი დატვირთვა მიეცა, ვიდრე ის რეალურად ატარებს. აღნიშნული ცნობა მოიცავს ინფორმაციას, თუ ოჯახის რომელი წევრები იყვნენ ჩამონათვალში და ის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც განისაზღვრა პირთა წრე, ვისაც უფლება ეძლეოდა ესარგებლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ალტერნატიული საცხოვრებლით. თავად ის გარემოება, რომ ამ საარქივო ცნობაში არ არის მითითებული მოსარჩელე, მიუთითებს მოსარჩელის მიერ გაცხადებულ გარემოებაზე, რომ მან თავისი შეხედულების გამო არ ისარგებლა სახელმწიფოს მიერ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან მიმართებით შესრულებული ვალდებულებით წარმოქმნილი სიკეთით - მან არ გააგრძელა საკუთარ ოჯახთან ცხოვრება. ამასთან, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უმთავრესი გარემოებაა ის, რომ სახელმწიფომ მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით შეასრულა ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება და კონკრეტული ბენეფიციარის მიერ ბენეფიტით სარგებლობაზე უარის თქმა არ ნიშნავს ვალდებულების განმეორებით წარმოშობის საფუძველს.

კასატორის განმარტებით, დაინტერესებული პირის მიერ განაცხადის შევსების შემდეგ ხორციელდება დევნილი ოჯახის საფუძვლიანი და ობიექტური შეფასება. 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, ხოლო მე-4 ქვეპუნქტის საფუძველზე, განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემდგომში ეკომიგრანტი ოჯახისათვის ამ საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ამდენად, შეუძლებელია, სააგენტოს ყოველგვარი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, კანონით გათვალისწინებული სათანადო პროცედურების გავლის გარეშე, ავტომატურად დაევალოს აქტის გამოცემა და მხარის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

სასამართლოს მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 5 დეკემბრის №03-02/03/29006 წერილის თანახმად, ჯ. ხ-ის ოჯახი სოფელ ...ში ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც დაზიანდა 1987 წელს თოვლის ზვავის შედეგად, რის გამოც სახელმწიფომ ოჯახი განასახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში. სოფელ ...ში არსებული ქონება ჯ. ხ-ის ოჯახმა 2014 წლის 14 აპრილს დაირეგისტრირა თანასაკუთრებაში, კერძოდ, თანამესაკუთრეები არიან: ლა. ხ-ი (ჯ.-ს და), რ. ხ-ი (ჯ.-ს ძმა), ს. ხ-ი (ჯ.-ს და) და ჯ. ხ-ი. დასახელებული პირებიდან, 1987 წელს განსახლებულთა სიებში ფიგურირებენ ლა. და რ. ხ-იები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტიქიის შედეგად დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ის მოთხოვნა. გადაწყვეტილების საფუძველია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის შესაბამისად, არ განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება (ს.ფ. 24-25); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 წერილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ჯ. ხ-ის ოჯახი ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების (თოვლის ზვავი) გამო დაინგრა. ამ საცხოვრებელ სახლში სტიქიამდე ცხოვრობდნენ - ჯ. ხ-ი, მისი აწ გარდაცვლილი მშობლები და მისი 4 დედმამიშვილი. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 5 იანვრის №332/01 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გადაეცა გ. ხ-ის (ჯ. ხ-ის მამა) 7 სულიან ოჯახს. ამ დოკუმენტში არ არის მითითებული ოჯახის პერსონალური შემადგენლობა. შესაბამისად, ვერ მტკიცდება მომჩივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი არ არის გათვალისწინებული გ. ხ-ისათვის გადაცემული საცხოვრებელი სახლის მიმღებთა სიაში. ამდენად, სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ არ მიიჩნიოს ჯ. ხ-ი გ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტების ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება (ს.ფ. 42); გ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის №AA2018000873-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტების გარდაბნის ტერიტორიაზე - ...აში (III უბანი) ჩასახლებულთა დოკუმენტებში ფიქსირდება ინფორმაცია გ. ს.-ის ძე ხ-ის შესახებ, კერძოდ, სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით ...ს სასოფლო (სადაბო) საბჭოს, სოფელ ...ში მცხოვრებ გ. ს.-ის ძე ხ-ის, ოჯახის შემადგენლობა 7 (შვიდი) სულით, ნება დაერთო ჩასახლებულ იქნეს სოფ. ...ში. ასევე, თანდართულია ანკეტა-განცხადება, რომლის თანახმად, გ. ს.-ის ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - ლუ. დ.-ს ას ხ-ი; შვილი - ლა. გ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილი - რ. გ.-ს ძე (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; რძალი - ნ. გ. (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - ლი. რ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - კ. რ.-ს ძე ხ-ი. აღნიშნულ დოკუმენტებში სხვა ინფორმაცია მოქალაქე გ. ს.-ის ძე ხ-ის შესახებ არ იძებნება. გარდაბნის რაიონის სოფელ ...ას 1987-1990 წლების საკომლო წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა (ს.ფ. 46-49); დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს 2018 წლის 11 იანვრის №05-01/06/721 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა ალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 50-81); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №21 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადგინა შემდეგი გარემოებები: ჯ. ხ-ი ქირით (450 ლარი) ცხოვრობს გ. თ-ის კუთვნილ ბინაში, მისამართზე: ქალაქ თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა №.... აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთის და საქართველოს მოქალაქე), პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, სადაც ქირაობს საცხოვრებელს. მეუღლესთან განქორწინებულია, მისი ორივე ქალიშვილი დაოჯახებულია, ვაჟიშვილთან ურთიერთობა არ აქვს. სოფელ ...ში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც დანგრეულია 1987 წლის დიდთოვლობის დროს (ზვავის შედეგად) და დარჩენილია მხოლოდ ნანგრევები, რეგისტრირებულია თანასაკუთრების უფლებით, რომელთაგან 3 პირი სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია სხვადასხვა ადგილზე ჩასახლებით. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახლის დაზიანება მიჩნეულია I კატეგორიად. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ჯ. ხ-ის ძმა - რ. ხ-ი თვისი ოჯახით, რომლის ჩასახლება 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა სოფელ ...ში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ჯ. ხ-ის ქონება არ უფიქსირდება, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 62210 ქულით. არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მეორე ჯგუფი) და მინიჭებული აქვს 18 ქულა. ოჯახს სოფელ ...ში ჰქონდა ერთი საცხოვრებელი სახლი, რომლის დაზიანების გამო 1987 წელს მოხდა ოჯახის ჩასახლება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ჯ. ხ-ის შვილის - ლე. ხ-იის განცხადების თანახმად, ჯ. ხ-ი არის ცალკე ოჯახი და იგი (ლე. ხ-იი) თანახმაა დაზიანებული სახლის სანაცვლოდ დახმარება მიიღოს ჯ. ხ-იმა, რასთან დაკავშირებითაც მას არანაირი პრეტენზია არ ექნება. 1990 წლიდან ჯ. ხ-ი აღარ იმყოფებოდა საქართველოში და დაბრუნდა 1995 წელს, თუმცა დარჩა სახლის გარეშე. ამჟამად ცხოვრობს მარტო და არ აქვს თავშესაფარი. პერიოდულად ცხოვრობს ძმასთან, დასთან ან შვილთან (ს.ფ. 127-136); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ არ დააკმაყოფილა ჯ. ხ-ის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ დაზიანებული ქონების სანაცვლოდ ოჯახს მიღებული აქვს სახელმწიფოსგან დახმარება (ს.ფ. 127-136); ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის №03-3093/ო ბრძანებით, ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე, ჯ. ხ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 137).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანების კანონიერების შეფასება და მოპასუხისათვის ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, (1) საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. (2) სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. (3) სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. მოცემული მუხლის მე-3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მიმდინარეობისას, მათ შორის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს. თუმცა საყურადღებოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, განსახლებასა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას ექვემდებარება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და არა ოჯახის ცალკე აღებული წევრები. განსახილველ შემთხვევაშიც, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანებით ჯ. ხ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ოჯახს ერთხელ უკვე აქვს მიღებული საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ი წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს, მაგრამ უნდა დადგინდეს, ამჟამად მოსარჩელე, როგორც გ. ხ-ის ოჯახის წევრი ითვლება საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებულად, თუ, იგი 1987 წელს სოფელ ...ში განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს არ იყო გ. ხ-ის ოჯახის წევრი და შესაბამისად, ექვემდებარება საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას, როგორც ეკომიგრანტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურას ადგენს ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლი, რომლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ, როგორც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 გადაწყვეტილების გამოცემის დროს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოსარჩელე ჯ. ხ-ის, როგორც ეკომიგრანტს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სახლით. ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი არის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის A2018000873-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტების გარდაბნის ტერიტორიაზე - ...აში (III უბანი) ჩასახლებულთა დოკუმენტებში ფიქსირდება ინფორმაცია გ. ს.-ის ძე ხ-ის შესახებ, კერძოდ, სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით ...ს სასოფლო (სადაბო) საბჭოს, სოფელ ...ი მცხოვრებ გ. ს.-ის ძე ხ-ის, ოჯახის შემადგენლობა 7 (შვიდი) სულით, ნება დაერთო ჩასახლებულ იქნეს სოფ. ...ში. ასევე, თანდართულია ანკეტა-განცხადება, რომლის თანახმად, გ. ს.-ის ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - ლუ. დ.-ს ას ხ-ი; შვილი - ლა. გ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილი - რ. გ.-ს ძე (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; რძალი - ნ. გ. (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - ლი. რ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - კ. რ.-ს ძე ხ-ი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც ,,საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ’’ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის თანახმად (1979 წლის 11 დეკემბრის რედაქცია), დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას. ამასთან, მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ან გაუქმებულად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს 1987 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრება: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. ამავე კოდექსის 126-ე და 127-ე მუხლებით მოწესრიგებული იყო საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა და საკოლმეურნეო კომლის გაყრა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო-შრომით გაერთიანებას, რომლის წევრები ჩვეულებისამებრ ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ. კომლის ბუნებიდან გამომდინარე, კომლის წევრობის შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც კი არ იყო გამორიცხული თუ მოშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ პირს, სისტემატური და მნიშვნელოვანი შენატანი შეჰქონდა კომლის მეურნეობაში, რაც ზრდიდა კომლის კეთილდღეობას. შესაბამისად, კომლის წევრად არ მითითება არ ნიშნავდა ახალ, ცალკე კომლად ჩამოყალიბებას. ცალკე კომლად დაფუძნებას ესაჭიროებოდა ახალი კომლისათვის ნაკვეთის ცალკე გამოყოფა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მისი, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას, თუმცა თავადვე განმარტავს, რომ იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა გ. ხ-ის (მამის) ოჯახში. შესაბამისად, მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ჯ. ხ-ი არ არის მითითებული გ. ს.-ის ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში არ ნიშნავს, რომ იგი იყო ცალკე ოჯახი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების გარეშე კი შეუძლებელია მოსარჩელე განხილული იქნეს გ. ხ-ის ოჯახისაგან განცალკავებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი ეკომიგრანტი ოჯახი. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის კომლის რეგისტრაცია ასახული უნდა ყოფილიყო საკომლო წიგნში, რაც მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოკვლეული არ არის. მოსარჩელის, როგორც ცალკე ეკომიგრანტ ოჯახად მიჩნევის საკმარისი საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის A2018000873-03 საარქივო ცნობაზე თანდართული ანკეტა-განცხადება, რომლის თანახმად, გ. ს.-ის ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - ლუ. დ.-ს ას ხ-ი; შვილი - ლა. გ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილი - რ. გ.-ს ძე (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; რძალი - ნ. გ. (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - ლი. რ.-ს ას (დოკუმენტში ასეა) ხ-ი; შვილიშვილი - კ. რ.-ს ძე ხ-ი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ხ-ი არ შედიოდა მისი მამის - გ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობაში, თუმცა არც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას არ დადგენილა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, იყო თუ არა მოსარჩელის ოჯახი ცალკე კომლად რეგისტრირებული. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების 3.1.6. პუნქტის მიხედვით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა (არც მხარეები ხდიან სადავოდ), რომ სოფელ ...ში არსებული ქონება ჯ. ხ-იმა დაირეგისტრირა თანასაკუთრების უფლებით. შესაბამისად, სადავო საკითხის (იყო თუ არა ჯ. ხ-ი ეკომიგრანტი გ. ხ-ის ოჯახის (კომლის) წევრი) დადგენის მიზნით შესაძლებელია გამოკვლეულ იქნეს რეგისტრაციის საფუძველი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი არ არის ჯ. ხ-ის ცალკე ოჯახად ცხოვრების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, თავის მხრივ, ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტრომ არ გამოიკვლია გ. ხ-ის 7-სულიანი ოჯახის შემადგენლობაში, რომელსაც გადაეცა საცხოვრებელი სახლი, გათვალისწინებული იყო თუ არა ჯ. ხ-ი. საგულისხმოა, რომ 2018 წლის 17 იანვრის №AA2018000873-03 საარქივო ცნობაში, გ. ხ-ის 7-სულიანი ოჯახის შემადგენლობაში, რომელსაც გადაეცა საცხოვრებელი სახლი, ჯ. ხ-ი მითითებული არ არის. ამასთან, მოსარჩელეს 1987 წლისთვის ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. ამდენად, თუკი საცხოვრებელი სახლი გადაეცა მხოლოდ 7 ადამიანს, შესასწავლი და შესაფასებელია, რამდენად მოიცავდა იგი მოსარჩელის 5-სულიან ოჯახს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს სადავო საკითხისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, დადგენა და შესწავლა. მათ შორის, ზუსტად უნდა განისაზღვროს, რამდენად იყო გათვალისწინებული მოსარჩელე მისი მამისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემისას. გარდა ამისა, შესაბამისი ორგანოებისგან გამოთხოვილი და შესწავლილი უნდა იქნეს ინფორმაცია კომლების შესახებ, ხომ არ იყო მოსარჩელის ოჯახი დაზიანებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ცალკე კომლად რეგისტრირებული“. ამდენად, უდავოდ დასტურდება, რომ ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15740 გადაწყვეტილების შესახებ მიდინარე დავაზე სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ჯ. ხ-ის ცალკე კომლად ცხოვრების ფაქტის დადგენა.

ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის დადგენას საჭიროებს იყო თუ არა მოსარჩელის ოჯახი დაზიანებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ცალკე კომლად რეგისტრირებული, რაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არ არის პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის 19.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები. ამასთან, ინკვიზიციურობის ფარგლებში სასამართლოს აქტივობა არ გულისხმობს მხარის თავისი საპროცესო ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას, სასამართლოს მიერ ერთ-ერთი მხარის სრულ ჩანაცვლებას. სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაშიც მხარეებს უნარჩუნდებათ თავიანთი მოთხოვნებისა და შესაგებლის, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება. სამოქალაქო პროცესის მსგავსად ადმინისტრაციულ პროცესშიც მხარეები აღჭურვილნი არიან თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (ასკ-ის მე-4 მუხ., სსკ-ის 4.1 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ხ-ის სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხარეთა მიერ წარდგენილი არასაკმარისი მასალების შეფასებით ისე, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით დამატებითი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოდან არ გამოუთხოვია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე